ყველაფერი კარგადაა, გადავრჩით. — თან ტიროდა. — გეხვეწები, დედიკო, აღარ გააკეთო ასეთ რამე ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ამ პროექტს (იხილეთ სტატია). პროზაულ სერიალში ქართველი მოზარდების, ე.წ. თინეიჯერების თანამედროვე ცხოვრება ასახული, რეალისტურად და შელამაზების გარეშე. მათი ყოველდღიურობა - ბულინგი, ძალადობა, ბილწსიტყვაობა, დაძაბული ურთიერთობები ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში... ჩვენ შიგადაშიგ გთავაზობთ პატარა ნაწყვეტებს ამ ჩანაწერებიდან. ეს სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ბექა რაზმაძის ჩანაწერიდანაა:
"არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე ინტერნეტის ვარსკვლავი გავხდებოდი. საერთოდ ამ ტიპის ადამიანებთან და გასართობთან საერთო არასოდეს მქონია. ამერიკელი ბავშვების ვიდეოებს ბევრს წავწყდომივარ იუთუბზე და ძირითადად კომენტებში “GAAAAAY”-ს ვუწერდი ხოლმე. რომელიღაც ვიდეოზე ვნახე პირველად და მოვკვდი სიცილით. იმის მერე გადავწყვიტე, რომ გინების და სხვა დებილობების წერას მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მიმეწერა. მერე ვიღაცები შემოდიოდნენ ჩემს კომენტარზე, რაღაც დიდი ტექსტებს მიწერდნენ ინგლისურად და მეც საპასუხოდ ისევ “GAAAAAAY”-ს ვუწერდი. ერთად ერთი ვისზეც არასოდეს დამიწერია მასეთი რამე, გეიმერები იყვნენ და ისიც იმიტომ რომ სასარგებლო ვიდეოებს პოსტავდნენ. რაღაც თამაშში რო ვერ გავდიოდი, დავსერჩავდი იუთუბზე და მერე ვუყურებდი როგორ უნდა გავსულიყავი. საერთოდ ინტერნეტთან დიდად კარგი დამოკიდებულება არც არასოდეს მქონია. ფეისბუქზეც რაღაც დებილობა ნიკი დავირქვი, ჩემი ფოტოებიც არ მეყენა, მანქანა და ვიღაც ნაშები მქონდა პროფილის ფოტოდ და ჩემს კლასელებს და მეგობრებსაც ვუკრძალავდი ჩემი ფოტოების დადებას. ვატყუებდი, მამაჩემს არ უნდა, რომ ჩემი ფოტოები ჟურნალისტებმა აიღონ და ყურადღების ქვეშ ვიყო-თქო. სინამდვილეში, პროსტა არ მევასება.
იმიტომაც იყო რო ძაან დავიშოკე, როცა ერთ-ერთმა ონლაინ გაზეთმა ვიდეოში ამომიცნო და ეგრევე ჰედლაინად გაუშვა “დეპუტატის შვილს სკოლაში სასტიკად ექცევიან". მერე დაიწყო ამ სტატიის და ვიდეოს გადაშეარება, მთელმა კლასმა გადააშეარა, ზოგი მესენჯერში მწერდა, რა მოხდაო, ეს რა არისო, ზოგმა დაცინვაც დამიწყო. ყველაზე მეტად უცხო ხალხის რეაქციამ გამაოცა. ყველა საიტზე შევედი, რომელზეც ვიდეო დადეს, მაინტერესებდა რას ამბობდნენ. უმეტესობა მაგინებდა. ღირსიაო, წერდნენ. მამამისი როგორი ჩმორიცაა ისეთი ჰყავს შვილიცო, ცოდვებმა უწია ოჯახსო და ეგეთი რაღაცები.
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იმ მომენტში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე ბოროტად მოიქცნენ მთელი ცოხვრება სინდისის ქენჯნით იცხოვრებდნენ. მაგრამ მგონი არც მაგაზე მიფიქრია. ცოტა აზრზე რო მოვედი, უკვე პალატაში ვიყავი, მგონი პირველმა აზრმა სწორედ მაგან გამიელვა თავში და ალბათ მაგიტომ მახსოვს, რომ მაშინაც მაგაზე ვფიქრობდი.
პალატაში მარტო ვიწექი, სხვა არავინ იყო. ტელევიზორი იყო დაბალ ხმაზე ჩართული და დედაჩემს ჩემს გვერდით ეძინა. რამდენი დღე ვიყავი გათიშული არ ვიცი. თავიდან ვერც მივხვდი სად ვიყავი.
— დე, — ძლივს ამოვთქვი, პირი მქონდა გამშრალი და საზიზღარი გემო მქონდა. ენა კბილებზე მოვისვი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაჭმუჭნილი ტილო მედო პირში, ზედ რაღაც საშინელი ბლანტი ნადებით. დედაჩემმა მაშინვე წამოყო თავი; რომ დაინახა თვალი გახელილი მქონდა და მას ვუყურებდი წამოხტა, მომვარდა და კოცნა დამიწყო. თან ტიროდა.
— სად ვართ?
— საავადმყოფოში. ყველაფერი კარგადაა, გადავრჩით. — თან ტიროდა. — გეხვეწები, დედიკო, აღარ გააკეთო ასეთ რამე.
— მამა სად არის?
— დავურეკავ ახლა და მოვა. ძალიან განერვიულებული არის. გიჟს გავს, სამი დღე და ღამეა არ უძინია. მეც ცოტა ხნით ჩამეძინა წეღან და შენც დამიძახე.
— სამი დღეა აქ ვართ?
— ჰო. როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა? მოიცა ექიმს დავუძახებ.
ტკივილით არაფერი მტკიოდა. მერე მითხრეს, გამაყუჩებლები გაქვს ბევრიო და ალბათ მაგიტომ. მტკიოდა კი არა ფეხებს ვერ ვგრძნობდი საერთოდ.
— გამარჯობა — გამიღიმა ექიმმა — როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა?
— კარგად. არა, არაფერი მტკივა.
— ზურგი? წელი? ხერხემლის მიდამოებში ხო არ გაქვს ტკივილები?
— ტკივილები არა, რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება მაქვს.
— არაუშავს. — საბანი ფეხებზე გადამხადა და ჯიბიდან რაღაცა ხელსაწყოსავით ამოიღო. — აბა, მითხარი ხო არ გტკივა?
— არა, მარა ვერ ვგრძნობ საერთოდ.
— არაუშავს, ბევრი გამაყუჩებელი გაქვს და მაგის ბრალია.
— დედაჩემი სადაა?
— გარეთ, მამას ელაპარაკება და შემოვა. კარგი, მე წავალ ახლა და საღამოს კიდევ შემოგივლი, ხო? ჭამე რამე?
— არა!
— არ გშია.
— კი, ძალიან.
— კარგი, ვეტყვი ახლა დედას და გაჭმევს რამეს. აბა შენ იცი. განაგრძეთ კითხვა