რა წავაკითხოთ დღევანდელ ბავშვებს
რა წავაკითხოთ დღევანდელ ბავშვებს
ვერ ნახავთ მშობელს, რომელიც არ ოცნებობდეს წიგნიერ შვილზე. რას არ ვაკეთებთ, რომ კითხვით დავაინტერესოთ - ვყიდულობთ ნაირ-ნაირ გამოცემებს, ვუყვებით, რა სიამოვნებას ვიღებდით ბავშვობაში ამა თუ იმ წიგნის კითხვისას, ვაძალებთ, ხელში ვაჩეჩებთ, ნამუსზე ვაგდებთ... ერთი სიტყვით, ყველა ხერხს ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობა იშვიათად იღებს სასურველ შედეგს. უფრო სწორად, შეიძლება წავაკითხოთ რამდენიმე გვერდიც და მთელი წიგნიც, მაგრამ ეს სავალდებულო სამუშაოს უფრო ჰგავს ხოლმე, ვიდრე ნამდვილი მკითხველის ინტერესს და ძალიან იშვიათია, ბავშვმა თავისი
ინიციატივით დაიწყოს რომელიმე წიგნის კითხვა.
ამ პრობლემას დღეს უამრავი მშობელი აწყდება. ინტერესი წიგნის მიმართ - აი, ამის მიღწევა ჭირს ყველაზე მეტად. დავავალეთ? წაიკითხა, მაგრამ გაგრძელების ინტერესი თუ არა აქვს, თუ არ ეფიქრება იმაზე, შემდეგ რა მოხდება, თუ არ ელოდება მომდევნო გვერდებზე გაგრძელებულ ამბავს, ჩათვალეთ, რომ მისთვის იმ წიგნს არაფერი მიუცია და არც სხვა წიგნის მიმართ გამოიჩენს მეტ ინტერესს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? - ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მიდგომები ხომ გვკარნახობენ, რომ ბავშვმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს, ხოლო რაც არ აინტერესებს, არ უნდა დავაძალოთ...

თაკო გიორგაძე, მშობელი:

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილი არ კითხულობს წიგნებს. მეტიც, შეიძლება ბევრ თანატოლზე მეტიც აქვს აქვს წაკითხული.
მაგრამ ვამჩნევ, რომ თავისი სურვილით არასოდეს კითხულობს. უბრალოდ, "გრაფიკში ზის" - იცის, რომ დღეში რამდენიმე გვერდი უნდა წაიკითხოს. წაიკითხავს ზუსტად იმდენ გვერდს, რამდენსაც დავავალებთ ან მე, ან მასწავლებელ... ამ ეტაპზე "ბიჭუნა და სახურავის ბინადარ კარლსონს" კითხულობს. ვთქვათ, დავავალე 10 გვერდის წაკითხვა. წაიკითხავს. რომ გამოვკითხავ, შინაარსს მომიყვება და მეუბნება, რომ მოსწონს. მაგრამ ისე გაწყვეტს შუა გზაში ამბავს, აზრად არ მოუვა, ზედმეტად გადაშალოს ფურცელი და დაინტერესდეს, შემდეგ რა ხდება. წინადადება რომ წყდებოდეს ჩემგან დავალებულ ბოლო გვერდზე, შეიძლება მისი დასასრულიც არ ნახოს. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო. როგორც ჩანს, წიგნები, რომლებსაც ათეულობით წლებია მსოფლიოს ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ, დღევანდელ ბავშვებში ინტერესს აშკარად ვერ იწვევს. ამ თემაზე სხვა მშობლებთანაც მისაუბრია და ისინიც იმავეს ამბობენ... მე ვფიქრობ, მათ რაღაც ახალი უნდათ, მათ სამყაროსთან უფრო ახლოს მყოფი და უფრო მორგებული. ის წიგნები ჩვენი, უფროსი თაობის სამყაროსთვის იყო ახლობელი, მაშინდელ ბავშვებთან იყო ახლოს...

თეა ჯავახაძე:
- ყოველთვის მეგონა, რომ ძალიან კარგი საბავშვო ბილიოთეკა მქონდა. დავიწყეთ "ბიულერბიუელი ბავშვებით". ჯერ მე ვუკითხავდი, სანამ კითხვას ისწავლიდა, მერე თავად დავაწყებინე. კითხულობდა, მაგრამ ძალიან უხალისოდ. დავანებეთ თავი და ახლა "დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანაზე" გადავერთეთ. დაიწყო დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ დრო და დრო მეუბნებოდა: "უკვე სამი გვერდი წავიკითხე... ხუთი გვერდი წავიკითხე... დედა, რამდენი გვერდი უნდა წავიკითხო?" ახლაც ასე თვლის გვერდებს. წაიკითხავს ერთ გვერდს, გადათვლის წაკითხულებს, მერე წასაკითხებს და ამოიოხრებს - "ბოლომდე უნდა წავიკითხო?" გული მტკივა. მე ღამე ვერ ვიძინებდი, ისე მაინტერესებდა რა მოხდებოდა, გადასახლებული ვიყავი იმ სამყაროში... ეს კი გვერდების თვლითაა დაკავებული... რაღა შევურჩიო, მართლა არ ვიცი...

ანა ლაღიძე:
- მე ორი შვილი მყავს. უმცროსთან სერიოზული დავა და ბრძოლები მაქვს, რომ კითხვა დავაწყებინო. თითქოს წაიკითხავს რაღაცას, მაგრამ ამით კითხვა არ უყვარდება და არ უნდება. უფროსთანაც მქონდა ეს პრობლემა, მაგრამ ახლა 14 წლისაა და ჩემთვის მოულოდნელად, თავად დაიწყო კითხვა, თანაც ისე, რომ ჩემი თავი გამახსენდა ამ ასაკში. ოღონდაც, კითხულობს იმას, რაც მასთან არის ახლოს და ეს სულაც არ არის ის წიგნები, რასაც მე ვკითხულობდი იმ დროს. მისთვის და მისი თანატოლებისთვის აღმოჩენა გახდა "ლიბერთინსის" წიგნები, რომლებმაც თინეიჯერების თაობა მართლა დააბრუნა წიგნებთან და მე ვარ ამის მომსწრე ჩემი შვილის მაგალითზე. უკვე მეც ვიცნობ მის საყვარელ გოგონას, "გიკი გოგოს", რომლის ამბებს განსაკუთრებული მონდომებით ელოდება და მერე ამაზე თანაკლასელებსაც ესაუბრება. მათაც ვატყობ, რომ აინტერესებთ და კითხულობენ. ალბათ იმიტომ, რომ ეს გოგონა მათი თაობისაა, მათ მსგავს სამყაროში ცხოვრობს და მათგან არ არის დაშორებული.
ამასობაში, შიგადაშიგ ძველ წიგნებსაც გადაწვდა, გამოაძრო თაროებიდან დიკენსი და დიუმა და მივხვდი, რომ ნელ-ნელა კითხვაც შეუყვარდა. მგონია, პატარებსაც ეს პრობლემა აქვთ - არ აქვთ წიგნები, რომლებიც მათ სამყაროსთან იქნება ახლოს. კარლსონიც კარგია, პეპიც, პინოკიოც, ტომ სოიერიც და ემილიც, მაგრამ ისინი არ არიან დღევანდელი გმირები, ისინი არ ცხოვრობენ დღევანდელ გარემოში და მათთვის ახლობელი და საინტერესო თემები სრულიად უცხოა ჩვენი ბავშვებისთვის. მგონია, რომ პრობლემა მარტო ბავშვებში და ტექნიკურ მიღწევებში კი არა, ლიტერატურაში, თავად წიგნებშიც უნდა ვეძებოთ. იქნებ მათ სულ სხვა რამ უნდათ?
ბოლო დროს მასწავლებლებიც აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვის დაინტერესება რთულია. მათი გონება იმდენი საცდურითაა გატაცებული, რთულია ამ გასართობებს "კონკურენტი" უპოვო. ინტერნეტმა და ტელევიზიამ მათ ისეთი თავბრუდამხვევი გასართობები "ჩაუგდო ხელში", არც არის გასაკვირი, რომ მათი ინტერესის გაღვიძებას უკვე ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

გამოსავალი ალბათ ისევ ავტორებისა და გამომცემლების ხელშია. უნდა მოახერხონ, რომ ჩაწვდნენ ჩვენი შვილების გონებისა თუ სულის სიღრმეებს და ისევ გააოცონ მათი ბავშვური ბუნება. ასეთი წიგნები შესაძლოა არის კიდეც ჩვენ გვერდით, მაგრამ მათ მეტი პოპულარიზაცია სჭირდებათ მშობლებშიც და მასწავლებლებშიც. რა წავაკითხოთ თანამედროვე ბავშვებს, რა შევთავაზოთ? თუ ვინმემ აღმოაჩინეთ წიგნი, რომლითაც თქვენს შვილს კითხვა შეუყვარდა, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.
4162
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nata
0
ჩემს ბიჭს არ უყვარდა კითხვა სულ ხევდა წიგნებს 3წლამდე მერე ნელნელა ისე შეუყვარდა მოთხოვს დედა ეს წიგნი არ წაგვიკითხია თვითონ ირჩევს 3საათიც რომ წავიკითხო დიდი სიამოვნებით მისმენს.მთავარია ვკითხთ თუ რომელი წიგნი ვუყიდო არჩევს თავისი სურვილით.
01:02 / 04-04-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```