შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაასრულა. ახლა აბიტურიენტები გათანაბრებულ ქულებსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელოდებიან. ბევრმა მათგანმა სასურველი შედეგი მიიღო, ნაწილმა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლესი შედეგს მიაღწიეს და ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღეს:
სალომე ჟოჟაძემ ბათუმის მომავლის სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ქართულში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო. მაქსიმალური შეფასება - 63 ქულა აქვს ქიმიაშიც. ბიოლოგიაში 70-იდან 68-ის, ხოლო ინგლისურში 80-დან 76 ქულის მიღება შეძლო. სალომე მომავალი ექიმია, უნივერსიტეტში რომ სრული დაფინანსებით მოხვდება, კითხვა არავის უჩნდება, მანამდე კი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო უმაღლესი შედეგის მიღწევა.
- შედეგის მიღწევაში, პირველ რიგში, საკუთარი შრომა, მონდომება და ოჯახის მხარდაჭერა დამეხმარა. ირგვლივ უამრავი ადამიანი მყავდა, ვინც მთელი გულით მგულშემატკივრობდა და ძალიან მიხარია, რომ მათი იმედები გავამართლე. გარდა ამისა, დამეხმარა სკოლა, მასწავლებლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ამ პროცესში. დამატებით მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე ვემზადებოდი, ინგლისურში კი რეპეტიტორის დახმარება არ დამჭირვებია.
გიორგი ბრეგვაძემ თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. FLEX-ის პროგრამით ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. ამბობს, რომ ამერიკაში მიღებული გამოცდილებაც დაეხმარა მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ისტორიაში 60-დან 59 ქულა აიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-იდან 68, ხოლო ინგლისურში 79 ქულა 80-იდან. როგორც თავად ამბობს, არჩევანს კავკასიის უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გააკეთებს.
- ზოგადად, ლიტერატურა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და მგონია, მაღალი შედეგის მიღწევაში წიგნებისადმი სიყვარულიც დამეხმარა. ვეცნობი არა მხოლოდ ქართველ ავტორებს, არამედ მსოფლიო ლიტერატურასაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისური ენის გაკვეთილზე ბევრი რამ ვისწავლე, რადგან იქ ნაწარმოებების დაზეპირება კი არა, გააზრება და კრიტიკული ანალიზის დაწერა მოგვეთხოვებოდა. დაახლოებით, იმავე სტრუქტურის ანალიზი უნდა დამეწერა, როგორიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა. არგუმენტირებულ ესეში, არგუმენტირების ნაწილში, ისტორიის ცოდნა ძალიან დამეხმარა. ამიტომაც, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, დაკვირვებითა და გულდასმით ისწავლონ ისტორია, რადგან ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს არა მარტო უხვი ინფორმაციით ამარაგებს, არამედ მოვლენათა ანალიზსა და მიზეზშედეგობრივი კავშირის პოვნას ასწავლის. ამ უნარების ფლობა კი, ცხადია, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაშიც ძალიან დაეხმარებათ. რაც შეეხება ინგლისურს, ის ჩემთვის ყველაზე მარტივი გამოცდა იყო, რომელსაც ვაბარებდი. ბევრად უფრო რთული საკითხები მქონდა გავლილი. ძალიან მომწონს ეროვნულ გამოცდებში ის, რომ არ გვაქვს გრამატიკული სავარჯიშო იმიტომ, რომ წერა თავისთავად ამოწმებს გრამატიკას. მოსასმენი დავალება ხშირად აბიტურიენტებისათვის "აქილევსის ქუსლია". ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან ბავშვობიდან ვუყურებ ფილმებსა და სერიალებს ინგლისურ ენაზე, საინტერესო თემებზე ინგლისურად ვიძიებ ინფორმაციას. უცხოური ლიტერატურის წაკითხვაც დამეხმარა. ისტორიაში ძალიან მომწონს ის, რომ გამოცდა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას არ ამოწმებს. ორიენტირებულია ლოგიკაზე, აზროვნებაზე, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენასა და სხვადასხვა საჭირო უნარზე. ტესტის კარგად დაწერაში დამეხმარა როგორც ჩემი შრომისმოყვარეობა და მონდომება, ასევე ზოგადი განათლება. მიყვარს დოკუმენტური ფილმების ყურება, რაც გამოცდაში საკუთარი აზრის უკეთ ჩამოყალიბებასა და მსჯელობაში დამეხმარა. ჩემს მასწავლებლებს, თამუნა ძინძიბაძესა და ნინო შეყლაშვილს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ძალიან დიდი ცოდნა და მოტივაცია მომცეს.
ნინი ბარდაველიძეც მომავალი ექიმი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია საქართველოში. მან ქართულში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ქიმიაში 63-დან 61, ინგლისურში 80-დან 76, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან 66 ქულის მოპოვება შეძლო. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. დედა ექიმი ჰყავს და ბავშვობიდან თავადაც ამ პროფესიაზე ოცნებობს. ნინი გვიყვება, რა გზა გაიარა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიეღო:
- ბავშვობის სურვილმა, გავმხდარიყავი ექიმი, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომეყენებინა. რა თქმა უნდა, მასწავლებლებმაც დიდი სტიმული მომცეს, ოჯახი მხარში მედგა და მამხნევებდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ და საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ.
წელს ისტორიაში მაქსიმალური, 60 ქულა მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა მიიღო. მარიამ მურვანიძე კი ერთ-ერთი მათგანია. მან ინგლისურშიც უმაღლესი შეფასების მოპოვება შეძლო და 80 ქულა აიღო, ქართულში 70-დან 65, ხოლო უნარებში 80-დან 72 ქულა დააგროვა . მარიამმა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გეგმავს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტი ახლა მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- ცხადია, შედეგი მეცადინეობისა და შრომის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება და საკითხების გააზრებულად სწავლა. ოთხივე საგანში ვემზადებოდი. პროცესში მასწავლებლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან სწორი მიმართულება მომცეს და კარგი შედეგის მიღწევაში დამეხმარნენ. თითოეულ საგანში დიდი მასალაა და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, აბიტურიენტისათვის სწორი მიმართულების მიცემა. დამეხმარნენ მშობლებიც, რადგან სახლში ერთად ვმსჯელობდით და განვიხილავდით ნაწარმოებებს, ისტორიულ ფაქტებს, მოვლენებსა თუ შედეგებს.
თამარ იაკობაშვილი