ქალაქ თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო.
"ეს ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი პროგრამაა. კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე იწერება განცხადება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი განცხადება მოიტანონ მერიაში ან კიდევ გამოაგზავნონ ელექტრონულად. ეს არის სემესტრული დაფინანსება, წელიწადში ორჯერ. საბუთების მიღება უკვე დაიწყო. ბაზები ეტაპობრივად გადმოგვეცემა, ამის საფუძველზე გავცემთ ინფორმაციას. ვინც პირველი 4-5 დღის განმავლობაში შემოიტანს განცხადებას, პირველ-მეორე ბაზაში ის სტუდენტები მოხვდებიან და ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს." - გვითხრეს ქალაქ თბილისის მერიაში.
ვინ მიიღებს დაფინასებას?
საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოში.
რამდენით ლარით ფინანსდება?
დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს, წლიურად კი 2250 ლარს.
როგორ და რამდენით ფინანსდება?
- 91-100 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლებია.
- 71-90 წულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000- ის ტოლი.
- 51-70 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.
რა პროცედურების გავლაა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად?
სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ.
- იძულებითი გადადგილებული პირის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ადმინსიტრაციული ორგანოდან (დევნილის მოწმობა);
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა.
ან კიდევ შეგიძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირდეთ
ms.gov.ge-ზე. დამატებით ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ
ბმულზე.ქალაქ თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტს.
თამარ იაკობაშვილი