დღეს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდის შედეგები გაიგეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც მაქსიმალური, 51 ქულის მიღება შეძლეს.
დემეტრე გელაშვილმა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო. მაღალი შედეგი აქვს სხვა საგნებშიც:
- მაქსიმალურ შეფასებას ველოდი, რაშიც მრავალწლიანი მუშაობა დამეხმარა. რეპეტიტორთან არ მივლია. ინგლისურში 78-ის, ხოლო ქართულში 63 ქულის მიღება შევძელი.
ანა კორძაძე ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. მანაც მაქსიმალური შედეგი მიიღო და საკუთარ გამოცდილებას გიზიარებს:
- შედეგს, რა თქმა უნდა, ჩემი და მასწავლებლის შრომის ხარჯზე მივაღწიე. ბოლო 1 წელი ვემზადებოდი. ბევრს მათემატიკა რთულად ეჩვენება. მაქსიმალური შედეგი მხოლოდ 1-წლიანი თავდაუზოგავი შრომითაც მიღწევადია. ასევე, უმრავლესობა თეორიას არ უთმობს ყურადღებას, ამიტომ მინდა ყველას ვურჩიო, რომ მათემატიკაში თეორიის სწავლაც აუცილებელია. დანარჩენ საგნებს რაც შეეხება, არაფერი არ არის სანერვიულო, გამოცდაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინა. ქართულში 59, ხოლო ინგლისურში 77 ქულა მივიღე.
მაქსიმალური ქულის მოპოვება შეძლოს სანდრო გოგალაძემაც. მან თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.
- მაქსიმალური ქულის მიღება რთულია, ამიტომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ შედეგს მივაღწევდი. დამატებით არ ვემზადებოდი, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მაღალი ქულა მიმეღო. სკოლამ და მასწავლებლებმა დიდი როლი ითამაშეს. გარდა ამისა, დამეხმარა სხვადასხვა ოლიმპიადიდან მიღებული გამოცდილება. ინგლისურში 79 ქულის, ქართულში კი 59 ქულის აღება შევძელი.
თამარ იაკობაშვილი