კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული
ლუკა მუშკუდიანი 2022 წლის მაისიდან 12-კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას "Meta" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად
სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
"კომაროვში სწავლის პერიოდში ლუკამ მათემატიკის წრეზე სიარული ადრევე დაიწყო, ხოლო მეათე კლასიდან საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი გახდა. მეთორმეტე კლასში კი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრებს შეუერთდა. ორივე მიმართულებით მოპოვებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიადის მედლები. როგორც ლუკა იხსენებს საერთშორისო წარმატების მიღწევაში კომაროვის წრეებსა და მასწავლებლებს უდიდესი როლი მიუძღვით, ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილებამ კი შემდგომი აკადემიური და პროფესიული წარმატება განაპირობა." - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუკა მუშკუდიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ის თავად გვიყვება, ახლა რა მიმართულებით სწავლობს და რას გეგმავს სამომავლოდ:
- ვსწავლობ ვანდერბილტის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. სკოლაში სწავლისას, ყოველთვის მათემატიკით ვიყავი დაინტერესებული, ვასპარეზობდი სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე და ვიყავი საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი, თუმცა მეთორმეტე კლასში პროგრამირების სწავლაც დავიწყე და დღის უმეტესი ნაწილი სწორედ მას დავუთმე. ამ მომენტიდან უკვე მინდოდა, რომ ისეთ კომპანიაში მემუშავა, როგორიც Facebook ან Google-ია, თუმცა ჩემი მოტივაციის მთავარი ფაქტორი ეს არ ყოფილა. უბრალოდ, პროგრამირება ძალიან შემიყვარდა - განსაკუთრებით ონლაინ შეჯიბრები, რომლებშიც ყოველდღიურად ათასობით კაცი მონაწილეობდა და თავისი არსით სპორტის მაგავსი იყო, ოღონდ პროგრამისტებისთვის. ერთი წლის მანძილზე ყოველდღიური მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად, საქართველოს ინფორმატიკის მაკრების წევრი გავხდი და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედალი მოვიპოვე. ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ მომდევნო წელს, ვანდერბილტის უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მომეპოვებინა და სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა. "მეტას" პროგრამის შესახებ, პირველ კურსზე ჩემი მეგობრებისგან გავიგე და მოვინდომე, რომ მისი ნაწილი გავმხდარიყავი. პირველ კურსზე, ძირითადად მოსწავლეებს პროგრამირების სათანადო ცოდნა არ აქვთ, ამიტომაც მეგონა, რომ კომპანია სერიოზულად არ შემომხედავდა.
რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში ასეც მოხდა - კარგად ჩატარებული ტესტის შემდეგ, მაინც უარი მივიღე. აქ კი, ინტერვიუ მას შემდეგ დამინიშნეს, რაც დამსაქმებელს ჩემი პორტფოლიო გადავუგზავნე. ამ პროცესში ჩემი ორი მეგობარიც დამეხმარა, რომელიც უკვე ამ პროექტზე მიღებული იყო. ინტერვიუსთვის მოსამზადებლად რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა არსებობს, რომლებიც ვფიქრობ, ძალიან გამომადგა. თვითონ ინტერვიუზე ტექნიკურ ამოცანებს გეკითხებიან, რომლის მიზანიც პროგრამული ენის ცოდნის, ლოგიკის, პრობლემების გადაჭრის და გუნდთან მუშაობის უნარების შემოწმებაა. საბოლოოდ, ათი დღის შემდეგ ჩემმა დამსაქმებელმა დამირეკა და მახარა, რომ ზაფხულში "მეტაში" დავიწყებდი მუშაობას. "მეტას" პროგრამული ინჟინერიის (software engineering) კუთხით ვუერთდები. მიზანი იქნება რამდენიმე კაციან გუნდთან ერთად საინტერესო პროექტზე მუშაობა. ჯერჯერობით პროექტზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ სასურველი პროექტის არჩევის შესაძლებლობა მექნება. მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ მიზანი დაისახონ და მათთვის საყვარელ საქმეს გაჰყვნენ. თუმცა, საქმის არჩევისასაც ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ. მჯერა, რომ ყველა ადამიანშია რაღაც, რომლის გამომჟღავნების შემთხვევაშიც შესაძლებელია დიდ წარმატებას მიაღწიონ. ყველას ვერ ვეტყვი, რომ აუცილებლად პროგრამისტი უნდა გამოვიდეს, თუმცა ვურჩევდი, რომ ციფრულ სამყაროს და ტექნოლოგიებს კარგად გაეცნონ და მგონია რომ, ეს ცოდნა ნებისმიერ სფეროში გამოადგებათ.
შეგახსენებთ, რომ "Meta" კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.
თამარ იაკობაშვილი