დასტრესილი ბავშვები და აღშფოთებული მშობლები ბოლო დროს მომრავლდა სასკოლო ოლიმპიადები, სხვადასხვა სახელწოდებით, სხვადასხვა საგანში და თითქმის ყველა ასაკობრივ კატეროგიაში. მშობლებს აქტიურად მოუწოდებენ, ჩაერთონ ამ ოლიმპიადებში, გამოსცადონ ბავშვის ცოდნა და ”გამოაწრთონ”, მიაღებინონ საკონკურსო გამოცდილება. უმრავლესობას ისე აქვს აწყობილი საქმე, პირველი ტური უფასოა, მეორე ტური კი, რომელშიც თითქმის ყველა ბავშვი გადადის, უკვე ფასიანია. მოტივაცია, რომ ბავშვი მეორე ტურში გადავიდა, სავსებით საკმარისია მშობლისთვის, დაუნანებლად გადაიხადოს თანხა მეორე ტურში, მერე - მესამე ტურშიც. თუმცა საბოლოო შედეგი ხშირად არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ხოლმე. დედების დიდი ნაწილი უჩივის არაორგანიზებულობას თავად ოლიმპიადების ჩატარების თვალსაზრისით, ასევე ხშირად არაადეკვატურ ტესტებს, რომლებიც (განსაკუთრებით საფინალე ეტაპზე) სრულიად არ ითვალისწინებს იმ ასაკობრივი კატეგორიის სავარაუდო ცოდნა-გამოცდილებას. ამ ყველაფრის შედეგად, ოლიმპიადაგამოვლილი ბავშვიცა და მშობელიც ხშირად რჩება დასტრესილი და აღშფოთებული. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მშობლის კომენტარს შემოგთავაზებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხი გაცილებით უკეთ გაკონტროლდება განათლების სამინისტროს მხრიდან და თავად ოლიმპიადების ორგანიზატორებიც ცოტა მეტს იფიქრებენ იმათზე, ვისაც ემსახურებიან - ბავშვებზე, და ცოტა ნაკლებს - შემოსავალზე.
აი, დაპირებული კომენტარებიც:
”ჩემი მეოთხეკლასელი შვილი ძალიან მონდომებული იყო სულ და აქამდე თითქმის ყველა ოლიმპიადაზე გამყავდა. ამ სფეროში უკვე ისე კარგად ჩავიხედე, გაგონებაც აღარ მინდა. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ:
ერთ-ერთ ოლიმპიადაზე არ ჰქონდათ ორგანიზებული ელემენტარულად, რომ ბავშვს გამოეტანა ტესტის შავი ვარიანტი. როცა პირველი ტურის შედეგები გამოქვეყნდა, გამიკვირდა, რომ ჩემს შვილს დაბალი ქულები ჰქონდა და დავინტერესდი, თავად მენახა, რა დაწერა. მოვიძიე ოლიმპიადის ჩამტარებელთა მისამართი და ერთი უბადრუკი შენობის უბადრუკ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც სრულიად ქაოტურად ეყარა ბავშვების ნაწერები. რომ მოვიკითხე, ძლივს იპოვეს ჩემი შვილის ნაწერი. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სწორად ჰქონდა გაკეთებული (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეორე კლასში იყო და ამ კლასისთვის სრულიად შეუფერებელი გახლდათ ტესტის შეკითხვები). რომ ვიკითხე, რატომ მიიღო ამის მიუხედავად დაბალი ქულები, მიპასუხეს, რომ ალბათ რაღაც შეეშალათ (!). მერე ბოდიში მომიხადეს, ახლა ვეღარაფერს შევცვლით და შემდეგში სცადეთო... გავლანძღე და წამოვედი.
მეორე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ბავშვი შევიდა და კარგა ხანს აღარ გამოვიდა. გამიკვირდა, რადგან ნიჭიერია და მალე წერს ხოლმე ტესტებს. 20 წუთის მერე სახეგაფითრებული გამოჩნდა. წყალი დავალევინე, მოვასულიერე და რომ ვკითხე, რატომ შეაგვიანდა, მიპასუხა, გამოსასვლელი ვერ ვიპოვეო... მეორეკლასელი ბავშვი უშველებელი სკოლის დერეფნებში მარტო დადიოდა, გასასვლელს ვერ პოულობდა და ნეტავ ამ დროს სად იყვნენ ორგანიზატორები, რომელთაც ბავშვზე უნდა ეზრუნათ? ამგვარი რამდენიმე შემთხვევის შემდეგ საერთოდ მივანებეთ თავი ოლიმპიადებს. ჩვეულებრივი ფულის მახეა. ამასაც შევეგუებოდი და ფულს გადავიხდიდი ბავშვის კეთილდღეობისთვის, მაგრამ სინამდვილეში მისთვის ეს სტრესი უფროა, ვიდრე რაიმე დადებითის მომტანი”.
ნინო
”ჩემი შვილი ინგლისურის ოლიმპიადაზე მყავდა ერთხელ. პირველ ორ ტურში 100-100 ქულა მიიღო და ისეთი ბედნიერი იყო, მოუთმენლად ელოდა მესამე ტურს. მოულოდნელად მესამე ტურში პირველი ორისგან სრულიად განსხვავებული და რაც მთავარია, მისი ასაკისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საკითხები დახვდა. ამას განსაკუთრებულად მომზადებული ბავშვი თუ უპასუხებდა, თორემ სად არ ვიკითხე და არც ერთ საჯარო თუ კერძო სკოლაში მეორეკლასელი ბავშვები მსგავს საკითხებს ჯერ არ სწავლობდნენ. ანუ განგებ იყო გართულებული რომელიღაც კატეგორიისთვის, რომელიც ალბათ უნდა გასულიყო ფინალში. რაც მთავარია, სრულიად ანულირდა პირველ ორ ტურში მიღებული ქულები (ანუ აზრი არ ჰქონია, იქ 100-ს მიიღებდი თუ 50-ს), და მხოლოდ მესამე ტურის შედეგებით მოხდა საბოლოო დასკვნების გაკეთება. ბავშვი, რომელსაც ეგონა, რომ საუკეთესოდ მიდიოდა წინ და ელოდა, მინიმუმ დიპლომს მაინც აიღებდა, ისეთი ატირებული და განერვიულებული გამოვიდა, რამდენიმე დღე გაჰყვა ეს სტრესი. მეც ვერ ავუხსენი, რატომ მოხდა ასე და უბრალოდ, დავპირდი, რომ აღარასდროს ჩავაგდებდი ასეთ მდგომარეობაში და აღარ გავიყვანდი ოლიმპიადაზე”.
ლალი
”დღეს ჩატარდა მათემატიკის ოლიმპიადა მე-2 კლასელთათვის. თუ ამას ჩატარებას დავარქმევთ. საშინლად არაორგანიზებული. 12 საათზე შეყვანილი ბავშვების გამოყვანა 2 საათზე დაიწყეს. საშინლად დასტრესილები გამოდიოდნენ. 3-ის ნახევარი რომ გახდა და ჩვენი ბავშვები არსად ჩანდნენ, მივედით შესასვლელთან. ერთმა ბიჭმა ასეთი პასუხი გამცა, ჩამოიყვანენ, ქალბატონო, თქვენი ბავშვი ვის რად უნდაო (ხომ მაგარია). ბოლოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მკითხა, რა გვარია თქვენი ბავშვი, ჩამოგიყვანთო. როგორც იქნა, გამოჩდნენ და აღმოჩნდა, რომ მთელი სამი საათი უაზროდ აყურყუტეს, ტესტი არ მისცეს დასაწერად, ბევრი ბავშვი მოვიდა და არ გვეყოო. იმის პასუხად, ტყუილად რატომ დასვით ბავშვები და რატომ არ ჩამოიყვანეთო, ვიღაც დათომ თუ გიორგიმ ისტერიკა მოაწყო და გვიპასუხა, მე რა ვალდებული ვიყავი, თქვენი ბავშვებისთვის მედევნა, ნერვები აღარ მაქვსო და სავსე ბოთლი კედელს შეანარცხა. ვიღაც ბავშვი ტუალეტში არ გაუშვეს და ჩაიფსა. მამამისი დასაბმელი იყო... ერთი ბავშვი მე-8 სართულზე ჩამოიყვანა ვიღაც ბიჭმა და უთხრა, მე ტუალეტში მივდივარ, შენ წადიო (ამას ეუბნებიან 7 წის ბავშვს). აღმოჩნდა, რომ ისეთი ბავშვები, ვისთვისაც ტესტი არ ეყოთ, საკმაოდ ბევრი იყო. საგიჟეთი იყო. ეს ყველაფერი ტელეფონით გადავიღეთ და აუცილებლად მიეცემა შესაბამისი მსვლელობა. თქვენ კი ჩემსავით მონდომებულო მშობლებო, დაანებეთ ბავშვებს თავი, მით უმეტეს ასეთ პატარებს და აცადეთ მშვიდად გაატარონ ბავშვობა, ნუ ჩაუგდებთ ხელში ისეთ გაუწონასწორებელ ადამიანებს, როგორებიც ამ ოლიმპიადების ორგანიზატორები და მომსახურე პერსონალი არიან. ვიდეოებს მოგვინებით ავტვირთავ... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ...”
თამუნა
”ძაან დიდი ბოდიში ყველასთან, მარა მეორეკლასელი ბავშვის მათემატიკის ოლიმპიადაზე გაყვანა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ოლიმპიადის ნიჭიერი ავტორის გამდიდრებას”.
ირმა
...მსგავსი კომენტარები ალბათ ამ სტატიასაც მოჰყვება და ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებზეა პასუხისმგებელი, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან ამ საქმეს, რომ ნაკლები ბავშვი და მშობელი დარჩეს მინიმუმ უკმაყოფილო და მაქსიმუმ - დასტრესილი.