ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ის აბიტურიენტები კი, რომლებსაც გამოცდამდე კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დამატებით საგამოცდო სესიებზე შეძლებენ ტესტის დაწერას.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდება, მათ ცხელ ხაზზე რეკავს. ცენტრი ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გადაამოწმებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება დამატებითი გამოცდა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არა უადრეს 14 დღისა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ვირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრში სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, აპლიკანტი სპეციალურად გამოყოფილ ოთახში შეძლებს გამოცდის დაწერას.
თამარ იაკობაშვილი