ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება. აბიტურიენტებს კი ყველაზე მეტად აინტერესებთ, რა ტიპის რეგულაციები დაწესდება კორონავირუსის გამო. აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.
სოფო გორგოძის თქმით, ააბიტურიენტებმა საგამოცდო ოთახებში შემდეგი პირობები უნდა შეასრულონ:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ს გამოიყენებენ ისე, რომ მაქიდებს შორის დაშორება მინიმუმ 2 მეტრი იყოს. ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ისინი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
თამარ იაკობაშვილი