ბავშვების მეცადინეობა ხშირად მშობლებისთვის გამოწვევაა ხოლმე. ზოგჯერ უჭირთ ნეგატიური ემოციების გაკონტროლება და შვილებთან ძალდატანებას იყენებენ, რომ დროულად შეასრულონ სასკოლო დავალება. სინამდვილეში, როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს მეცადინეობაში, რა კომპონენტები უნდა გავითვალისწინოთ და რატომ არ არის ძალდატანება, იძულება კარგი არჩევანი - აქტუალურ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი
თამარ ედიბერიძე გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს:
- ნებისმიერი ინფორმაციის დამახსოვრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოტივაცია, მეორე მხრივ, ემოცია. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრირება, ანუ რამდენად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რის დამახსოვრებასაც ვცდილობ. ბავშვს, რომელსაც გარკვეული მოტივაცია აქვს, უკეთესად კონცენტრირდება აქტივობაზე, შესაბამისად, ნაკლები დრო სჭირდება იმ კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრებისთვის. იმისათვის, რომ მოტივაცია შევქმნათ, დადებითი ემოციით უნდა იყოს განმტკიცებული და უარყოფითი ემოციის წილი ნაკლები იყოს.
ძალდატანების, იძულების კომპონენტი ამ ემოციას აფუჭებს. თუ მეცადინეობა ძალდატანებასა და იძულებაზეა დამოკიდებული, ვერ აცნობიერებს, რატომ აკეთებს იმ ყველაფერს. თავად მუშაობის, მეცადინეობის პროცესიც ძალიან ცუდ ემოციასთან ასოცირდება. ბუნებრივად იბლოკება რაღაც, თითქოს გონება ებრძვის, რომ არ დაიმახსოვროს. როდესაც ყურადღებაზე ვსაუბრობთ, მზა რეცეპტი ასეთ შემთხვევაში ვერ გვექნება, რადგან თავად ბავშვის რესურსია გასათვალისწინებელი და ბევრი ნიუანსია ჩასაშლელი. ეს ისეთი ასაკია, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა აქტუალურია, მაგრამ სამეცადინო გარემო როგორი ორგანიზებული და მოწყობილია, ამასაც მნიშვნელობა აქვს.
ბავშვი ინფორმაციას პასიურადაც იმახსოვრებს, მეცადინეობის გარეშე. მაგალითად, თამაშობდა, სეირნობდა, უბრალოდ რაღაცას უყურებდა, წიგნს ათვალიერებდა, სრულიად ძალდაუტანდებლად, იძულების და უარყოფითი ემოციის გარეშე, უბრალოდ დაიმახსოვრა, ყურადღება მიაქცია, დადებითი ემოცია აღეძრა და ტვინში ჩაებეჭდა. მაგრამ, შემდეგ მათემატიკისა და ქართულის დავალებებზე გადავიდა, რომელიც სავალდებულოა. თანაც, ტექსტი მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, რამდენად შესაბამისია, უცნობია და აქ უკვე დაიბნა. შევთანხმდეთ, რომ სასკოლო განათლების მიღება ნდობაზე მეტადაა დამყარებული, იმიტომ, რომ ბავშვი ამის საჭიროებას ცოტა გვიან აცნობიერებს. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ვიცით ემოციურად, კარგად და სწორად მიწოდება აუცილებელია. ამაში მასწავლებელიც ჩართულია და ოჯახის წევრებიც. თუ ჩვენც ხშირად ვამბობთ შეწუხებული: "ვაიმე, ეს როდის იმეცადინებს", ან კიდევ "წადი, ახლავე იმეცადინე და სანამ ბოლომდე არ ისწავლი, არ გამოხვიდე. მერე მე მოვალ, ჩამაბარე და არ ვნახო, რომ რამე შეგეშალოს", ეს იმდენად სტრესული მომენტია, რომ შეიძლება, პირიქით, დაიბნეს. გამოსავალი იმაშია, რომ, პირველ რიგში, მშობელი იწყებს მუშაობას. შესაძლოა სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვის უნარები შეაფასონ. შეიძლება ობიექტურად არსებობდეს გარკვეული სუსტი მხარეები, მაგალითად, მეხსიერების პრობლემა, ინფორმაციის გაფილტვრის პრობლემა, ტექსტის გაგების პრობლემა - უნდა გავარკვიოთ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, აკადემიური, სწავლასთან დაკავშირებული უნარები რამდენად სრულყოფილია, ანუ რამდენად შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის გადამუშავება, რისი გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად და რაში სჭირდება ჩვენი დახმარება.
შეიძლება მიწოდებული ინფორმაციის ტემპი იყოს შესაცვლელი, ან კიდევ მოცულობა და ფორმა. ვიღაცისთვის მოსმენილი ინფორმაციის გადამუშავებაა უკეთესი, ვიღაცას უფრო ვიზუალურად განმტკიცებული ინფორმაცია ურჩევნია. აქვე ვიტყვი, რაც უფრო ადრეული ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ კომპონენტს - მკაფიოდ უნდა იყოს ინფორმაცია გაფორმებული და წარმოდგენილი. მხოლოდ მოგვიანებით შეიძლება სასკოლო ასაკის ბავშვს მოვთხოვოთ მოსმენილის წარმოსახვა, მაგრამ, მანამდე კარგად გავარჯიშებული უნდა იყოს, რომ ვიზუალური ინფორმაციიდან წარმოსახვაზე გადაერთოს. ვიღაცამ შეიძლება მთელი გვერდი ინფორმაცია გადაამუშავოს, ვიღაცას აბზაცებად ჩაშლა სჭირდებოდეს, ვიღაცას შეუძლია, რომ რამდენიმე საათი დაჯდეს და გაკვეთილები იმეცადინოს, ვიღაცას აუცილებლად სჭირდება შესვენება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორ გადავანაწილოთ ეს ყველაფერი. მთავარი შეცდომა არის ის, რომ პირდაპირ რთული ნაწილით იწყებენ, რათა დროზე მორჩნენ მეცადინეობას. ეს არასწორია. როგორც კვებაშია, ჯერ გვჭირდება სტარტერი, მერე ძირითადი კერძი და დესერტი, მეცადინეობის პროცესსაც უფრო მარტივი, ნაცნობი, უკვე გაშიფრული, დამუშავებული ინფორმაციით დაწყება სჭირდება. თითქოს, ამ დროს უნარები გავარჯიშდება. შუაში ყველაზე რთულ ნაწილზე გადავდივართ და ბოლოს ისევ მარტივ, სახალისო, სასიამოვნო ასპექტს ვიყენებთ. შუალედებში რამდენი შესვენება გვჭირდება, ეს შეიძლება ინდივიდუალური იყოს და ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაციით ამ უნარების დატესტვა და მერე შესაბამისი რეჟიმის შემუშავება შეიძლება.
ვინაიდან, ადრეული ასაკის ბავშვებში, მოზარდებში ეკრანდამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემაა, თუ ბავშვი დიდი ოდენობით მოიხმარს ეკრანებს, თუ ე.წ. დასვენებები ეკრანებთან, კომპიუტერულ თამაშებთან, ტელეფონით თამაშთან, ტელევიზორის ყურებასთან ასოცირდება, სამწუხაროდ, ეს გონებრივ სისხარტეს აქვეითებს. ეკრანის მერე ტვინი უფრო რთულად მუშაობს, ვიდრე მის გარეშე. ასე, რომ თუ დღის განმავლობაში პატარ-პატარა შესვენებების გაკეთება გინდათ, დასვენება არ არის ეკრანი. ეს შეიძლება იყოს ლეგო, ძერწვა, კლასგარეშე აქტივობა, სეირნობა, ფანჯრიდან გახედვა, ხელსაქმე და ასე შემდეგ, მაგრამ არა ეკრანი. ეკრანი, რაც დასაშვები დოზაა, მეცადინეობის შემდეგ შემოვინახოთ, ოღონდ არა ძილის წინ. ამიტომ, მშობლებს ვურჩევდი, ერთხელ ნამდვილად უპრიანი იქნება ბავშვის აკადემიური უნარების კვალიფიციური ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება ჩავატაროთ და შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად მოგვარებადი იქნება მათი პრობლემა.