თეონა ბაღათურია პროფესიით ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტია. ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავა და ბევრი განსხვავებული ცოდნა თუ ინფორმაცია მიიღო. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოზარდებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ინფორმაციას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ასევე, მომავლის პროფესიებზე. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის თვლის, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ არჩევანი, რათა წარმატებას მიაღწიონ. თეონას 16 წლის შვილი ჰყავს და როგორც დედასაც შეუძლია სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება. ის გვიყვება, რატომაა აუცილეელი სკოლებში პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს და თავად რას აპირებს საკუთარი ინიციატივით:
- ამჟამად ვარ ფრილანსერი ჩემი პროფესიით, რაც საშუალებას მაძლევს, ვფლობდე მეტ დროს საკუთარი თავისთვის, შვილისთვის და სხვა ინტერესებისთვის, რადგანაც ვთვლი, რომ სამსახური ცხოვრება არ არის, ის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ფრილანსერობამდე 18 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში, კერძო კომპანიებში, სადაც უზარმაზარი გამოცდილება მივიღე სწორი და არასწორი მართვის სტილისა და თანმდევი შედეგების შესახებ, ბიზნეს პროცესებში, ჩემს პროფესიაში და რაც მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებაში. როგორც ბევრ ადამიანს, პროფესიის არჩევისას მეც არ მქონდა გააზრებული, თუ რისი კეთება მსურდა და გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდან გამართულად ვფლობდი რამდენიმე უცხო ენას, მშობლების რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ანგლისტიკის განხრით ჩავაბარე. სწავლის პირველივე წელს მივხვდი, რომ ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებდი, უფრო აკადემიურ საქმიანობასა და ენათმეცნიერებაში გამომადგებოდა, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ არ იყო ჩემი ინტერესის სფერო და დავიწყე საგნების სელექციური სწავლა, უკეთესად ვსწავლობდი იმ საგნებს, რაც დასაქმებაში და ინგლისურად ლიტერატურის კითხვაში გამომადგებოდა. 4-წლიანი სწავლის დასრულების შემდეგ, რადგანაც უცხო ენები და კომპიუტერული პროგრამები ბავშვობიდან ვიცოდი, რაც არც თუ ისე ხშირი იყო იმ პერიოდში, მალევე დავსაქმდი და საკუთარ თავზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით, გადავწყვიტე მეორე პროფესიაც მქონოდა და ჩავაბარე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მალევე მივხვდი, რომ იურისტობა ჩემი საქმე არ იყო. 32 წლის ასაკში სამსახურებრივი გამოცდილებიდან და დაკვირვებებიდან მივხვდი, რომ HR მაინტერესებდა და დავიწყე უცხოეთში დისტანციური სწავლების სამაგისტრო პროგრამების პირობების მოკვლევა. ბავშვობიდან მაინტერესებდა დიდი ბრიტანეთის კულტურა და ისტორია, ბედნიერების ჟრუანტელს მგვრიდა ბრიტანული აქცენტი და ზუსტად ვიცოდი, რომ ბრიტანული განათლება მერჩივნა ამერიკულს. რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდგომ, არჩევანი შევაჩერე ლივერპულის უნივერსიტეტზე, საიდანაც ვფლობ მაგისტრის ხარისხს გლობალური ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვაში.
- უცხოური გამოცდილების შემდეგ, ყველაზე მეტად რა ხარვეზები დაინახეთ ქართულ განათლების სისტემაში ჩვენთან?
- მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში მივხვდი, თუ რამდენი უნარი მაკლდა და როგორ მიჭირდა პირველი 3 თვე სწავლა, გამომდინარე იმდროინდელი ქართული განათლების სისტემიდან. თავიდან ყველაზე მეტად წაკითხულის ანალიზის დაწერა მიჭირდა, რადგანაც სკოლიდანაც და უნივერსიტეტებიდანაც მიჩვეული ვიყავი წაკითხულის შინაარსის მოყოლას, ანალიზის ნაცვლად. მიჭირდა წერილობით მოკლედ აზრის გადმოცემა (თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, ეს ახლაც მიჭირს, მაგრამ კონტროლი ვისწავლე) და მეშინოდა ღიად სტერეოტიპების ნგრევა, თუნდაც აღიარებული მეცნიერის თუ მკვლევარის საპირისპირო აზრის გამოხატვით. ჩემი გამოცდილებით, ვფიქრობ, უცხოეთში უფრო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებ, თუ კარგ უნივერსიტეტში სწავლობ. ხოლო,
ჩვენთან უფრო თეორიულ ნაწილს ასწავლიან. სრულფასოვანი თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ჩვენს რეალობაში პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა უფრო გიკვალავს გზას კარიერაში. ფასდაუდებელია სხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად სწავლა, რადგანაც სწავლობ იმას, რაც წიგნებიდან არ ისწავლება.
- რა ხარვეზებია საშუალო განათლების სისტემაში, რაც შემდგომში იწვევს დიდ პრობლემებს - პროფესიონალების სიმცირეს ბევრ სფეროში, ერთი სფეროს ზედმეტად ბევრ სპეციალისტს, უამრავ ადამიანს, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ აცნობიერებს, რომ არასწორად აირჩია პროფესია ან უბრალოდ, ვერ საქმდება თავისი პროფესიით, რადგან მასზე მოთხოვნა არ არის.
- გამომდინარე იქიდან, რომ 16 წლის შვილის დედა ვარ, ვთვლი, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სკოლებში, როგორც საჯარო, ასევე კერძოში, არ ხდება დროისთვის თუ რეალობისთვის საჭირო ცოდნის მიცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამ განუვითაროს ბავშვს დროისთვის შესაფერისი უნარები, როგორებიცაა ლოგიკური აზროვნება, მოქნილობა, თავისუფალი აზროვნება, მიზანდასახულობა, ემოციური ინტელექტი და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან განსხვავებულ დროში ცხოვრობენ ჩვენი ბავშვები, ვფიქრობ, მიდგომები უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში, რომ ყველას უცხოეთში წასვლაზე არ ეჭიროს თვალი. "ციფრული თაობისთვის" ინტერესის გაღვივების მიზნით, სკოლა ბავშვის ასაკის მიხედვით, მეტ ვიზუალურ მასალას უნდა იყენებდეს, თუნდაც ისეთ უფასო საშუალებებს, როგორიც არის შემეცნებითი მოკლე დოკუმენტური ფილმები YouTube, DiscoveryChannel, National Geographic და ა.შ. არხებიდან, რომ ბავშვებს საკუთარი თვალით შეეძლოთ ნახვა, თუ როგორ შენდება და მუშაობს ჰიდროელექტროსადგური, რა პრინციპით მუშაობს სათბური, როგორ მუშაობს ფერმა, როგორ შენდება შენობები, როგორ მუშაობს სასტუმრო, რა ხდება ბანკში, როგორია სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიურობა და ა.შ. ასევე კარგი იქნებოდა საგანმანათლებლო არაჩვეულებრივი პლატფორმა Khan Academy-ს გამოყენება, კარგი იქნებოდა ისწავლებოდეს ეკონომიკის საფუძვლები, მეწარმეობა, მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ელემენტარული კანონები, საბაზისო ფინანსები, პროგრამირების საფუძვლები, საოფისე პროგრამები, ღირებულებები, ზნეობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩემი აზრით, პანდემია მომავალში ბავშვებში ძალიან ბევრ პრობლემას წარმოაჩენს, რაც გამოწვეული იქნება სოციალიზაციის ნაკლებობით, უდისციპლინობით, ენერგიის დაუხარჯველობით, ურეჟიმობით და კარგი იქნებოდა, ასეთ დროს სკოლას შეეთავაზებინა ემპათიურობის და სოციალური პასუხისმგებლობების გაკვეთილები, ჯგუფური თერაპია ფსიქოლოგთან, არტ თერაპია, შედარებით მოზრდილებისთვის ქოუჩინგი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოზრდილ ასაკში სკოლაში ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა, თუ რომელი პროფესია რის კეთებას მოიცავს, ხდებოდეს დახმარება პროფესიის არჩევაში, რომ წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ მოზარდებს, რას აკეთებს ინჟინერი, აგრონომი, ზოოტექნიკოსი, ლინგვისტი, ბანკირი, პროგრამისტი, მარკეტერი, კვების ტექნოლოგი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის(ების) მაღალ დონეზე სწავლება, რადგანაც განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ლიტერატურა, სამწუხაროდ, თითქმის არ არის ნათარგმნი ქართულად.
იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდებმა არ იციან პროფესიები, ხშირად მშობლების რჩევით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელზე სწავლის პერიოდში ხვდებიან, რომ არ უყვარდებათ, არ არის მათი, არ აქვთ მოწოდება და შესაბამისად, არ სწავლობენ საფუძვლიანად.
განვითარებად ქვეყნებში ხშირად არ გვაქვს ფუფუნება, პროფესია სიყვარულით ავარჩიოთ, ეს კი დასაქმებისას დიდ კვალს ატყობს თანამშრომლის პროდუქტიულობას, დრაივს, ქცევას და სწრაფვებს. როცა გიყვარს, რასაც აკეთებ ან გიყვარს, ვისთვისაც აკეთებ, ყველაფერი სხვანაირად კარგად და გემრიელად გამოდის და ეს საქმეს, ოჯახს, ქვეყანას თუ სოციუმს მკაფიოდ ემჩნევა.
- რა უნდა გაკეთდეს მოსწავლეთა ინფორმირებისთვის სკოლებში, რა ტიპის ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მათ არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ პროფესიულ განათლებაზე, სხვადასხვა ხელობაზე?
- ვფიქრობ, ქვეყნის განვითარების დონე და არჩეული სტრატეგია განაპირობებს რიგ პროფესიებზე მოთხოვნის ზრდას და რიგი პროფესიების გაქრობას. ჩემი აზრით, აუცილებელია სკოლებში ხდებოდეს კონკრეტულ პროფესიებში წარმატებული ადამიანების მოწვევა ან თუნდაც 10-15-წუთიანი ჩანაწერის ჩვენება, თუ რას აკეთებს ეს კონკრეტული პროფესია, რა ცოდნა არის საჭირო ამ კონკრეტულ პროფესიაში წარმატების მიღწევისთვის, რა უნარები უნდა გააჩნდეთ ამ პროფესიის წარმომადგენლებს და რა გზა გაიარეს ადამიანებმა, ვიდრე იქამდე მივიდოდნენ, სადაც დღეს არიან. ასევე, მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლება, რომ არ არის აუცილებელი ყველა უმაღლეს განათლებას იღებდეს, თუ ადამიანს ამისი ან სურვილი ან ინტელექტუალური შესაძლებლობა არ აქვს. არსებობს პროფესიული სასწავლებლები, სადაც შეიძლება დაეუფლონ კონკრეტულ პროფესიას, თუმცა ერთია ინტერესი და მეორეა პრობლემა, რამდენად მოთხოვნადია ქვეყანაში კონკრეტული პროფესია. სავალდებულოა, შეიქმნას ქმედითი და მაღალი რეპუტაციით მოსარგებლე პროფესიული განათლების ცენტრები, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე კონკრეტულ პროფესიებში, ექნებათ საშუალება, ისწავლონ თანამედროვე ლიტერატურით და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიისთვის რელევანტურ დაწესებულებებში.
- როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ მოზარდებისთვის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ასევე მომავლის პროფესიებზე გესაუბრათ? როდიდან აპირებთ ამ ინიციატივის განხორციელებას, რა ფორმით და ვის შეეძლება ჩართვა?
- ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უმეტესი გამოწვევა გამომდინარეობს დეკადების წინ დაწყებული პრობლემით, რაც გაუმართავი და მოძველებული განათლების სისტემაა და რაც დაღს ასვამს მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებას, ლოგიკურ აზროვნებას, კანონმორჩილების გათავისებას, ადამიანურობას, ტოლერანტობას და ინტელექტს. მიმაჩნია, რომ განათლების სისტემა სკოლიდან კი არა, საბავშვო ბაღის დონიდან რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რომ როდესმე ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ იქცეს. როგორც ვახსენე, მეც სკოლის მოსწავლის დედა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს, ვხვდები, რომ ის ვერ იღებს იმ ცოდნას სკოლიდან, რაც 21-ე საუკუნისთვის არის საჭირო და იგივე წუხილი მესმის ბევრი მშობლისგანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას დავაკვირდე, თუ რატომ არის ჩვენს ქვეყანაში დაბალი პროდუქტიულობა, სიზარმაცე, პასუხისმგებლობის აღების შიში, რატომ ჭირს ყველა სფეროში პროფესიონალის მოძებნა, რატომ აქვთ მოძველებული ცოდნა და ა.შ. გადავწყვიტე ჩემი ცოდნის უანგარო გაზიარება, რომ როგორც რიგითი მოქალაქე დავეხმარო მოზარდებს, ავუხსნა, თუ რომელი პროფესია რას მოიცავს, რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე, რომელი პროფესიები გაქრა ან ქრება, რომელი პროფესიები ესაჭიროება ქვეყანას განვითარებისთვის, რომელ პროფესიას რა დამატებითი ცოდნა სჭირდება და გავაცნო, კონკრეტულ დარგში წარმატებული ადამიანი რომელიც მათ ენაზე აუხსნის, რა საქმეს მოიცავს მისი საქმიანობა.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი წამოწყება ასეთი საინტერესო თუ გახდებოდა ბევრი მშობლისთვის, პოსტის დაწერიდან ამ დრომდე 275 მესიჯი მომივიდა შვილის დარეგისტრირების თხოვნით, რაც თან ძალიან მახარებს, თან იმედს მაძლევს და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას მმატებს. პანდემიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვფიქრობ, ოქტომბრის თვიდან ონლაინ რეჟიმში ჩავატარო თვეში 4 საათნახევრიანი შეხვედრა დაინტერესებული მოზარდებისთვის. თუ ინტერესი შენარჩუნდება, შესაძლოა ჩემს წამოწყებას კამპანიის სახეც მივცე და ჩავრთო ჩემი კოლეგები, განათლების ექსპერტები, მეტი ვიზუალური მასალისთვის ვეთანამშრომლო თარჯიმნებს, გრაფიკულ დიზაინერებს და რეჟისორებსაც კი. დასწრება შეეძლება ნებისმიერ 14-17 წლის ქართულენოვან მოზარდს, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ რადგანაც მსმენელები ბავშვები იქნებიან, შეხვედრები არ ჩაიწერება და არც გასაჯაროვდება.
- მიეცით მოზარდებს რამდენიმე რჩევა, რა გაითვალისწინონ მომავალი პროფესიის არჩევისას?
- 17 წლის ასაკში მეც, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, გაუაზრებლად მივიღე პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება, რაც ძირითადად მშობლებისთვის, ასაკისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობის გაწევით იყო განპირობებული. მე ექიმების შვილი ვარ და მშობლები მეუბნებოდნენ, რომ რაკი კითხვა, სიახლეები მიყვარდა, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი, ემპათიური, დეტალებზე ორიენტირებული და მზრუნველი ვიყავი, კარგი ექიმი დავდგებოდი და იქნებ ჩამებარებინა სამედიცინოზე. ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებას, რომ არ ჩავაბარე სამედიცინოზე, სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ და მინდა, რომ თუ შევძლებ, მოზარდებს ჩემი ცოდნით და გამოცდილებით დავეხმარო, წარმოდგენა შევუქმნა სხვადასხვა პროფესიაზე, რომ ჩემსავით არ ესიზმრებოდეთ, რომ თეთრი ხალათი მაცვია, პაციენტს გულდასმით ვუსმენ, მის მდგომარეობაში შევდივარ და კომერციული მოტივების გარეშე, ერთგულად ვმკურნალობ და შემდეგ მისი გამოჯანმრთელება ბედნიერებას მაგრძნობინებს.
თავიდან, როდესაც ჩემს ინციატივაზე ვფიქრობდი, მეგონა უმეტესად მეგობრები დაინტერესდებოდნენ, მაგრამ იმხელა ინტერესი გამოიწვია და იმდენი მშობლის სატკივარი გამიჟღერებია, რომ ვაანალიზებ, რომ ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება. დიდი იმედი მაქვს, გამიჩნდებიან პროფესიონალი თანამოაზრეები, რომლებსაც ჩემსავით უანგაროდ ენდომებათ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის განვითარებას.
მე არ ვარ განათლების სფეროს ექსპერტი, თინეიჯერის დედა და საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც თვლის, რომ ცვლილება ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს. ალბათ, ნაწილი მკითხველისა იტყვის, რომ ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდესო, კი, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსაკუთრებით ასეთ ქვეყანაში მწამს, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ და ცვლილები ვცადოთ, თორემ სხვის და/ან რამე უკეთესის ლოდინში გადის ცხოვრება და მე მინდა, რომ ჩვენი შვილები ამ ქვეყნიდან არ გარბოდნენ.
თამარ იაკობაშვილი