"პირდაპირ გეტყვით, ეს ქართველი ბავშვის ცნობიერების დამახინჯებაა" - რა არ მოსწონს ჯაბა სამუშიას ისტორიის სწავლებაში
"პირდაპირ გეტყვით, ეს ქართველი ბავშვის ცნობიერების დამახინჯებაა" - რა არ მოსწონს ჯაბა სამუშიას ისტორიის სწავლებაში

ჯაბა სამუშია
ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორია. როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება ისტორიის შესწავლასა და სწავლებას დაუთმო. "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიისა" და სხვა არაერთი პროექტის ავტორი, ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი და სამი შვილის მამაა. ბატონი ჯაბა გვიამბობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა, წარსულზე დაკვირვება, ასევე, რას ფიქრობს სახელმძღვანელოებსა თუ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და გვიყვება, როგორია მამის ამპლუაში:

- აუცილებელია, მომავალმა თაობამ საკუთარი სამშობლოს ისტორია იცოდეს. ბუნებრივია, ვგულისხმობ, ნამდვილი ისტორიის, ისტორიული მემკვიდრეობისა
და კულტურული ფასეულობების ცოდნას. რეალურად, ეს ჩვენ გვაკავშირებს იმ სივრცესთან, რომელიც ქართულ სამყაროსთან ასოცირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც რომაელები იტყოდნენ, ისტორია ცხოვრების მასწავლებელია. აუცილებელია წარსულის ცოდნა - უპირველესად იმისთვის, რომ ვიამაყოთ ჩვენი წინაპრის მიერ მიღწეული წარმატებებით და განვავითაროთ ის. მეორეც, მომავალში აღარ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩაგვიდენია. მიმაჩნია, რომ იმის გაანალიზება, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ ეპოქებში ჩვენი ქვეყანა, იქნება გარანტი იმისა, რომ მომავალში ქართველებს გვქონდეს ამბიცია, შევქმნათ მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობები, რომლითაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ. ისტორია თაობათა ჯაჭვია. ერთი რგოლის ამოგდებაც კი
ჯაჭვის გაწყვეტას ნიშნავს. სწორედ ეს უწყვეტობაა თაობათა ცვლა. ისტორიის თვალთახედვით ამ ჯაჭვის ერთი ნაწილია ჩვენი წინაპარი, შემდეგ ამ ერთიანობას ვაგრძელებთ ჩვენ და მომავალში ის უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა.
საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა მოზარდს აძლევს მყარ საფუძველსა და სიამაყის განცდას. ჩვენ მარტო ჩვენი სახელი და გვარები არ ვართ. ჩვენში განსხეულდება ჩვენი მშობლები, ჩვენი გვარ-ტომი. ისტორია მიკრო და მაკრო დონეზე რომ დავყოთ, მაკრო დონეზე ჩვენ ჩვენი ქვეყნის შვილები და ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი ვართ. მიკრო დონეზე ჩვენი ოჯახის ისტორიას ვეკუთვნით. ყველა ოჯახს ხომ თავისი პატარა ისტორია აქვს. ამიტომ, ქვეყნის წარსულის ცოდნა არის გარანტი იმისა, რომ მყარ საფუძველზე ვიდგეთ. ისტორიის სწორი სწავლება ძალიან ბევრ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებას ემსახურება.

- რამდენად პასუხობს ამოცანას ისტორიის ის სახელმძღვანელოები, რაც სკოლებში გვაქვს?

- სახელმძღვანელოთა ნაწილზე ძალიან კრიტიკული პოზიცია მაქვს. ამაზე პროფესიონალთა წრეში საუბარი და განხილვაა აუცილებელი. არ ვარ მომხრე, როდესაც დაწყებით დონეზე ბავშვებს მხოლოდ მხარეთმცოდნეობას ასწავლიან. პირდაპირ გეტყვით, ეს ქართველი ბავშვის ცნობიერების დამახინჯებაა. საქართველო არ არის მხოლოდ კუთხეები. საქართველო ერთიანი სხეულია, რომელიც კუთხეებად იყოფა. ჩვენს მომავალ თაობას ისე არ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რომ ქვეყანა მხოლოდ კუთხეების გაერთიანებაა. ეს დამღუპველია. ჩვენი სამშობლოს ისტორია ერთიანია, საერთო ფასეულობებით. ცალკეული სახელმძღვანელოებით კი პატარა მკითხველს ვეუბნებით, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ კუთხეებია. არსებობს ერთიანი ქართული ფასეულობები, რაც საერთოა კახელისთვისაც, მეგრელისთვისაც, ქართლელისთავის, იმერელისთვის, მესხისთვის, აფხაზისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვისაც. ეს უნდა წამოვწიოთ წინა პლანზე. ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ ცალკეული განსხვავებები ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების მიხედვით.

- რა ხარვეზებს ხედავთ ზოგადად სასკოლო განათლების მიმართულებით და ისტორიის სწავლებაში თუ შეცვლიდით რამეს ?

- ისეთი წამყვანი სახელმწიფოების, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, განათლების სისტემას თუ გადაავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ დღეს ისინიც კი სერიოზული გამოწვევების წინაშე არიან. იქაც არის საუბარი განათლების სისტემის რეფორმირებაზე, განახლებასა და ახალი ელემენტების შემოტანაზე. ზოგადად, ეს არის სისტემა, რომელიც მუდმივად ითხოვს განახლებას. განათლების სისტემა არ შეიძლება გაჩერდეს. ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ უნდა გადახალისდეს, დაწყებული სახელმძღვანელოებით, დამთავრებული მენეჯმენტით. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, განათლების სისტემა ესაა ერთის მხრივ - მასწავლებელი/პროფესორი, მეორეს მხრივ სახელმძღვანელო და მესამე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და სხვა. ეს სამი ელემენტი ქმნის მთავარ ბირთვს გამათლების სისტემისასა. პედაგოგი სულ ახლის ძიებაში უნდა იყოს, მას აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ახალ სამცნიერო მიღწევებთან, ამის პარალელურად უნდა ახლდებოდეს სახელმძღვანელოები და იხვეწებოდეს ტექნოლოგიური რესურსები.

mshoblebi

- სტუდენტებთანაც გაქვთ ურთიერთობა. ახალგაზრდებში რამდენადაა პატრიოტიზმი, ეროვნული სილისკვეთება?

- ახალგაზრდებში პატრიოტიზმიცაა და ეროვნული სულისკვეთებაც და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენს მომავალ თაობას ეს აკლია. ძალიან მიხარია, როდესაც ისინი მუდმივად ცდილობენ თავიანთი წარსულის შესწავლას. ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, ჩემი სტუდენტები დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, სხვადასხვა კუთხეში ისტორიული ძეგლების სანახავად მიდიოდნენ. საგანგებოდ მინდა ერთი რამ აღვნიშნო: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ისტორიკოსობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ისტორია აბსოლუტურად ყველაფერია, ის ხელობაა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება დავუთმე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წინააღმდეგი ვარ, ერმა ისტორიით იცხოვროს. ერმა უნდა იცხოვროს მომავლით, წინ უნდა იხედებოდეს. ისტორია კი უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ ნორმალურად დაიგეგმოს მომავალი, მოიძებნოს გზები, რაც ხალხს მართლაც გაიყვანს სამშვიდობოს იმ კატაკლიზმების შემდეგ, რაც 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში იყო. ის ერი, რომელიც მხოლოდ ისტორიაშია ჩარჩენილი და მხოლოდ ამით კმაყოფილდება, დასაღუპადაა განწირული. ჩვენი მთავარი ორიენტირი მომავალი და წინსვლა უნდა იყოს. ისტორიის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მყარი ფესვები გვქონდეს. რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენი ცხოვრება ხეს ჰგავს. ის გაზაფხულზე უნდა აყვავდეს, გამწვანდეს, აუცილებლად უნდა გაცოცხლდეს, მაგრამ საკმაოდ ღრმა ფესვები უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ქარმა არ მოგლიჯოს. ეს არის ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ისტორიის დანიშნულებაც.

- როგორი მამა ხართ და თქვენს შვილებს რა ფასეულობებით ზრდით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის მათთან ურთიერთობაში?

- ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი, თავის შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა და ბევრ შემთხვევაში ისეთი მშობელი ვარ, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი კარგი გაუკეთოს ბავშვებს. ვცდილობ, რომ ჩემს სამ ბიჭს ნორმალური განათლება მივცე და კარგ ადამიანებად გავზარდო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, რომ ცხოვრებაში რწმენა და შრომა ისწავლონ. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ სადმე მშობლები შეცდომებს ვუშვებთ, იმის ბრალია, რომ ჩვენს მომავალ თაობას შრომას არ ვასწავლით. ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ მათ სამშობლოს სიყვარული, შრომის ფასი და ადამიანების დაფასება და სიყვარული ისწავლონ. მშობლები ხშირად სუბიექტურები ვართ ხოლმე, მაგრამ კარგი შვილის, და არა ცნობილი შვილის (ამ ორ ცნებას შორის არსებითი განსხვავებაა), აღზრდა თითოეული ადამიანის ერთ-ერთი დიდი მისიაა.

mshoblebi

- დატვირთული გრაფიკის პარალელურად, რამდენად ხართ ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში?

-ამ შემთხვევაში "შინაგან საქმეთა მინისტრად" მეუღლე მყავს გამწესებული. ის აგვარებს საშინაო საქმეებს და ცდილობს, უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე მე. მე "საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია" მაქვს ოჯახში, დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისითაც. მაგრამ, ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, როგორი მამა ვარ მაშინ, როდესაც საქმე მათ მეცადინეობას ეხება, აუცილებლად გეტყვიან, რომ მკაცრი ვარ.

- ბოლოს, რას ურჩევთ მშობლებსა და მასწავლებლებს, როგორ უნდა დააინტერესონ ბავშვები საკუთარი ქვეყნის წარსულით და როგორ უნდა გაუჩინონ სიამაყისა და პატრიოტიზმის განცდა?

-უამრავი საშუალება და მეთოდი არსებობს, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობამდე მიიტანო ინფორმაცია. არიან პედაგოგები, რომლებიც საგანს თამაშ-თამაშით ასწავლიან ბავშვებს და მათ ეს გამოსდით. ეს არის სწორედ პედაგოგიკა და ამასთან, ეს არის ის, რაც მუდმივადაა დასახვეწი. ერთი საუკუნის წინ სიმინდს დაყრიდნენ და მუხლებით აყენებდნენ ბავშვებს. ხელებს გააშლევინებდნენ და სახაზავს ურტყამდნენ. იმას, რაც ერთი საუკუნის წინ იყო, ახლა ხომ ვერ გამოვიყენებთ? პედაგოგიკა განვითარდა, მუდმივად იხვეწება. მშობლებმა შვილებს მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან სწავლასა და განათლებაში. დანარჩენი პედაგოგის საქმეა. მაგრამ, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამღუპველია ის ფაქტი, როცა პედაგოგობა მიმზიდველ პროფესიად არ ითვლება. თუ გინდა ქვეყანა ააშენო, ყველაზე დიდ პატივს უნდა სცემდე ჯარისკაცებს, სამართალდამცველებსა და პედაგოგებს. ეს არის ის სამეული, რაზეც დგას ქვეყნის სიძლიერე და არ შეიძლება მეორეხარისხოვანი დამოკიდებულება გვქონდეს. როგორც კი მიდგომა შეიცვლება, მაშინვე ვნახავთ, რომ ქვეყნის განვითარება სულ სხვა სიჩქარესა და მიმართულებას აიღებს.

თამარ იაკობაშვილი

9298
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ლელა
3
განათლებული,თავისი საქმის პროფესიონალი, ქვეყნის და ერის გულშემატკივარი,კარგი მამა, მეუღლე და პიროვნება-ესაა ბატონი ჯაბა სამუშია!
20:44 / 20-03-2021
რეეეეეეეეა
1
ერს სამივე სჭირდება, წარსული აწყმო და მომავალი!!!!!
09:39 / 10-03-2021
მსგავსი სიახლეები