კლასი - გახმაურებული პროექტი, რომელმაც ქართველი თინეიჯერების რეალური ცხოვრება დაგვანახვა
კლასი - გახმაურებული პროექტი, რომელმაც ქართველი თინეიჯერების რეალური ცხოვრება დაგვანახვა
"კლასი" - ასე ჰქვია პროზაულ სერიალს, პროექტს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა, თუმცა უკვე აალაპარაკა საზოგადოების ნაწილი. მის შესახებ ბევრმა იცის, უფრო ბევრმა - ჯერ არაფერი და ალბათ ახლა გაიგებს. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, "კლასი" ახალი ონლაინ ექსპერიმენტია. ეს არის პროზაული სერიალი სკოლის მოსწავლეების შესახებ. პროექტი ცდილობს აღწეროს “ბავშვების” რეალური ყოველდღიურობა, მათი პიროვნებად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის განმავლობაში.
ჩანაწერებში, რომლებსაც საკმაოდ ნიჭიერი ინკოგნიტო ავტორები წერენ, ქართველი მოზარდების, ე.წ. თინეიჯერების რეალური ცხოვრებაა ასახული, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ეს რეალობაა,
რომელიც სამწუხაროდ, ხშირად კიდევ უფრო სასტიკი და მტკივნეულია, ვიდრე ჩვენ გვგონია. დამცირება, შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა, ძალადობა, რომელსაც თანატოლის მიმართ სჩადიან, ძალადობა ოჯახში უფროსების მხრიდან, მშობლების უყურადღებობა ან ჰიპერმზრუნველობა, არასწორად განაწილებული პრიორიტეტები, პრობლემები, რომლებიც ბევრ ოჯახშია - ვალები, ლოთობა, აგრესია, სოციალური სიდუხჭირე... ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, გარემო, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან, გარემო, რომელიც, თუ არ შეიცვალა, კვლავაც გაზრდის მეტ მოძალადეს, მეტ დაბოღმილს, მეტ ჩაგრულს, მეტ უიღბლო და უბედურ ადამიანს... სწორედ ამ გარემოს შესაცვლელად არის მოწოდებული ეს პროექტი, იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა ჩაიხედოს ამ სარკეში და დაინახოს მასში საკუთარი თავი, საკუთარი მშობელი
თუ საკუთარი შვილი და არა მხოლოდ დაინახოს, ეცადოს, რომ მისი მხრიდან რისი შეცვლაც შეიძლება, ის შეცვალოს... ისევ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომლებიც სინამდვილეში ძალიან უსუსურები და დაუცველები არიან, თუმცა კი "დიდობანას" თამაშობენ და ძალიან ბევრ დიდ ტკივილს ატარებენ გულით... ეს ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მკითხველის და ერთი ჩვეულებრივი დედის პირადი ემოციაა და დიდი სურვილი, რომ ბევრმა მშობელმა შეხედოს თინეიჯერების პრობლემებს უფრო მეტად გახელილი თვალებით და არც ერთი მშობელი, არც ერთ ასაკში არ დაშორდეს თავის შვილს, მის პრობლემებს, მის ტკივილსა და სიხარულს...

თუმცა დავუბრუნდეთ პროექტს... პერსონაჟთა თავს გადახდენილი ამბების უმეტესობა ნამდვილი ცხოვრებიდან არის აღებული, პერსონაჟები, მათი დიალოგები და მათი ისტორიები იმდენად ნამდვილად ჟღერს, გეგონება, შენი მეზობლის ან თუნდაც შენი მეგობრის შვილის ამბებს კითხულობ (იმის წარმოდგენა ყველას გაუჭირდება, რომ მისი შვილიც ამ რეალობაში ცხოვრობს, არადა, სამწუხაროდ, დიდწილად ასეა)...
ჩვენ "კლასის" შემქმნელებს ვთხოვეთ, თავად ესაუბრათ ამ საინტერესო პროექტზე, რომელიც სულ სხვა, გაცილებით უფრო მწარედ რეალისტური თვალით უჩვენებს ყველას თინეიჯერების ნამდვილ ცხოვრებას.

- საინტერესოა, საიდან გაჩნდა პროექტის იდეა, ვინ მუშაობს მასზე და რა არის მთავარი მიზანი?
- საქართველოში ხმამაღლა თინეიჯერების პრობლემებზე არ საუბრობენ, ზოგადად მოზარდის ცხოვრება ზედმეტად უგულებელყოფილია და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც ამ ასაკიდან გამოდის, ივიწყებს თავის წარსულ გამოცდილებას და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად დაუთმოს ამ პრობლემებს რაიმე სახის ყურადღება. იგივე ბულინგის თემა ჩვენთან საერთოდ იგნორირებულია და მსხვერპლიდან დაწყებული - მოძალადით დამთავრებული არავინ ამ თემაზე არ საუბრობს. ყველას ერთი დიდი დაუწერელი "წესი" აქვს გათავისებული, რომ ეს პრობლემა არის აუცილებელი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. რაც ძალიან დიდი ტყუილია და არავის არასდროს არაფერში არ ეხმარება მსგავსი გამოცდილება. პირიქით, ძალიან ბევრ ფსიქიკურ ტრავმასთან არის დაკავშირებული, რომელიც ამა თუ იმ პრობლემაში იჩენს თავს უკვე მოზრდილ ასაკში. საზოგადოებაც არ იღებს პასუხისმგებლობას ამ დამახინჯებული ფსიქიკის ადამიანების წინაშე და პირიქით, მათ ადანაშაულებს იმაში, რომ ოდესმე მათზე ვიღაც ძალადობდა. გარდა ამისა, ის ყოფითი პრობლემები და თითქოს უწყინარ ყოველდღიური თემები საერთოდ არც განიხილება რამე დაბრკოლებად ან ფაქტორად მოზარდის ცხოვრებაში. იქნება ეს მშობლების ტყუილები თუ ბავშვებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა, იყვნენ ყველაზე მაგრები და პირველები. ხოლო კრახის შემთხვევაში ბავშვებზე მიდის უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა. რადგან, თუ მშობელს ამოჩემებული აქვს, რომ მისი შვილი ძალიან მაგრად უკრავს პიანონოზე და უნდა დაამთავროს შვიდწლედი და გამოვიდეს ძაან მაგარი პიანისტი, რომელიც საბოლოო ჯამში სუფრაზე "თბილისოს" დაკვრის მეტს არაფერს გააკეთებს ცხოვრებაში, არავინ ფიქრობს, რომ ბავშვს შეიძლება საერთოდ სხვა კუთხით განვითარება სჭირდება და ოჯახის არარეალიზებული კომპლექსები მას თავზე არ უნდა მოახვიონ. ეს ეტაპი ყველა ჩვენგანს აქვს გამოვლილი ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტის დაწყება, ხოლო მიზანი არის ის, რომ ოდესღაც ასევე ბავშვებს - ანუ მშობლებს, შევახსენოთ, რომ თავადაც არ იყვნენ კარგ დღეში და საჭიროა რაღაც შეცვალონ, თვითონ მაინც. რადგან ერთ დროს მეამბოხე ადამიანები შეიძლება ახლა თვითონ არიან უკიდურესი ტირანები და დიქტატორები. პროექტს ვაკეთებთ ორი ყოფილი ბავშვი, რომლებსაც ჩვენი წილი ბრძოლა გვაქვს გადატანილი თავის დროზე.

- რამდენად რეალურია ამბები, რომლებიც მოთხრობილია და თუ მონაწილეობენ მათ შექმნაში თავად ამ ასაკის მოზარდები?
- ამბები რეალურია. უმრავლესობა მათგანი ან ავტორებს გადახდა თავს, ან ავტორები გახდნენ მათი თვითმხილველები. ზოგიერთი ამბავი კი მკითხველმა გამოგვიგზავნა, ჩვენ კი ნოველებად ვაქციეთ.

- როდემდე აპირებთ ამ "პროზაული სერიალის" გაგრძელებას?
- ზუსტად გაწერილი ვადები არ გვაქვს, ვიდრე იქნება მოსაყოლი და მკითხველი, რომელსაც აინტერესებს, რა გვაქვს სათქმელი, მანამდე გავაგრძელებთ.

- თქვენი გადმოსახედიდან, ყველაზე მეტად რა პრობლემები აქვთ მოზარდებს? რა სტკივათ და რა უხარიათ?
- მაგ შეკითხვაზე პასუხს ვეძებთ ამ პროექტში და იმედია, მივაგნებთ ოდესმე. თუმცა ტრივიალურად რომ გიპასუხოთ - ყველას ბრალია. ჩვენი კულტურიდან დაწყებული, ისტორიითა და ტრადიციებით დამთავრებული.

- როგორი გამოხმაურება აქვს პროექტს უფროსი და უმცროსი ასაკის მკითხველის მხრიდან?
- გამოხმაურება ჯერჯერობით მკვეთრად პოზიტიურია და ყველას მოსწონს. განსაკუთრებით მოსწონთ შეულამაზებელი ენა, რომლითაც გადმოვცემთ ამ ამბებს.

- პროექტის ავტორები ალბათ ძალიან არ არიან დაშორებულები ამ ასაკს, საინტერესოა, მათი თინეიჯერობის პრობლემები თუ ჰგავს იმას, რაც ახლანდელ მოზარდებს აქვთ და მათ დროს რომ დაწერილიყო ეს ჩანაწერები, რა პრობლემები იქნებოდა უფრო აქტუალური?
- საკმაოდ დაშორებულები ვართ გმირების ასაკს, მაგრამ პრობლემები თითქმის იგივეა, მინიმალური განსხვავებებით - მაგალითად, თუ ჩვენს ბავშვობაში არ არსებობდა კიბერ-ბულინგი, ახლა არსებობს და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს. პრობლემების რეალურობას კი სხვადასხვა წყაროებთან ვამოწმებთ ხოლმე, ვიკვლევთ, ვსვამთ შეკითხვებს და შესაბამისად ვწერთ.

- მაინც როგორია ახალი თაობა, თქვენი გადმოსახედიდან და რა სურთ მოზარდებს ყველაზე მეტად?
- მოზარდებს სურთ, რომ მათ უსმენდნენ. მოზარდებს უნდათ მხარდაჭერა. მოზარდებს უნდათ თანაგრძნობა. მარტივად რომ გითხრათ, მოზარდებს უნდათ, რომ მათ სრულფასოვანი ადამიანებივით ეპყრობოდნენ. მათ ემოციებს და აზრებს ვგულისხმობთ, ცხადია და არა ვთქვათ, 9 საათის მაგივრად 11-ზე დაძინების უფლების მიცემას და ა.შ.

- რას ურჩევდით თქვენი პროექტის პერსონაჟების თანატოლების მშობლებს?
- მშობლებს ვურჩევდით, რომ ნუ მოახვევენ თავიანთ ცხოვრებას ბავშვებს. ჰკითხონ, რა უნდათ მათ. ნუ ასწავლიან და ნუ შეუქმნიან ფუჭ და უაზრო ღირებულებებს, რომლებიც მათი შვილებისთვის მავნეა და ძალიან ბევრი ადამიანი უნახავთ ცხვირწამტვრეული ან თვითონაც წაუმტვრევიათ ცხვირი მაგის გამო. წინა შეკითხვაზე რომ გიპასუხეთ, თუ რა უნდათ მოზარდებს, აი, ეგ გაითვალისწინონ.

- რას ეტყოდით სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ამ ასაკის მოზარდებთან მუშაობენ, თქვენი გადმოსახედიდან, რა არის მთავარი, რასაც მათ უნდა მიაქციონ ყურადღება?
- მასწავლებლებსაც იგივეს ვურჩევდი. და ასევე ვურჩევდი, ფავორიტიზმს ნუ გამოიჩენენ მოსწავლეების მიმართ, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბულინგისა. როდესაც თქვენ წარუმატებელ მოსწავლეს ეუბნებით, რომ ვინმე წარმატებული მოსწავლე მასზე უკეთესია, ხოლო თავად დებილია, უქნარა და არაფრის მაქნისი, ამით თქვენ დარტყმის ქვეშ აყენებთ იმ მოსწავლეს. და საერთოდ, გამოცდილება იმდენი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს, რომ მსგავსი სიტუაციების წაკითხვა შეეძლოთ. ნუ იქნებიან გულგრილები და ნუ აარიდებენ თვალს რაღაცებს. მათი პირდაპირი მოვალეობა ბავშვებს შორის ურთიერთობების ნორმალურად ჩამოყალიბება და ამ ბავშვების აღზრდაა. სკოლა მარტო დაზეპირებული ლექსების დაფასთან მოსაყოლად და ჟურნალის შესავსებად არ არის.

- რა მოლოდინები გაქვთ ამ პროექტთან დაკავშირებით? რა რეალური, პრაქტიკული შედეგები შეიძლება მოიტანოს მან?
- იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ამ პრობლემაზე საუბარს, რაც გამოიწვევს პრობლემების უფრო ნათლად წარმოჩენას და შემდეგ მათი გადაწყვეტის გზების ძებნას.

ლელა ზურებიანი
4022
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ძალიან
0
მომწონს
00:51 / 07-09-2015
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?