რომელ ასაკში უნდა დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენა უკვე დიდი ხანია ბავშვებს უცხო ენის სწავლას ადრეული ასაკიდანვე აწყებინებენ. ზოგჯერ უცხოენოვან ძიძას ქირაობენ ან უცხოენოვან საბავშვო ბაღში შეჰყავთ. ანუ ძალიან ბევრ პატარას ორ ენაზე უწევს საუბარი და მოსმენა. კარგია ეს თუ ცუდი?
მეცნიერებმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დაადგინეს, რომ ბავშვისთვის სასარგებლოც კია ორი ენის გარემოცვაში ყოფნა და ორივეზე საუბარი. მაგრამ საინტერესოა, ადამიანს ბავშვობაში ნასწავლი უცხო ენა ამახსოვრდება თუ მალევე ავიწყება?..
კანადელმა მეცნიერებმა კვლევას რამდენიმე წელი მიუძღვნეს, დასკვნა კი სამედიცინო კონფერენციებზე და ჟურნალებში წარმოადგინეს.
მეცნიერებს აინტერესებდათ ორენოვან გარემოში აღზრდილი ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები. მათ 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები სამ ჯგუფში გააწევრიანეს: პირველ ჯგუფში მოხვდნენ ბავშვები, რომლებიც ერთენოვან ოჯახებში იზრდებოდნენ და მხოლოდ ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ.
მეორე ჯგუფში გაწევრდნენ ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ჩინეთში, სამ წლამდე იზრდებოდნენ სამშობლოში და მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ისინი კანადაში, უცხო ოჯახებში მოხვდნენ, სადაც არავინ საუბრობდა მათ მშობლიურ ენაზე და ბავშვებს ფრანგული ენის ათვისებამ მოუწიათ.
მესამე ჯგუფის წევრები კი ბილინგვისტურ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც მშობლები ორ ენაზე - ფრანგულსა და ჩინურზე საუბრობდნენ.
სპეციალისტებმა ბავშვებს მოსთხოვეს, წარმოედგინათ ფსევდო-ფრანგული სიტყვები, ანუ სიტყვები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, მაგრამ ჟღერს ისე, როგორც გამოთქმა მოითხოვს. ცდის დროს პარალელურად ბავშვებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ. მეცნიერებს აინტერესებდათ, ტვინის რომელი ნაწილი იქნებოდა ცდის დროს ყველაზე აქტიური.
ყველა ბავშვმა კარგად გაართვა თავი გამოცდს. მაგრამ ტომოგრაფიამ გამოავლინა, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში სწავლობდნენ ან იცოდნენ (ესმოდათ, საუბრობდნენ) უცხო ენა, დიდობაში მისი აღდგენა, გახსენება შეეძლოთ, რადგან ტვინი წლების განმავლობაში ინახავს შეთვისებულ ინფორმაციას.
ამ კვლევის შედეგით გამოდის, რომ ბავშვი რაც ადრე დაიწყებს ენის სწავლას, მით უკეთესი. თუმცა ამ პრაქტიკას თავისი ნიუანსები გააჩნია, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
რაც ადრე, მით უკეთესი
მშობელთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრების სასარგებლოდ იხრება და მზად არის, 2-3 წლის ბავშვს უკვე პედაგოგი დაუქირავოს. ადრეული შესწავლის თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბავშვი გაუცნობიერებლად გაიმეორებს სიტყვებს და საბოლოოდ, დაიმახსოვრებს მათ. ეს მეთოდი გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ყოველდღიურად და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება უცხოენოვან გარემოში. საამისოდ კი არა პედაგოგის, არამედ უცხოენოვანი გუვერნიორის დაქირავება მოგიწევთ, ვინც მთელ დღეს ბავშვის გვერდით გაატარებს. შეგიძლიათ, სპეციალიზებულ უცხოენოვან საბავშვო ბაღსაც მიმართოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვისთვის ეს ახალი ენის გაცნობა უფრო იქნება, ვიდრე ენის გააზრებული შესწავლა.
იდეალური ასაკი
პედაგოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან: ყველაზე ოპტიმალური საბავშვო ასაკი, როცა ენის შესწავლის დაწყება ღირს, 5 წელია. ამ დროისთვის ბავშვს სიტყვათა საკმარისი მარაგი აქვს და მშობლიური ენის სტრუქტურასაც აცნობიერებს. ეს ყველაფერი უცხო ენის ათვისების აუცილებელი ფუნდამენტია.
და კიდევ, გთავაზობთ მეტყველების თერაპევტ ეკა ჭავჭავაძის მოსაზრებას ამ საკითხზე:
- ორენოვან ოჯახებში ხშირია, როდესაც 3-4-5 წლის ასაკში თავისივე გამოგონილი სიტყვებით საუბრობს. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ორენოვნებაა.
რაც შეეხება მეტყველებას, განსაკუთრებით საზიანოა, როცა პატარები რამდენიმე ენაზე გახმოვანებულ ფილმებს მეტყველების აქტიური განვითარების პერიოდში - 2-4 წლის ასაკში უყურებენ. მშობლებს დასაწყისში ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ კიდეც, როცა მათი პატარა საუბრისას გამოგონილ, უცხოურ სიტყვებს იყენებს, თუმცა რამდენიმე ხანში რწმუნდებიან, რომ იგი სრულფასოვნად ვერცერთ ენაზე ვერ საუბრობს და გარდა ამისა, დარღვეული აქვს ენის გრამატიკული შენება, ვერ ახერხებს პირისა და რიცხვის შეთანხმებას, დროების სწორი ფორმის შერჩევას და ა.შ. ამგვარი საუბრის გამო ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობაშიც, მათი არ ესმით, გაურბიან მათთან თამაშს, რაც უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების სათავეც ხდება. მინდა შეგახსენოთ, ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი გვირჩევდა: 5 წლამდე ბავშვს მხოლოდ ერთი ენა უნდა ესმოდეს, მხოლოდ მის შემდგომაა გამართლებული მეორე და მესამე ენის შესწავლაო. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი პატარას 4-5 წლამდე უცხო ენა ესმოდეს, იგი ჯერ საკუთარ, მშობლიურ ენაზე უნდა ამეტყველდეს და მხოლოდ მშობლიური ენის სამეტყველო
მატრიცის ფორმირების შემდგომაა რეკომენდებული მასზე უცხო ენების დაშენება.
- როგორ მოქმედებს მეტყველებაზე ბავშვის ისეთ გარემოში (ოჯახში) ყოფნა, სადაც რამდენიმე ენაზე საუბრობენ?
- ბილინგვიზმი - ორ ენაზე საუბრის უნარია, ბილინგვი - ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანია.
უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ორ ენაზე მოსაუბრე ბავშვების რიცხვმა, ეს შესაძლოა განსხვავებული ეროვნების მშობელთა დამსახურებაა, უცხო ენაზე მოსაუბრე ძიძასთან კონტაქტს უკავშირდება ან უცხოეთში ცხოვრებას, როდესაც პატარას მშობლიური ენა მხოლოდ შინ ესმის, დიდ დროს კი განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე საზოგადოებაში ატარებს. მშობლებს თითქმის ყველთვის უხარიათ და ამაყობენ პოლიგლოტი შვილით, თუმცა საკმაოდ მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ორ ენაზე მოსაუბრე შვილი სრულფასოვნად ვერცერთს ვერ ფლობს. ბილინგვად მიჩნეულია ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საუბრობს ორ ენაზე, არამედ სრულად ფლობს ორივე ენის კულტურას, გრძნობს მის გრამატიკულ შენებას, იდიომებს, ესმის ხუმრობები და ა.შ.
თუ თქვენს ორ ენაზე მოსაუბრე პატარას ამჩნევთ:
- ტიპურ გრამატიკულ შეცდომებს უშვებს ორივე ენაზე საუბრისას;
- ერთმანეთში კონტექსტის გარეშე ურევს სიტყვებს;
- აზრის გადმოცემა უჭირს;
- ნერვიულობს ამბის თხრობისას;
- ერთი შეხედვით, აუხსნელი პანიკის შეტევები ეწყება.
აუცილებელია, აჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს, რათა დროული დახმარებით იგი გაერკვეს და მეტყველების ფუნქციის განვითარება არ შეფერხდეს.
ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამოსწორება შედარებით რთულია და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.