ეროვნულ სასწავლო გეგმაში კლასის დამრიგებლის ფუნქცია და მოვალეობები ცალკეა განსაზღვრული, რომლის თანახმადაც სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. საჯარო სკოლაში დამრიგებელი იმავე სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს. მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.
დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:
- სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
- მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
- თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
დამრიგებლის მოვალეობებია:
- გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
- დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
- დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
- იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
- რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
- საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
- მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
ასევე, რეკომენდებულია, საჯარო სკოლის დამრიგებელი სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს გაეცნოს.
რაც შეეხება სკოლის დირექტორის ფუნქციებს, მუშაობის პრინციპებს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ არეგულირებს:
სკოლას დირექტორი მართავს და სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს წარუდგენს. ასევე:
- შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
- უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
- სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
- უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
- უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.
- სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;
- უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
- სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
- სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს მანდატურთან;
- ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
- ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;
- შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
- სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;
უფრო ვრცვლად შეგიძლიათ კანონი ზოგადი განათლების შესახებ
ნახოთ ბმულზე.თამარ იაკობაშვილი