"ეს შედეგი ჩემი სკოლის მასწავლებლის დამსახურებაა და კიდევ, ძალიან დამეხმარა ფილმების ყურება..." - რას ამბობს ჭიათურელი აბიტურიენტი, რომელმაც ისტორიაში უმაღლესი შეფასების მიღება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე შეძლო - მშობლები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ისტორიის შედეგები გამოაქვეყნა. გვინდა გაგაცნოთ გიორგი ხვედელიძე, რომელმაც წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა დაამთავრა. მან მაქსიმალური შეფასება, 60 ქულა მიიღო და შედეგს დამატებით მომზადების გარეშე მიაღწია. სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავს, იქამდე კი გვიყვება, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში:
- პირველ რიგში, ეს შედეგი ჩემი სკოლის მასწავლებლის, ნანა გველესიანის დამსახურებაა. ძალიან დამეხმარა ფილმების ყურება დროში მოგზაურობაზე. ფენტეზის ჟანრის ფილმები ძალიან მიყვარს. ვუყურებდი ისტორიული შინაარსის სერიალებსაც. შეიძლება გამოვყო "უკან მომავალში", მარველის ფილმები და სხვა. ასევე, ვფიქრობ, შედეგის მიღწევაში ფეხბურთის სიყვარულიც დამეხმარა. ჩემი საყვარელი კლუბი "ბარსელონაა" და ამ კლუბის სიყვარულმა და ისტორიის გაცნობამ დიდი როლი ითამაშა. გარდა ამისა, ვკითხულობდი ფენტეზის ჟანრის წიგნებს. მაგალითად, შემიძლია "ბეჭდების მბრძანებელი" გამოვყო. ძირითადად, მსგავსი ფილმები და წიგნები გამოგონილ ამბებზეა დაფუძნებული, თუმცა ისტორია საკმაოდ კარგადაა მოცემული. ამ საგანში დამატებით არ ვემზადებოდი და შედეგს სკოლის პროგრამით მივაღწიე. ძირითად ყურადღებას მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას, თითოეული მოვლენის სიღრმისეულად გაანალიზებას ვუთმობდი. "პეპლის ეფექტს" ვიყენებდი და ხშირად ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, ეს მოვლენა სხვაგვარად რომ წარმართულიყო. მსგავსი მიდგომა შეფასებაში მეხმარებოდა. შედეგის მიღწევაში მუსიკაც ძალიან დამეხმარა. ტექსტებში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა ჩადებული. მაგალითად, ჩემი საყვარელი სიმღერაა Coldplay-ს Viva la Vida, ტექსტი საფრანგეთის რევოლუციაზეა და მისი გააზრებაც მნიშვნელოვანი იყო. ასევე, ვაკეთებდი წინა წლების ტესტებს, თუმცა მთავარი ინტერესი და ცნობიემოყვარეობაა.
- რას ურჩევ სხვა აბიტურიენტებს, რომლებიც ასევე გადაწყვეტენ, თავად, რეპეტიტორის დახმარების გარეშე ჩააბარონ ისტორიის გამოცდა?
- ვფიქრობ, მთავარია, ისტორია გაიაზრო და შედეგებზე იფიქრო, გააცნობიერო, რა შეცვალა კონკრეტულმა მოვლენამ და რა როლი აქვს წარსულსა და მომავალში. ვურჩევდი, რომ დროში მოგზაურობის შესახებ ფილმებს უყურონ, ასევე, გამოადგებათ ისტორიული შინაარსის სერიალები. თუ ფეხბურთი აინტერესებთ, შეისწავლონ კლუბების ისტორია, რადგანაც ფაქტების გასაცნობად ესეც კარგი შესაძლებლობაა. ყურადღება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მიაქციონ. ისტორია არ არის თარიღების დაზეპირება და ძირითადად შეკითხვები საკითხის ანალიზს მოიცავს.