ინგლისურ ენაზე წაიკითხეს და შეარჩიეს თანამედროვე, მსოფლიო ბესტსელერები "სატვირთოს გამტაცებლები", "საოცნებო მშობლები", "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" და "გლადიატორების სკოლა"- ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომელიც საბავშვო ლიტერატურული პროექტის ლიბერქიდსის ფარგლებში გამოიცა. წიგნები, რომელიც განსაკუთრებულ, იდუმალ, თავგადასავლებით, ფათერაკებით და მხიარულებით აღსავსე სამყაროში ეპატიჟება პატარა მკითხველს, პალიტრა L-მა გამოსცა. პროექტის თავისებურება ისაა, რომ სათარგმნ წიგნებს 8-12 წლის ბავშვები არჩევენ.
სხვათა შორის, როგორც გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგმა ცხადყო, ლიბერქიდსის წიგნებით თინეიჯერები და უფროსი ასაკის მკითხველებიც ინტერესდებიან. პროექტის მენეჯერებისთვისაც აღმოჩენა, იყო, რომ ერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გამოცემები თითქმის იგივე წარმატებით იყიდება სხვა მომხმარებელზეც.
ლუკა ქუთათელი და ნუცა გურასპაშვილი, ის ბავშვები არიან, რომლებმაც ინგლისურ ენაზე წაიკითხეს და შეარჩიეს თანამედროვე, მსოფლიო ბესტსელერთა სიაში შესული ფენტეზი. ისინი პროექტის შესახებ გვესაუბრებიან.
ლუკა ქუთათელი
ზაფხულში, ფეისბუქის საშუალებით წავაწყდი "პალიტრა L"-ის პროექტში მოსახვედრ კონკურსს. მაშინვე შევავსე მოცემული ბლანკი. ორ კვირაში დამიკავშირდა პროექტის მენეჯერი-თინათინ ფეიქრიშვილი და მითხრა,რომ კონკურსი წარმატებით გავიარე და არჩეული ბავშვები ოფისში დაგვიბარა.იმ დღესვე ვისაუბრეთ "ლიბერქიდსის" მთავარ მიზნებზე და იმის შემდეგ გულმოდგინედ ვცდილობთ პროექტის გაუმჯობესებას და პოპულარიზაციას.
ნუცა გურასპაშვილი
ლიბერქიდსი პალიტრა L-ის პროექტია 8-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის რომელიც გამოსცემს თანამედროვე და ასევე კლასიკურ ლიტერატურას.ლიბერქიდსში ბავშვები ვცდილობთ ინგლისურად წავიკითხოთ წიგნები, შემდეგ ერთად განვილიხილავთ მათ, ბოლოს კი, თუ ჯგუფში ყველას მოწონება დაიმსახურა, წიგნმა ქართულ ენაზე ვთარგმნით. ზაფხულში გამომცემლობის გვერდზე წავაწყდი პოსტს, სადაც ინფორმაცია იყო იმის შესახებ რომ , იქმნებოდა ჯგუფი სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ 8-12 წლის ასაკის ბავშვები და აარჩევდნენ მხატვრულ ლიტერატურას.დავინტერესდი და გადავწყვიტე შემევსო ანკეტა. ანკეტის შევსების შემდეგ რამდენიმე კვირაში დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ პროექტში მოვხვდი.სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდი თუ პროექტში მიმიღებდნენ , ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.
- სად და როგორ ისწავლეთ ასე კარგად ინგლისური?
ლუკა
ინგლისურის შესწავლა 4 წლიდან კერძო მასწავლებელთან დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ შესწავლას,რადგან ვფიქრობ,რომ ენას მუდმივი განვითარება და გამეორება სჭირდება.ვფიქრობ,რომ ჩემი ინგლისურის სწავლაში დიდი როლი შეასრულა ლიტერატურის კითხვამ, ფილმების ყურებამ და მოგზაურობამ.
ნუცა
ინგლისურის ასე კარგად ცოდნა ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს,რათა ძალიან კარგად ვიცოდე ინგლისური და მისი მადლობელი ვარ.ინგლისურ ენაზე ლიტერატურის კითხვა 9 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან არ ვკითხულობდი ორიგინალში. ჯერ პატარა წიგნებით დავიწყე, შემდეგში კი ნელ-ნელა გავართულე და უფრო დიდი წიგნების კითხვას შევუდექი, რაც კარგად გამომდიოდიოდა. ასე გავიღრმავე ინგლისურის ცოდნა. ინგლისურად საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. შემდეგში ეს წიგნები ქართულად წავიკითხე. ერთადერთი წიგნი იყო ჰარი პოტერი, რომელიც ჯერ ქართულად მქონდა წაკითული და შემდეგ წავიკითხე ინგლისურად.
რატომ შეარჩიეთ ეს წიგნები?
ლუკა
"ლიბერქიდსის" წიგნები,ყოველთვის საინტერესოა. ეს წიგნები მკითხველებს ადვილი ენით მოუთხრობს მეგობრობის ფასს, თანამედროვე პრობლემებსა და მათი გადაჭრის ხერხებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში წიგნები სიცილსაც მოგგვრით. ამ წიგნებმა ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება მომცეს და სხვადასხვა სამყაროში მამოგზაურეს .
ნუცა
ლიბერქიდში რეგულარულად ვარჩევთ წიგნებს. ვცდილობთ ისეთი წიგნები ავარჩიოთ რომლებიც ამ ასაკის ბავშვებს ძალიან დააინტერესებთ. თითქმის ყველა ჩვენი წიგნი ასეთია და ყველა ამ ასაკის ბავშვს ვურჩევ ამ წიგნების წაკითხვას.(სხვათაშორის არამარტო ამ ასაკის, შესაძლოა თინეიჯერებმაც წაიკითხონ რადგან ამ წიგნებში დიდი სიბრძნე დევს.
ირმა გაგნიძე, 11 და 9 წლის ბავშვების მშობელი
"როგორც კი გავეცანი ინფორმაციას, რომ საბავშვო ასაკისთვის განკუთვნილი სერია დაიწყო, მალევე შევიძინე პირველი წიგნი. საერთოდ, სულ ყურადღებით ვარ, როცა ასაკზე გათვლილი წიგნები გამოდის გასაყიდად. ჩემი შვილები თანამედროვე ლიტერატურას უფრო ინტერესით კითხულობენ. "საოცნებო მშობლები" ორივემ სულმოუთქმელად წაიკითხა. ვიფიქრე მეც გადავხედავთქო, მაგრამ ისე უცებ "გაანათხოვრეს" კლასელებზე, რომ მას მერე აღარც მინახავს. "სატვირთოს გამტაცებლებიც" მალე "მიაყოლეს", აი, "თავისუფლებისთვის დაბადებულნი" კი პირველად ჩემმა მეუღლემ წაიკითხა. მაგარი წიგნია და მომდევნო ნაწილები არ გამომაპაროთო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს სერია თანამედროვე ბავშვებზეა მორგებული, მათ გემოვნებას უფრო აკმაყოფილებს, დიზაინიც ისეთი აქვს, რომ მეტ ინტერესს უჩენთ. თანაც, ვინაიდან, სერიაა, ბავშვებიც ცდილობენ, რომ არცერთი წიგნი არ გამოტოვონ. ელოდებიან. ასე თანდათან ყალიბდებიან მკითხველებად, რაც ასეთი პროექტების დამსახურებაა".
"ლიბერქიდსის" ფარგლებში უკვე 4 წიგნი გამოვიდა. ცნობისთვის, მყიდველებს საჩუქრად ამავე წიგნების ყდებით დამზადებული ბლოკნოტებიც გადაეცემათ.
მერი ბლიაძე