რატომ იგინებიან და ილანძღებიან პედაგოგები და რატომ არ აპროტესტებენ მშობლები?
რატომ იგინებიან და ილანძღებიან პედაგოგები და რატომ არ აპროტესტებენ მშობლები?
ბოლო პერიოდში ბევრი იწერება და ითქმება ბავშვთა უფლებებზე, სკოლებში აქტიურად მიდის მონიტორინგი, რომ მასწავლებლებმა ბავშვები არ დაჩაგრონ, ასე თუ ისე, მოგვარდა ეს საკითხი და როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო,  ისე არ არის: მასწავლებლები თავისუფლად რომ უწევდნენ ბავშვებს ყურს, სილასაც აწნავდნენ და სხვა ფაქტებიც ბლომად იყო. ამის გამო არავინ არ ისჯებოდა და თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა ბავშვებიც მეტად გათვითცნობიერებულნი არიან საკუთარ უფლებებში, მშობლებიც უფრო გაფაციცებული ადევნებენ თვალს ამ საკითხს და სკოლებიდან სულ უფრო იშვიათად ისმის მსგავსი ფაქტების შესახებ... მაგრამ...
თითქოს წლების
ცვლა არც კი შეხებიათ სხვადასხვა
წრისა და სტუდიის მასწავლებლებს. უმთავრესად საუბარია ცეკვის და სპორტის მასწავლებლებზე. ბოლო პერიოდში, საკმაოდ დაგროვდა რედაქციაში მშობლების მიერ მოთხრობილი ფაქტები და დავრწმუნდით, რომ მასობრივია ეს ტენდენცია და დროა, ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.

სიმკაცრე და დისციპლინა რომ შესაძლოა იყოს შედეგის მომტანი, ეგ გასაგებია, მაგრამ მასწავლებლებს რატომღაც სიმკაცრე და დისციპლინა ჰგონიათ ასევე ბავშვების ცემა, შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, რაც სინამდვილეში ელემენტარულად მათი და მათი მშობლებების უფლებების დარღვევა და საკუთარი უფლებების მეტისმეტად ბოროტად გამოყენებაა. სამწუხაროა, რომ ხშირად მშობლებსაც მიაჩნიათ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად, არც აპროტესტებენ და ბავშვებიც ადრეული ასაკიდან ეჩვევიან უსიტყვო მორჩილებას, ძალადობას და ხმის ამოუღებლობას შეურაცხყოფასა და დედის გინებაზე...

გთავაზობთ რამდენიმე მშობლის ნაამბობს და ველოდებით თქვენს კომენტარებს, რომლებშიც ღიად ისაუბრებთ მსგავს შემთხვევებზე, თქვენს დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან და შემდეგ ამ თემას უფრო საჯაროს გავხდით, რათა ეფექტურად მოხდეს მსგავსი პრეცედენტების ჩანასახშივე მოსპობა და 21-ე საუკუნეში დრომოჭმული და სრულიად მიუღებელი მეთოდებით "სწავლება". იმედი გვაქვს, მასწავლებლებიც იტყვიან თავიანთ სათქმელს.


"გინებას ვინ ჩივის, ჩვენი მასწავლებელი ისე ურტყამდა ბავშვებს, ყველაფერი შეაძულა... სულ რამდენიმე თვე ვიარეთ ქართულ ცეკვებზე. მასწავლებელს რატომღაც მიაჩნდა, რაც უფრო ხმამაღლა უყვირებდა ბავშვს, რაც უფრო მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას ეტყოდა და რაც უფრო მაგრად მიარტყამდა ფეხებში ჯოხს, მით უფრო უკეთესი ექნებოდა შედეგები. რამდენიმე ბავშვი ისე იყო მიჩვეული ამ ყველაფერს, რეაქცია არ ჰქონდათ. ჩემი კიდევ საშინლად დაისტრესა. ის ორი თვე ლამის დეპრესია დაემართა. მე მეგონა, უბრალოდ ეზარებოდა ვარჯიში და ვაიძულებდი, ევლო. მერე ამოთქვა, რაც ხდებოდა და გადავირიე. ვმუშაობდი და ვერ დავყვებოდი ბავშვს. ერთ დღესაც მივედი და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი და ჩემი ყურით გავიგონე. გადავირიე! თუმცა მშობლების დიდ ნაწილს არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამს. ზოგი ამბობდა, მეც ასე გავიზარდე და ასე მასწავლიდნენ ცეკვას, სხვანაირად არ შეიძლებაო... ამაზე სულ გავგიჟდი. სიმკაცრე მესმის, მაგრამ ეს ხომ სულ სხვა რამაა. ვიღაც რომ თქვენს შვილს "საქონელს", "ძაღლიშვილს", "გასიებულს", "შპრიცით გაკეთებულს" და მსგავს საშინელებებს ეძახის, დედას და მამას აგინებს და პლუს ამას, ურტყამს კიდეც, ნუთუ ამას რაიმე მიზანი ამართლებს? მხოლოდ ის, რომ ცეკვას ისწავლის? და ვის სჭირდება ასე ნასწავლი ცეკვა? ბავშვებს ან ფსიქიკა უნადგურდებათ, ან სამუდამოდ იქცევიან მოძალადეებად ან ჩაგრულებად... მე ასე ვფიქრობ... დავავლე ბავშვს ხელი და წამოვიყვანე... თუმცა ახლა ვნანობ, რომ მაშინვე არ ვიჩივლე და თავზე არ დავაყენე უფლებათა დამცველები. ასეთი მასწავლებლები ნამდვილად ღირსნი არიან ამის"...
ლიკა, 35 წლის


"მე თვითონ მუსიკაზე დავდიოდი ბავშვობაში და ისე მწარედ მახსოვს თითებზე დარტყმული სახაზავი თუ მასწავლებლის ხელები, დღემდე მეშინია ფორტეპიანოსთან მიკარების. არ არსებობს, ასე ძალადობით ნასწავლი რამე ბავშვს შეუყვარდეს. ის ან შიშით აკეთებს, ან ინერციით... ჩემი შვილი ჯერ სპორტზე დამყავდა, ფეხბურთზე. მწვრთნელი ნახევრად მთვრალი დადიოდა ვარჯიშებზე. სიმთვრალეში ხან ვიღაცას წამოარტყამდა, ვიღაცას - შეაგინებდა... უყურა ჩემმა ქმარმა, მერე მიუვარდა ერთხელ, დიდი სკანდალი აუტეხა და ბავშვი წამოიყვანა... მერე ხალხურ სიმღერებზე მივიყვანეთ. აქ უარესი გველოდა. რა სიტყვაც კი არასოდეს გამეგონა, ყველაფერი აქ გავიგონე. ბავშვს ყოველდღე ახალ-ახალი გინება მოჰქონდა და მეკითხებოდა, ეს რა არის და ეს რა არისო... ერთხელ გაბრაზებულმა ერთ-ერთ მოსწავლეს წყლით სავსე ბოთლი ესროლა და ფეხში ისე მოხვდა, რამდენიმე დღე დაბეჟილი დადიოდა. მერე იმის მშობლებმა, რასაკვირველია, მაგრად იჩხუბეს, თუმცა არსად არ უჩივლიათ და შერჩა ეს მასწავლებელს. მე იქიდანაც გამოვიყვანე და დამრჩა ეს ცუდი გამოცდილება და მწარე მოგონებები..."
ანა, 45 წლის
mshoblebi
"მე პირველად მსგავს შემთხვევას წავაწყდი ბაკურიანში ყოფნისას. სასტუმროში ვისვენებდი ჩემს შვილებთან ერთად და გვერდით სასტუმროში მწვრთნელს შეკრებაზე (ე.წ. სბორებზე) ჰყავდა წამოყვანილი ფეხბურთელები, მშობლების გარეშე... რაც მე იქ ვნახე, იმის მერე გადავწყვიტე, რომ ბავშვი ასეთ გუნდურ სპორტზე არ შემეყვანა. გაოგნებული ვუყურებდი, როგორ ჩაგრავდა ეს კაცი პატარებს. რომ ავარჯიშებდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და არავის უკვირს, მაგრამ საშინლად აგინებდა, ხან წიხლს ამოკრავდა, ხან თავში წაკრავდა, ეს იყო ჩვეულებრივი ჩაგვრა და შეურაცხყოფა... ვფიქრობდი, ნეტავ ამათმა მშობლებმა თუ იციან, რა დღეში არიან მათი ბავშვები. თვითონ ჰგონიათ, რომ დასასვენებლად გაუშვეს და საკმაო ფულიც გადაიხადეს ალბათ ამ ყველაფერში და სინამდვილეში, კატორღაში გამოუშვეს შვილები. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი, მით უმეტეს ბიჭი, ერიდება მსგავს თემებზე ოჯახში ლაპარაკს, რცხვენია, ან ჰგონია, რომ ასეც უნდა იყოს. საბოლოოდ კი მათი მენტალიტეტი მთლიანად იცვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებზე...
წლების წინ თავადაც გავხდი ასეთი გამოცდილების უშუალო მონაწილე. ბავშვი ცეკვაზე შევიყვანე. ცოტა გვიან შევიდა, სხვებს უკვე რაღაც ეტაპი ჰქონდათ გავლილი, თან არც ისეთი ნიჭიერი და ყოჩაღი აღმოჩნდა, უცებ აეთვისებინა და ზუსტად ისე გაეკეთებინა ყველაფერი, როგორც ითხოვდნენ... ვერ აგიწერთ, როგორ წნეხში მოაქციეს. გახდა ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლი. მასწავლებელი საჯაროდ დასცინოდა, ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას ეძახდა და მერე დანარჩენები ამ ყველაფერზე იცინოდნენ... საბედნიეროდ, მალევე მითხრა, მშობლების თვალწინ გავლანძღე ის მასწავლებელი და ბავშვი წამოვიყვანე... თუმცა მის ფსიქიკას რა დაღი დააჩნია ამ გამოცდილებამ, ამას მხოლოდ მომავალში გავიგებ..."
მარიამი, 30 წლის


"ჩვენ ცემა-ტყეპის პრობლემა არ გვაქვს, სამაგიეროდ, ამ კაცს ტერორში ვყავართ მოქცეული. გვაიძულებს კვირაში 7 დღე ვიაროთ ცეკვაზე, ხანდახან გვასვენებს ერთი დღე. გაცდენის საშუალებას არ გვაძლევს. იმის გაგონებაც არ უნდა, რომ მშობლებსაც და ბავშვებსაც ამქვეყნად სხვა საქმე და ინტერესებიც გვაქვს. კარგი ქორეოგრაფია, სახლთანაც ახლოს არის და ჯერჯერობით დავდივართ, მაგრამ ასეთი მოთხოვნები მე არსად გამიგია. ასევე საოცარ ფასებს ვიხდით "სბორებსა" და კონცერტებშიც. ფაქტია, რომ გასდის ეს ყველაფერი".
ირინა, 34 წლის

"ბავშვი სპორტზე რომ დამყავდა, შემთხვევით ისეთ ფაქტს შევესწარი, დიდხანს ვერ დავივიწყე ეს ამბავი. აკრობატიკის მასწავლებელს ხელის მტევნებზე დაყრდნობით ყირაზე ჰყავდა ბავშვი ჰერში ატაცებული. ჰაერში გამოკიდებული ბავშვი მარტო მტევნებს ეყრდნობოდა. ვერ დაიცვა წონაწარობა და ისე უხერხულად აქანავდა, ცოტაც და ორივე ხელს მოიტეხდა, მასწავლებელმა ძლივს ჩამოსვა მშვიდობით ძირს, მაყურებლებსაც სუნთქვა გვქონდა შეკრული და ის ბავშვი ხომ მთლად გაფითრებული იყო. იგრძნო, რასაც გადაურჩა და სავარაუდოდ, ძალიან ეტკინა ხელები. და მასწავლებელმა რა ქნა? ამ ავზარდაცემულ ბავშვს მისდგა ეს ცხოველი და ისე სცემა, თითქოს ძალით იტეხდა ხელებს... თან აგინებდა, თან სცემდა და დანარჩენი მასწავლებლები ყურსაც არ იბერტყავდნენ... სხვთა შორის, დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ იმ მასწავლებელს არ ვეცი და საქვეყნოდ არ გავლანძღე. იმ ბავშვის მამა რომ ვყოფილიყავი, ვერ გამაგდებინედნენ ხელიდან."
თეონა, 38 წლის.


"გარდა იმისა, რომ ბავშვების მიმართ ხშირია ბულინგი, შეურაცხყოფა და ა.შ., სკოლებშიც და ბევრ წრესა თუ სტუდიაშიც კვლავ არჩევენ ბავშვებს იმის მიხედვით, ვის მშობელს რამდენი ფული აქვს, ვისი მშობელი რა დონეზე "უძვრება" მასწავლებელს და ვის მშობელს რა გავლენა აქვს. ბავშვები ამას ხშირად და ძალიან მწვავედ განიცდიან და ხშირად მშობლების "შეუმდგარობის" თუ სიღარიბის გამოც ექცევიან სერიოზული წნეხისა და ზეწოლის ქვეშ... აღარაფერს ვამბობ იმ დიდძალ თანხებზე, რასაც სძალავენ მშობლებს ეს სტუდიები და წრეები, სკოლასთან ერთად - ექსკურსიებიო, კონცერტებიო, ბანკეტებიო, "სბორებიო"... - ბოლო არ უჩანს ამ ყველაფერს. ეს კიდევ ცალკე და სერიოზული პრობლემაა."
გელა, 45 წლის

mshoblebi
"ჩვენი მასწავლებელი გამუდმებით ეძახდა ბავშვებს უვიცებს, უნიჭოებს, უმაქნისებს, გამოუსადეგარებს... შექება არ გვახსოვს მისგან. შეძახილმა ხე გაახმოო. ბავშვს ასეთ რამეს ათასჯერ რომ ეტყვი, რა თვითშეფასება უნდა ჰქონდეს? სკოლაშიც მსგავსი შემთხვევები ბლომად გვქონდა. ჩვენმა მასწავლებელმა ერთი ბავშვი ისე ამოიჩემა, გააგიჟა. ათოსნიდან ოროსნობამდე დაიყვანა. მერე დაუფარავად ამბობდა, ვერ ვიტან ამ ბავშვსო და რასაც ჰქვია, გაანადგურა... სამწუხაროდ, დღესაც ხდება ასეთი რამეები, სკოლებშიც და წრეებზეც."
თეა, 31 წლის



მოგვიანებით თემის განხილვა დედების ჯგუფშიც შევთავაზეთ და არანაკლებ მძიმე შემთხვევებზე გვიამბეს:


"ცეკვის მასწავლებელმა, ჩემს შვილს ბაღიც შეაზიზღა და შესაბამისად ქართული ცეკვაც. 5 წლის ბავშვს ღრიალით და ჯოხის ტრიალით როგორ უნდა შეაყვარო და ასწავლო რამე! დამამშვიდებელს ვაძლევდი ბავშვს, ისტერიკა სჭირდა, მთელი ღამე მასწავლებელი ესიზმრებოდა. დაველაპარაკე მასწავლებელსაც და ადმინისტრაციასაც. კონკრეტულად მაგისთვის არ მიყვირიაო, თავი იმართლა. მეც დავესწარი და ბავშვების უმრავლესობა რომ ტიროდა, გავაპროტესტე, რა თქმა უნდა. პასუხად მივიღე, რომ თურმე ცოტა მკაცრად ასწავლიდა!!! მერე აღარც ჩაჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილში ისეთი სტრესი მიიღო, რომ დღეს, 2 წლის მერეც ვერ მოინელა".
ნია



"ზოგადად კრიტიკული მშობელი არ უყვართ... მით უმეტეს, თუ რაღაცას ითხოვ, იმას, რაც გეკუთვნის. კერძო სკოლიდან წამოვიყვანე ბავშვი მაგის გამო. ბულინგის, მასწავლებლების არაპროფესიონალიზმის, ბევრი გაკვეთილის გაცდენის გამო. როცა პრეტენზიები გამიჩნდა დამრიგებლის მიმართ, მშობელთა კრება მოიწვია ჩემ გარეშე, რათა ეკრიტიკებინა ჩემი შვილი და მე... დავადექი ამ კრებაზე. არ დამიხევია უკან და ჩემი სათქმელი ვუთხარი უკვე ყველას თვალწინ და ბავშვს შევუცვალე სკოლა. ყოველთვის ვდგავარ და ვიდგები ჩემი შვილის სადარაჯოზე. მე მისთვის ფარი ვარ და მახვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირდაპირობის გამო სკოლიდან წამოსვლა მოგვიწია, მაინც არ ვნანობ..."
შორენა



"ჩვენს სკოლაში ძირითადად პენსიონერი მასწავლებლები ჰყავთ, იშვიათია ახალგაზრდა კადრები და ძველი მეთოდებით ასწავლიან და ეპყრობიან ბავშვებს. მუსიკის მასწავლებელმა იცის საშინელი ამოჩემება. 4 ბავშვი ჰყავდა ამოჩემებული, მათ შორის ჩემიც. გაკვეთილზე ურტყამდა და ამცირებდა კლასის წინაშე... ერთ დღესაც რომ შემომჩივლა და მითხრა, დღეს კიდევ მცემა მასწავლებელმაო, გავოგნდი. აქამდე ამას არ ამბობდა. მეორე დღეს მივედი სკოლაში და დავწერე განცხადება. მოჰყვა ამას ქილიკი. ველოდებოდი, რომ დირექტორი რაღაც ზომებს მიიღებდა, ამის ნაცვლად, მასწავლებლის მხარე დაიჭირა. ის ქალბატონი ამბობდა, რომ მე ცილს ვწამებდი და იქით უნდოდა, ბოდიში მომეხადა... ბოლოს ჩავრიე სხვა მშობლებიც, რომლებიც ასევე შეესწრნენ მსგავს ფაქტებს და აქეთ მოიხადა ბოდიში..."
თამილა, 29 წლის



"მეათე კლასში ვიყავი, როცა ერთმა კაცმა შემომთავაზა მის სტუდიაში უფასოდ შესწავლა ქართული ცეკვების. რომ მივედი, ჯერ ბიჭიან-გოგოიანად ყველა მიახლოვდებოდა და მეუბნებოდა, რომ მასწავლებელს როგორც გოგო, ისე მოვეწონე და იმიტომ მომიყვანა, თორემ რა მინდოდა მანდ, ქართული ცეკვის აზრზე არ ვიყავი... დავკომპლექსდი და ვერ ვცეკვავდი. თანაც, სულ ქამარს ურტყამდა ბიჭებს
და ეს ჩემთვის იმხელა შოკი იყო, მას შემდეგ შემძულდა ცეკვის "ჩუსტების" სუნი. ცეკვის მასწავლებელი ჩემს სკოლაშიც ცემდა ბავშვებს და დედაჩემმა მაგიტომ არ შემიყვანა, გულჩვილი ხარო და გული აგიცრუვდებაო".
ლილიკო, 28 წლის


"ხელოვნების მასწავლებელი, ამხელა კაცი ურტყამდა ბავშვებს. პირველკლასელებს! ზოგს - თავში, ზოგს ყური აახია. ჩემს შვილს თავში წაარტყა და დააყოლა, აუ, რა მაგარი ნახატიაო... დასცინა! ბავშვი გამოვიდა ნამტირალევი.
ჰოდა ისე დაველაპარაკე, როგორც საჭირო იყო და გავაფრთხილე, თუ კიდევ რომელიმე ბავშვი იტყოდა კლასიდან, მარტო ჩემს შვილზე არ იყო საუბარი, რომ ან დამცინა ან ფიზიკურად დაამცირა, მერე ღმერთმა დაგიფაროთ ჩემგან-თქო. იმის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ, ჩემს შვილს ხატვის გაგონება აღარ უნდოდა კაი ხანი... ზოგადად კივილი, წივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ".
ვიკა

mshoblebi


"საბავშვო ბაღებში უნდა ნახოთ რა ხდება და ვაი რომ ვერ ავღკვეთავთ... ამასწინათ ზეიმის რეპეტიციას შევესწარი და ჰოი საოცრებავ... იქ ამბავი ხდებოდა... გოგო, ვერა ხარ შენ... დებილი ხარ, ვინა ხარ... ადე, აეთრიე, გაინძერი, შე უტვინო... ყურზე მოქაჩვა, ხელის კვრა და ასე შემდეგ, აღარ ვთვლი... ეტყვი რამეს და მასწავლებელი კი არა, მოიძულებს მთელი ბაღი".
ნინი


რასაკვირველია, თემაზე სპეციალისტებსაც ვკითხეთ აზრი:

მუსიკის პედაგოგი ნინო რამაზაშვილი:
- მშობელმაც და მასწავლებელმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული და ზომიერად მკაცრი, ის უნდა იყოს სამაგალითო და კარგი განწყობა გადმოჰქონდეს ბავშვზე. უნდა აძლევდეს ბავშვს თავისუფლებას, რომ გამოხატოს საკუთარი აზრები და შესაძლებლობები. მასწავლებელი შეიძლება იყოს კრიტიკული, მაგრამ არა უპატივცემულო და დამამცირებელი მოსწავლის მიმართ. რაც არ უნდა ვერ ასრულებდეს მოსწავლე თავის მოვალეობას და დავალებას, პედაგოგმა არ უნდა გამოიყენოს მის მიმართ ძალადობა და არ მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს მის ფსიქიკაზე დამღუპველად აისახება.

მოცეკვავე და ცეკვის პედაგოგი თამუნა აბესაძე
- მე, როგორც გამოცდილ მასწავლებელს შემიძლია ვთქვა, რომ ზომიერი სიმკაცრე ბავშვებთან საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა გამოიხატებოდეს სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხელის შეხებით. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათთან ურთიერთობაში სითბო, სიყვარული და ყურადღებაა საჭირო, ყველა თავისებური ხასიათისაა და კარგად თუ არ ვიცნობთ ბავშვს, შეიძლება ელემენტარული შენიშვნა თავისებურად ცუდად გაიგოს და ტირილით გთხოვოს სტუდიის დატოვება. შედეგის მისაღწევად საჭიროა ყველა ბავშვს თანაბარი ყურადღება მივაქციოთ, სითბო გამოვხატოთ, არ გამოვყოთ ერთმანეთისგან და თუ ცეკვა არ უყვარს, ნელ-ნელა თამაშ-თამაშით შევაყვაროთ. ასეთი ბევრი ყოფილა ჩემს პრაქტიკაში. ზოგადად ადრე უფრო მესმოდა მასწავლებლების მხრიდან მკაცრად მოქცევის ფაქტები... მეც მახსოვს, ჩემი მასწავლებელი როგორ შემეხო თმაზე - იმ ტკივილს ახლაც ვგრძნობ... მაგრამ ხმა არ ამომიღია. ახლა არც ერთი ბავშვი არ მოითმენს ამას. ბავშვებთან მეტისმეტად მკაცრად მოქცევით, მათ დავსტრესავთ და საგანს შევაძულებთ, ამიტომ ყველა პედაგოგს ვურჩევ, თუ ბავშვები ძალიან არ უყვარს, არ უყვარს საქმე, პატარებთან ურთიერთობა, უნდა შეწყვიტოს მასწავლებლობა.

განათლების ფსიქოლოგი ანა მურვანიძე:
- კატეგორიულად დაუშვებელია მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება ბავშვებთან. ასეთი დამოკიდებულება იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაკარგვას, საკუთარ თავზე, შესაძლებლობაზეც წარმოდგენა ეკარგება, ისტრესება და მომავალში ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს... პირიქით, რაც მეტად ვაქებთ, რასაკვირველია, დოზირებულად, მით მეტი შედეგი იქნება, რადგან მეტი მოთხოვნა და სურვილი უჩნდებათ, კიდევ და კიდევ დაიმსახურონ ქება და იყვნენ საუკეთესოები.


ასევე გთავაზობთ უწმინდესის, ილია მეორის შეგონებას ამ თემაზე, რომელიც ალბათ ყველა მასწავლებელმა უნდა გაითავისოს:
mshoblebi


...კარგი შედეგები ამა თუ იმ სფეროში, კარგია, თუმცა ბავშვობაში ყველა დადის რაღაც წრეზე და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მოცეკვავე, მომღერალი, ფეხბურთელი და ა.შ. გამოვა. ეს ყველაფერი ხდება მათი უნარების განსავითარებლად, ნიჭის გასაღრმავებლად, გასავარჯიშებლად და უბრალოდ იმისთვის, რომ უფრო მეტად დაკავებულები იყვნენ სასიკეთო საქმით და არა გაჯეტებით და უმოქმედობით. ჩვენ, მშობლებს, გვინდა, რომ ისინი უბრალოდ ბედნიერები იყვნენ და არა მაინცდამაინც სპორტისა და სიმღერის თუ ცეკვის ოსტატები. გვინდა ისინი სითბოთი და სიყვარულით იყვნენ გარემოცულნი ყველგან, და იმ ადამიანებმა, ვისაც მათ მივაბარებთ აღსაზრდელად თუ სასწავლად, და ვისაც ხშირად სიმწრით ნაშოვნ ფულს ვუხდით ამაში, თუ ვერ შეიყვარებენ, ელემენტარული პატივი მაინც სცენ ჩვენს შვილებს და მათ მშობლებს და შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ სტრესს მაინც ნუ მიაყენებენ... რაც მეტი ბედნიერი, ლაღი და მხიარული ბავშვი იქნება ჩვენ გარშემო, მით უკეთესი მომავალი ექნება ქვეყანას. ხოლო რაც მეტი იქნება დაბოღმილი, გაბოროტებული და დაჩაგრული, ამით ვერც ქვეყანა იხეირებს და ვერც კონკრეტული ადამიანები...
reclama
ამ თემაზე იხილეთ: მკაცრი აღზრდა უმაღლესი შედეგების მისაღწევად - სულის შემძვრელი ფოტოები

45726
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (31)
!
1
ბევრიშობელი წერს რას დაგყავთო ან ცეკვაზე ან სპორტზე.. პატარა ასაკიდან ადვილად ითვისებს ბავშვი თუ რადგან მასწავლებლები არიან გაუზრდელი არ იციან ბავშვთან მოპყრობა უნდა შევიზღუდოთ აღარსად მივიყვანოთ? გინახიათ მოცეკვავე ან სპორცმენი რომელმაც მეათე კლასიდან დაიწყო ცეკვა?!ან სპორტი?
14:57 / 07-10-2018
დაა
0
მეც გამახსენდა როგორ მირტყავდა მუსიკის მასწავლებელი თითებზე რომ ჩქარა მესწავლა რაღაც პატარა მონაკვეთი საგამოცდოთ რომ თვითონ არ შერცხვენილიყვნენ.. აგრეთვე დაწყებითი კლასის მასწავლებლები უშვერად გვლანძაღავდნენ მიწასთან გვასწორებდნენ გვილანძაღავდნენ მშობლებს..უფროსკლასებში კი თმებით თრევა და რავიცი კიდე..ეს ყველაფერი'მთელი კლასის თვალწინ ხდებოდა! და ეს ყველაფერი როგორც ასეთი მიღებული იყო მთელს ქვეყანაში ძალიან ვწუხვარ რომ არაფერი შეცვლილა
14:47 / 07-10-2018
myquiz
მსგავსი სიახლეები