იაფი და საინტერესო წიგნები მშობლისთვის ყოველთვის საინტერესოა საბავშვო წიგნი ყოველთვის იქცევს მშობლის ყურადღებას. მითუმეტეს, თუ რაღაცით გამორჩეულია და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. ამიტომ, ვდილობთ, ჩვენი საიტის მკითხველს პერიოდულად მივაწოდოთ ინფორმაცია საინტერესო საბავშვო წიგნებზე.
ამ დღეებში გამომცემლობა პალიტრა L-მა ახალი საბავშვო წიგნების სერია დააანონსა - ეს ცნობილი ქართული მულტპერსონაჟის, თოვლის გუნდას ამბების კრებულია, რომელიც პირველ ეტაპზე 6 წიგნად გამოვა. თითოეულ წიგნს 32 ცალი სტიკერი მოყვება. რით არის ეს წიგნები გამორჩეული და რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ მისი მშობლებისთვის წარდგენა?
პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველი მცდელობაა ქათული მულტპერსონაჟის კადრსმიღმა ისტორიის გაგრძელებისა. ეკრანული გმირის ამბები ხომ პატარებს ყოველთვის ინტერესს აღუძრავს. წიგნის შეყვარება კი ინტერესის გარეშე წარმოუდგენელია.
თოვლის გუნდას მულტზღაპარი თითქმის 30 წლისაა. რეჟისორმა დავით თოფურიამ გუდას სახით კეთილი და მეგობრული პერსონაჟი შეუქმნა ბავშვებს. არაერთი მშობლის სურვილია, რომ პატარები არამარტო უცხოურ, ქართულ პერსონაჟებთანაც "მეგობრობდნენ". გუდა კი საამისოდ იდეალური გმირია - კეთილი, საყვარელი, ზრდილობიანი და ცნობისმოყვარე... ანუ ისეთი, როელიცმ ბავშვზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. მისი ამბები პატარებისთვის საინტერესოცაა და დადებითი ემოციების მომგვრელიც.
რით მოხიბლავს ეს სერია ბავშვებს?
ეს მიმზიდველ ფერებში ილუსტრირებული, სტიკერებიანი წიგნებია ორიგინალური ფორმით - ჩანთასავით სახელურიანი. ზომითაც საკმაოდ დიდი ფორმატია და შრიფტიც პატარა მკითხველისთვის - შესაფერისი. მოჰყვება 32 ცალი სტიკერი. აქედან 24 მითითებული გვერდების მიხედვით წიგნში უნდა ჩააკრას, 8 კი შუძლია სურვილისამებრ გამოიყენოს. ასეთი განსხვავებული ფორმატის წიგნები ყოველთვის ძვირია, ეს პროექტი კი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, წიგნები ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან ერთად" გაიყიდება და მისი სპეციალური ფასი 3 ლარი იქნება.
ნინო დეკანოსიძე, პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი:
"გუნდა უბრალო გმირი არ გახლავთ. სულ თავიდან მორცხვობს. მერე ნელ-ნელა მეგობრობას ისწავლის. მეგობრობა კარგად გამოსდის. პირველად ესკიმოს დაუმეგობრდება და თავს უამრავი რამ გადახდებათ. ხანდახან ბრაზდება, იბნევა, დინოზავრების ეშინია და ცოტა ბუტიაცაა. სკოლაში არ უვლია, ამიტომაც ისეთი რამეები არ იცის, რაც ჩვენ.
თოვლის გუნდაზე ორი მწერალი წერს - ვასილ გულეული და ნათია ჯანაშია. ერთმა ისიც თქვა, ჩემ ახლადაბადებულ, ნაბოლარა მართაზე მეტ ყურადღებას გუდა-გუდას ვუთმობო. ასეა, მწერალი ხომ თავის გმირის „ტყავში ძვრება“ და მისნაირად ფიქრობს."
ხვიჩა ჯღუთაშვილი, პალიტრა L -ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:
გუდას წიგნების ბავშვებისთვის კიდევ უფრო ხელმისწვდომი გახდება, თუ საბავშვო პრესის დახმარებით გავავრცელებთ. ამისთვის "საბავშვო კარუსელი" შევარჩიეთ, როგორც ყველაზე ცნობადი და მაღალტირაჟიანი საბავშვო პერიოდული გამოცემა. შესაბამისად, გუდას სერიის წიგნები ყოველ პარასკევს, "საბავშვო კარუსელთან" ერთად გაიყიდება. ჟურნალის სპეციალური ფასი 3 ლარია, ჟურნალი კი 2 ლარი ღირს, ანუ ჯამში 5 ლარიანი პაკეტი იქნება. წიგნების შეძენა მოგვიანებით ჟურნალის გარეშეც შესაძლებელი იქნება, თუმცა შედარებით ძვირად".
შორენა ბურდილაძე, "საბავშვო კარუსელის მთავარი რედაქტორი:
"რამდენიმე თვეა "საბავშვო კარუსელში" ახალი ბრენდი, თოვლის გუნდა გამოჩნდა. ჩვენ სიამოვნებით ვუწევთ ამ პერსონაჟს პოპულარიზაციას, რადგან კეთილი და დადებითი ქართული გმირები ძალიან სჭირდებათ ბავშვებს. ზოგადად, ცნობილი ქართული მულტპერსონაჟების გამოყენება, საავტორო უფლებების გამო, ჟურნალისთვის ფინანსურად არცთუ ხელმისაწვდომია, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდით პალიტრა L-ის ახალ პროექტთან თანამშრომლობას".
გამომცემლობის ინფორმაციით, სერიის პირველი წიგნი 8 აპრილს გამოვა.