დაწყებით საფეხურზე ბავშვების მეცადინეობა ხშირად ბევრი მშობლისთვის გამოწვევაა და არ იციან, რა დოზით დაეხმარნონ შვილებს, რომ თან მხარდაჭერაც გამოუცხადონ და ამავდროულად, საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობაც მისცენ. რამდენ ხანს უნდა მეცადინეობდეს მოსწავლე ამ საფეხურზე, როგორი უნდა იყოს მშობლის როლი და რატომ უჭირთ ხოლმე ხშირად მათემატიკის შესწავლა - თემაზე გამოცდილი პედაგოგი, მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის", "აკადემია ევერესტის" და მათემატიკის ფესტივალის დამფუძნებელი
დაჩი ნანობაშვილი გვესაუბრება:
- ჩემი აზრით, დაწყებით საფეხურზე, პირველ-მეოთხე კლასებში, დავალება იმ მოცულობის უნდა იყოს, რომ ბავშვმა სახლში მეცადინეობისთვის არაუმეტეს ერთი საათი-საათნახევარი დახარჯოს. ყველა საგანს ერთად ვგულისხმობს. ბავშვებს დრო მეგობრებისთვის, თამაშისთვის, სპორტული და სახელოვნებო აქტივობისთვის აუცილებლად უნდა რჩებოდეთ. დაუშვებლად მიმაჩნია, დაწყებითი კლასის მოსწავლეს იმდენი "საქმე" ჰქონდეს, რომ დაღამებამდე მეცადინეობდეს და სწავლობდეს. ასეთი ყოფა მის ფსიკიქას აუცილებლად დააზიანებს.
- კონკრეტულად რაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი ბავშვს მეცადინეობის პროცესში, რა ითვლება სწორ დახმარებად და რა - ზედმეტ ჩარევად?
- სკოლიდან მოსულმა ბავშვმა საჭიროა, მცირე ხნით (მინიმუმ 30-40 წუთი) დაისვენოს. ამის შემდეგ შესაძლებელია, მეცადინეობა დაიწყოს.
მეცადინეობის დროს, მშობელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, შვილს რაც შეიძლება მცირე დროის განმავლობაში ეჯდეს გვერდით. მეცადინეობის პროცესში, თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია პერიოდულად მისცეს მიმართულება, მინიშნება. ძალიან კარგი იქნება, ბავშვი მივაჩვიოთ კონკრეტული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. მაგალითად, რა ფერით გააფერადოს ყვავილი, ფიგურა დახაზოს კალმით, თუ ფანქრით, რიცხვები შეკრიბოს ზეპირად, თუ ქვეშმიწერით და ასე შემდეგ. მშობელს შეუძლია, ბავშვს თავისი მოსაზრება უთხრას. მაგალითად: "-ვფიქრობ, ჯობს, ფანქრით დახაზო რადგან, თუ საჭირო გახდება, წაშლა და ხელახლა დახაზვა შეძლო", მაგრამ არ იქნება კარგი არჩევანი, თუ ეტყვის, რომ უნდა დახაზოს ფანქრით იმიტომ, რომ ასეა წესი.
როდესაც მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი დამოუკიდებლად მუშაობის პროცესში, უქმად კარგავს დროს, მან ხშირ-ხშირად უნდა შეახსენოს მას, რომ მეცადინეობის დროს სხვა საქმით არ დაკავდეს. შესაძლებელია უბრალოდ ჰკითხოს, როგორ მიდის მეცადინეობის პროცესი. ასეთ დროს ქვიშის საათის გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, 10 მაგალითის რვეულში გადასაწერად და პასუხების მისაწერად, მშობელს შეუძლია 3-5 წუთიანი (გააჩნია, მაგალითებსა და ბავშვის ასაკს) ქვიშის საათი გადმოუბრუნოს და სთხოვოს, რომ დრო აკონტროლოს და ქვიშის ჩამოცლამდე კონკრეტული სამუშაო დაასრულოს.
- როგორ ფიქრობთ, როდის სჭირდება ბავშვს რეპეტიტორის დახმარება?
- ვფიქრობ, რეპეტიტორი და, ზოგადად, განსაზღვრული დროით რეგულარული დახმარება საჭიროა მაშინ, როდესაც ბავშვს გარკვეული აკადემიური ჩამორჩენა აქვს გაცდენის, ავადმყოფობის თუ სხვა მიზეზით. რეპეტიტორი ყოველდღიურ სასკოლო დავალებებს არ უნდა აკეთებინებდეს მოსწავლეს. ასეთ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ბავშვი სკოლაში მასწავლებელს აღარ მოუსმენს. საგაკვეთილო პროცესში სათანადოდ ჩართული აღარ იქნება, რადგან "დამხმარეს" (რეპეტიტორის) იმედი ექნება. ასევე, ზეპირობის წინააღმდეგი ვარ, გასაკუთრებით მათემატიკაში.
- ითვლება, რომ მათემატიკა რთული საგანია. დაწყებითებშიც უჭირთ ეს საგანი ბავშვებს? ძრითადად, რა არის ხოლმე იმის მიზეზი, რომ სწავლა ურთულდებათ?
- დიახ, ასე ითვლება, თუმცა ლოგიკაზე დამყარებული საგანი, წესით, ყველაზე ადვილი სასწავლი უნდა იყოს. სამწუხაროდ, დაწყებით კლასებშიც ვხვდებით ჩამორჩენას, თუმცა ღრმად მწამს, რომ ამის მიზეზი არა ეგრეთ წოდებული "მათემატიკური ნიჭის" არარსებობაა, არამედ - სხვა გარე ფაქტორები, მაგალითად დაბალი თვითშეფასება. ხშირად მიწევს ბავშვებთან თვითშეფასების ამაღლებაზე მუშაობა და საურველი შედეგის დადგომის შემდეგ, მათემატიკის წარმატებით სწავლას ისინი თავად იწყებენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწავლაში ხარვეზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესასწავლი საგნის მიმართ დაბალი ინტერესიც შეიძლება იყოს. აქ კი შესაძლოა, მოძველებული სახელმძღვანელოები დავასახელოთ. ინტერნეტის ეპოქაში ძნელია ბავშვები დააინტერესო იმ ტიპის სახელმძღვანელოებით, რომლებიც წლების წინ შეიქმნა და დღემდე დიდად არ შეცვლილა. საჭიროა სიახლე და ბავშვების ინტერესებს მორგებული სახელმძღვანელოები. ამის დასტურია ჩემს მიერ შარშან შემუშავებული დამხმარე რესურსი, სადაც მათემატიკური დავალებები ამბებად და კომიქსებად არის წარმოდგენილი. მათემატიკური პრობლემები გაცოცხლებულია. რესურსში უხვად არის კეთებით სწავლების ელემენტებიც. წიგნში ტექსტური, ფოტო და ვიდეო მითითებები QR კოდებით არის მოცემული, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. QR კოდის წამკითხავი აპლიკაციით ნახულობენ მითითებებს და მათ იყენებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების სასარგებლო მიზნებით გამოყენებას ვცდილობთ. ასეთი ტიპის რესურსი ბავშვებს ძალიან მოსწონთ და მათი დახმარებით გაცილებით უკეთ იაზრებენ პირობას. შესაბამისად, მათემატიკაც სასურველი და საყვარელი საგანი გახდა მათთვისაც, ვისაც ეძნელებოდა და არ უყვარდა.
აღნიშნულ დამხმარე რესუსრსს, უკევ მეორე წელია, საქართველოს მასშტაბის 300-ზე მეტ სკოლაში წარმატებით იყენებენ. რესურსი მასწავლებლებისთვის უფასოა.
თამარ იაკობაშვილი