ნიკოლოზ ჩარტია 17 წლისაა. ის ფოთში ცხოვრობს, კერძო სკოლა "გიმნაზიაში" სწავლობს და არაფორმალური განათლების მიმართულებით ბევრ სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული. მეგობრებთან ერთად საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული კონცეფციის მქონე კლუბი დააარსა და საინტერესო პროექტების განხორციელება დაიწყო. ამბობს, რომ ამ საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება და სრულად იაზრებს ყველა იმ პასუხისმგებლობას, რაც აღებული აქვს. მისი ასაკის გათვალისწინებით, პროექტებისა და წარმატებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ნიკოლოზი თავად მოგვიყვება, როგორ ახერხებს დროის სწორად გადანაწილებას და რა ეხმარება კარგი შედეგის მიღწევაში:
- ძალიან მინდა, რომ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელო, შესაბამისად, ჩემი აქტივობები, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ გამოცდილებას მაძლევს და შესაძლებლობა მაქვს, სხვებსაც გავუზიარო ეს ცოდნა, ამ მიზნის ქვეშ ერთიანდება. 2021 წლის პირველ ივნისს მეგობრებთან ერთად საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული კლუბი და ახალგაზრდული გაერთიანება "ბიბლიოფილები" დავაარსე, რომელიც ერთგვარ სტარტაპ-ქსელს წარმოადგენს და რამდენიმე მასშტაბურ პროექტს აერთიანებს. კლუბის ფარგლებში საქართველოს წამყვან გამომცემლობებთან ვთანამშრომლობთ, როგორებიცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", "პალიტრა L", "არტანუჯი", "ინტელექტი" და ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორია ასევე USAID, AIESEC, გაეროს ბავშვთა ფონდი, "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", მწერალთა სახლი, "ახალგაზრდა მწერალი", ახალგაზრდული პლატფორმა Youth for Youth, ქართული ვიკიპედია, ალტე უნივერსიტეტი და ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები. მათთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. გვქონდა შეხვედრების სერია საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებთან და საინტერესო გამოცდილებას ვიღებდით. ასევე, ჩვენი პროექტია "ცისფერყანწელები" , რომელიც მოტივირებულ და წერით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებდა. გვაქვს ყოველთვიური გათამაშებები, სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებს. გარდა ამისა, ვარ ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ასოციაციის წევრი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანეტის საგანმანათლებლო პროგრამის EducationUSA-ის "ლიდერთა აკადემიის" წევრი. ასევე, ევროპის ფონდის პროექტის, "ახალგაზრდული იდეის" პროგრამული მენეჯერი. საქართველოში პირველი ნერდული პლატფორმის "ნერდნეტიკის" თანადამფუძნებელი, "ლიტსკოლის" იდეის ინიციატორი, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების დელეგატი, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკში ჩატარდა, Wizarding World-ისა და Bloomsbury-ის ოპერატიული პარტნიორი. ჩამოვაყალიბე "ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდული ფონდი საქართველოში" ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) 2022 წლის ახალგაზრდული სამიტის ფარგლებში, ვარ USA Marathon-ის მთავარი ორგანიზატორი, ლოგიკმეტრის მათემატიკური აკადემიის ორგზის სტიპენდიატი, "ახალგაზრდა მწერალი 2020" გამარჯვებული და ვმუშაობ პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასებების ჰაბში, რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების The Ivy League-ის ორი წამყვანი უნივერსიტეტისგან: Stanford University, Yale University, Columbia University მოვიპოვე 100%-იანი დაფინანსება, მათ საერთაშორისო დონის კურსებზე, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, რომლებსაც გაუძღვებიან მოცემული უნივერსიტეტების პროფესორები.
- ლიტერატურულ კლუბში, რომელიც დააარსეთ, როგორ შეუძლიათ ახალგზარდებს გაწევრიანება?
- ლიტერატურული კლუბი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. კლუბი ამ პროექტების ერთობლიობას წარმოადგენს და ახალგაზრდებს შეუძლიათ, ნებისმიერ პროექტს შეუერთდნენ და ამით ავტომატურად გახდნენ ჩვენი კლუბის წევრი ან თუნდაც რომელიმე პროექტის მონაწილე. გვაქვს სოციალური ქსელები, ახლა ვებსაიტზეც ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს შეუძლია შემოვიდეს და ჩვენს ყოველდღიურ სიახლეებს თვალი ადევნოს. აქ ბევრი ინფორმაცია განთავსდება, მათ შორის კონკურსებისა და გათამაშებების შესახებ. გარდა ამისა, ახალგაზრდებს ვეხმარებით, იმ სპონსორებთან შეძლონ კომუნიკაცია, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეს არის ახალგაზრდული ქსელი და როგორც აღვნიშნე, ნებისმიერს, ვინც დაინტერესდება, მისთვის სასურველ და საინტერესო პროექტში ჩართვა შეუძლია. შემოქმედებითი ჯგუფი ბევრი მოხალისისგან და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისგანაა დაკომპლექტებული და ვისაც სურს, რომ ორგანიზატორის ამპლუაში იყო და ჩვენს შემოქმედებით გუნდს შეუერთდეს ამისთვისაც გვაქვს შესაბამისი პირობები.
- როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს წიგნებს, ლიტერატურას ახალგაზრდების ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, ჩვენმა თაობამ წიგნის სიყვარული დააბრუნა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს ლიტერატურა, ამიტომაც ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ თაობაზე ამბობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიები უფრო ურჩევნიათ, ვიდრე წიგნი. ჩემთვის ეს კომფორტის ზონაა და არის სამყარო, რომელშიც კონკრეტულმა ადამიანმა ყველაფერი ისე შექმნა, როგორც მას წარმოედგინა. ჩვენ კი მოგზაურობა და ცოდნის გააზრება გვიწევს.
- რა მნიშვნელობა აქვს არაფორმალური განათლების კომპონენტს, სკოლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას და ამან თავად რა გამოცდილება მოგცა?
- როგორც გითხარით, სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვგეგმავ. მათი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გამოცდების ჩაბარებასთან ერთად, კომპლექსური მეთოდია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს აქტივობები არაფორმალური განათლების კუთხით. ასევე, სხვადასხვა აკადემიური მიღწევა და ასე შემდეგ. ამ კომპონენტების ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენთვის სასურველ უნივერსიტეტში დაფინანსებით მოვხვდეთ. აღნიშნულ აქტივობებს, პირველ რიგში, წრფელი ენთუზიაზმით ვახორციელებ, ბევრ ცოდნასა და გამოცდილებას ვაგროვებ და პარალელურად, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი ამერიკული ოცნება ავიხდინო. ეს აქტივობები ჩემი ფასეულობების, ღირებულებების, ინტერესების საუკეთესო გამოვლინებაა. როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, მას, როგორც ზედმეტ ტვირთს არ უყურებ. თუმცა, აღებულ პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებ და ამ ყველაფრის გარეშე, წარმატების მიღწევას ვერ შევძლებდი.
- ბევრ სხვადასხვა პროექტში ხარ ჩართული, როგორ ახერხებ დროის სწორად გადანაწილებას - სკოლაში ეს ხელს არ გიშლის?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ჩემი სკოლა ამ მხრივ ძალიან მიწყობს ხელს. ზოგადად, კომფორტული გარემოა. განსაკუთრებით პედაგოგებს გამოვყოფდი, რომელთათვისაც მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია კი არა, საკუთარი ინდივიდუალიზმის გაგრძელებაა და ისინი მთელ სულს, ენერგიას დებენ მოსწავლეებში, რომ შემდგომში წარმატებას მიაღწიონ. მე ამ პროექტებს არ ვუყურებ, როგორც სასკოლო ცხოვრებიდან განცალკებეულ პროცესს. ეს არ არის საქმე, რომელიც ტვირთად მაწევს. პირიქით, ძალიან მომწონს, რომ დაკავებული ვარ და დროს ზუსტად ისე ვანაწილებ, რომ ყველაფერს, რაზეც პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, შესაბამისი ყურადღება დავუთმო. ამაში მოდნომება და ენთუზიაზი განსაკუთრებით მეხმარება.
- რა მიმართულებით გეგმავ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას?
- ამ ეტაპზე, ვგეგმავ, რომ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავაბარო. ეს ფაკულტეტი ჩემს ყველა ინტერესს აერთიანებს. თუმცა, ასევე ძალიან მაინტერესებს ბირთვული ფიზიკა.
- ხომ არ გექნება რაიმე რჩევა აბიტურიენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თანატოლებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ წარმატების მიღწევისთვის?
- ვფიქრობ, მთავარია, კონკრეტული მიზნის დასახვა და ამ მიზნისკენ შეუპოვრად სვლა. არანაირ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. შეიძლება ეს გზა ძალიან გრძლად და დამღლელად გვეჩვენებოდეს, მაგრამ მთავარია, საქმეს მონდომებით, ენთუზიაზმით მოვეკიდოთ და ყველაფერი გამოვა. მე სწორედ ეს დამოკიდებულება მეხმარება - მაქვს კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. ძალიან ბევრი შრომა და მეცადინეობა მიწევს, მაგრამ მთავარი მონდომება და მიზანდასახულობაა. გარდა ამისა, ჩემს შემთხვევაში, ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მეხმარება. ჩემი ოჯახი მიქმნის იმ პირობას, რომ მხოლოდ პირად კარიერასა და წარმატებაზე ვიზრუნო. რომ არა ისინი, ჩემი ცხოვრება იმ მოცემულობით, რომლითაც ახლა ვარ, არ იქნებოდა და მათი სულ მადლიერი ვიქნები. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი მეგობრები, ისინი ამ გზაზე ჩემთან ერთად არიან და საყვარელ საქმეს ერთად ვაკეთებთ.
თამარ იაკობაშვილი