"კატასტროფაა, რაც ონლაინებზე ხდება. ამას ჯობია, აღიაროს ქვეყანამ, რომ ონლაინსწავლებას ვერ უმკლავდება", "ძალიან ცუდად აისახა დისტანციური სწავლება პატარას ფსიქიკაზე..." - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები ონლაინსწავლებაზე
"კატასტროფაა, რაც ონლაინებზე ხდება. ამას ჯობია, აღიაროს ქვეყანამ, რომ ონლაინსწავლებას ვერ უმკლავდება", "ძალიან ცუდად აისახა დისტანციური სწავლება პატარას ფსიქიკაზე..." -  რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები ონლაინსწავლებაზე
"ყველაზე მკაცრი ლოქდაუნის პირობებშიც კი, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ბაღებსა და სკოლებში მისვლა შეეძლოთ ბავშვებს" - ამბობენ მშობლები.
ომიკრონის სწრაფ გავრცელებასთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოფიციალურად ლოკდაუნი არ ცხადდება, მოსწავლეთა ნაწილი დასწრებულ, ნაწილი კი ონლაინსწავლების ფორმას ირჩევს. ამ ფონზე სულ უფრო მეტი სპეციალისტი და მშობელი საუბრობს ონლაინსწავლების ხარვეზებზე და აპროტესტებს სკოლებისა და კლასების ჩაკეტვას რამდენიმე ბავშვის ან მასწავლებლის დაინფიცირების გამო. მშობლები, რომლებსაც ნაკლები რისკები აქვთ ან ონლაინსწავლებას პანდემიაზე უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევენ ან არ სურთ, ბავშვი ასოციალურ გარემოში
იზრდებოდეს და ყოველდღიურად უშვებენ სკოლაში,
ხშირად უმცირესობაში ექცევიან. მათ სურთ, მათ ბავშვებსაც ჰქონდეთ არჩევანის უფლება და იარონ სკოლაში, ხოლო ვისაც რისკები აქვს და ვირუსი აქვს, ის დარჩეს სახლში, მასწავლებელი იქნება თუ მოსწავლე, ხოლო დანარჩენებს ნუ შეუქმნიან წინააღმდეგობას და მისცენ უფლება, იარონ სკოლაში. მათი აზრით, კლასში გამოვლენილი ერთეულობით ინფიცირების გამო კლასის ონლაინზე გადაყვანა სწორი არ არის და კლასმა ჩვეულებრივ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება


მეგი კავთუაშვილი, "მშობლები განათლებისთვის":
mshoblebi
"ჩვენ ხომ ყველაფერზე უნდა დავხოცოთ ერთმანეთი.
ჰოდა უკვე მერამდენედ მოვისმინე უმცირესობაში მყოფი მშობლისგან ისტორია, რომ განიცდის სოციალურ ბულინგს სკოლის თანამშრომლების და სხვა მშობლებისგან, იმის გამო, რომ მისი შვილი დადის სკოლაში, სხვა ბავშვები კი ირჩევენ სწავლების online ფორმას. (უფრო სწორად და უმეტესად ბავშვების ნაცვლად მშობლები ირჩევენ. ზოგი გონივრული, ზოგი ნაკლებად გონივრული მიზეზით)
- "2-3 ბავშვის გამო ჩვენი შვილები იჩაგრებიან".
- "გადაიყვანონ ის 2-3 ბავშვიც online, მაგათ გამოა, რომ წესიერად ვერ უტარდებათ ამათ გაკვეთილები".
- "2-3 ბავშვის გამო, რატომ უნდა ვიაროთ სკოლაში".
- "ბარემ ჯვარზე გაგვაკრან პედაგოგები, ჩვენი სიკვდილი უნდათ მაგათ"
და ა.შ. უთვალავი მიზეზი აქვთ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რა ვიცი.. ვეღარ ვთვლი...
თუ სკოლა ეპიდემიოლოგის რეკომენდაციით ღიაა, 2 და 3 კი არა, ერთი ბავშვიც რომ დადიოდეს კლასში, სახელმწიფო და სკოლის თანამშრომლები ვალდებულები არიან მას შეუქმნან სრულყოფილი და განათლების მისაღებად უსაფრთხო გარემო. (ამისთვის სკოლის თანამშრომლები ისეთივე ანაზღაურებას იღებენ, როგორც სრულად დატვირთვის შემთხვევაში.) წარმოიდგინეთ, რომ მეტროს თანამშრომლებმა თქვან უარი მუშაობაზე, იმ მიზეზით, რომ აუცრელები ჩადიან მეტროში. ან პოლიკლინიკებმა და ფართო პროფილის ექიმებმა თქვან უარი სამსახურში სიარულზე, ან ბანკის თანამშრომლებმა თქვან, გვეშინია ფილიალში ბევრი ადამიანი შემოდისო, ან ფარმაცევტებმა.. მოკლედ უმცირესობის დაცინვის თუ გაცამტვერების ნაცვლად, ამ ყველაფერზე ვიფიქროთ, აჯობებს. თუნდაც კრიტიკულად.
უსაფრთხო გარემოს სკოლაში ვერ შექმნის მშობელი, რომელსაც შიგნით არ უშვებენ. ეს უნდა შექმნას სკოლის თითოეულმა თანამშრომლებმა, რადგან ერთნაირად სჭირდებათ მათაც და ბავშვებსაც.
მეორე ამოცანა უნდა იყოს, სხვა მშობლების დარწმუნება იმაში, რომ სკოლა უსაფრთხოა. თუ პედაგოგებს თქვენ თვითონ არ გჯერათ ამის, ვერც სხვებს დაარწმუნებთ.
ბავშვების ინტერესი სკოლაში სიარულია და არა გამოკეტილ სახლში ჯდომა. დისტანციურად სწავლა რომ სკოლაში სიარულის საპირწონე არ არის, ეს ყველაზე კარგად მასწავლებლებმა იციან და იმ მშობლებმა რეპეტიტორებს რომ ეძებენ გამწარებულები. "გადაივლის ეს პერიოდი და დავბრუნდებით სკოლაში", არგუმენტი არ არის. რადგან ეს პერიოდი უკვე 2 წელია გრძელდება, ისედაც წყალს მიაქვს ჩვენი განათლების სისტემა და ვაყოლებთ ბავშვებსაც თან. იზრდებიან ესენი და მასწავლებლებისგან განსხვავებით მთელი ცხოვრება სკოლაში არ არიან. მათი დრო მიდის ახლა. ისინი ზარალდებიან ყოველი გაცდენილი დღით და ყოველი უხარისხო გაკვეთილით.
თუ სხვა მშობლებისკენ გაიშვერთ ხელს, სიცხიან ბავშვებს რომ უშვებენ სკოლაში: თქვენ გაქვთ თერმომეტრები, სადეზინფეციო ხსნარები, საიზოლაციო ოთახები. როგორმე გააცანით კლასიდან თითოოროლა უპასუხისმგებლო ადამიანს, როგორ უნდა მოიქცეს პანდემიის პირობებში. თუ ისეთი მშობელი გყავთ, რომელსაც არაფერი ესმის, ნუ შეაკლავთ თავს. მიმართეთ რეფერირების წესს, გადაეცით მანდატურის სამსახურის ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკებს და ისინი აუხსნიან დანარჩენს.
ის მშობლები, ვინც ბავშვებს სკოლაში ამ პერიოდშიც უშვებენ, არ არიან თავზეხელაღებული ადამიანები. არ სძულთ პედაგოგები. მათაც ისევე უყვართ შვილები, როგორც თქვენ. მათ უკვე გადალახეს ხანგრძლივი შიში და აღარ უნდათ კიდევ მოიმკან ის საშინელი შედეგები, რაც უკვე დავმართეთ ბავშვებს გასულ წლებში.
და ბოლოს, ხალხო, ის მასწავლებლები გაიხსენეთ, ტელევიზიით რომ გვინახავს, ერთ ბავშვიან სკოლაში, მთაში, თოვლში, ფეხით რომ დადიან, კილომეტრებს გადიად გაკვეთილის ჩასატარებლად. მათ ხომ ვუწოდებთ გმირებს. და ობიექტურადაც ასეა. ხომ მოგვწონს მათი შემართება.
ის ფრაზა რომ მოგვწონს და ლამაზად ვაფრიალებთ ხოლმე ფბ-ზე "ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო.” - ასე უცებ რათ დავივიწყებთ ხოლმე, როცა უმცირესობის დამუნათებას ვიწყებთ.
თუმცა დეკლარატიული ცოდნის პირობისეულში გადატანა ჩვენი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა".

მარინა უშვერიძე, ორგანიზაცია PH International:
mshoblebi
"ომიკრონის შტამის სწრაფ გავრცელებასთან ერთად ყველანაირი აზრი დაკარგა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დაკეტვამ. ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მას ვეღარაფერი შეაჩერებს მთელი ქვეყნის მკაცრი ლოქდაუნის გარდა, რასაც ვიცი, არ ვაპირებთ. ჰოდა ნუ მივადგებით მაინცდამაინც ბავშვებს, სკოლებს და სპორტულ წრეებს. ინფიცირების შემთხვევისას სახლში უნდა დარჩეს ინფიცირებული მოსწავლე და არა მთელი კლასი. ასე ყველა შემთხვევაზე თუ კლასი დავკეტეთ, 30-ბავშვიან კლასში რიგ-რიგობით სულ ვიღაც ინფიცირდება და მუდმივად დაკეტილი იქნება კლასი. მიხვდა განვითარებული მსოფლიო, რომ ამ გზით სიარული არ ღირს. იმედი მაქვს, ჩვენც მალე მივხვდებით ამას. ონლაინ სწავლების არჩევანი იმ მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის, ვისაც განსაკუთრებული რისკი და ქრონიკული დაავადებები აქვთ, აუცილებლად უნდა დარჩეს. დანარჩენებმა კი უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ნუ მოვუსპობთ ბავშვებს ბავშვობას".

გთავაზობთ ასევე რამდენიმე მშობლის კომენტარს:

  • "მევფიქრობ, რომ უვადოდ და უარგუმენტოდ დისტანციურად ბავშვების ყოფნას დროა წერტილი დაესვას. არ არის ნორმალური, როცა სკოლა ღიაა და რომელიმე ბავშვს მშობელი შიშის და დისკომფორტის თავიდან აცილების გამო თვეების განმავლობაში არ უშვებს სკოლაში. არც მასწავლებლებისთვის არის ნორმალური უსასრულოდ ერთდროულად ონლაინ და კლასშ გაკვეთილების ჩატარება".
  • "ჩემი ბავშვები ყოველთვის დადიან სკოლაში, ძალიან ცუდად აისახა დისტანციური სწავლება პატარას ფსიქიკაზე, რომელიც ძალიან სოციალური ადამიანია. მეც დავდივარ სამსახურში და არ ვარ დაცული, ყველაფერს ვერ დავკეტავთ"
  • "სკოლა უნდა არწმუნებდეს მშობლებს, რომ იქ ყველანაირი პირობაა დაცული, მზაობა გამოთქვან ნებისმიერ შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვაში".
  • "საშინლად მოქმედებს ბავშვებზე ონლაინ სწავლება და ვერ გააგებინებ ამ ხალხს - ყველაზე მკაცრი ლოქდაუნის პირობებშიც კი, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ბაღებსა და სკოლებში მისვლა შეეძლოთ ბავშვებს. განუზომელი ზიანი მიადგათ ბავშვებს ამ ორ წელიწადში. ჩვენს სკოლაში ჰიბრიდული სწავლებაა და ფაქტობრივად ნაწილ-ნაწილ დადიან ბავშვები, ჩემი შვილიც ერთი კვირა დისტანციურზე იყო კონტაქტის გამო, მაგრამ იმ კვირიდან ივლის და ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე თვეობით ონლაინზე ყოფნა".
  • "ყველასი მესმის, ვინც შეშინებულია და სახლში ტოვებს და ვინც უშვებს - მათიც. ეს ორი მხარე ერთმანეთს ანგარიშს არასოდეს გაუწევს, ამიტომ ეს პრობლემა არ მოგვარდება. სკოლას 95 პროცენტი მოსწავლეებისა რომ ონლაინზე ჰყავს, უნდა გადავიდეს ონლაინზე. ეს უკეთესია, ვიდრე მხოლოდ 5 პროცენტს ჰქონდეს ნორმალური პირობები და დანარჩენს ცუდი. ამით ხომ კიდევ უფრო მეტი ბავშვის განათლების ხარისხი ქვეითდება. კარგი გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ მოცემულ სიტუაციაში რომელიც ნაკლებ უარესია, სკოლამ ის უნდა აირჩიოს. ფაქტია, თითოოროლა ბავშვის სიარულითაც არ უმჯობესდება განათლების ხარისხი. უმეტესობა მაინც უსწავლელი რჩება... კატასტროფაა, რაც საჯაროს ონლაინებზე ხდება. ამას ჯობია აღიაროს ქვეყანამ, რომ ონლაინზე სწავლებას ვერ უმკლავდება და საერთოდ გააუქმოს ეს არჩევანი. კერძოებმა უფრო მოახერხეს რაღაც ბალანსის დაცვა, საჯაროში საოცრებები ხდება. ოცწუთიანი გაკვეთილები, ისიც 3-4 დღეში. ამას სწავლებას რანაირად ეძახიან, ვერ ვხვდები. წლობით როგორ შეიძლება ბავშვების ამ რეჟიმში ყოფნა? საუბედუროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან და ნორმალურ სახელმწიფოში. კარგი გამოსავალი არ არსებობს. სახელწიფო და სისტემა რომ თავის სიმაღლეზე იდგეს, პანდემიას მართლაც მართავდეს ნორმალურად, რად გვინდა საერთოდ ონლაინსწავლება, რომელ მშობელს უნდა. რა თქმა უნდა, სკოლა ღია უნდა იყოს და ბავშვიც და მასწავლებელიც დაცული. ასე უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ისევ მშობლებს გვიწევს რაღაც გამოსავლების ძებნა, უარესს და უარესს შორის, რაც საშინელებაა და სრული უსუსურობა..."
  • "ონლაინ 20 წუთიანი გაკვეთილი დანაშაულია ბავშვის წინაშე. ის სრულფასოვან ცოდნას ვერ იძენს. როდესაც ინფიცირებული ბავშვი აღმოჩნდება სკოლაში, გავწიოთ სათანადო აგიტაცია და დავაბრუნოთ სახლში და იქ გამოვიყენოთ დისტანციური სწავლება. არათუ მთელი კლასი დავსვათ სახლში. თორემ ასე სამუდამო პანდემიის პირობებში დაგვირჩებიან შვილები უცოდინრები. ისედაც ჩვენი შემცირებულ მასალიანი წიგნები რა ცოდნას იძლევა..."
  • "რასაც ვაკვირდები, ნათელია, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლების დიდ ნაწილსაც ურჩევნია სწავლა ონლაინ წარმართოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ეს ონლაინგაკვეთილები როგორ ტარდება ვინმე აკონტროლებს? ვინმე აქცევს ყურადღებას სამი სიმბოლური, 20-წუთიანი გაკვეთილიდან სამივე ან ორი მაინც რომ ცდება? იმ ერთი "ჩატარებული" საგნის მასწავლებელი კი, მანქანიდან რომ ერთვება? აქვე, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ აუცილებლად ყველა შემთხვევაში უნდა გავუწიო ანგარიში ონლაინ დარჩენილ მოსწავლეებს, რადგან ჩემი შვილების კლასებში, არიან მშობლები, რომლებსაც პამდემიის დაწყებიდან, მთელი ორი წელი დატოვეს ბავშვები სახლში. მართლა 2 წელი ბავშვები სკოლაში არ ყოფილან, რა თქმა უნდა, ეს მათი გადაწყვეტილება და არჩევანია, მაგრამ მე დასწრებული სწავლების მომხრე ვარ და ვერ დავუშვებ 2 წლით ბავშვების სახლში გამოკეტვას".

18097
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
ირინა
0
ნებისმიერი თერმომეტრი (სკოლებში შეტანილი ჩინური წარმოების ) სიცხისდამწევი პრეპარატის წინააღმდეგ უძლურია . ნუ ჭყიპავენ მშობლები წამლებით სიცხიან ბავშვებს და ნუ უშვებენ სკოლაში. მარტო სკოლაში გაშვება-არგაშვებითაც ნუ შემოიფარგლებიან.მათ განათლებაზეც იზრუნონ (ცოდნის გაკონტროლებას ვგულისხმობ ).კლასის 90% მოუმზადებელი დადის სკოლაში. მიზეზი - " სახლში რომ დავრჩე, რა ვაკეთო ?" მშვენირი თავშესაფარია სკოლა.არამარტო პანდემიის დროს.
18:02 / 13-02-2022
ela
1
ჩემი შვილი ონლაინ სწავლობს ძალიან მოდებულია უკვე ჩვეს ქალაქში და ვერ უშვებ სკოლაში.არც სკოლაში არ არის დაცული ბავშვი მე უფრთხილდები ჩემს შვილს და თქვენი არვიცი
00:40 / 13-02-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები