ხშირად, მასწავლებლები ცდილობენ, მოსწავლეებს კონკრეტული ლექსების ზეპირად ცოდნა მოსთხოვონ, გაკვეთილი თხრობით მისცენ და მასალა ამ ფორმით გამოიკითხონ. ასევე, დაწყებით საფეხურზე მშობლებიც ხშირად ბევრი სხვადასხვა აქტივობით ტვირთავენ შვილებს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდხანს იმეცადინებენ, უკეთეს შედეგს მიაღწევენ. რა დროს უნდა უთმობდეს მოსწავლე ამ საფეხურზე დავალებების შესრულებას, როგორ უნდა იყოს მშობელი ჩართული და პროგრამის დაძლევაში რა როლი აქვს მასწავლებელს - თემაზე "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ვენენო მენაბდე გვესაუბრება:
- სკოლიდან შინ მისული ბავშვი დროს ოჯახის წევრებთან ერთად უნდა ატარებდეს, თამაშობდეს, ისვენებდეს, მეორე დღისთვის ძალებს იკრებდეს. კერძო სკოლების მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, 7-8 საათამდე შინ ვერ მიდიან, როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ დროს სახლში შესული ბავშვი უნდა მეცადინეობდეს? თუმცა, საშინაო დავალების შესრულება პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის საუკეთესო გზაა. სასურველია, მოსწავლე დავალებას დამოუკიდებლად ასრულებდეს.
და მაინც, რამდენ ხანს უნდა მეცადინეობდეს ბავშვი დაწყებით კლასებში? 2014 წელს გავეცანი კვლევას, სამწუხაროდ, ახლა წყაროს მოძიება ვერ შევძელი, სადაც ფინური დაწყებით განათლების სისტემის საფუძველზე წერდნენ, რომ მეორე კლასელი ბავშვი საშინაო დავალების შესრულებას ყველა საგანში ერთად 15 წუთზე მეტს არ უნდა ანდომებდეს. როდესაც მოსწავლეს დავალებას ვაძლევ, ვფიქრობ, მე როგორ და რა დროს მოვანდომებდი ამ დავალების შესრულებას? ბევრს ხომ არ ვითხოვ მისგან? პირველ და მეორეკლასელებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვაძლევ დავალებას, ცხადია, კითხვას არ ვგულისხმობ. თუმცა, იმის ცოდნა, რომ მომდევნო დღეს დავალება მზად უნდა ჰქონდეს, მოსწავლეს დროის განაწილების და პუნქტუალურობის უნარს უვითარებს.
- კონკრეტულად რაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი შვილს, რა ითვლება სწორ დახმარებად და რა - ზედმეტ ჩარევად?
- სწორი დახმარებაა, როდესაც ბიძგს აძლევ და არ კარნახობ. ურჩევ, შეახსენებ, აქებ მის ერთ, წინ გადადგმულ პატარა ნაბიჯსაც კი. არ უბრაზდები, როდესაც ვერ ამოიკითხავს შენთვის ძალიან მარტივი ტექსტიდან სიტყვებს, ან წამში ვერ გიპასუხებს, რამდენია 2+3. ეს ჩვენთვისაა ასე მარტივი, ბავშისთვის რთულია. ან კიდევ მშობელი თავისი შფოთვით, დაღლილი, გაღიზიანებული, მენტორული ტონით- "რამდენჯერ უნდა გაგამეორებინო და ისევ ვერ მპასუხობ" ან მსგავსი დამამცირებელი წინადადებებით ართულებს. თუ ბავშვს, ერთ შეხედვით, მარტივი დავალებები მუდმივად ეძნელება, პროტესტი აქვს საშინაო დავალების მიმართ ან საათობით ზის სამეცადინოდ, აუცილებლად უნდა შეატყობინოს მშობელმა მასწავლებელს, ერთად გამოიკვლიონ მიზეზი, მოძებონ პრობლემა და საკითხის მოგვარებას შეუდგნენ.
- როგორ ფიქრობთ, როდის სჭირდება ბავშვს რეპეტიტორის დახმარება?
- ბავშვი სკოლაში რომ დადის, რეპეტიტორი საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს. თუმცა, ყველა ადამიანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს, რადგან სკოლის მასწავლებელი 20 და ზოგჯერ მეტი ბავშის მასწავლებელია და ყოველთვის ერთ ბავშვთან ინდივიდუალურად ვერ შეძლებს მუშაობს. თუ მშობლესაც არ შეუძლია დახმარება, შეიძლება, სხვა პედაგოგი დაიხმაროს, რომელიც ბავშვს იმ კონკრეტული საკითხების დაძლევაში დაეხმარება, რომელიც უჭირს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა მასწავლებელმა დაწყებით საფეხურზე ლექსები ზეპირად, გაკვეთილები თხრობით მოსთხოვოს?
- აბსოლუტურად გაუმართლებელია, ბავშვს უთხრა, ლექსი დაიზეპირე ან ტექსტი თხრობით ისწავლეო. ლექსი ისე უნდა გააცოცხლო კლასში, ბავშვს შემოესწავლოს. ლექსიკურ ერთეულებზე ავარჯიშე, ახალი სიტყვების ვიზუალიზაცია გააკეთე, დაახატინე, გამოაძერწინე, აპლიკაცია შექმენით, გაათამშებინე, რითმსა და რიტმზე დააკვირვე...
ზუსტად ასევე შეიძლება მოთხრობების გაცოცხლება და სთხოვე, გითხრას, რა მოეწონა წაკითხულსა თუ მოსმენილში, რა არ მოეწონა, რომელი პერსონაჟი დაამახსოვრდა და რატომ... ამ ტიპის კითხვებით შინაარსს კიდევ უკეთ იაზრებს, ბოლოს სთხოვე, თავისი სიტყვებით გადმოგცეს ამბავი. რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ, ავტორის სიტყვებსაც ჩართავს თხრობისას. მიზანი მიღწეულია: შინაარსიც იცის, ახალი სიტყვებიც შეისწავლა, პერსონაჟიც დაახასიათა, სიუჟეტიც გამოყო. მიზანი ხომ ეს იყო და არა დაზუთხვა?
- ამავე საფეხურზე მათემატიკის სწავლაც უჭირთ ხოლმე, როგორ ფიქრობთ, რაშია პრობლემა?
- მოსწავლეებს უჭირთ ის, რასაც ვერ იგებენ. მასწავლებელმა დრო უნდა შეაჩერო, მანამ იყო ერთ საკითხზე, სანამ არ დარწმუნდები, რომ ყველამ გაიგო. შემდეგ გადადი ახალი მასალის ახსნაზე, ძველს დააშენე, ხშირად დაუბრუნდი ნასწავლს, ფორმა შეუცვალე. სწავლა მაშინ რთულდება, როცა მასალა რთულდება და ბავშვი ვერ გეწევა, მასწავლებელი კი გარბის, პროგრამა აქვს მოსასწრები... თამაშით სწავლება ყველაზე სახალისო და შედეგიანი მეთოდია. არსებობს უამრავი პროგრამა, სადაც ძალიან საინტერესო მათემატიკური თამაშებია. მე პირადად, აქტიურად ვიყენებ. შედეგიც ძალიან პოზიტიურია და აღარც ბავშვებს ერთულებათ, ხალისით სწავლობენ.