"რომ არ ჩატყდეს ხიდი მშობელსა და ბავშვს შორის, ორივე მხარემ რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭოს", "ადამიანები ერთმანეთს "ზმანით" და "აიფონით" აფასებენ..." როგორ ხედავენ დედებისა და ბებიების თაობას ჩვენი თინეიჯერები? საინტერესოა, ხომ? ჩვენი საიტის ერთგულმა მკითხველებმა და აქტიურმა გოგონებმა, რომლებიც არაერთხელ დაგვეხმარნენ მსგავსი დავალებების შესრულებაში, ამჯერადაც არ დაიზარეს და მოკლედ აღწერეს, როგორია მათი გადმოსახედიდან დედებისა და მამების, ბებიებისა და პაპების თაობა. ისინი 14-15 წლისანი არიან და აი, ასე ხედავენ თაობათა შორის ურთიერთობებსა და პრობლემებს.
"ძველი და ახალი თაობის შეხედულებები, ინტერესები, გემოვნება, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან - ეს არცაა გასაკვირი, თაობათა ურთიერთობის საკითხი ნებისმიერი ეპოქისათვის მტკივნეულია. შვილებსა და მშობლებს შორის დიდი კედელი აღიმართება ხოლმე. უფროსები თვლიან, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, შეუძლიათ ცუდისა და კარგის გარჩევა, ამიტომ ხშირად მოძღვრავენ შვილებს. რა თქმა უნდა, მათ კეთილი სურვილები ამოძრავებთ, მაგრამ ხანდახან მშობლები არ ითვალისწინებენ რაღაცებს, მათ შორის გარდატეხის ასაკს. პერიოდს, როდესაც ბავშვის ცნობოიერებაში ცვლილებები ხდება. ყველას სხვადასხვანაირი გარდატეხის ასაკი აქვს. ზოგი უხეში ხდება, ზოგს გული აუცრუვდება ხოლმე სწავლაზე, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ, მშობელი შვილის მიმართ გამგები უნდა იყოს. ერთ უხეშად ნათქვამ სიტყვასაც შეუძლია არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბოს ბავშვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
ახალ თაობას მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღება სურს. ზოგიერთი უარს ამბობს წიგნების კითხვაზე, მშობლების რჩევების გათვალისწინებაზე. აქვთ განსხვავებულიშეხედულებები სიყვარულზე, ოჯახზე, განათლებაზე და ა.შ. იმისთვის, რომ არ ჩატყდეს ხიდი მშობელსა და ბავშვს შორის, ორივე მხარემ რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ჰარმონიულ, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას თაობათა შორის".
ნანო კვარაცხელია
* * *
"შეიძლება ითქვას, რომ თაობებს შორის დიდი უფსკრულია. მათ ხშირად აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, კამათი ამა თუ იმ თემაზე. თაობებს შორის ურთიერთობა რთული ფენომენია და ბევრ ისეთ პრობლემას მოიაზრებს, რომლის გამოც თაობათა შორის ხიდი ტყდება.
ბებია-ბაბუის თაობა უფრო მეტად დაშორებულია ჩვენგან, ჩვენი თაობისგან, ის რაც დღევანდელობაში მოდაშია და ხალხს მოსწონს, მათთვის სრურლიად მიუღებელია.
იცვლება დრო, მოდა, აზრი, ხედვა და ტყდება ხიდი ძველ და ახალ თაობებს შორის. დახეული ჯინსები ყველაზე ადვილია მაგალითის მოსაყვანად. ხშირად გამიგია ბებიას გულუბრყვილო სიტყვები: "მოდი, შვილო, შეგიკერავ, შეგცივდება".
იმდენად დაშორდნენ თაობები ერთმანეთს, რომ მათ საერთო ენაც არ აქვთ სასაუბროდ. ადრე თუ ბავშვთა გასართობი მულტფილმები და ჟურნალ-გაზეთები იყო, ახლა კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა თანამედროვე ტექნიკაა. ალბათ ესეც ხშირად გაგიგონიათ ძველი თაობისგან: "შენხელა რომ ვიყავი, სწავლის მეტი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ეს მადარდებდა და მაღელვებდა, შენ კი... ეჰ, რა თაობა მოდის".
ადრე თუ გოგონა 16-17 წლის ასაკში მზად იყო, შეექმნა ოჯახი, ახლა განვითარდა თაობა, დაიხვეწა, ამ ასაკში სწავლობენ, ხოლო შემდეგ წვეტენ, რა სურთ ცხოვრებაში.
ადრე თუ მამაკაცი სამსახურში, ქალი კი "კუხნაში" იყო, ახლა დაიმსხვრა ეს სტერეოტიპი, გენდერული თანასწორობაა და ქალი სურვილისამებრ ირჩევს საკუთარ საქმეს.
მაგრამ არის ის ყველაზე მთავარი, რაც არ შეიცვალა, ეს პატრიოტიზმია. სამშობლოს სიყვარული ადრეც და ახლაც არ განელებულა. ახლაც მზად ვართ ახალი თაობა, სამშობლოსათვის ყველაფერი მოვიმოქმედოთ".
ანა გულაშვილი
* * *
"სამყარო დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება, ტექნოლოგიურადაც, ფიზიკურადაც და გონებრივი შესაძლებლობებითაც. დღესდეობით ჩვენი ბებია-ბაბუების თობისგან განსხვავებით ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაციის და ვფიქრობ, რომ ეს ხელს უნდა უწყობდეს მეგობრობას, მაგრამ ძველად უფრო მტკიცე მეგობრობა იყო, ვიდრე დღეს... დღეს განათლების მიღება და სწავლა თითოეულ ადამიანს შეუძლია უმაღლეს დონეზე, ძველად კი ამის საშუალებაა არ იყო... ჩვენს თაობას აქვს მეტი თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის, პოტენციალის გამოვლენის უფლება... დღსდღეობით ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გარდა ხალხისა, ფასეულობებისა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერმა ფასი დაკარგა, პატიოსნებამაც, მეგობრობამაც... ადამიანები ერთმანეთს "ზმანით" და "აიფონით" აფასებენ, ძველად კი ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა... რა თქმა უნდა, ჩვენი ბებია-ბაბუების დროსაც იყვნენ ცუდებიც და კარგებიც... როდესაც ჩემი დიდი ბებიის მონაყოლს ვისმენ, ვხვდები, რომ ამ განვითარებამ ადამიანს ბევრი ზიანიც მოუტანა და რწმენა შეურყია... მე მაინც მომწონს ჩემი თაობა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი რამდენიმე წლით ჩემი ბებია-ბაბუის დროს ან თუნდაც მეთვრამეტე საუკუნეში..."
თაკო ლათიბაშვილი
* * *
"რევაზ ინანიშვილს დავესესხები და გეტყვით, რომ "ახლა სული მტკივა... რატომ მტკივა სული? მეჩვენება, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს". მეშინია... ადამიანები თანდათან მტაცებლებს ემსგავსებიან...
განსხვავება დღევანელსა და "ძველ" თაობას შორის ბევრია, მაგრამ პირველად თვალში ის დიდი სიყვარული და ერთურთის პატივისცემა მხვდება, რისი დეფიციტიც დღეს ასე აშკარაა. ადრე უფრო ხალასი, წრფელი ურთიერთობები იყო. ადამიანები ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ერთურთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ჩვენი თაობა კი დისტანციური, ვირტუალური სამყაროთი კმაყოფილდება. თითქოს ყველა უყვართ და თან არავინ, თითქოს ყველა ადარდებთ, თითქოს კეთილშობილები არან, თუმცა პატარა შეკამათება საკმარისია, რომ დაუნდობლად გაუსწორდნენ ერთურთს.
დღესდღეობით იმაზეც გვიწევს საუბარი, რომ კაცმა ქალზე ხელი არ უნდა აწიოს, რომ მათ ერთნაირი უფლებები აქვთ. არადა, ნამდვილ მამაკაცს ხომ უნდა შეეძლოს, ქალი გააბედნიეროს, მისი სიყვარული ქალის გაბედნიერებულ თვალებში ამოიკითხოს. "ძველ" თაობაში, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, არც მაჯის ზემოთ კოცნას მოითხოვდნენ და საყვარელი ქალისთვის მშვილდივითაც იდრიკებოდნენ, ხელის თხოვნაც არ სწყინდებოდათ... ასეთი სიყვარული დღესაც არსებობს, მაგრამ ათასში ერთი.
ხშირად გამიგია, რომ ამბობენ, თითქოს ჩვენი თაობა უფრო განვითარებულია. ეს რაღაც მხრივ მართალია. თუმცა სასურველია, განათლება მეტი იყოს, რადგან ყოველი უბედურება უვიცობიდან მოდის.
ძველ თაობასაც ჰქონდა უდიდესი ნაკლი, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში დღესაც აქტუალურია. ეს არის სისხლის აღების, სიკვდილით დასჯის უსასტიკესი წესი. ადამიანი ხომ ღვთის სახედ და ხატად შეიქმნა, შესაბამისად არავის აქვს უფლება, სხვისი სიცოცხლე ხელყოს. ნეტავი, უფლის მსგავსად, კეთილშობილები ვიყოთ და უანგაროდ ვშრომობდეთ. მაგრამ ალბათ, სიკეთე ბოროტების გარეშე ვერ იარსებებს.
მაინც მაქვს იმედი, რომ ჩვენს თაობაში ბევრი შეძლებს გახდეს ადამიანი, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის, ისეთ თაობად ჩამოვყალიბდებით, რომ "ძველებიც" იამაყებენ ჩვენით, კარგ სახელს დავტოვებთ და კარგი მაგალითიც გავხდებით შთამომავლობისთვის. "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა".
თაკო სვიმონიშვილი
* * *
"დღეს XXI საუკუნეა, წარსულისგან განსხვავებით, ჩვენს საუკუნეში ყველაფერი შეცვლილია. დედაჩემის და მამაჩემის დროს სხვაგვარად იყო ყველაფერი. მაგალითად, "მოდა". ახლა მოდაშია დახეული ჯინსები, მოკლე კაბები... გაივლი ქუჩაში დახეული ჯინსებით და დაიწყებენ დედაჩემის ტოლი მეზობლები ჭორაობას. ბევრჯერ გამიგონია: "სხვა არაფერი აქვს ნეტავ სახლში?!" "რაში ყრიან ფულს". ამ ხალხს, უფრო სწორად ასეთ ხალხს არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ. არ ვამტყუნებ იმის გამო, რომ იმ დროს, როდესაც ისინი ჩვენხელები იყვნენ, ასეთი რაღაცები არ იყო და ახლა ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ. ყველას თავისი შეხედულება აქვს, ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ ისეთის არა, რომ სხვებს შეურაცხყოფა მიაყენონ. მაგალითად, დედაჩემი ასეთი არ არის და არც მამაჩემი, რომ რამის ჩაცმა დამიშალონ, მაგრამ არც ზღვარს უნდა გადავაბიჯო. ახლა ტატუ, პირსინგია მოდაში, მაგრამ მე არ მომწონს. რომც მომწონდეს, დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთების უფლებას მშობლები არ მომცემენ. არ ვიცი ახლა, მე მოდას ჩამოვრჩი თუ არა, მაგრამ არ მომწონს.
იმ დღეს "ბიბლუსში" წავედი, რომ ლიბერთინსის ახალი წიგნი მეყიდა - "წყლის საიდუმლო". ამ გამომცემლობის წიგნებს ხშირად ვყიდულობ და ვკითხულობ, ძალიან მაინტერესებს. როდესაც მამაჩემთან მივედი ფულის გამოსართმევად, წიგნი უნდა ვიყიდო-მეთქი, რა თქმა უნდა, უარი არ მითხრა, მაგრამ თან შემეკითხა - რა წიგნი უნდა იყიდოო?! წყლის საიდუმლო-თქო, რომ ვუთხარი, ძალიან გაუკვირდა. - ჯერ ქართული წიგნები წაიკითხე, ჯობია, და მერე უცხოურებიო. მე ვუთხარი: - მა, მე ეს წიგნები მომწონს, მაინტერესებს და ვკითხულობ-თქო. რა თქმა უნდა, აღარ შემეწინააღმდეგა...
დღევანდელი თაობა ძალიან განსხვავდება ჩვენი დედ-მამის, ბებია-ბაბუის თაობისგან. მაგრამ ისიც არ ვიცით, მომავალში ჩვენი შვილები, თუნდაც შვილიშვილები როგორ იცხოვრებენ და ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამ ყველაფერს".
ანი დაუთაშვილი