მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მათ ბევრი დაუგროვდათ სათქმელი ჩვენ მათ ხშირად ვკიცხავთ, ხშირად ვამბობთ, რომ ახალი თაობა ძალიან განსხვავებულია, ბევრი აკრიტიკებს, ლანძღავენ კიდეც... ვინ არიან ისინი სინამდვილეში და რას ფიქრობენ? რაზე დარდობენ ჩვენი მოზარდები, "თინეიჯერები"? გადავწყვიტეთ, ეს მათთვის გვეკითხა და გაგვეგო, რას ფიქრობენ თავიანთ თავზე, თავიანთ თაობაზე, როგორია მათი გადმოსახედიდან საქართველო, მათი თანამედროვეობა და როგორები არიან მათი თანატოლები. მათი აზრების გაგება გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ. ისინი არც ისე უდარდელები, არც ისე გაუნათლებლები და არც ისე უგრძნობები არიან, როგორც ბევრს ჰგონია. უფროსებზე ნაკლებად როდი დარდობენ ჩვენი დროის ბევრ აქტუალურ საკითხზე, ჩვენზე ნაკლებად როდი ღელავენ მნიშვნელოვან პრობლემებზე და რაც მთავარია, მათ ძალიან უნდათ, რომ გაუგონ, მოუსმინონ, მათ სიყვარული, ურთიერთგაგება, მეგობრობა, ერთგულება და ბევრი სითბო სჭირდებათ. სწორედ ამის დანაკლისს განიცდიან ყველაზე მეტად – თანატოლებისგანაც და უფროსებისგანაც.
საიტმა mshoblebi.ge-მ მოძებნა რამდენიმე თინეიჯერი (დიდ მადლობას ვუხდით სკოლა "ოპიზას" გაწეული თანამშრომლობისთვის), რომლებმაც დაწერეს თავისუფალი თემა "ჩემი თაობა". ამ გოგო-ბიჭების საშუალო ასაკი 13-15 წელია. აი, როგორია მათ მიერ დანახული მათი თაობა. მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მათ ბევრი დაუგროვდათ სათქმელი.
"ბევრს კითხვა არ უყვარს, არადა იყო მკითხველი, ეს ხომ სასწაულია!"
მე ჩემი თაობა არც მძულს და არც მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ მარტოობა უფრო მადარდებს. ჩოხელისა არ იყოს, ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს, ხან კი თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის... ამ თაობას ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, ბევრნი არიან ისეთები, რომელთაც კითხვა არ უყვართ. არადა, იყო მკითხველი, ეს ხომ სასწაულია?! ნორმალური წიგნი, ეს წამალია, რომელსაც შეუძლია ჩვენ ოდნავ უკეთესები გაგვხადოს და საოცნებო სამყარო შეგვიქმნას.
ჩემი აზრით, მთავარი მაინც ურთიერთობაა. ხალხი, რომელიც შენს მეგობრად ასაღებს თავს, მრავლად არის, ნამდვილი მეგობრები კი - ცოტანი. მე დამიკარგავს, ჩემთვის ტკივილიც მოუყენებიათ, მაგრამ ამ ყველაფრისგან დამალვა არ მომდომებია. ალბათ, ჯობს შეცდომებს თვალებში ჩახედო და მათგან ისწავლო. არ მინდა, რომ გასაჭირმა ჩემი ბედნიერება გადაფაროს ან პირიქით.
ჩემს გარშემო ბევრნი არიან ისეთებიც, თავის ზრდილობიანებად მოჩვენებას რომ ცდილობენ... ნიღაბს რომ ირგებენ... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ურთიერთობები გაუფასურდა, გამარტივდა, ნდობა კი გართულდა.
ხშირად მსმენია, როგორ ამბობენ, ახალგაზრდებმა მშობლებთან ურთიერთობა არ იციანო. მე კი ასე არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ისინი ერთადერთები არიან, რომელთაც უპრობლემოდ ესმით ჩვენი. მე პირადად მირჩევნია, ყველაფერი დედაჩემს მოვუყვე. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამიგებს და სწორ რჩევას მომცემს.
ამ თაობაში ბევრია ოცნებაც. საქმის კეთებას ფერად ფიქრებში წასვლა სჯობია, მაგრამ არ მინდა ჩემი ნატვრები მხოლოდ ნატვრებად დარჩეს. მინდა, რეალობა მათ არაფრით ჩამოუვარდებოდეს. ისინიც ჩემი სურვილებივით ნაირფერი და მშვენიერი იყოს.
მოვა დრო და ყველა გავიზრდებით. იმედი მაქვს, ამ პრობლემებს მოვაგვარებთ და ისინი არ დაგვწვავენ, არ დაგვფერფლავენ; ჩამოვყალიბდებით ისე, რომ საუკეთესოს დაჩაგვრა არ მოგვინდება; ბრბოს ნაწილი არ გავხდებით, ერთხელ და სამუდამოდ ნიღბებს ჩამოვიხსნით; ნამდვილი მეგობრების გარჩევას ვისწავლით; ღმერთისკენ მიმავალი გზით ვივლით და ჩვენს პატარ-პატარა, ფერად ოცნებებს სინამდვილედ ვაქცევთ.
თაკო სვიმონიშვილი
"ახალი თაობა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სამშობლოდან წავიდეს"
ძველი და ახალი თაობის ინტერესები, შეხედულებები, პრობლემები, გემოვნება ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. "ძველებსა" და "ახლებს" შორის ერთგვარი ბრძოლაა. ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა უფროსებს არ უსმენს, მათ რჩევებს არ ითვალისწინებს. ახალგაზრდები მეტ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ითხოვენ. მათი უმეტესობის მცდელობა ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების შექმნისა, კრახით სრულდება. ჩემი აზრით, ახალმა თაობამ უფრო მეტად უნდა უსმინოს უფროსთა რჩევებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ ნაბიჯზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ "ძველების" აზრი. ასე ხომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ისწავლიან.
კიდევ ერთი დიდი პრობლემაა წიგნიერების დაბალი დონე. კვლევებმა აჩვენეს, რომ კედლებზე დაკიდებული დიპლომები და მრავალი წიგნი თაროებზე არაფერს ნიშნავს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვეთა ცნობიერება შეიცვალა. ამაზე დიდი გავლენა კომპიუტერმა და ტელეფონმა მოახდინა.
დღევანდელობაში ძალიან ცნობილი ფრაზაა: "ლიჟბი" წავიდე და... "ახალი" თაობა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სამშობლოდან წავიდეს. იმის მაგივრად, რომ მამულს მივხედოთ, ავაყვავოთ, სხვაგან წასვლაზე ვოცნებობთ.
ახალგაზრდების გამართლებაც შეიძლება. დღევანდელობაში "ახლებს" არ აქვთ საშუალება, თავი ბოლომდე წარმოაჩინონ. დღევანდელ საქართველოში ღირებულ, მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევ, ამიტომ უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ახალგაზრდობას სამშობლოდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს.
ყველაფრის "დაკიდება" ახალგაზრდობის საშინელი სენია. ვფიქრობ, "ახლებს" სულიერება გვაკლია. არ შეიძლება ყველაფერზე თვალის დახუჭვა. მართალია, ზოგი რამ უნდა "გაატარო", ყურადღება არ მიაქციო, რადგან წუთისოფელი უარეს განსაცდელს მოგივლენს, მაგრამ სერიოზულ საკითხებზე და პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ჩვენგან კარგი თაობა დადგება. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვისწრაფით მომავლისაკენ და რაღაც ახლისკენ, ვიბრძვით წარმატებისთვის. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველი უნდა დავივიწყოთ.
ნანო კვარაცხელია
"ერთმანეთის დამცირების გამო გახშირდა დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტვა, რასაც შემდეგ სუიციდი მოჰყვება"
XIX საუკუნესა და XXI საუკუნეს შორის დიდი განსხვავებაა, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. XIX საუკუნის ხალხმა იცოდა ერთმანეთის დახმარება, გვერდში დგომა, იზიარებდნენ ერთმანეთის კარგს, ფასი ჰქონდა სიტყვას "მიყვარხარ". ქალმა იცოდა საკუთარი სიწმინდის ფასი. დღეს კი, XXI საუკუნეში, როდესაც განვითარების მწვერვალზე ვართ, ადამიანებმა არ ვიცით არაფრის ფასი. თითქოს მთელი საზოგადოება ბრბოდ გადაქცეულა და ისე ანადგურებენ თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის აშენებულს, როგორც არაფერს.
დღესდღეობით სიყვარულმა და მეგობრობამ დაკარგა ფასი, ძველად კი მეგობრებს ერთმანეთის გატანა შეეძლოთ, იცოდნენ გვერდში დგომა, ერთმანეთისთვის თავსაც კი გაწირავდნენ, მაგრამ დღეს? დღეს ეს ყველაფერი გაქრა, სადღაც უფსკრულში გადაიხვეწა. ადამიანები მეგობრებს სოციალური მდგომარეობით აფასებენ. გაჭირვებულს ზემოდან, ამპარტავნულად დაჰყურებენ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ის მათზე სულიერად მაღლა დგას. ერთმანეთის დამცირების გამო გახშირდა დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტვა, რასაც შემდეგ სუიციდი მოჰყვება.
XXI საუკუნეში მოდაში შემოსული "კაი ბიჭობა", ნიკოტინით გაჟღენთილი ახალგაზრდობა, ერთი-ორს შეიგინებიან და ჰგონიათ, რომ მთებს გადადგამენ, მაგრამ ამ დროს არ იციან ვინ იყო ი. ჭავჭავაძე, შ. რუსთაველი, გ. ტაბიძე, ნ. დუმბაძე, ი. გოგებაშვილი. აქ ყველა რაინდობს.
და ბოლოს, მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ღვთის სიყვარული, რწმენა, შეეძლოს ერთმანეთის დახმარება, სიყვარული და, რაც მთავარია, სიკეთის კეთება.
თაკო ლათიბაშვილი
"თვითმკვლელობა, აზარტული თამაშები, სიკვდილი... ამ ყველაფერს ტელევიზორით თუ ინტერნეტით არეკლამებენ"
მრავალი ფსიქოლოგი, რელიგიური პირი თუ მოქალაქე ცდილობს გაიგოს ჩემი თაობის ინტერესები, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ის, თუ რა მოგვწონს, უფრო რისი გაკეთება გვინდა. დღევანდელი თაობა ჩვენი მომავალია. საჭიროა სათუთად მოვეპყრათ და მოვუფრთხილდეთ მას.
"თაობის პრობლემა" მრავალია, მისი გადაჭრის ხერხები კი - ცოტა. თვითმკვლელობა, აზარტული თამაშები, სიკვდილი... ამ ყველაფერს ტელევიზორით თუ ინტერნეტით არეკლამებენ, უნდათ, რომ მეტი ახალგაზრდა ჩაითრიონ სიბინძურის მორევში. იმის შემდეგ, რაც ამ ყველაფერს ვხედავთ ტელევიზორში, რომელიც 24 საათი ჩართულია და რომელიც თითქმის ყველა ადამიანის ოჯახშია, ძნელია მიიღო თავისუფალი გადაწყვეტილება... მშობლებმა რომც აარიდონ ამ ყველაფერს ბავშვი, ის მაინც შეიტყობს მეგობართა წრიდან ან გარემოდან, რომელშიც იზრდება... ვფიქრობ, პრობლემა უფრო ღრმაა.
ვანო თოფურია
"აქ თუ არ გაქვს გრძელი ფეხები, "კურნოსა" ცხვირი, ლამაზი სახის ნაკვთები, მაგარი ზმანი და არ გაქვს "ფული", არ გაფასებენ"
ეს არის ჩვენი "გარემო", გაიხედე შენ ირგვლივ, რამდენი "ორპირი" ადამიანია. აქ თუ არ გაქვს გრძელი ფეხები, "კურნოსა" ცხვირი, ლამაზი სახის ნაკვთები, მაგარი ზმანი და არ გაქვს "ფული", შენ არ გაფასებენ. სულ არ აინტერესებთ, შინაგანად როგორი ხარ. ქუჩაში დაინახავენ განსხვავებულად ჩაცმულ ადამიანს და აუცილებლად ცინიზმით შეხედავენ. აქ, ჩვენს თაობაში, განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ესე იგი ბოღმიანი ან შურიანი ხარ. თუ გოგომ თქვა სხვა გოგოზე ობიექტური აზრი, ე.ი. აუცილებლად ბოღმა ახრჩობს...
ლამაზი ხარ? თუ სევდიანი ისტორია გაქვს? შენ "პროფილში" კი არა, შეიძლება რომელიმე პროექტის აღმოჩენაც გახდე. რამდენი მართლა განათლებული ადამიანი დაუსაქმებელია, ზოგი კი წუწუნებს, აიფონი მინდაო... ერთი და იგივე ზმანით როდემდე ვიაროო? აუ, მომბეზრდა სულ ეს ხორცი და კარტოფილი, დავიღალე ამ ცხოვრებითო და ასეთ წვრილმანებზე ღელავს... როდესაც სხვას თბილი ოჯახი, გარემო და ყველაფერი ის ენატრება, რაც შენ ასე მოგბეზრდა...
ბევრი ბიჭი მალავს რომ უყვარს... იმიტომ, რომ მის "სასტავში" სიყვარულს გოიმურად თვლიან. გოგონებს ჯერ ძმაკაცს უწოდებენ... მერე სიმპათია უჩნდებათ, მერე მათზე გიჟდებიან, შეყვარებულები ხდებიან. ბოლოს გინება ანბანის მიხედვით იწყება...
რელიგიის შეურაცხყოფით ცდილობენ დაამტკიცონ განსხვავებულობა...
სამწუხაროა, რომ მომრავლდა გოგონებზე მეტად ჭორიკანა ბიჭები და ბიჭებზე მეტად მოღალატე გოგონები. ყველაფერმა დაკარგა ფასი... ვითომ ძმაკაცები, ვითომ დაქალები... ერთგული მოღალატეები, ვითომ განათლებულები. იმაზე უფრო დარდობენ, რამდენი ლაიქი ექნებათ ფოტოზე, ვიდრე იმაზე, რომ ცოტა ნამუსი იქონიონ. ადამიანობა კომაშია!!!
ქეთი ინასარიძე
"ტაძარში კი დადიან, მაგრამ ზოგი ფარისეველია, ზოგი კი მოვალეობის მოსახდელად აკეთებს ამას"
დღეს საქართველოს მდგომარეობა უკეთესი მომავლის იმედს არ იძლევა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის უიმედობის მიზეზი. ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს ნათელი მომავლის. მომავალი კი ახალგაზრდა თაობაზე, ჩემს თაობაზეა დამოკიდებული...
პირველი პრობლემა ის არის, რომ ახალი თაობა სამშობლოს მდგომარეობაზე ნაკლებად ფიქრობს. უკეთეს შემთხვევაში, საზღვარგარეთ მიდიან ქართველი ახალგაზრდები. არავის უნდა, წამოაყენოს წაქცეული საქართველო, დაეხმაროს მას ფეხზე დადგომაში. ყველა ფიქრობს: მე თუ არა, სხვა ხომ დაეხმარებაო. საბოლოოდ კი ამას არავინ აკეთებს.
მეორე და პირველთან უშუალო კავშირში არსებული პრობლემაა არაეროვნულობა. სამშობლოს სიყვარული მოქმედებით უნდა დამტკიცდეს. სულიერება მეტისმეტად დაქვეითდა ჩემს თანატოლებში, რაც იმით გამოიხატება, რომ ტაძარში კი დადიან, მაგრამ ზოგი ფარისეველია, ზოგი კი მოვალეობის მოსახდელად აკეთებს ამას. რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს, ეს საერთოდ დაივიწყა ახალგაზრდობამ. ენა დამახინჯდა, ბარბარიზმებით დანაგვიანდა. გარდა ამისა, ყველა საკუთარი სიამოვნებასა და წარმატებაზე ფიქრობს, თავისი პრობლემებით არის დაკავებული. საქართველო კი იცდის...
ასეთია ჩემი თაობის დღევანდელი პრობლემები.
ნიკოლოზ გავაშელი
"ახლა მხოლოდ სოციალური ქსელი, მოწონებები თუ გამოწერები აინტერესებთ"
ხშირად გამიგონია ძველი თაობისგან ეს ფრაზა: "ეს თაობა დაგვანგრევს, მოგვსპობს, ააოხრებს საქართველოს", იგივეს იძახდნენ იმ თაობაზეც, რომელიც ამას ამბობს. ტექნიკა რაც უფრო ვითარდება, მით უფრო შტერდებაო თაობა, ამას არ ვეთანხმები, ასეთ შესწორებას შევიტანდი: ტექნიკა რაც უფრო განვითარდა, მით უფრო ხელმისაწვდომია კავშირი. კავშირი კი სულაც არ არის ცუდი.
ძველი თაობის გასაჭირი და პრობლემები თუ ის იყო, რომ პურის ფული, გაზი და დენი არ ჰქონდათ, რომ გამოკვებილიყვნენ, დღევანდელი თაობის პრობლემა ის არის, რომ მშობელმა არ დართო უფლება, თმა მწვანედ შეეღება. სულიერება დაიკარგა ადამიანში...
ახლა მხოლოდ სოციალური ქსელი, მოწონებები თუ გამოწერები აინტერესებთ. სოციალურ ქსელს კარგი მხარეც აქვს, რომ შეიტყო ახალი ინფორმაცია, მაგრამ სულ სოციალური ქსელით დასხივებას, ეზოში სეირნობა და გართობა სჯობს, რაც ადრინდელი თაობის ბავშვებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.
თანამედროვე თაობას ყველაფერი აინტერესებს სწავლის გარდა (ყველას არ ვგულისხმობ), ამიტომაც მოსდით ხშირად უთანხმოება მშობლებთან. ბევრს არც მშობლის აზრი აინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ეს ხდება მიზეზი ბავშვის სახლიდან წასვლის. ახალმა თაობამ დაკარგა სულისკვეთება და პატრიოტული სული.
ჩემი აზრით, დღევანდელ თაობას დიდი გასაქანი აქვს მეტის მიღწევისთვის, მაგრამ ნაკლებად ცდილობს ამას. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი პრობლემები არ იჩენს თავს... ჩვენ ალბათ თვითონ აღვიქვამთ რაღაცას პრობლემად, რაც შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს სირთულეს.
ანა გულაშვილი
"ესაა საუკეთესო დრო ადამიანად ჩამოყალიბებისათვის"
რას ნიშნავს თაობა? XXI საუკუნეა, ამბობენ, ეს ახალი თაობაა. ამბობენ ისეთ ფრაზებს, რაც მიუღებელია, განსაკუთრებით მოზარდთათვის. თვალწინ წარმოგვიდგება მოხუცი ადამიანი, რომელიც ხელის ქნევით იძახის შემდეგს: "სწავლა ამათ აღარ უნდათ, უფროსის პატივისცემა ამათ არ იციან... მთელ დღეს კომპიუტერთან სხედან ან ქუჩაში დაწანწალებენ".
ალბათ დამეთანხმებით, რომ უიშვიათესია უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებზე დადებითი აზრი გამოთქვან. ხშირად წაგვიკითხავს ან გვსმენია, რომ ახალგაზრდობა ესაა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, აკეთებ იმას, რაც გინდა, ესაა პერიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები, დაუშვას შეცდომები და შემდეგ ეს შეცდომა თვითონვე გამოასწოროს და, რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო ადამიანად ჩამოყალიბებისათვის. ალბათ, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შეცდომებს არ უშვებს. ეს იშვიათობაა. მან შეიძლება რაღაც მოიპაროს, მოატყუოს მშობელი ან მეგობარი, მაგრამ შემდეგ მოინანიოს, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაუჩნდება. ასეთ შეცდომებს განსაკუთრებით ჩვენს თაობაში, XXI საუკუნეში ხშირად უშვებენ, განსაკუთრებით თინეიჯერები.
ახალგაზრდობის პრობლემები უაღრესად მრავალგანზომილებიანია, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალშიც. გარდა ამისა, ყველა პრობლემა ინდივიდუალურია, როგორც თავად ადამიანი. თავად ამ თაობის წარმომადგენელი ვარ მეც, იგივე შეცდომებს ვუშვებ, რასაც სხვა დანარჩენი ამ თაობის წარმომადგენლები. ამიტომ ეს ყველა შეცდომა დიდად აქტუალურია ყველასთვის, ისევე როგორც ჩემთვის.
ანა დაუთაშვილი
"მე მომწონს ჩემი თაობა, ის ძველთან შედარებით თანამედროვეა"
XXI საუკუნის თაობა ბევრად განსხვავდება გასული საუკუნის ახალგაზრდობისგან. შეიცვალა გარემო, პირობები, ადამიანები თავიანთი შეხედულებებით, ჩაცმის სტილით, დაიხვეწა ტექნიკა, გაჩნდა ინტერნეტი, რამაც გამოიწვია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განვითარდა ხალხი. ბოლო წლებში გატარებულმა საგანმანათლებლო რეფორმებმა უდიდესი ძვრები მოახდინა განათლების სისტემაში. ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მოსწავლეს სახელმძღვანელოების საშუალებით, არის საინტერესო და ვრცელი. ასევე მოსწავლეს აქვს საშუალება სკოლაში მიღებული ცოდნით გაგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.
მე ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის ახალგაზრდები განვითარებულები და განათლებულები არიან, თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც ყველა თაობაში არსებობენ, მაგრამ ძირითადად მაინც შეიმჩნევა მონდომება და მოტივაცია სწავლის მიმართ.
მე მომწონს ჩემი თაობა. ის ძველთან შედარებით თანამედროვეა. ბევრ დრომოჭმულ ტრადიციას მეც არ ვიზიარებ.
ახალი თაობის განვითარებასა და წარმატებას განაპირობებს სახელმწიფოს ზრუნვა მათზე, უნდა შევქმნათ გარემო პირობები სწავლისათვის, სწორი აზროვნებისთვის, მივცეთ მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება. ჯანსაღი თაობა ძლიერი სახელმწიფოს გარანტიაა.
ქეთი დალბაშვილი
"ერთ-ერთი პრობლემაა მშობლებთან ჩხუბი"
ჩემ თაობას ბევრი პრობლემა აქვს. ერთ-ერთი პრობლემაა რაიმეს არდაფასება. დღევანდელ ბავშვებს რაც უფრო მეტ კარგს უკეთებ, არ აფასებენ და უფრო მეტს ითხოვენ. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ბავში უყურადღებოდ იქცევა. ისინი ტელეფონებით და კომპიუტერებით არიან დაკავებულები. დღევანდელი, თითქმის ყველა ბავშვი, გართობაზე ფიქრობს და არა სხვა რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე, ასევე ერთ-ერთი პრობლემაა მშობლებთან ჩხუბი, ხმამაღალი ლაპარაკი და ყვირილი. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ მშობლებს შვილებისთვის კარგი უნდათ, ბავშვები კი ამას ვერ ხედავენ. ჩემი აზრით, ესენია ჩემი თაობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები.
თორნიკე ბუჩუკური
"მაინც მიყვარს ჩემი თაობა. მე ხომ მისი ნაწილი ვარ!"
გასაკვირი არაა, რომ თაობები იცვლება და მათ მოჰყვება ადათ-წესების, ტრადიციებისა და ზოგადად კულტურის ცვლა. რომ დავუფიქრდეთ, წინა და ახლანდელ თაობებს შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითად, ადრე ქალი საჭესთან რთული წარმოსადგენი იყო, ახლა კი ჩვეულებრივი ამბავია. ადრე ქალსა და მამაკაცს შორის გენდერული თანასწორობა არ არსებობდა, ახლა კი დიდი მცდელობაა, რომ ეს თანასწორობა დაბალანსდეს.
როგორც ყველა, აღვნიშნავ ასაკში შესული ადამიანების ფრაზებს: "თქვენხელა რომ ვიყავი, წიგნისა და სწავლის მეტი არაფერი ვიცოდი"; "სულ წავიდნენ ხელიდან"; "ეჰ, რა თაობა მოდის, რა თაობა!"... უფროსების უმრავლესობას ახალგაზრდების (თინეიჯერების) აზროვნება არ მოსწონს, მათ ძველი მენტალიტეტის შენარჩუნება სურთ და არ არიან იმის მომხრეები, რომ წარსული წყალს მიეცეს. რა თქმა უნდა, მათი აზრის მომხრე ვარ, მაგრამ დრო უსასრულოა, იგი მიდის და მიდის, მას კი ცვლილებები მოჰყვება.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ინტერნეტისა და ონლაინთამაშებზე მიჯაჭვულობა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე. პირადად მე ინტერნეტს საინტერესო წიგნის წაკითხვა მირჩევნია...
ჩემი დამოკიდებულება ახლანდელი თაობის მიმართ დადებითია. მომწონს დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრება, სიახლეები, განვითარება, რა თქმა უნდა, არის წვრილმანები, რომელიც არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მაინც მიყვარს ჩემი თაობა. მე ხომ მისი ნაწილი ვარ!..
სალომე ხუციშვილი