დღეს აბიტურიენტებმა უცხოური ენის შედეგები გაიგეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც მაქსიმალური, 80 ქულის აღება შეძლეს.
ანა ლელაძემ კერძო სკოლა "ზენიტი" დაამთავრა. მაქსიმალური შედეგის მიღწევა კი დამოუკიდებლად, რეპეტიტორის გარეშე, შეძლო:
- შედეგს მომზადების გარეშე, ჩემი შრომით მივაღწიე. იმისათვის, რომ გამოცდის სტრუქტურა გამეგო, წინა წლების ტესტებს ვაკეთებდი, თუმცა მაქსიმალური ქულა ბევრი წლის მონდომების შედეგია. სასკოლო პროგრამასთან ერთად, ძალიან დამეხმარა ინტერნეტში არსებული რესურსები, ფილმებისა და სერიალების ინგლისურად ყურება. ამიტომ, ვფიქრობ, მთავარია, მონდომება, სურვილი და მზაობა. მომავალ აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ ისწავლონ ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის.
მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო ზურო მუკბანიანმაც. მან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა დაამთავრა. გვიყვება, რომ უცხოურ ენაში ყველას შეუძლია მაღალი შედეგის მიღწევა, მთავარი მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობაა:
- შედეგს მოდნომებითა და საკუთარი შრომით მივაღწიე. მასწავლებელთან დამატებით არ მივლია. ვაკეთებდი სავარჯიშოებს, ინგლისურად ვუყურებდი სხვადასხვა ფილმსა და ვიდეოს, რაც ძალიან დამეხმარა. ჩემი აზრით, სულაც არ არის საჭირო რეპეტიტორთან სიარული და ფულის გადახდა. უამრავი რესურსი არსებობს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. მინდა, სხვა აბიტურიენტებისათვისაც მოტივაცია ვიყო, რადგან ბევრჯერ გამიგია, მასწავლებელთან სიარულს ვერ ახერხებენ და საერთოდ უარს ამბობენ ჩაბარებაზე. ყველა ადამიანს შეუძლია მაღალი შედეგის მიღწევა, მთავარი შრომა და მონდომებაა.
ქრისტინე მახატლიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა დაამთავრა. FLEX-ის პროგრამაში გაიმარჯვა და ერთი წელი ამერიკაში სწავლობდა. თავადაც ჰყავდა მოსწავლეები და ინგლისურ ენაში ამეცადინებდა:
- მაქსიმალური ქულა უდიდესი შრომის, მონდომებისა და ინგლისური ენის სიყვარულის შედეგია. მხოლოდ, ბოლო ერთი თვე ვიარე რეპეტიტორთან, რომ გამოცდის სტრუქტურა გამეგო. დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი. გარდა სასკოლო პროგრამისა, ვკითხულობდი წიგნებს, ვეცნობოდი სხვა აბიტურიენტების შედეგებს, ვუყურებდი ფილმებს. მე-10 კლასი ამერიკაში ვისწავლე და ესეც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ქართულშიც კარგი შედეგი ვაჩვენე, 69 ქულა ავიღე. ამ წლის მანძილზე, თავადაც მყავდა მოსწავლეები და ინგლისურ ენაში მათაც ვამეცადინებდი.
მაქსიმალური ქულის მოპოვება შეძლო შაკო ბიწაძემაც. მან კერძო სკოლა "ოპიზა" დაამთავრა. გამოცდა ინგლისურ ენაში ჩააბარა, ბევრი იშრომა და უმაღლეს შედეგსაც მიაღწია:
- შრომა, მონდომება და საკუთარი თავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. დავდიოდი მასწავლებელთანაც. მან ძალიან დიდი მოტივაცია და სწორი მიმართულება მომცა. გარდა სასკოლო პროგრამისა, ინგლისურად ფილმებს ვუყურებდი, თამაშებს ვთამაშობდი, ვკითხულობდი. ვცდილობდი, ყველაფერში, რასაც ვაკეთებდი, ინგლისური ჩამერთო და კარგ შედეგსაც მივაღწიე. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისუფალი დრო და მხოლოდ ბოლო თვეებისთვის არ შემოინახონ სასწავლი, არ ინერვიულონ და მოინდომონ.
თამარ იაკობაშვილი