თანამედროვე სამყაროში სწავლა კიდევ უფრო საინტერესო პროცესია, რადგანაც ბავშვებს უამრავი სხვადასხვა, ფერადი რესურსი აქვთ და შავ-თეთრი გვერდებიდან პირობების ამოკითხვა აღარ უწევთ. არსებობს ვიდეოგაკვეთილები, შეუძლიათ უყურონ ფილმებს, გადაახვიონ ინტერნეტში საინტერესო აქტივობები და თავადაც გაიმეორონ. თუმცა, მასწავლების მონდომების მიუხედავად, ხშირად კარგი შედეგი იქამდე არ მიიღწევა, სანამ ბავშვი თავად არ გადაწყვეტს, რომ ისწავლოს და კონკრეტული საკითხით დაინტერესდეს. საინტერესოა, როგორ უნდა ესაუბრებოდეს მშობელი შვილს, რომ სწავლის მიმართ ინტერესი გაუჩინოს და რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად?
სპეციალისტების თქმით, სკოლის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ჩამოყალიბება მარტივი საქმე არ არის და ეს მშობლის მხრიდან დაფიქრებასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს. წინასწარ ბავშვის მომზადება აუცილებელია, რომ პროცესის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს და ახალი უნარებიც შეიძინოს. განსაკუთრებით სირთულე პირველ კლასშია ხოლმე, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის სისტემას არიან მიჩვეულნი და ახალ წესებთან მორგება უჭირთ. პირველკლასელმა სხვადასხვა კრიზისი უნდა გადალახოს, შეეგუოს გარემოს, ახალ ადამიანებს, პასუხისმგებლობებს და თუ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდანვე დაუშვებთ, ჩათვალეთ, რომ მას მოტივაცია დაეკარგება და წარმატების მიღწევა შემდეგშიც გაუჭირდება.
რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა:
- არ აიძულოთ სწავლა;
- სწავლის დაწყებამდე ნუ გადატვირთავთ უზარმაზარი ინფორმაციით, რადგანაც ამან შეიძლება შიში და შფოთვა გაუჩინოს;
- სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ბევრი არასაჭირო ინფორმაციის მიცემა არ არის რეკომენდებული. გაძლიერებულმა მომზადებამ და წინასწარ დასწავლამ შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ბავშვს უბრალოდ გაკვეთილზე ჯდომა მოსწყინდეს;
- არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს. სპეციალისტების თქმით, ეს არის გზა კომპლექსებისა და აგრესიისკენაც კი. სხვებთან შედარება ბავშვს სწავლის მოტივაციას უქვეითებს;
- ნუ აიძულებთ ბავშვს, რომ მხოლოდ სკოლით იყოს დაკავებული, მუდმივად იმეცადინოს და აღარ ითამაშოს;
- ნუ გაკიცხავთ ცუდი შეფასებებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ესაუბროთ, რომ ცოდნის მიღება და ახალი უნარების შეძენა აუცილებელია;
- არ გააკეთოთ საშინაო დავალება თქვენი შვილის ნაცვლად;
- არ გაუჩინოთ ბავშვს დანაშაულის შეგრძნება. მაგალითად, ნუ ეტყვით შემდეგ ფრაზას: "ძალიან აწყენინებ შენს მშობლებს, თუ ყველაფერში კარგი შეფასება არ გექნება."
როგორ გავუღვივოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოტივაცია?
- შეგიძლიათ, ოჯახური კითხვის საათი მოაწყოთ და ბავშვებს სკოლის, სწავლის შესახებ სახალისო და საინტერესო წიგნები წაუკითხოთ. გახადეთ ეს პროცესი კრეატიული. გადაინაწილეთ როლები, ნაწილი ბაშვმა წაიკითხოს, ნაწილი კი - თქვენ. ამ გზით ბავშვი უფრო მოტივირებული გახდება და დაინახავს, რომ გაინტერესებთ ის, რასაც აკეთებს.
- ხშირად შეაქეთ თქვენი შვილი, აღნიშნეთ მისი წარმატებები და ის შეეცდება, კიდევ დაიმსახუროს თქვენგან კარგი სიტყვები. გაუჩნდება თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა.
- გააკონტროლეთ დრო - აუცილებელია ბავშვმა სკოლის შემდეგ საათ-ნახევარი მაინც დაისვენოს. აკეთოს ის, რაც ბედნიერებას ანიჭებს და სკოლიდან მოსვლისთანავე სამეცადინოდ არ დასვათ. დასვენება, ძილი მას ენერგიასა და მოტივაციას მისცემს.
- დაეხმარეთ საშინაო დავალების შესრულებაში, სულ მცირე, სკოლის პირველი ორი წლის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშავს, რომ თქვენ უნდა დაუწეროთ დავალება, მაგრამ როცა თქვენი შვილი რაღაცას ვერ იგებს, ძალიან ნერვიულობს და ამ დროს სწორი მიმართულების მიცემა, რომ თავდაჯერებულობა არ დაკარგოს, აუცილებელია.
- განუვითარეთ ცნობისმოყვარეობა, შესთავაზეთ და ერთად მოიძიეთ გაკვეული ინფორმაცია, რაც მას აინტერესებს.
- მოექეცით მას, როგორც დამოუკიდებელ ადამიანს.
- შექმენით ინფორმაციის "დეფიციტი". მაგალითად, უთხარით: "პასუხი არ მაქვს, მოდი, ენციკლოპედიაში, წიგნებში ერთად მოვიძიოთ."
- შეუნარჩუნეთ ინტერესი - მაგალითად, რაღაც ინფორმაციას რომ გეტყვით, უთხარით: "ეს საიდან იცოდი? რა მაგარი ხარ, ეს სად აღმოაჩინე?" - ამ გზით ბავშვს გაუჩნდება სურვილი, რომ კიდევ გაგაოცოთ და ბევრ ისეთ ინფორმაციას იპოვის, რომელიც ზოგადი განათლებისთვის გამოადგება.
- დაწყებით კლასებში მეცადინეობა აქციეთ თამაშად.
როგორ უნდა ესაუბროთ მაღალი კლასის მოსწავლეებს, რომ სწავლისადმი მოტივაცია არ დაკარგონ?
ამ საფეხურზე ამოცანა ბევრად უფრო რთულია, რადგანაც ბავშვები უკვე იზრდებიან და ინფორმაციის აღმოჩენას ისეთი ხალისით და ინტერესით აღარ უდგებიან. შესაბამისად, ის რჩევები, რომლებიც დაწყებით საფეხურზე გამოგადგებოდათ, ახლა რელევანტური აღარ იქნება.
მოზარდობის ასაკში მათ ბევრი რამის გადალახვა უწევთ. იცვლება სხეული, ქცევა, დამოკიდებულებები. ზოგიერთ ბავშვს კომპლექსები ემატება, ზოგიც საერთოდ უარს ამბობს სწავლაზე და ამ სისტემიდან გაქცევაზე ფიქრობს. ამიტომ, ასეთ დროს მშობლის სწორ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როგორ დავეხმაროთ უფროსკლასელებს მოტივაციის გაზრდაში?
- მხარი დაუჭირეთ თქვენი შვილის იდეებს. საშუალო და მაღალ საფეხურზე ბავშვები მომავალზე ოცნებას იწყებენ. მაშინაც კი, თუ მათი სურვილები ქაოტურად, სისულელედ გეჩვენებათ, არ უგულებელყოთ, მოუსმინეთ და აჩვენეთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.
- მოზარდობისას სხვების აზრი მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომაც, თქვენი მოწონება და შექება ბავშვს მოტივაციას მისცემს და სწორი მიმართულებით წასვლაში დაეხმარება.
- დაინტერესდით თქვენი მოზარდი შვილის ცხოვრებით, მისი წარმატებებით, წარუმატებლობებით. შეეცადეთ, ყველაფერში მხარი დაუჭიროთ და გაამხნევოთ.
- არასოდეს უთხრათ: "ვიცოდი, რომ ამას ვერ გააკეთებდი!" ნუ დაუკარგავთ მოტივაციას. თუ რაღაც არ გამოსდის, შეგიძლიათ უთხრათ: "დღეს თუ არ გამოგივიდა, ეს ტრაგედია არ არის, სწავლობ, ცოტა კიდევ მოინდომე და ხვალ აუცილებლად შეძლებ!"
- ეცადეთ, საკუთარი მაგალითით აჩვენოთ, რომ სწავლას შედეგი მოაქვს. განაგრძეთ თვითგანვითარება და ბავშვიც თქვენ მოგბაძავთ.