განათლებააქტუალური
დაჩი ნანობაშვილი ნიშნების უსამართლობაზე, კომპლექსურ დავალებებსა და მათემატიკის შესწავლის ხარვეზებზე
დაჩი ნანობაშვილი ნიშნების უსამართლობაზე, კომპლექსურ დავალებებსა და მათემატიკის შესწავლის ხარვეზებზე
მათემატიკოსი და მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტის" დამფუძნებელი, პროექტ "ტელესკოლის" მასწავლებელი და მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი, დაჩი ნანობაშვილი გვიყვება, რა შეცდომებია დაშვებული ყველაზე ხშირად მათემატიკის სწავლებისას,  რა მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ დავალებას და რა პრინციპით გამოითვლება მოსწავლის ნიშანი, რა კომპონენტებს ითვალისწინებს ის:
- მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე მოსწავლეებს ნიშნებს არ ვუწერთ. ხოლო, მეორე სემესტრიდან კონკრეტულ ქულას ვსაზღვრავთ მხოლოდ საკლასო აქტივობებში (ეს შეიძლება იყოს ქვიზი, ზეპირი გამოკითხვა, დამოუკიდებელი სამუშაოები თუ სხვა) და შემაჯამებელ დავალებებში. მასწავლებელს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, რამდენ საკლასო აქტივობას ჩაატარებს. სამაგიეროდ  შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას თითოეულ კლასში სამინისტრო  საზღვრავს. მოწოდებული
გვაქვს მინიმალური რაოდენობა, იმაზე ნაკლებ შემაჯამებელს ვერ გავაკეთებთ. მაგალითად, მეექვსე კლასში გვეუბნებიან, რომ პირველ სემესტრში მინიმუმ 4 შემაჯამებელი სამუშაო უნდა იყოს, ხოლო მეორე სემესტრში -  მინიმუმ 6, რომელიც გარკვეულ თემებს შეაჯამებს. წონა აბსოლუტურად ერთნაირი აქვს როგორც საკლასო სამუშაოში მიღებულ ნიშანს, ასევე შემაჯამებელსაც. შესაბამისად, მიღებული ნიშნები იკრიბება და იყოფა მათ რაოდენობაზე. მაგრამ თუ მოსწავლეს შემაჯამებელი არ დაუწერია, აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ის აღადგინოს, დაახლოებით 2-კვირიან პერიოდში. თუ ის არ აღადგინა, მაშინ იძულებულები ვართ, რომ 0 ქულად ჩავთვალოთ. როგორც აღვნიშნე, მეხუთეკლასელების წლიური ნიშანი მხოლოდ მეორე სემესტრის ქულით იანგარიშება. საშინაო დავალებაში ნიშანი უკვე მეშვიდე კლასის ზემოთ იწერება. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 სხვადასხვა ტიპის ქულა არსებობს: არის საშინაო დავალება,
საკლასო აქტივობები და შემაჯამებლები. მაგრამ, წონა ამ ნიშნებს ყველას ერთი და იგივე აქვთ. სემესტრის განმავლობაში მიღებული ყველა ნიშანი ერთად იკრიბება და საერთო რაოდენობაზე იყოფა. ხოლო წლიური ნიშნის გამოსაყვანად, სემესტრული ნიშნები იკრიბება და ორზე იყოფა.

2005-2006 წლებში, როდესაც მრავალკომპონენტიან შეფასების სისტემაზე გადავედით, თითოეულ ნიშანს თავისი წონა ჰქონდა. თავად სკოლა წყვეტდა, რამდენ პროცენტს მიანიჭებდა საშინაო დავალებას, საკლასო აქტივობასა და შემაჯამებელ სამუშაოს. მათემატიკოსებმა გადავწყვიტეთ, საშინაო დავალებისთვის ყველაზე ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი მიგვენიჭებინა, რადგან არ ჩანს, ბავშვმა დამოუკიდებლად შეასრულა დავალება, თუ არა. ამიტომ, ამისთვის 10% გამოვყავით. შემაჯამებელს მივანიჭეთ 50%, ხოლოდ დარჩენილი პროცენტი - საკლასო სამუშაოს. მაგრამ ეს პრობლემას იმ კუთხით ქმნიდა, რომ ცალ-ცალკე უნდა დათვლილიყო საშუალო და იმისი პროცენტი გამოანგარიშებულიყო. მათემატიკურად ეს არც ისე მარტივი გასაკეთებელი იყო, მაგალითად, ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლებისთვის. დღესდღეობით ეს პრობლემა აღარაა, რადგანც როგორც გითხარით, ყველა ტიპის ნიშანს ერთი წონა აქვს.
ვფიქრობ, ახლა ნიშნები დიდი პრობლემას წარმოადგენს. ხშირად მასწავლებლების მხრიდან ნიშანს სასჯელის ფორმა აქვს, რაც დაუშვებელია. ასევე, არასწორია მშობლების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული ზეწოლა, მაქსიმალური ნიშანის მიღების კუთხით. ბავშვები მუდმივ სტრესში იმყოფებიან, ეშინიათ დაბალი ნიშნის მიღება (შეცდომის დაშვება), რადგან შემდეგ რთული ხდება ნიშნის გამოსწორება (საშუალო ქულის 10-მდე აწევა). მოსწავლე ყველაფერს აკეთებს, რომ მიიღოს მხოლოდ 10-იანი (ცხრიანიც კი მიუღებელი ხდება). მაგალითად, თუ არ არის რომელიმე საგანში სათანადოდ მომზადებული, მოიმიზეზებს თავის ან მუცლის ტკივილს და მოითხოვს სახლში დარჩენას, გადაიწერს სხვისგან და ასე შემდეგ.
mshoblebi
განათლების სამინისტრო, შეფასების ახალ ვერსიას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც არ უნდა დავწეროთ მიმდინარე ნიშნები. უნდა დავწეროთ მხოლოდ კონკრეტული თემის შესწავლის ბოლოს შემაჯამებელი ქულა. თუმცა, მიმაჩნია, მიმდინარე ნიშანი, განმავითარებელ შეფასებასთან ერთად, მოტივაციისა და თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მოსწავლეს აუცილებლად უნდა მივცეთ გადაბარების საშუალება. თუ სემესტრის განმავლობაში გავდივართ 4 თემას, (პირობითად, ეს თემები იყოს: წილადი რიცხვების გამრავლება, გაყოფა, შეკრება და გამოკლება) მოსწავლეებს თითოეული თემის შესწავლისას უნდა დავუწეროთ მიმდინარე ნიშნები, ხოლო ყოველი თემის შესწავლის შემდეგ, მიღებული ცოდნა შევუმოწმოთ შემაჯამებელი სამუშაოთი (შემაჯამებელი სამუშაო სასურველია იყოს სხვადასხვა სახის). ამის შემდეგ დავთვალოთ ამ კონკრეტული თემის შესწავლისას მიღებული ქულების საშუალო. ასეთი წესით, მოსწავლეს სემესტრის განმავლობაში დაუგროვდება 4 ძირითადი ქულა. მაგალითად წილადი რიცხვების გამრავლება - 9 ქულა; წილადი რიცხვების გაყოფა - 5 ქულა; წილადი რიცხევბის მიმატება - 10 ქულა, წილადი რიცხვების გამოკლება - 9 ქულა. სემესტრული ნიშანი კი იქნება ამ ოთხი ნიშნის საშუალო ქულა, ანუ ამ შემთხვევაში, 8 ქულა. თუ მოსწავლეს უნდა ნიშნის გამოსწორება, უმჯობესია ეს მოხდეს იმ თემის გამოსწორების ხარჯზე, რომელშიც მას ჰქონდა პრობლემა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო წილადი რიცხვების გაყოფა). თუ მოსწავლე გადააბარებს წილადი რიცხვების გაყოფას და მაგალითად, მიიღებს 9 ქულას, მას შეეცვლება ხუთიანი ცხრიანით (ბუნებრივია, თუ ის მიიღებს, მაგალითად, 3 ქულას ხუთიანი შეეცვლება სამიანით) და სენესტრის საბოლოო ნიშანი გამოუვა 10-იანი. ასე გამოსწორდება არა მხოლოდ ნიშანი, არამედ ის ხარვეზი, რამაც გამოიწვია სემესტრული რვიანის მიღება.

- შემაჯამებელ დავალებაში კომპლექსური დავალებაც მოიაზრება?

- დიახ, სამინისტროდანაც გვაქვს მითითება, რომ, მაგალითად, მათემატიკაში არ იყოს სულ წერითი დავალებები, გამოვიყენოთ პროექტები და 1 მაინც იყოს კომპლექსური დავალება, რომელიც არ ნიშნავს პროექტს და იმას, რომ ერთ დღეში უნდა მომზადდეს. ის შეიძლება 1 კვირა გაგრძელდეს და ნელ-ნელა მივიდეთ საბოლოო შედეგამდე. ამ დავალების ნიშანსაც იგივე წონა აქვს, რაც ვფიქრობ, მთლად სამართლიანი არ არის, რადგანაც თუ საშინაო დავალებაში ერთი კონკრეტული რამ დაწერა და კომპლექსურ დავალებაში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა განახორციელა, ალბათ განსხვავება ნიშანშიც უნდა აისახოს.

- ხშირად კომპლექსური დავალება არასწორადაა აღქმული, მშობლები ამბობენ, რომ თავად უწევთ შვილების ნაცვლად შესრულება და ამის გამო პროტესტს გამოხატავენ. როგორ ფიქრობთ, სადაა პრობლემა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დავალება მოსწავლეებისთვის?

- მასწავლებლების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ეს დავალება ბევრმა მათგანმა პროექტად აღიქვა. ბავშვებს პროექტებს ისედაც ვაკეთებინებდით. პირობითად, ვავალებდით, რომ მოეძიებინათ ინფორმაცია რომელიმე ისტორიულ ქალაქზე და ვეუბნებოდით, რა ნაწილებისგან უნდა ყოფილიყო შედგენილი ეს ინფორმაცია, როგორ უნდა წარმოედგინათ და ასე შემდეგ. შედეგად, ყველა მოსწავლე მოიტანდა, ფაქტობრივად, ერთნაირ ინფორმაციას, ოღონდ სხვადასხვაგვარად გაფორმებულს. კომპლექსური დავალება აბსოლუტურად სხვა ტიპის დავალებაა. მისი მთავარი არსი არის ის, რომ ისე უნდა იყოს შედგენილი, კავშირი ჩანდეს, რაში შეიძლება დაგვჭირდეს ის კონკრეტული ინფორმაცია თუ ცოდნა ცხოვრებაში. მე კონკრეტულ მითითებებს არ ვაძლევ მოსწავლეს, რა რის შემდეგ გააკეთოს. ისე უნდა შეირჩეს დავალება, რომ შესაძლოა ყველამ სხვადასხვა გზით ეძებოს გამოსავალი. მეოთხე კლასში მოსწავლეებს დავავალეთ, სხვადასხვა მაღაზიაში გაერკვიათ განსხვავებული შეფუთვის, მაგალითად, 6, 10, 15-ცალიანი შეფუთვის კვერცხი რა ღირს, შეედარებინათ, ცხრილი გაეკეთებინათ და დასკვნები გამოეტანათ. კომპლექსური დავალება თავის თავში ნიშნავს იმას, რომ მრავალი კომპონენტისგან შედგება და ბევრ სხვადასხვა უნარს ამოწმებს. ცუდი არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი სახლში მიდის და ამბობს, რომ ვერაფერი გაიგო, მერე მშობელი იწყებს წვალებას, რომ რამე გააკეთოს ნიშნის მისაღებად, რაც არ არის სწორი. ჯობს, მოსწავლემ გააკეთოს ისე, როგორც მან გაიგო და შემდეგ რჩევა-დარიგებები მიიღოს მასწავლებლისგან. სინამდვილეში, მოსწავლეებს პირობის გააზრება უჭირთ ხოლმე. ზუსტად ეს გვინდა მასწავლებლებს, რომ ბავშვები მივაჩვიოთ, გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. ვფიქრობ, მშობელთა პროტესტიც სიახლის ბრალია, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ერევიან დავალების გაკეთებაში იმიტომ, რომ უნდათ, მათ შვილს ყველაფერი კარგად ჰქონდეს გაკეთებული. ეს ეხება, ძირითადად, დაწყებით კლასებს. კომპლექსურ დავალებებს პირველი კლასიდანვე ასრულებენ ბავშვები. არ მგონია, მე-9 კლასელის მშობელი ერეოდეს კომპლექსური დავალების შესრულებაში. მშობელს შეუძლია შვილს მისცეს მითითება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეასრულოს დავალება მის მაგივრად. პრობლემა არ არის ის, რომ ბავშვმა რაც გაიგო, ის გააკეთოს და სკოლაში მიიტანოს. აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა შვილების ნაცვლად დავალებების შესრულება და ამას არანაირი შედეგი არ აქვს. თუ მოსწავლემ რაღაც ვერ გაიგო, ჰკითხოს მასწავლებელს, მიიღოს მითითებები და რაც გაიგო, ის შეასრულოს. მაღალ კლასებში ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ნიშნებია, რაც ხშირად "აფუჭებს“ საქმეს. ხელში გვრჩება არა საფუძვლიანი ცოდნა, არამედ მცდელობა, რომ მოსწავლეებმა მაღალი ქულა მიიღონ.

- როგორ ფიქრობთ, რა პერიოდულობით უნდა სრულდებოდეს კომპლექსური დავალება?

- თუ ვამბობთ, რომ კომპლექსური დავალება არ არის ერთდღიანი და ერთი კვირის სამუშაო აქვს ბავშვს, ნელ-ნელა მივდივართ თემის გააზრებამდე, მაშინ გამოდის, რომ რამდენ საგანსაც სწავლობენ, ყველამ რომ თვეში თითო გააკეთებინოს, კომპლექსური დავალების გარდა ვეღარაფერს მოასწრებენ. ამიტომ, ვფიქრობ, სემესტრში 1 აბსოლუტურად საკმარისია. ისიც, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ბავშვები გაიგებენ და როგორც მასწავლებელი მიაწვდის. შემდეგ განიხილონ კლასში და არ გახდეს მშობლებისა და ბავშვების ნერვიულობის მიზეზი.

- ეროვნული გამოცდების შემდეგ ყოველ წელს ამბობენ, რომ მათემატიკის სწავლების დონე ეცემა და შედეგები უარესია. რა არის მიზეზი, რაში ხედავთ თქვენ პრობლემას?

- გამიჭირდება ჩემი აზრი ვთქვა მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ძირითადად, დაწყებით საფეხურზე ვმუშაობ. მაგრამ, აქედანვე ჩანს პრობლემები, რაზეც ვხვდები, რომ მომავალში აუცილებლად თავს იჩენს. ვფიქრობ, ძირშივეა ხარვეზი, რის გამოც მერე ბავშვებს რეპეტიტორი, დამატებით მომზადებასჭირდებათ. ჩემი დაკვირვებითა და საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტექსტის გააზრებაა. მოსწავლე ვერ იგებს, რა უნდა გააკეთოს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ ის, რაც სახელმძღვანელოებში წერია. 30 წლის წინ, მე რომ მოსწავლე ვიყავი, რა სახითაც ეწერა ამოცანები წიგნში, ახლაც მსგავსი ფორმით წერია, უბრალოდ შეიძლება გვერდზე დახატული ჰქონდეს გაფერადებული ილუსტრაცია. ფაქტია, რომ იმ ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, როგორებიც ახლა სახელმძღვანელოებშია, ბავშვებს საერთოდ აღარ აინტერესებთ. ინტერესი აქვთ ნაკლები და ამბობენ, რომ ვერ გაიგეს. ზაფხულში ვიმუშავე წიგნებზე (პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით), რომლებიც დამხმარე სახელმძღვანელოებია და შედგენილია ფერადი კომიქსებით, ილუსტრაციებით, ამოცანის სახე შეცვლილია, პირობა გადაქცეულია ამბად, პრობლემაც სხვანაირადაა დასმული, გამოყენებულია კეთებით სწავლების ელემენტები, QR კოდები და სხვა. აღნიშნული რესურსი 200-ზე მეტ სკოლაში შევიდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო და უკუკავშირმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა. ყველა ამბობს, რომ ბავშვები სიხარულით აკეთებენ დავალებებს, ხედავენ, რომ ის, რაც წიგნში წერია, მათი ყოველდღიურობაა. ამიტომ, მთავარი პრობლემა იმაში კი არ უნდა ვეძებოთ, რომ თაობა გვყავს "უნიჭო", არამედ იმაში, რომ სახელმძღვანელოები, ინფორმაციის მიწოდების ფორმაა ძირეულად შესაცვლელი. მოძველებულია ის, რასაც ვასწავლით, ვერ ხვდებიან, რატომაა კონკრეტული განტოლების ამოხსნა საჭირო, ფიქრობენ, რომ არაფერში გამოადგებათ და ამიტომაც, ამბობენ, რომ ვერ გაიგეს. წლების წინ ინტერნეტრესურსები არ არსებობდა, დღეს მათ გაცილებით უფრო საინტერესო რაღაცების ნახვა შეუძლიათ. ამიტომ, მასწავლებლებს გვიწევს, ის, რაც წიგნებში წერია, გადავაქციოთ ამბებად, დავანახოთ, რეალურად რაში სჭირდებათ საკითხი და ისე მივაწოდოთ.

თამარ იაკობაშვილი

alt"დაწყებით კლასებში სავალდებულო საშინაო დავალება საერთოდ არ უნდა არსებობდეს..." - დაჩი ნანობაშვილი მათემატიკის სწავლებასა და ონლაინრეჟიმზე

altდაჩი ნანობაშვილი:"არდადეგებზე დავალებას არ ვაძლევ, ბავშვმა უნდა დაისვენოს" - საჭიროა თუ არა არდადეგებზე მეცადინეობა

alt"მიაჩვიეთ ბავშვი ფიქრსა და აზროვნებას, მათემატიკა არ არის რთული" - მათემატიკოს დაჩი ნანობაშვილის რჩევები მშობლებს


ბეჭდვა