უმაღლესქულიანი პანკისელი აბიტურიენტი, რომელმაც შედეგს დამოუკიდებლად მიაღწია - "ფინანსური რესურსი მომზადებაში არ დამიხარჯავს"
უმაღლესქულიანი პანკისელი აბიტურიენტი, რომელმაც შედეგს დამოუკიდებლად მიაღწია - "ფინანსური რესურსი მომზადებაში არ დამიხარჯავს"
ამინა ხანგოშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. მისი ამბავი საზოგადოებას USAID-მა ამცნო. მან პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლა დაამთავრა. ინგლისურში 79 ქულა აიღო 80-დან, ისტორიაში 60-დან 58, ხოლო ქართულში 67 ქულის მოპოვება შეძლო 70-დან. თავისუფალ უნივერსიტეტში, სამართალზე აბარებს. შრომა რომ აუცილებლად ფასდება, კიდევ ერთხელ დარწმუნდა. უამრავი გათენებული ღამისა და მონდომების შედეგი განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა მისთვისაც და ოჯახისთვისაც. დაძლია სხვადასხვა გამოწვევა და ახლა ჩვენს მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

- ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით, უძილო ღამეებითა და მუშაობის 24-საათიანი რეჟიმით (მცირე,
ჩემგანვე დამოუკიდებელ, პაუზებს თუ არ ჩავთვლით) მივაღწიე. მართალია, ბევრ რამეზე ვთქვი უარი, პირადი მოთხოვნილებები გვერდზე გადავწიე, ხშირად დღეების განმავლობაში ჭამაც კი მავიწყდებოდა, ვერ ვიმეტებდი დროს ამისთვისაც კი. ნამდვილი დროის მანიაკი ვარ, დრო ჩემთვის ყველაფერია, უინტერესო საუბარში დაკარგული 2 წუთიც კი მენანება, ყოველი წამი დავაფასე. დროს მაქსიმალურად ვიყენებდი, თუ ჩამეძინებოდა, სიზმარშიც კი ვიმეორებდი. ჩემთვის ეს თავგანწირვა იყო იდეისთვის. ჩემს თავს დავუმტკიცე, წარმოსახვა რეალობად ვაქციე და ზუსტად ისე დავდე, როგორც ვუმიზნებდი.

- საგნებში დამატებით ემზადებოდი?

- არც ინგლისურში და არც ისტორიაში კერძო რეპეტიტორთან არ მივლია. ჩემს ზოგადი ინგლისურის დონეში დიდი წვლილი მიუძღვის RSF-ს. ისტორიაში კი სახლში ვემზადებოდი, ერთი ქართველი სტუდენტი გოგო გავიცანი, ის გამომყვა ბოლომდე, დღეს ახლო მეგობრები
ვართ უკვე. ერთადერთი, ქართულში ჩვენი სკოლის მასწავლებელთან დავდიოდი. ჩემი კლასელები ყოველდღე რეპეტიტორებთან იყვნენ, მე კი ამ დროს ჩემს ოთახში ვიჯექი და მთელ ჩემს ინტელექტუალურ რესურსს თავად ვიყენებდი და ჩემს თავს ვასწავლიდი, დილიდან საღამომდე ნასწავლს გათენებამდე ვიმეორებდი და ისევ ასე მეორდებოდა. შესაბამისად, ფინანსური რესურსი მომზადებაში არ დამიხარჯავს. ჩემი მეგობრები ეჭვიანობდნენ კიდეც, მათთან ერთად გასვლას რომ ვერ ვასწრებდი. მესმის წარმოუდგენელია, მაგრამ რეალობაა, რომ ხანდახან მეგობრების მოწერილისთვის პასუხის გასაცემადაც კი არ მყოფნიდა დრო. ისინიც სხვადასხვა უნივერსიტეტში აბარებენ, ზოგი თელავში, ნაწილი კი თბილისში. ეს პროცესი ჩემთვის მართლაც სასწაული, ცხოვრებისეული გამოცდილება იყო.

- ოჯახმა რა როლი ითამაშა შენს წარმატებაში?

- ძირითადად ოთახიდან არ გამოვდიოდი ხოლმე. მთელი ღამე რომ ვათენებდი, მამაჩემი ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან წუხდა და ყოველდღე, როცა ჩემი ნახვის შანსი ეძლეოდა, მიმეორებდა, დამესვენა, დედა კი მთხოვდა, რამე მეჭამა. ძმები ყველაფერში მეხმარებოდნენ, არაფერზე მაწუხებდნენ, მოკლედ, ყველაფერს თავად აგვარებდნენ. ოჯახში შევხვდი ქულებს. მიუხედავად იმისა, რომ ველოდებოდი ამ შედეგს და ვიცოდი, რომ შრომას ყოველთვის აქვს აზრი, მაინც, როცა დავინახე და ფაქტის წინაშე დავდექი, ეს იყო საოცრად დიდი ემოცია, ჩემი ყვირილისგან ლამის სოფელი შევყარე, უდიდესი ბედნიერება იყო. ჩემმა ძმამ მშვიდად შემომხედა და მითხრა: "სხვანაირად ვერც იქნებოდა". როგორც აუცილებლად მოსალოდნელს, ისე შეხვდა ალბათ ოჯახიც.

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- სკოლაში ოქროს მედალოსანი ვარ, თუმცა წიგნებს თავს არ ვაკლავდი, პარალელურად, სხვა უამრავ რაღაცას ვაკეთებდი, თუმცა როგორღაც ვახერხებდი, რომ ყოველთვის მეპასუხა. ხშირად, გაკვეთილზე ერთხელ წაკითხულით ვახერხებდი შინაარსის აღქმას, ან ახსნისას მასწავლებლის მოყოლილს ვიმახსოვრებდი და ასე ვიყავი მზად მომდევნო გაკვეთილისთვის. დაფაზე დაწერილს კი ვიზუალურად ვიმახსოვრებდი, უცხო ენებში ყოველთვის რამდენიმე დონით ვუსწრებდი სკოლის მასალას, ამიტომ არ მჭირდებოდა მეცადინეობა სკოლისთვის. ამ ბოლო წელს სკოლაში ძირითადად არ დავდიოდი, იმიტომ, რომ ვერც ვასწრებდი. სკოლაში წასვლის ფუფუნებას ვნატრობდი, ადამიანებს მაინც ვნახავდი, თუმცა ამ გზაში დახარჯულ დროსაც ვერ ვიმეტებდი და ისევ ჩემს ოთახში ვაგრძელებდი მეცადინეობას.

- შენთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე როგორი სირთულის ტესტები იყო?

- გამოცდაზე ტესტების სირთულის შეფასება ცოტა სუბიექტურია ხოლმე. ქართული იყო სტანდარტული ტიპის, ინგლისურში არ ვიცი, აბიტურიენტთა უმრავლესობა მოსასმენ დავალებაზე ამბობდა, გართულებული იყოო, თუმცა მე პირველივე მოსმენისას დავიჭირე ყველაფერი და პარალელურად მეორე დავალებასაც კი გადავავლე თვალი. ვფიქრობდი, რომ მე თავად უფრო სწრაფად ვსაუბრობ ინგლისურად, ვიდრე სავარჯიშოში უცხოელები. ისტორიის აბსოლუტურად ყველა ტესტი მაქვს გაკეთებული, შესაბამისად, ადეკვატური ვიქნები მისი შეფასებისას და ვიტყვი, რომ წინა წლებთან შედარებით, გართულებული იყო, თუმცა, ჩემი აზრით, კარგიც გააკეთეს, რომ გაართულეს, გამოცდას დაემსგავსა ასე. მომავალ აბიტურიენტებსაც ვურჩევ, რომ ნამდვილად არ არის საჭირო ისტორიაში კარგი შედეგისთვის 2 და 3 წლით ადრე მომზადება, 8 თვის მერე ყველა ტესტში მაქსიმუმს ვიღებდი. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა საგნებზეც. იმასაც დავამატებ, რომ კარგი შედეგისთვის რეპეტიტორთან სიარული ნამდვილად არ არის აუცილებელი. ვფიქრობ, ეს ჩემი შედეგითაც დავამტკიცე.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში ასეთ კარგ შედეგს როგორ მიაღწიე, რას ითვალისწინებდი, რა მიმართულებით მეცადინეობდი?

- ქართულში მომზადებაც სექტემბრიდან დავიწყე. არ გამჭირვებია, ყოველი გაკვეთილი მიხაროდა, რადგან ლიტერატურა და მხატვრული ანალიზი იყო ის, სადაც ყველა კლიშეს ვამსხვრევდი და გავდიოდი შაბლონური აზროვნებიდან, რაც ჩემს ხასიათში ზის. ლიტერატურა მთავაზობდა უკიდეგანო სიღრმეებს, მე კი ამ სიღრმეს ბოლომდე გავყევი.

- შენს სოფელში რა არის მთავარი გამოწვევა და თავად როგორ მოახერხე დაძლევა?

- სტანდარტულად მოიაზრება, რომ არის მატერიალური რესურსების ნაკლებობა. ჩემთვის, სახლში მომზადების პირობებში, ერთადერთი გამოწვევა ინტერნეტი იყო, ცოტა მან დამტანჯა. თავად ვიძიებდი სხვადასხვა მასალას და ასე ვსწავლობდი. წიგნებზე ხელმისაწვდომობაც გამოწვევა იყო, რადგან კომპიუტერიდან საათობით გადაბმულად კითხვით თვალები ძალიან მეღლებოდა. ბევრს გაუხარდა, უამრავი ადამიანი მწერდა და მილოცავდა, მთელი ხეობა ამაყობდა. უბრალოდ, დავისახე მიზანი და მას მივაღწიე, მე ასე ვცხოვრობ, სხვანაირად არც შემიძლია. ჩემი ამბიციები უსაზღვროა და ეს მხოლოდ დასაწყისია!

თამარ იაკობაშვილი

35586
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (29)
ა.ტ.
0
ძლივს კარგი ამბავი არ გავიგე!? გილოცავ, მაგრამ მაგ დატვირთვით მუდმივად მუშაობა ყოვლად დაუშვებელია! შენი ცოდნა აუცილებლად შენს მაგობრებს გადაეცი! თქვენებსა და მთელ პანკისს დიდი მოკითხვა!
22:29 / 19-09-2021
1
ჩათვალეთ რომ ეს უკვე ქართველია სულით და გულით.
14:06 / 15-08-2021
telavi-s
1
კიი, განსაკუთრებით მაშინ როცა შორტიანებს ცემენ ხომ? რა გეშველებათ. საკუთარ ქვეყანაში, ქართველს ვერ გაუვლია თავის ჭკუაზე. აი ესეთები არიან უმეტესობა ჩვენი ხალხის, უცხოებს შეუძვრებიან, მაგრამ თავისიანს არ გაახარებენ
09:54 / 14-08-2021
ირინა
0
გილოცავ, წარმატებული იყავი და თავისუფალ სამყაროში გეცხოვროს!
12:48 / 13-08-2021
ლია
0
ეს გოგონა დამსახურებულად შორს წავა ცხოვრებაში. მთავარია არჩევანი გაითავისოს. ვულოცავ გულწრფელად. უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი მიზანმიმართული ახალგაზრდები. გაიხარე შვილო ჩემი და ბევრ ჩემისთანას გახარებისთვის!
10:39 / 13-08-2021
მსგავსი სიახლეები