შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას განაგრძობს. დღეს აბიტურიენტებმა მათემატიკისშეფასება გაიგეს. ტრადიციულად, გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც მაქსიმალური, 51 ქულის მიღება შეძლეს:კატო ღიბრაძემ კომაროვის სკოლა-პანსიონი დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აპირებს. ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევაში ბევრი ფაქტორი დაეხმარა:- მეშვიდე კლასიდან კომაროვში ვსწავლობდი და ვფიქრობ, ჩემს მასწავლებელს, ნანა ჯაფარიძეს ამ წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის. ძალიან დამეხმარა და მათემატიკა შემაყვარა. ბოლო წლებში განსაკუთრებულად მოვინდომე, ბევრი ვიშრომე და კარგი შედეგი ამანაც განაპირობა. ყოველი მეცადინეობისას ვუკვირდებოდი იმ დეტალებს, რომლებიც მიჭირდა, ცალკე ვიწერდი და შემდეგ ვაანალიზებდი. კომაროვში გამოცდების ჩაბარების გამოცდილება უკვე გვაქვს, ხშირად ვწერდით ხოლმე, შესაბამისად, არ ვნერვიულობდი. ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება იყო და სხვა აბიტურიენტებსაც მინდა ვურჩიო, რომ ყოველთვის პატარ-პატარა დეტალებს დაუკვირდნენ და რამდენჯერმე გადაამოწმონ. ბადრი ლოსაბერიძემ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა და ისიც კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს ჩაბარებას. ამბობს, რომ მაქსიმალური შეფასებით საკუთარი შრომის შედეგი დაინახა: - ვფიქრობ, თუ ადამიანი მიზანს დაისახავს, ის აუცილებლად მიაღწევს ამ მიზანს და შრომა ყოველთვის დაფასდება. ვემზადებოდი, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და თავადაც ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მაქსიმალური შედეგი დამედო. მათემატიკაში ყოველდღიურ მეცადინეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ კარგი შედეგის მიღწევა გსურს, ეს აუცილებელიცაა. მომავალ აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ, გამოიყენონ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობები და მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომონ.მარიამ კახიძე კიდევ ერთი აბიტურიენტია, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო. მანაც ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა დაამთავრა და ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო. - უნივერსიტეტები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ მაქვს დალაგებული, თუმცა, ვფიქრობ, სწავლა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გავაგრძელო. სკოლაშიც სულ არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა და ბოლო წელსაც ვემზადებოდი. შედეგის მიღწევაში ალბათ, სისტემატიური მეცადინეობა და დასახული მიზნისთვის მაქსიმუმის კეთება დამეხმარა. მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. ასევე, არასოდეს დანებდნენ და შრომას ყოველთვის ექნება შედეგი. თამარ იაკობაშვილი