შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გთავაზობთ სრულ განრიგს:
1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა; 6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა; 12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია; 16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია; 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები; აბიტურიენტებს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებთ, კორონავირუსის გამო რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ საგამოცდო ცენტრებში, იქნება თუ არა დაშვებული კონდენციონერის გამოყენება ან რა მოხდება, თუ რომელიმე მათგანს ტემპერატურა დაუფიქსირდება.
შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გაჟღერდება და ყველა აბიტურიენტს წინასწარ ეცოდინება, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. არჩევით საგნებს შორის ლიდერი ისტორიაა. მასზე არჩევანი 22 200-მდე აბიტურიენტმა შეაჩერა. სხვა არჩევით საგნებზე მოთხოვნა კი ასე გადააწილდა:
მათემატიკა - 12 900 - მდე აბიტურიენტი; ბიოლოგია - 3000 - მდე აბიტურიენტი; გეოგრაფია - 700 - მდე აბიტურიენტი; ზოგადი უნარები - 4 100 - ზე მეტმა აბიტურიენტი; ლიტერატურა - 800 - ზე მეტმა აბიტურიენტი; ქიმია - 2300 - მდე აბიტურიენტი; ფიზიკა - 200 - მდე აბიტურიენტი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 50 - ზე მეტი აბიტურიენტი. შეგასენებთ, რომ წელსაც სამი სავალდებულო საგანი, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა იქნება. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
თამარ იაკობაშვილი