ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისა და მასწავლებლებისადმი მიმართვას აქვეყნებს, სადაც ავტორიტარულ პედაგოგიკსა და მის შედეგებზე საუბრობს. ასევე, აღნიშნავს, რატომ ვერ ახერხებენ ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას:- იძულებითი აღზრდა და სწავლება ძალიან მარტივად ჩამოყალიბდა. საერთოდ, ადამიანი ყველაფერში მარტივ მიდგომებს ეძებს, რომ მერე შედეგიც ადვილად მიიღოს. ცდილობს, ნაკლები ძალისხმევა დახარჯოს. ავტორიტარულ პედაგოგიკას დიდი ფილოსოფია და ფსიქოლოგია არ სჭირდება. ბევრი წლის წინ მხოლოდ ერთი მიდგომა იყო - თუ ბავშვი კარგად იქცეოდა, წავაქეზებდით, შევაქებდით, ჩავიხუტებდით, რაღაცას ვაჩუქებდით. მაგრამ, თუ ის არ გააკეთა, რაც მე მინდა, მაშინ როგორ მოვიქცეთ? ამისთვის წკეპლა იყო გამოყოფილი. რასაკვირველია, წლები გადის და ხალხი კულტურას იძენს, ახლა რომელი მშობელი და მასწავლებელი იკადრებს, რომ ბავშვი ხისგან გაკეთებულ ვირზე შესვას და მერე მთელ კლასს დააცინინოს?! მასწავლებელი ვერც იმას გაბედავს, რომ კლასში წკეპლით შევიდეს. ისე კი, ბევრ მასწავლებელს ჯოხი უყვარს, თან დააქვს, ვითომ საჩვენებელი ჯოხია, არადა დასაშინებლად მიაქვს. მაგრამ, ახლა სხვა დროა, 21-ე საუკუნეა, მშობლებიც არ მისცემენ მასწავლებლებს უფლებას, ბავშებს დაუყვირონ ან შეურაცხყოფა მიაყენონ. მაგრამ, რომ მაინც შევინარჩუნეთ დაყვირებაც, შეურაცხყოფაც, სიმკაცრეც, მომთხოვნელობაც, ჩაჯინებაც?! ხან ვიტყვით ხოლმე: "ამ კლასში ან ეს ბავშვი იყოს, ან მე". იცით, რა სირცხვილია ასეთი განცხადება? ასეთ დროს მასწავლებელი ბავშვს ებრძვის. ვერ დაიმორჩილა, არ ეყო ჭკუა და გონება, რომ ბავშვისთვის მეგობრობა გამოეცხადებინა და დროში ემუშავა. შეიძლება წელიწადი დასჭირვებოდა, მაგრამ მისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი მტერი კი არა, მეგობარია. ნელ-ნელა საქმეებით ეჩვენებინა, როგორი მოყვარეა, რომ სულიერი ერთობა აღმოცენებულიყო. მაგრამ, ამას ბევრი მასწავლებელი არ აკეთებს. ეადვილება საკითხის დაყენება და ამბობს: " ან ეს ბავშვი, ან მე!" დღეს გარდაქმნილი, ცოტათი ფერუმარილით წასმული ავტორიტარული პედაგოგიკა მოვიდა. რომელი მასწავლებელი იტყვის, რომ ბავშვი არ უყვარს? თუ იტყვით, რომ ბავშვი არ გიყვართ, სკოლიდან წადით, რადგანაც ეს ბავშვების ქვეყანაა. თქვენ იქ მიწვეულები ხართ იმისათვის, რომ ბავშვებს ხელი შეუწყოთ, ამ ქვეყანაში იცხოვრონ. თუ ბავშვი არ გიყვარს, რას მიიჩქარი სკოლაში?! იქ დაეძებ, ლუკმა-პურს? ეს სხვაგანაც შეიძლება იშოვოთ, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. მაგრამ, თუ ბავშვი გიყვართ, ეს საქმით უნდა დაამტკიცოთ. სკოლაში ფსიქოლოგია დაინერგა. რომ გკითხოთ, იცით, თუ არა თქვენი შვილების, მოსწავლეების ფსიქოლოგია, იტყვით, რომ იცით. მაგრამ, თუ ფსიქოლოგია იცით, რატომ იყენებთ ძალას? ძალადობის მოთხოვნაც ამ ფსიქოლოგიაშია? ფქიგოლოგია ერთგვაროვანი რამე არ არის, სხვადასხვანაირია. ავტორიტარული პედაგოგიკისათვის საჭირო ფსიქოლოგია - მართვის ფსიქოლოგიაა. მასწავლებელი მართვის ფსიქოლოგიას იყენებს, სწავლობს, როგორ მართოს და დაიმორჩილოს ბავშვი, როგორ არ მისცეს გასაქანი. თუ ბავშვი არ გვიჯერებს, რა ვაკეთებთ? დირექტორთან მიგვყავს, სასწავლო ნაწილთან ვჩივით, მშობელს ვუძახებთ და ვეუბნებით: "ან ეს ბავშვი გამოასწორეთ და ისე მოვიდეს სკოლაში, ან არ ვიცი, რა მოხდება..." სწორედ ესაა მართვის ფსიქოლოგია. მართვის ფსიქოლოგია ავტორიტარულ პედაგოგიკაში ბევრ კონფლიქტს ბადებს. საერთოდ, პედაგოგიკამ კონფლიქტი უნდა ჩააქროს. ეს ფსიქოლოგია კი ხელოვნურად აღმოაცენებს კონფლიქტებს და ვეღარ ვაქრობთ. ამიტომ სკოლაში სულ ყვირილია. მასწავლებელი ხმას უმაღლებს, დერეფანში სულ ყვირილია და მეორე სართულზე სხვა მასწავლებელი ვეღარ მუშაობს. თუ ასე გავაგრძელეთ, ჩემო ძვირფასებო, რომელი ბავშვი მოვა სკოლაში? ზოგიერთ ქვეყანაში მშობლებს უფლება მისცეს, თუ უნდათ, ბავშვი სკოლაში არ ატარონ და სახლში ამეცადინონ. დროდადრო კი სკოლაში მიიყვანონ, სადაც სკოლა დაამოწმებს, რომ ბავშვმა კონკრეტული საგანი და ცოდნა შეითვისა. ბოლოს ატესტატს მიიღებს. იცით, რა მოხდა? ამით ასიათასობით მშობელმა ისარგებლა. არ იციან, როგორ ასწავლონ, მაგრამ ურჩევნიათ, სახლში ჰყავდეთ, ვიდრე სკოლაში, სადაც ბავშვს მოწყენილობა ეუფლება, მასწავლებლებთან ურთიერთობას ვერ ამყარებს და აღზრდის ნაცვლად, მისი ხასიათი უფრო ფუჭდება. რა თქმა უნდა, მე არ მჯერა, რომ მშობლები სახლში უკეთესად ასწავლიან, ვიდრე ამას განათლებული და გონიერი მასწავლებელი სკოლაში გააკეთებს და ბავშვები უკეთესები გაიზრდებიან, როცა მარტო სწავლობენ, ვიდრე თანატოლებთან ერთად - რასაკვირველია, კლასი ჯობს, მაგრამ მშობელმა მასწავლებლის ნდობა დაკარგა.