ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი გვესაუბრება იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას დღეს განათლების სისტემა, სკოლები, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
- ონლაინსწავლების სირთულეებზე რომ ვისაუბროთ, რა ხარვეზები გამოჩნდა ყველაზე მეტად?
- online სწავლებამ ნათელი გახადა განათლების სისტემაში მიმდინარე ის პროცესები, რაც მშობლებისთვის აქამდე შეუმჩნეველი იყო. სკოლა გახდა გამჭვირვალე ორგანიზმი, რომლის ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთვა თვალსაჩინოა. ამ პროცესში გამოჩნდა, როგორ ეკიდება პროფესიას და მოსწავლეებს ესა თუ ის მასწავლებელი, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს ამა თუ იმ საგნის მიმართ, როგორი მმართველობის სისტემაა სკოლაში და როგორი ურთიერთობებია მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს შორის. ყველა ამ მიმართულებით გამოიკვეთა როგორც დადებითი პრეცედენტები, ისე არასახარბიელო ვითარება. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. თავისთავად პრობლემები რომ გვაქვს, ეს კი არ არის პრობლემა, ამის შესწავლას, ანალიზს რომ არ ვაკეთებთ და გაუმჯობესებაზე არ ვზრუნავთ, ეს არის ყველაზე მნიშველოვანი გამოწვევა. მაგალითისთვის, 2020 წლის ზაფხულში განათლების სამინისტრომ 300-ზე მეტ სკოლაში ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ მოსწავლეები და მშობლები. სამწუხაროდ, სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კვლევის შედეგები. არადა ეს შესაძლებლობას მოგვცემდა, შეგვეფასებინა რეალური სურათი და გაგვეგო, როგორი ინტერვენციები დაგეგმა სამინისტრომ პრობლემებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, საზოგადოების წინაშე ასეთი ტიპის ანგარიშვალდებულებას მმართველ რგოლებში არ გრძნობენ, რაც საქმეს მნიშვნელოვნად აზიანებს.
- ყველაზე ხშირად რა სახის პრობლემებზე საუბრობენ მშობლები, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რა იყო ის მთავარი სირთულეები ბავშვებში, რის გამოც მშობლებს დახმარება დასჭირდათ განვლილ პერიოდში?
- განათლება ზრუნვის გარეშე. თითქმის ერთწლიანმა ჩაკეტილობამ საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. უმოძრაობის და კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის გამო ბავშვებში თავი იჩინა ხერხემლის დაავადებებმა, თავის და თვალების ტკივილმა, ვიტამინების ნაკლებობამ, რაც გამოიხატებოდა თმის ცვენით, კანის გამოშრობით. ბავშვები კიდევ უფრო ეკრანდამოკიდებულები გახდნენ. განსაკუთრებით პირველ კლასებში და მოზარდებში გამოიკვეთა ქცევის გაუარესება - გახშირდა აგრესია, გაუარესდა კომუნიკაციის ხარისხი ბავშვებსა და მშობლებს შორის. ბავშვები გახდნენ ასოციალურები. დისტანციურად სწავლება ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ სწავლა განიხილება არა როგორც ბავშვზე ზრუნვა და ბავშვის უფლება, არამედ როგორც ბავშვის მოვალეობა. სკოლას გამორჩა, რომ პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს და მაღალი სტრესის ფონზე მიმდინარეობდა და ბავშვებს პირველ რიგში სტრესის განეიტრალება და მშვიდი გარემო სჭირდებოდათ. კლასის სამართავად მასწავლებლები იყენებდნენ დაშინების მეთოდებს. მაგალითად, „დირექტორი უნდა შემოვიდეს და კარგად მოიქეცით!“. დასჯის იარაღად გამოიყენებოდა შეფასებაც. იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა ჩართულიყო ონლაინ სწავლების პროცესში, ბევრმა სკოლამ არ გაატარა შესაბამისი ინტერვენციები. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა არ გამოიყენა არავითარი ხერხი, რომ მე-10 კლასელი გოგონა ჩაერთო საკლასო აქტივობებში ან ინდივიდუალუად მიეცა მისთვის რეკომენდაციები. ბავშვს არც ფსიქოლოგი გასაუბრებია, არც კლასის დამრიგებელი და არც რომელიმე საგნის მასწავლებელი.
საოჯახო სივრცეში ინტეგრირებული გაკვეთილის სირთულე. დისტანციური სწავლების პროცესში განსაკუთრებულ სირთულეებს გადააწყდნენ ხელმოკლე, მრავალშვილიანი და დიდი ოჯახები. მათთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენდა გამართული ტექნიკის და სწრაფი ინტერნეტის არ არსებობა. ასევე, მათ უჭირდათ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს სიჩუმის დაცვა. მშობლების თქმით, რომელ ბავშვსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდა, თავს უხერხულად გრძნობდა ონლაინ სწავლის პროცესში. ამას ხელს უწყობდა პედაგოგების ლეგიტიმური მოთხოვნაც, რომ ყოფილიყო სიჩუმე. მშობლები აცნობიერებენ პრობლემას, თუმცა ამბობენ, რომ არის საკითხები, რისი გამოსწორებაც მათ ძალებს აღემატება. მათ შორის არის აბსოლუტური სიჩუმის დაცვა პატარა სახლებში და / ან დიდ ოჯახებში.
დისტანციური სწავლების დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა გადატვირთული პროგრამები, მასწავლებელსა და მშობელს შორის უხარისხო კომუნიკაცია, კიბერბულინგის შემთხვევების გახშირება, ფიქტიური განათლების რისკები და რაც მთავარია უთანასწორობა.
- ყველაზე მეტად რომელი ასაკის ბავშვები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში?
- ყველაზე რთულ მდგომარეობაში - პირველი და მეორე კლასელები. ის ბავშვები, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკის დამოუკიდებლად მოხმარების უნარები ჯერ არ აქვთ გამომუშავებული და მუდმივად სჭირდებათ გვერდში ყოფნა. ასევე, გამოვყოფდი მოზარდებს, რომლებსაც ახალი ემოციები და თანატოლებთან ურთიერთობა სჭირდებათ. საუკეთესო მშობელსაც კი არ შეუძლია ყველაფერი მისცეს შვილს. განსაკუთრებით კი - მე-12 კლასელებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე არიან და მათთვის ურთულესია ეს პერიოდი.
- რამდენად გამართულია რეგიონებში ონლაინსწავლება?
- ხარვეზები არის ყველგან. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე რეგიონში უფრო მეტი ხარვეზია, ვიდრე დიდ ქალაქებში ან დედაქალაქში. თუმცა საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობა და კიდევ უფრო მძიმე სოციალური ფონია, რა თქმა უნდა მეტი პრობლემა დგას.
- მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლების პედაგოგებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, კერძო სკოლების პედაგოგებთან შედარებით, საჯარო სკოლების დიდ ნაწილში არასრულფასოვნად ტარდებოდა გაკვეთილები, ხშირად ცდებოდა და ასევე ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, 20-წუთიანი გაკვეთილები, 2-3 გაკვეთილი დღეში. მათ შორის, მაღალ კლასებშიც. მშობლები ჩვენთან საუბრებში ამაზე ძალიან წუხან - განათლების ხარისხი ასე ძალიან დაეცემა, რადგან პირობითად მეცხრეკლასელ ბავშვს შეუძლებელია, კვირაში ორჯერ უტარდებოდეს ქართული და მათემატიკა... და კიდევ ბევრი სხვა ხარვეზია საჯარო სკოლებში ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით. ალბათ თქვენც გიმუშავიათ ამ თემაზე, რას იტყვით ამაზე და რაში ხედავთ გამოსავალს?
- დისტანციური სწავლება იძლევა შესაძლებლობას, რომ დღეში რამდენიმე და მოკლე გაკვეთილით გავიდეს სასურველ შედეგზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ გაკვეთილის ხანგრძლივობის უნდა იყოს. ან კიდევ მხოლოდ იმ დროს უნდა უთმობდეს პედაგოგი მოსწავლეებს, რაც ინტერაქციას სჭირდება. გარდა ამ მოკლე და მცირე რაოდენობით გაკვეთილებისა, შესაძლებელია პედაგოგმა სწავლების პროცესში ჩართოს კონკრეტული წიგნის წაკითხვა-გაანალიზება, ფილმის ყურება-განხილვა, მცენარის მოვლა, ოთახის აზომვა თუ სხვა პრაქტიკული მაგალითები საგნობრივი კომპეტენციების მიხედვით. შემდეგ ეს მასწავლებელი სათითაოდ დაუკავშირდეს მოსწავლეებს და ა.შ.
სამწუხაროდ, ზოგიერთმა სკოლამ მარტივი გზა და მინიმალური დატვირთვა აირჩია. ცხადია, ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა 20 წუთიან გაკვეთილზე 20-ზე მეტი ბავშვია და საგაკვეთილო დრო ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას ხმარდება. ამ შემთხვევაში მშობლების გულისწყრომა სრულიად გასაგებია. მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო წლებში ჩატარებული ყველა კვლევით, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ძალიან დაბალია.
თუ მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის სკოლა გულგრილად ეკიდება სწავლების პროცესს, ასეთ დროს მშობელს უფლება აქვს დირექციაში დასვას შეკითხვები და მოითხოვოს საგაკვეთილო საათების გაზრდა. საინტერესოა, რატომ აირჩია სკოლამ ეს მარტივი გზა და როგორ გავლენ ამით სასურველ შედეგებზე.
- კერძო სკოლებში მშობლები ასე თუ ისე ახერხებენ კომუნიკაციას პედაგოგებთან, დირექტორთან, პრეტენზიის გამოთქმასაც და შედეგსაც აღწევენ ხშირად, რასაც ვერ ვიტყვით საჯარო სკოლებზე. თქვენი ტრენინგების და მას მერე, რაც მშობლებს გააცანით მათი უფლებები, თუ შეიცვალა რამე ამ კუთხით?
- online სწავლების პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ასევე, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის. ამას ასახელებს ყველა საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან, სხვა დიდი ქალაქებიდან და სოფლებიდან. სკოლების/დამრიგებლების დიდ ნაწილს არ ჩაუყენებია მოსწავლეების ოჯახები საქმის კურსში, რა მოლოდინი ჰქონდათ მათგან. რაში და როგორ უნდა დახმარებოდნენ შვილებს. ასევე, არ გაუცვნიათ მათთვის დისტანციურად ჩატარებული სასწავლო წლის მიზანი. იმ სკოლებში, სადაც მშობელთა ჩართულობა მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებდა (დამრიგებელს რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდა მშობლებთან), დისკომუნიკაცია ნაკლებად გამოიკვეთა. ამ დრომდე პროცესების გაანალიზება გაუმჯობესების მიზნით არ ხდება რეგულარული შეხვედრები მშობლებთან. მშობელთა ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხე და სულ მალე შემოგთავაზებთ ღია ვებინარებისა და სპეციალისტების ვიდეო ბლოგების სერიას, რომელთა საშუალებითაც ყველასათვის თვალსაჩინოს გავხდით იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ამ დრომდე დავაგროვეთ. ვფიქრობთ, რომ მასშტაბური ცვლილებების წელი მოვიდა.
მშობლების გავლენა ყოველთვის მაღალი იყო ბავშვის აკადემიურ შედეგებზე, პანდემიის დროს კი ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. მოსწავლის მშობელთან თანაშრომლობის გარეშე online სწავლება უშედეგო შრომა აღმოჩნდება. სკოლამ უნდა გაითავისოს, რომ მოსწავლის ოჯახი მისი პარტნიორია. ჩვენ ყველას, მასწავლებელსაც და მშობელსაც კარგად უნდა გვესმოდეს და საერთო ენის გამონახვა აღარ გაგვიჭირდება.
- რა შეიძლება დღეს გააკეთოს მშობელმა, რომ უფრო ეფექტური იყოს მისი მონაწილეობა შვილის აღზრდა-განათლებაში?
- 15 თებერვლიდან ჩვენ ვიწყებთ ღია, საჯარო აქტივობებს მშობლებისთვის. ეს შეეხება დისტანციურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის სწავლის მოტივაციის ამაღლებას. გვეყოლებიან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც დეტალურად გააცნობენ მშობლებს მათი შესაძლებლობების და როლის შესახებ ინფორმაციას.
მოკლედ კი გეტყვით, იმას, რაც ფსიქოლოგებისგან მომისმენია. პირველ რიგში, მშობლებს უნდა გევესმოდეს, რომ ჩვენი დამოკიდებულება Online სწავლების მიმართ აისახება ბავშვებზე. ამ ვითარებაში ბავშვებს ისედაც უჭირთ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების გამჟღავნებით, მას კიდევ უფრო შევუმცირებთ სწავლის მოტივაციას.
სხვადასხვა ასაკის ბავშვს, მშობლისგან განსხვავებული მხარდაჭერა სჭირდება. დაწყებით ასაკში შესაძლოა გადამწყვეტი იყოს მშობლის ფიზიკურად ყოფნა ბავშვის გვერდით, მაშინ როცა საბაზო და საშუალო საფეხურზე მშობლის ემოციური თანადგომა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
ამ თემაზე ბევრი საინტერესო რესურსი დევს ვებგვერდზე www.mshobeltaskola.ge, ეს რესურსები საგანგებოდ მშობლებისთვის შევქმენით და იმედი გვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება ჩვენს შემეცნებით კამპანიებს.
ლელა ზურებიანი