ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი
შალვა ამონაშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისა და მასწავლებლებისადმი
მიმართვას აქვეყნებს, საუბრობს ინდიგო ბავშვების მახასიათებლებზე და იმაზეც, თუ რატომ არ ხერხედება თანამედროვე ბავშვების დაინტერესება არსებული პედაგოგიკითა და სასკოლო ცხოვრებით.
- უცნაური თაობა მოვიდა. დააკვირდით მათ მეტყველებას, მოთხოვნებს - ხომ არ გეჩვენებათ, რომ თავიანთ შესაძლებლობებს ცოტა უფრო ადრე ავლენენ? მყავს შვილიშვილი, რომელიც 2 წლისა და 2 თვისაა. ქართული, რუსული და ინგლისური ანბანი იცის. რაც მთავარია, კითხულობს. აღარ ვსაუბრობ სხვა შესაძლებლობებზე, რომლებსაც უხვად ავლენს. მაგრამ, თქვენი შვილები ნაკლებნი არიან? აბა, დააკვირდით ბავშვებს - ადრიანად რამხელა ძალებს ავლენენს და რამხელა მოთხოვნებს გვიყენებენ. გუშინ მშობელთათვის სემინარი მქონდა, მთელი დარბაზი, 400 კაცით, გავსებული იყო. მე რომ ეს სემინარი 15 წლის წინათ ჩამეტარებინა, ამ დარბაზში 400 კაცი კი არა, 40-იც არ მოვიდოდა. რატომ იცით? - მაშინ მშობელს ჯერ კიდევ არ ჰყავდა ინდიგო ბავშვი შეცნობილი, არ უჩნდებოდათ იმდენი პრობლემა, რამდენიც ახლა უჩნდებათ. ამიტომ, მშობლები საგონებელში ვარდებიან, რა გააკეთონ, ბავშვები სხვანაირები არიან და ჩვეულებრივი მიდგომა არაფერს გვაძლევს, კონფლიქტს გვიჩენს და კონფლიქტით ბავშვი ვერ იზრდება. მშობელთა ახლანდელი თაობა ბავშვებთან განსხვავებულ მიდგომას დაეძებს. მათ შორის, ხსნას ჰუმანურ პედაგოგიკაშიც ეძებს.
ინდიგო ბავშვების ზოგიერთი თვისება ასეთია:
- მრავალმხრივი ნიჭიერება - ადრეული ასაკიდან, სულ ცოტა, 3-4 რაღაცაში ნიჭიერებას ავლენს. ინტერნეტში ინდიგო ბავშვები რომ მოძებნოთ, ძალიან ბევრ ვიდეოს, ნახავთ, სადაც 2-3 წლის პატარები როიალზე გასაოცარი გემოვნებითა და სისხარტით უკრავენ ისე, რომ ნოტებიც არ იციან. ასეთი ნიჭი ადრე არც შეგვეძლო, წარმოგვედგინა და ამის მაგალითი არც იყო. ახლა კი მსგავსი შემთხვევები ბევრია. თქვენსავე შვილებს შეხედეთ, თუ ხელს შეუწყობთ, დაინახავთ, რომ ბევრი რამ შეუძლიათ. ასეთი მრავალმხრივობა ადრე გამონაკლისი იყო, ახლა კი ჩვეულებრივი მოვლენაა.
- აქტივობა - ეს ბავშვები მართლაც მოუსვენრები არიან. საერთოდ, ბავშვი მოუსვენარი უნდა იყოს, მაგრამ ასეთი მოუსვენარი, როგორც ესენი? ერთ ადგილზე ვერ გააჩერებ და ერთი სიტყვითაც ვერ დააშოშმინებ. ყველაზე მეტად ამ ბავშვებით მასწავლებლები დაშინდნენ და მათ ჰიპერაქტიურები დავარქვით. ბავშვი ჰიპერაქტიურია, მაგრამ ზედმეტ აქტიურობას რასთან შედარებით ავლენს? რასთან და მასწავლებლის ჰიპერპასიურობასთან შედარებით. როცა მასწავლებელი ჰიპერპასიურია, რასაკვირველია, ბავშვის აქტიურობა ნორმაზე მეტად მოეჩვენება. როცა ტრადიციული გაკვეთილით მიდიხარ, ბავშვს ეუბნები: "აბა, მომისმინე, ყურადღებით იყავი, დაიმახსოვრე“ და ამ მოთხოვნებს უყენებ, ინდიგო ბავშვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია. ამიტომ, სულ ცქმუტავს, აქეთ-იქით იყურება და მოსაწყენ გაკვეთილს ვერ ისმენს. ჩვენი პასიური გაკვეთილის ფონზე, ბავშვი მეტისმეტად აქტიური გვეჩვენება. ჰიპერაქტიურობის წინააღმდეგ ბევრ ქვეყანაში ქიმიური მედიკამენტებია მიღებული. ასმევენ ბავშვებს და ისინიც მშვიდად არიან გაკვეთილზე. ინდიგო ბავშვი მართლაცაა აქტიური, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად წარმოვაჩენთ ისე, თითქოს ავადაა. გინდათ, რომ ჩვენს ბავშვებსაც ტაბლეტები ვაყლაპოთ, დავაშოშმინოთ? მე არ ვიცი მშობელი, რომელსაც ბავშვის ქიმიური ტაბლეტებით მართვა მოუნდება. არც მასწავლებელი უნდა წავიდეს ამაზე.
- ბავშვი ადრეულ განვითარებას იძენს - ბევრ ქვეყანაში ნაადრევი განვითარების ლაბორატორიებია. 6 თვის, 1 წლის ბავშვი მიჰყავთ და სპეციალისტები განვითარებას ყურადღებიანობაში, დაკვირვებულობაში, ნებისყოფასა და სხვა საკითხებში სძენენ. ამ ძალების მფლობელი ბავშვი, როცა 5-6 წლის გახდება, ბუნებრივია, ცოდნასაც ძალიან სწრაფად ითვისებს. მინდა, საქართველოშიც განვითარდეს ადრეული ასაკიდან ბავშვთა განვითარების ლაბორატორიები, სადაც დედა თავის პატარა შვილს მიიყვანს და იქ სპეციალისტები სპეციალური ხერხებითა და რესურსებით ბავშვს დაეხმარებიან, რომ გარკვეული შინაგანი ძალები განივითარონ.
- ბავშვებს კეთილშობილებისაკენ სწრაფვა აქვთ - ინდიგო ბავშვებს ეს კეთილშობილება მოჰყვებათ. თითქოს, წინა თაობებთან შედარებით, უფრო მეტი სიკეთით არიან სავსე. ამ ბავშვებს ადვილად შეიძლება ასწავლოთ ჩუქება, დათმობა, სიყვარული, დამეგობრება. თუ ვასწავლით, მარტივად გამოგვივა. თუ არ ვასწავლით, უბედურება მოხდება. დაჯგუფდება რამდენიმე ბავშვი, ერთს ამოიჩვენებენ და იცით, რა დღეშიც ჩააგდებენ ხოლმე.
- ბავშვებს სიახლისა და სიხარულისაკენ სწრაფვა აქვთ - თუ რამ ახალია, ახარებთ. იქნება ეს ნივთი, საგანი, მოქმედება, თამაში თუ სხვა. სადაც სიახლე და სიხარული არ არის, იქ დიდი მოწყენილობა ისადგურებს. არც მოსმენა უნდა, არც ყურება, ცქმუტავს, ვერ ისვენებს და მასწავლებელი ამის გამო უბრაზდება.
- აგზნებადობა - ძალიან მარტივად შეიძლება ბავშვს რაღაც ეწყინოს, გაბრაზდეს. ეს აგზნებადობა ხანდახან ისეთი ძლიერია, გვეშინია კიდეც და ამას უფრო მეტ აგრესიულობას მივაწერთ. ვიყენებთ აგრესიულობის საწინააღმდეგო მეთოდებს და უკურეაქციას ვიღებთ.
- მოუთმენლობა, მოწყენილობა - როცა ბავშვის ნიჭს, სხარტ აზროვნებას, ინტერესს გაკვეთილზე გასაქანი არ ეძლევა, როგორც წესი, მოიწყენს და გაკვეთილიდან გამოეთიშება. ურჩევნია, რაღაც სხვა აკეთოს, მობილურში ჩუმად ითამაშოს იმიტომ, რომ იქ უფრო მეტ საინტერესოს ხედავს, ვიდრე იმაში, რასაც მასწავლებელი უხსნის, კითხვებს უსვამს ან აზეპირებინებს.
ალბათ, შეამჩნევდით, როგორი ძნელია ახლანდელ ბავშვებთან მუშაობა. განსაკუთრებით იმ მასწავლებლისთვის, რომელსაც 90-იანი წლების ბავშვებთან უმუშავია, ეს სულ სხვადასხვა გამოცდილება იქნება. ახლანდელი თაობის მართვის ნაცვლად, რაღაც სხვა ფსიქოლოგია გვჭირდება. მათი აქტივობა დღევანდელი ავტორიტარული პედაგოგიკის შესაძლებლობებს აჭარბებს. ეს პედაგოგიკა უფრო ნელა მიდის, ბავშვს კი აჩქარებული ნაბიჯები აქვს და წინააღმდეგობაში ვექცევით.
არ გეწყინოთ, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ბავშვის ჰიპერაქტიურობაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, მასწავლებლების შემოქმედების ჰიპერპასიურობაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი შემოქმედებაა პასიური. თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ცელქობს, სად არის ჩემი შემოქმედებითი პედაგოგიკა, რომ ეს სიცოცხლის ენერგია ჩემკენ და იმ საქმისაკენ მივმართო, რომელსაც ვასწავლი? ბავშვს ძალა აქვს და მე ამ ძალას კი არა, მის უძლურებას ვიყენებ და ამ უძლურების ფონზე მინდა, ცოდნა, კულტურა, განვითარებულობა დავამყნო. არ გამოვიდა და ისევ ბავშვს ვაბრალებთ. ახალი თაობა მართლა ახალია. თითქოს, ბავშვი თვალებში შემოგვყურებს და გვეუბნება, რომ ეს აქტიურობა ღმერთმა ტყუილად არ გამოატანა, სულ სხვა კულტურა, ცხოვრება უნდა შექმნას. მგონია, სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა - ბავშვი კი არის აქტიური, მაგრამ ჰიპერი ჩვენი პასიური პედაგოგიკის ფონზე ხდება. მაგრამ, თუ ამ ფონს შევცვლით და უფრო ცოცხალსა და მოქნილს გავხდით, სხვანაირი მეთოდებით, შინაარსითა და ღიმილით, რასაკვირველია, ბავშვის აქტიურობა ისევ ისეთი დარჩება, უფრო მეტადაც გაიზრდება, მაგრამ მას ჰიპერს აღარ დავარქმევთ, ნორმა გახდება.