"ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა ხელისუფლებამ! მშობლებს მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს" - მეგი კავთუაშვილი
"ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა ხელისუფლებამ! მშობლებს მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს" - მეგი კავთუაშვილი
მე ვარ მეგი კავთუაშვილი, ორი შვილის დედა. აგვისტოს ბოლოდან ყოველ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები მეკითხებოდნენ: - დე რამე ახალი არ არის სკოლაზე? მშობლების აქტივობას შედეგი არ მოყვა? თქვენი წერილი წაიკითხეს ნეტა, ვისაც მისწერეთ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ განათლების სამინისტროსთან, სკოლაში წავალთ? ისევ online უნდა ვისწავლოთ?

დღეს სწავლა დაიწყო, ორივე კომპიუტერს უზის და ეკრანს მისჩერებია. საზეიმო განწყობას მხოლოდ სახეზე ვინარჩუნებ, როგორც ადრე. ბავშვებმა რომ არ შემატყონ იმედგაცრუება. სინამდვილეში არ მეზეიმება, რადგან პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სწავლის დისტანციურად დაწყება და
მთელი წელი ბავშვების ჩაბნელებულ ეკრანებთან ჯდომის პერსპექტივა სიხარულის საფუძველს მაცლის. მთელი წელი-მეთქი ვამბობ, რადგან პანდემიის ამგვარი მართვის შემთხვევაში, დიდი შანსია დასახელებულ ერთადერთ კრიტერიუმს, ე.წ. 4%-ს დიდ ქალაქებში ვერც 4 ოქტომბრისთვის ჩამოვცდეთ.

ბავშვებთან ერთად ვზივარ მეც და იმის ნაცვლად, სამუშაო საათებში სამსახურის საქმეს ვაკეთებდე, ოჯახის და ქვეყნის დოვლათის შექმნაში შემქონდეს წვლილი, როგორც ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვეხმარები შვილებს, სრულიად მარტონი რომ არ დარჩნენ, სახელმწიფოსგან მიტოვებული ბავშვები.

დღეს დარწმუნებით ვამბობ, რომ მშობლები და ბავშვები დავმარცხდით. ჩვენივე ხელისუფლებამ დაგვამარცხა. თან ისე დაგვამარცხა, ერთი სიტყვაც არ მოუგდია ჩვენთვის. ერთი სანუგეშო სიტყვა, რომ ესმით ჩვენი; იციან, რომ დისტანციურად მიღებული
განათლება ის არ არის, რაც უნდა იყოს; ბავშვების სახლებში გამოკეტვა ძალიან ცუდი გა მოსავალია; მშობლების რესურსი ამოწურვადია, გვითანაგრძნობენ და ა.შ. არაფერი მსგავსი!

აი, ასე! ავტორიტარი მშობელი რომ უბრძანებს შვილს - შედი ოთახში და არ გამოხვიდე იქიდან, სანამ მე არ გეტყვი! ასეთივე ავტორიტარია დღეს ჩვენი ხელისუფლება. ერთხელ რომ გეტყვის უნდა გაიგო! აღარ არის საჭირო, შეკითხვების დასმა: რატომ მივედით აქამდე, როგორ ახერხებენ სკოლების გახსნას განვითარებული ქვეყნები? პასუხების გამოთხოვა: რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ! შეკამათება - რეგულაციების დაცვით ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ!

  • ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ!
  • დაგვამარცხა ჯანდაცვის სამინისტრომ!
  • დაგვამარცხა პრემიერ-მინისტრმა!
  • დაგვამარცხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭომ და მთლიანად ხელისუფლებამ!
მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს. მშობლებს ხომ ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი, ჩვენს გაჩუმებას რა უნდა?! ბავშვებს კი არჩევნებში ხმის უფლებაც კი არ აქვთ, შესაბამისად არჩევნების წინ ვის ახსოვს ისინი?!
მე დღეს დამარცხებული მშობელი ვარ, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი შვილები. ვერ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ სკოლები პირველი უნდა გახსნას და ბოლო დახუროს, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ე.წ. კოვიდის დაკარგული თაობა.
ეს მარცხი მშობლებს აუცილებლად მოგვცემს ახალ ძალას, რათა განახლებული ენერგიით შევახსენოთ მთავრობას: #მშობლებთანერთად ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და თქვენს ანგარიშზე იყოს ის ზიანი, რაც ჩემ შვილებს და მათ თანატოლებს პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს ეკრანთან გაუთავებელი ჯდომისგან ადგებათ.

მეგი კავთუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებელი
22379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
ასიდა
0
ჩემი შვილი ანასტასია მიდის წელს სკოლაში,ერთი სული აქვს როდის დაიწყება სწავლა ,მარიამის ონლაინ გაკვეთილების შემყურე გაგონებაც არ უნდა (ინტერნეტის ,ტიმსის პრობლემა გვაქვს მუდმივად ,ცალკე მაწავლებლები დაიტანჯნენ ...) ტასო მეკითხება ფეხსაცმელი მიყიდე? სასკოლო კაბები უკვე აქვთ ,სახელდახელოდ შევკერეთ,...არა ,4 ოქტომბრამდე სწავლა არაა და მანამდე გიყიდი,-რატომ? აბა იწყებაო ,ვინ გადაწყვიტა? მეც ავყევი და ვეუბნები ჩხენკელმა ,განათლების მინისტრმა მეთქი,...ჩხენკელი და პენკელი არ ვიცი მე სკოლა მინდა გაიგეთ....აგვისტოს 30 მერე ყოველდღე მეკითხება რაო ჩხენკელმა?
15:03 / 18-09-2021
0
ოჯახაშენებულო,ბედნიერი ხარ,თუ პანდემიას არ დაუმარცხებიხარ,სხვას ყველაფერს ეშველება.მე პედაგოგი ვარ და ვიცი,რომ სკოლაში სიარული ჯობია,მაგრამ როცა ჩემი ოჯახიდან 40 დღეში პანდემიის გამო გარდაცვლილი მამა და და მახსენდება,ვთვლი,რომ ბავშვების დაცვა ამ ფორმით ამ ეტაპზე საუკეთესოა,რომ სხვათა ოჯახებშიც ის არ დატრიალდეს,რაც მე დამატყდა თავს.
19:39 / 17-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი