ქართველი სტუდენტი, რომელმაც მათემატიკის სახელმძღვანელოები შექმნა და ბავშვებს მათემატიკას ასწავლის
ქართველი სტუდენტი, რომელმაც მათემატიკის სახელმძღვანელოები შექმნა და ბავშვებს მათემატიკას ასწავლის
ლაშა შენგელია მათემატიკის პროგრამაზე სწავლობს, მეორე კურსზეა და საკმაოდ წარმატებული სტუდენტია. სწავლის პარალელურად, უამრავი მოსწავლე ჰყავს, მათემატიკასა და ფიზიკაში ამეცადინებს. ასევე, ასწავლის ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში. დამოუკიდებლად შექმნა ელექტონული წიგნები, სხვადასხვა საინტერესო სავარჯიშო თუ აქტოვობა შეიტანა კრებულში და შემდეგ მასწავლებლებსაც გაუზიარა. ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხზე სასკოლო პროგრამაში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა და ამიტომაც გადაწყვიტა, გაემრავალფეროვნებინა და ამ ფორმით შეეთავაზებინა მოსწავლეებისთვის. სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება და მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. ლაშა გვიყვება, როგორ მიაღწია კარგ შედეგებს და
რა დაეხმარა ყველაზე მეტად:

- მათემატიკა და ფიზიკა ძალიან მიყვარს. შედეგს თავდაუზოგავი შრომითა და ჯაფით მივაღწიე, რაც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ ეს მეცნიერებები ძალიან დიდი მასშტაბისაა, ამიტომაც თუ გსურს ამ საგნების დაუფლება, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. დიდი როლი იქონიეს ჩემმა მასწავლებლებმა და რეპეტიტორებმა. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი შედეგი. ბავშვობიდანვე მსურდა მასწავლებლობა და მოსწავლეებთან ურთიერთობა, ამიტომაც იქიდანვე ვიცოდი, რომ უნდა მეშრომა და სიახლეები მომეძებნა. არასდროს ვამბობდი უარს ახალ გამოწვევებზე. ნამდვილი მასწავლებელი მუდმივად ახლის ძიებაში უნდა იყოს.

- სასკოლო პროგრამების გარდა, თუ იყენებდი დამატებით რესურსებს პიროვნული განვითარებისთვის ან თუ იყავი სხვადასხვა აქტივობაში ჩართული?

- პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელია, იყო კრეატიული და მრავალფეროვანი. მუდმივად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, ძალიან მიყვარს ჟიულ
ვერნისა და აგათა კრისტის შემოქმედება. წიგნების კითხვა ყველა პროფესიის ადამიანს ასაზრდოებს. მოზარდობისას ხშირად ვეძებდი სოციალურ სივრცეში სხვადასხვა სახის ტრენინგს, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროს ეხებოდა. სამწუხაროდ, მსგავსი ქართულენოვანი რესურსი მწირია, ამიტომაც მათი მოსმენა ინგლისურად მიწევდა. ვუსმენდი და წარმოვიდგენდი იმ მეთოდებსა და აქტივობებს, როგორ ვიყენებდი ჩემსავე მოსწავლეებთან. დიდი მონდომებით იდეები და ფიქრები რეალობაში განვახორციელე. ასევე, ვესწრებოდი სხვადასხვა ონლაინ ვებინარს, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობის ხელოვნებასა და კულტურას მასწავლიდა. საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე პანდემიის დროს. ბევრი აქტივობა და სასწავლო თამაში კი თავად მოვიფიქრე.

- სკოლაში როგორ სწავლობდი, რას აკეთებდი, რომ პროგრამა წარმატებით დაგეძლიათ?

- სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სხვადასხვა შეჯიბრში ვმონაწილეობდი, ძალიან მიყვარდა ისტორია, ასევე ქიმიაც. თავდაპირველად, ქიმიის განხრით მინდოდა წასვლა, რადგან ეს მეცნიერება უფრო ჯადოსნური იყო, ვიდრე სხვა. რეპეტიტორთან დავდიოდი და ვემზადებოდი დამატებით. 

- გყავთ ბევრი მოსწავლე, რა მიმართულებით ამეცადინებთ და რა არის თქვენი მიდგომა?

- მოსწავლეებს ვამეცადინებ მათემატიკასა და ფიზიკაში. საკმაოდ მოსწონთ გაკვეთილები და ჩემთან ურთიერთობა. რადგან, ვცდილობ, მათ მეგობრულად მივუდგე და საგანი შევაყვარო. ჩემი მთავარი მიდგომა არის ხარისხიანი ახსნა და სწავლა შედეგით, თუ მოსწავლე რაიმეს ვერ ხვდება, შემიძლია მთელი დღე ვამეცადინო და პრობლემა ბოლომდე დავძლიოთ. ხშირად ვიყენებ ჩემივე შექმნილ აქტივობებსა და სასწავლო თამაშებს, რომლებიც ამართლებს. მოსწავლეებს მოსწონთ მხიარული გაკვეთილები და შემეცნებითი აქტივობები, ასე უფრო კარგად და ხარისხიანად სწავლობენ ახსნილ მასალას. რა თქმა უნდა, ვაძლევ დამოუკიდებელ და განმავითარებელ დავალებებს, რომლის წარმატებულად შესრულებისთვის ხშირად სერტიფიკატებითა და მედლებით საჩუქრდებიან. ეს მათ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, რომ საგანი კარგად ისწავლონ. ნამდვილი მასწავლებელი მუდამ უნდა ვითარდებოდეს და თავის პროფესიულ არეალს კვებავდეს კრეატიული იდეებით.

- დროის განაწილება არ გიჭირს?

- თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს გააკეთებს. თავდაპირველად, დროის განაწილება ძალიან გამიჭირდა და ბევრს ვწვალობდი, მაგრამ უნივერსიტეტის დაწყების შემდეგ სასწავლო განრიგი მოსახერხებლად გადავაკეთე და მას მოვერგე. აუცილებელია დროის სწორად გათვლა, მოსწავლეებთან მუშაობასთან ერთად, გასასწორებელი და შესაფასებელი მაქვს ყოველდღიურად მათი დავალებები, ტესტები, შემაჯამებელი სამუშაოები თუ სხვა, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

- სახელმძღვანელოები შექმენი დამოუკიდებლად, ამაზეც მოგვიყევი...

- წიგნის ან კრებულის შექმნა სულ მინდოდა. მახსოვს, მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი, ჩემი ტესტებისა და სავარჯიშოების წერა დავიწყე რვეულში და მას გამოგონილ მოსწავლეებთან ვიყენებდი, როგორც სამეცადინო წიგნს. დიდი დროის შემდეგ, მე-12 კლასში, აბიტურიენტობის პერიოდში, ცოტაოდენი თავისუფალი დრო მქონდა და გადავწყვიტე, ახალი და უამრავი სავარჯიშოთი გაჯერებული კრებული შემექმნა. თავდაპირველად, მეხუთე კლასის სავარჯიშოების კრებული დავწერე და მათემატიკის მასწავლებელთა ჯგუფში განვათავსე. ეს იყო უანგაროდ შექმნილი რესურსი, რომელიც მე მათ ვაჩუქე. სიმართლე გითხრათ, არ მომწონდა, შემდეგ კი გადავწყვიტე ეს ყველაფერი დამეხვეწა და გამეუმჯობესებინა. ასეც მოვიქეცი და უკვე მეხუთე კლასის სამი ელ. წიგნი დავწერე, რომელიც მასწავლებლებმა შეიძინეს და ძალიან მოეწონათ. მათი შექებიდან გამომდინარე, უფრო მეტი სტიმული მომეცა და მეექვსე კლასის კრებულებიც შევქმენი, შემდეგ კი მეშვიდე. სამწუხაროდ, ამჟამად ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მერვე კლასის კრებულზე მუშაობა შევაჩერე, ალბათ მერვე კლასის კურსი მომავალ ზაფხულს იქნება მზად. ერთი წიგნის წერა საკმაოდ დიდ დროსა და შრომას მოითხოვს.

- საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ სახელმძღვანელო შეგექმნა, უკვე არსებულში ხარვეზებს ხომ არ ხედავ?

- პანდემია ახალი დაწყებული იყო, როდესაც ამ რესურსის შექმნა და მასწავლებლებისთვის შეთავაზება მოვინდომე. სამწუხაროდ, ბევრ წიგნსა თუ კრებულში უამრავი ხარვეზია. როგორ შეიძლება, პირობითად, წილადების შეკრებასა და გამოკლებას მეექვსე კლასში მხოლოდ ერთი გვერდი სავარჯიშო დაუთმო. სწორედ ამიტომაც გამიჩნდა იდეა. ჩემი წიგნებით უამრავი მასწავლებელი სარგებლობს, რადგან მასში ერთად თავმოყრილია დონეების მიხედვით დალაგებული სავარჯიშოები და ტესტები, რომლითაც მოსწავლეებიც მარტივად ხვდებიან ახსნილ გაკვეთილს და პრაქტიკულად იყენებენ მათ.

- როგორ ფიქრობ, რატომ ჰგონიათ აბიტურიენტებს მათემატიკა რთული?

- მათემატიკა რთული საგანია. ზოგადად, ადამიანს თუ სურს ამ საგნის შესწავლა და დაუფლება, აუცილებელია მუდმივი შრომა და ისევ შრომა! სამწუხაროდ, აბიტურიენტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სკოლაში ამ საგნის სწავლა საჭირო არ არის და ბოლო წელს შეძლებენ ფინიშში მარტივად გასვლას. ისინი ცდებიან, მთელი 7 წლის პროგრამის დაძლევა ერთ წელში შეუძლებელი არა, მაგრამ უშედეგოა. აუცილებელია ეს საგანი ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლო, შედეგი რომ მიიღო. შესაბამისად, მხოლოდ ერთი წლის მომამზადებით აბიტურიენტები აწყდებიან უამრავ პრობლემას. სწორედ ამიტომ, მათემატიკა უმრავლესობა მათგანს დაუძლეველ პრობლემად და თავის ტკივილად მიაჩნია.

- გვითხარი სამომავლო გეგმების შესახებ და მიეცი რამდენიმე რჩევა აბიტურიენტებს.

- სამომავლოდ, სწავლის გაგრძელება უცხოეთში მსურს. შემდეგ კი მინდა, ჩემს ქვეყანას დავუბრუნდე და მიღებული განათლებით დავეხმარო. ასევე მსურს, გავხსნა ნორჩ მოაზროვნეთა წრე, სადაც მოსწავლეები უფრო მეტი რესურსითა და აქტივობებით შეძლებენ სხვადასხვა საგნის დაუფლებას. ჩემი რჩევა აბიტურიენტებისთვის იქნება ის, რომ მუდმივად ისწავლონ, არ დაჯერდნენ მხოლოდ რეპეტიტორის ან მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებსა და სავარჯიშოებს, თვითონაც განვითარდნენ და ბევრი იშრომონ. კვლევებით დადგინდა, რომ თუ ზოგადად საგნის კარგად შესწავლა გსურს, ყოველდღიურად 4 საათი მაინც უნდა იმეცადინო. ასევე, არ ინერვიულონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რადგან ნერვიულობა ბევრ პრობლემას შეუქმნის მათ. მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა და დაამტკიცონ ცოდნა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ინტერესიან და მშრომელ ახალგაზრდას.

თამარ იაკობაშვილი
5514
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
!
0
კარგი ბიჭი ხარ და ღმერთმა შეგიწყოს ხელი. რაც შეეხება დაბრუნებას, სანამ მეცნიერს 200–300 ლარით ტანჯავენ, აზრი არ აქვს, იქიდან უფრო მეტ სარგებელს მოუტან ქვეყანას.
14:07 / 11-09-2021
emigranti
0
გვიმრავლოს ასეთი ახალგაზრდები. წარმატებებს გისურვებ მომავალში. და როცა საზღვარგარეთ წახვალ, დაბრუნდი ძალიან გთხოვ. იქ არ დარჩე.
11:18 / 10-09-2021
მსგავსი სიახლეები