რომელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი და რა საბუთების წარდგენაა აუცილებელი - განცხადებების მიღება უკვე დაიწყო
რომელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი და რა საბუთების წარდგენაა აუცილებელი - განცხადებების მიღება უკვე დაიწყო
თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და
რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს "სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

დაფინანსების ოდენობა

(წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ:
  • 90-ზე მეტი - 100 ქულა - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი ) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები.
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% ( 787.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი.
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.

დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
პროგრამის ფარგლებში პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით.

განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www. my.municipal.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათლით - სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100%, (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, ხოლო თანხის არაუმეტეს 50%, (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის - სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა), წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
  • თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა, (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
პროგრამის ფარგლებში პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით.
განცხადების მიღება 2022 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, სახწელმწიფომ სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით
განცხადებები მიიღება 12 სექტემბრიდან და დასრულდება 30 სექტემბრის 18:00 საათზე. სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login უნდა ატვირთონ:

სტუდენტებმა, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილით) წევრები, უნდა ატვირთონ:

- მშობლის სახელზე გაცემული ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;
- ან სტუდენტის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობები.

სტუდენტებმა, რომლებიც არიან მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის სკოლის კურსდამთავრებულები უნდა ატვირთონ:

- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უნდა ატვირთონ:

- ცნობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ.

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სოფელ პერევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა ატვირთონ:

- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტუდენტებმა, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, უნდა ატვირთონ:

- ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი სწავლობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სტუდენტებმა, რომლებიც თავის ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში, უნდა ატვირთონ:

- ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტში.

სტუდენტებმა, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, უნდა ატვირთონ:

- დაბადების მოწმობა;
- მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი.

სტუდენტებმა, რომლებიც არიან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, უნდა ატვირთონ:

- დაბადების მოწმობა;
- მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი.

სტუდენტებმა, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, უნდა ატვირთონ:

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.

სტუდენტებმა, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, უნდა ატვირთონ:

- დაბადების მოწმობის ასლი:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის შვილი.

სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის დააფინანსებს სახელმწიფო და საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად.
გარდა ამისა, აქვე შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია. ასევე, გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც მოკლედაა ჩამოთვლილი, ვის უფინანსებს სამინისტრო უმაღლესი განათლების მიმღების საფასურს.

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 032 272 22 22 და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერზე: 032 220 02 20

თამარ იაკობაშვილი

2996
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები