რა განაპირობებს ბავშვის წარმატებას და არის თუ არა ეს მშობლის დამსახურება? - საჭირო რჩევები
რა განაპირობებს ბავშვის წარმატებას და არის თუ არა ეს მშობლის დამსახურება? - საჭირო რჩევები
რაზეა დამოკიდებული ბავშვის წარმატება, სკოლის პერიოდში და მერე? რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მშობლის, სკოლის, გარემოს როლი? არ როლი აკისრია სხვადასხვა კონკურს, ოლიმპიადას, წრეებზე სიარულს? არის თუ არა მართებული გამოთქმა, "თუ ბავშვს სწავლა უნდა, ნებისმიერ გარემოში, თავისითაც ისწავლის და მიაღწევს წარმატებას"?
ამ საკითხებზე რამდენიმე გამოცდილი ადამიანი გვესაუბრება - საკმაოდ წარმატებული ბავშვების მშობლები, მასწავლებლები და ფსიქოლოგი.


ირინა გრიგალაშვილი ერთი ჩვეულებრივი დედაა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შვილებს მიუძღვნა. მან სამსახურზეც უარი თქვა, რომ შვილების სწავლაში, მათ ცხოვრებაში ყოფილიყო ჩართული და არაფერი გამორჩენოდა.
ფაქტია, შედეგს მიაღწია : მას ორი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი, სხვადასხვა ასაკის და ორივე ძალიან  წარმატებული და ბეჯითია. უფროსმა გოგონამ ახლახან უმაღლესი ქულებით დაასრულა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ორკვირიან კურსებზე იმყოფება ლონდონში. უმცროსი ბიჭიც თავისი ასაკის შესაბამისად, შესანიშნავად მონაწილეობს კონკურსებსა და ოლიმპიადებში და პირველ საუკეთესო სამეულშიც ყოველთვის ხვდება.

- 41 წლის გახლავართ. პროფესიით ეკონომისტი ვარ. მყავს მეუღლე თემურ კვირკველია და ორი შვილი. ნანა უკვე აბიტურიენტია, ხოლო ნიკა 10 წლისაა და მეხუთე კლასში გადავიდა.

- თქვენც ასეთი ბავშვი იყავით, ან თქვენი მეუღლე? გენეტიკური აქვთ ეს მიზანდასახულობა და სიბეჯითე თუ თქვენი
მოწადინების და აქტიურობის შედეგია?
- მე და ჩემმა მეუღლემ სკოლა წარჩინებით დავამთავრეთ სოხუმში. ორივეს მხოლოდ თითო ოთხიანი გამოგვყვა მე-11 კლასში. ასევე, უნივერსიტეტიც ორივემ წარჩინებით დავამთავრეთ წითელ დიპლომზე. რაც შეეხება შვილებს, ისინი თავიდანვე მივაჩვიეთ რეჟიმს: ჯერ სწავლა, შემდეგ თამაში. იციან, რომ ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები, ხოლო მათი ვალდებულებებიდან ერთ-ერთ მთავარს სწავლა წარმოადგენს. მხოლოდ გაკვეთილების მომზადებისა და დამატებითი აქტივობების შემდეგ შეუძლიათ გართობა და დასვენება. ეს წესი უკვე ჩვევაში აქვთ. სავარაუდოდ, გენეტიკაც გარკვეულწილად ახდენს გავლენას ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩემს შვილებს კარგად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და ყველა საქმეს გულისყურით ეკიდებიან. აქვთ მიზანი და ცდილობენ სწავლითა და შრომით მიაღწიონ წარმატებას.

მომთხოვნი დედა ვარ ნამდვილად. თუმცა, მე ჩემი შვილები რეჟიმს მივაჩვიე და მეორე კლასის შემდეგ მათგან გაკვეთილები არ ჩამიბარებია. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჩემი ყურადღება და კონტროლი აკლიათ. მე და ჩემი მეუღლე ბაშვების არც ერთ შეკითხვას არ ვტოვებთ უპასუხოდ. ვამარაგებთ მათ საჭირო ლიტერატურით და ვზრუნავთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკლესიის როლი მათ განვითარებასა და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

- თუ მეცადინეობენ დამატებით?
- ორივეს უყვარს წიგნის კითხვა. ნიკას ასევე ძალიან უყვარს ტესტების შევსება და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ნანა ეცნობა ქართულ და უცხოურ ლიტერატურას და ცდილობს, თვალსაწიერი გაიფართოვოს და ცოდნა გაიღრმავოს.


წაიკითხეთ ასევე: 
როგორ მივაჩვიოთ სკოლის მოსწავლე დამოუკიდებლობას?


- რამდენად დამჯერები არიან სხვა საკითხებში?
- ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ მშობლები ცუდს არასოდეს ურჩევენ, გვიჯერებენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ აზრს არ ვითვალისწინებთ და ვუკრძალავთ დამოუკიდებელ აზროვნებას.

- თქვენი დაკვირვებით, რა არის აუცილებელი, რომ ბავშვი სწავლისთვის მოტივირებული იყოს და წარმატებული?
- ჩემი დაკვირვებით, აუცილებელია ბავშვი წაახალისოთ. უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი აუცილებლად შეაქეთ, რათა გაუჩნდეს მეტი წარმატების მიღწევის სურვილი. მე ასე ვიქცეოდი ნანასთან და ნიკასთანაც ამავე მეთოდს ვიყენებ. ჩემს შემთხვევაში, გაამართლა ამ მეთოდმა. აგრეთვე, გაგვიმართლა, რომ ნიკას დის სახით ოჯახში ჰყავს მაგალითის მიმცემი. ნანას წარმატებები ნიკასთვის ერთგვარი სტიმულია. იგი ცდილობს მიბაძოს თავის დას და მასავით წარმატებული გახდეს.

mshoblebi
ნატო ტოროშელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, საკმაოდ დიდი გამოცდილებით. აქვს როგორც პატარებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. თავადაც ორი შვილის დედაა, ასე რომ, მასაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ამ საკითხზე:


- ჩემი აზრით, მშობლის როლი განსაკუთრებულია ამ დროს. ბავშვს სჭირდება მიყოლა, ყურადღება, ახსნა, მიმართულების მიცემა. ოღონდაც, რასაკვირველია, ისე, რომ მშობელი მხოლოდ თვალს ადევნებდეს და საჭიროების დროს ერეოდეს, ბავშვმა თავად დამოუკიდებლად უნდა იმეცადინოს, მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად აზროვნებას მიეჩვიოს. მშობელმა უნდა შეუქმნას სათანადო გარემო, ასევე მიაჩვიოს კონკურსებსა და შეჯიბრებებს - ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოადგება. ამგვარი გამოცდილება როცა აკლიათ ბავშვებს, ზრდასრულ ასაკში, ვთქვათ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას ან სამსახურებში ტესტირებებისას, ხშირად უჭირთ ამ ბარიერების გადალახვა, იბნევიან, ფრთხებიან, უჭირთ სტრესულ სიტუაციაში სწრაფად აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების მიღება.



ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, კლასს და გამოვყოფდი პირველ მასწავლებელს.

"თუ პირველმა მასწავლებელმა სწორი მიმართულებით წაიყვანა კლასი, ხშირად ასეთი კლასის ძირითადი ბირთვი სკოლის დამთავრების ეტაპზეც კი ძლიერი და წარმატებულია. "

მშობელი უნდა დაინტერესდეს აუცილებლად ბავშვის ნიჭით, სურვილებით, მშობელი ეცადოს მის სწორ განვითარებას.
ისეც ხდება, რომ ბავშვობაში ძალიან წარმატებული ბავშვები, ყოველთვის როდი აღწევენ სერიოზულ წარმატებებს ცხოვრებაში. ეს ისეთი საკითხია, წინასწარ ვერასოდეს იტყვი, ვინ იქნება მომავალში წარმატებული. მშობლის და მასწავლებლის მოვალეობაა, მთავარი გაუკეთოს ბავშვს - დაეხმაროს უნარების გამოვლენაში, განვითარებაში, შეაყვაროს სიბეჯითე, ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობის უნარი, სწავლისადმი სიყვარული. დანარჩენი უკვე ბავშვზეა დამოკიდებული.
mshoblebi
ნინო საყვარელიძე, სამი უკვე ზრდასრული და საკმაოდ წარმატებული შვილის დედაა და გამოცდილი მასწავლებელი - მათემატიკასა და ზოგად უნარებს ასწავლის სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს:

- ბავშვის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ოჯახი, სკოლა და ის გარემო პირობები, რომელშიც იზრდება. რასაკვირველია, ასევე მისი პიროვნული თვისებები. თუმცა აპრიორია, რომ მშობელი დიდ დროს უნდა უთმობდეს შვილის აღზრდას, მის მრავალმხრივ განვითარებას და ამ დროს თვითონ ბავშვი გაარკვევს, რა არის მისთვის უფრო საინტერესო. მას ხომ ასაკთან ერთად ემატება ინტერესები და ეს სრულიად ნორმალურია. არის შემთხვევები, როცა ბავშვმა სულ მცირე ასაკიდან იცის, რა უნდა და რა აინტერესებს, ამ დროსვე ირჩევს პროფესიას. ზოგ შემთხვევაში კი ეს ცოტა მოგვიანებით ხდება, სხვადასხვა სფეროში თავის მოსინჯვის შემდეგ. ამიტომ მშობელმა მას დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეს და არ მოახვიოს თავს მისი პირადი განუხორციელებელი ოცნებები და სურვილები, რაოდენ წარმატების მომტანიც არ უნდა იყოს ეს.

"წარმატების გარდა სწავლას ბავშვისთვის ბედნიერება და კმაყოფილებაც უნდა მოჰქონდეს. "


დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ამ დროს სკოლას, კონკრეტული საგნის მასწავლებელს. ხშირად, მასწავლებლის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მოსწონს და უყვარს ეს საგანი და მომავალში სპეციალობასაც ამის მიხედვით ირჩევს.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, შრომის უნარის, პასუხისმგებლობის გრძნობის და დამოუკიდებლობის უნარების ჩამოყალიბება, თუმცა ეს წარმატებისკენ მიმავალი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.


"წარმატებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნული თვისებები, ლიდერის მონაცემები, მიზნისკენ სწრაფვის უნარი, რომლის გარეშეც მარტო მშობელი და სკოლა ვერაფერს გახდება.

ყოველგვარი სკოლისა და მშობლის ძალისხმევის გარეშეც, არც ისე ნიჭიერი ბავშვებიც აღწევენ ხშირად წარატებას, პიროვნული თვისებების წყალობით."


mshoblebi

ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი:

- ყველა მშობელი შვილის წარმატებაზე ოცნებობს და დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვი პირველი კლასიდან ბევრს იმეცადინებს, უამრავ წრეზე ივლის, ინგლისურს და სხვა უცხო ენებს ისწავლის, ის აუცილებლად წარმატებას მიაღწევს. რა თქმა უნდა, სწავლა და სხვა სფეროებში განათლება ადამიანის წარმატებას ხელს უწყობს და ამაში დიდ როლს თამაშობენ როგორც მშობლები, ასევე სკოლა და სოციუმი, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ბევრად უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება, ვიდრე ბავშვი სკოლაში წავა. ეს არის ქვეცნობიერი ცოდნა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში ყალიბდება და ბაზისური ნდობა სამყაროს მიმართ, რომელიც ჩასახვიდან ერთ წლამდე უყალიბდება ბავშვს. დამეთანხმებით, ძალიან ძნელია მიაღწიო წარმატებას სწავლაში, იმ შემთხვევაში, თუ ქვეცნობიერად დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი შეგიძლია ან უარესი, „დებილი“, „ზარმაცი“ ხარ.


პატარაობიდან ჩვენ ვასწავლით ბავშვს საკუთარი თავის უნდობლობას და ვუყალიბებთ დაბალ თვითშეფასებას ისეთი უწყინარი ფრაზებით, როგორიცაა: - დედას სულელი, ჩემი შტერი, დაბდურა, ეს ვერბალური ანუ სიტყვიერი ნაწილია, ასევე არავერბალურ ნაწილსაც აქვს მნიშვნელობა: ეს ყველა ისეთი ქცევაა, რომელსაც დედა ან სხვა ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, ახორციელებს იმისთვის, რომ თითქოს დაიცვას, დაზოგოს დრო და საკუთარი „ნერვები“. მაგალითად, არ აცლის დამოუკიდებლად ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, ტანსაცმლის ჩაცმას, საჭმლის ჭამას.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები, არის შეცდომების და მარცხის ხაზგასმა და ამასთან ერთად სწორი საქციელის არშემჩნევა, ეს ხომ ასე უნდა იყოს. ბავშვი ქვეცნობიერად ირჩევს მეტ ყურადღებას, რაც ავტომატურად მეტ შეცდომას ნიშნავს.

mshoblebi
ჩემი რჩევები ასეთი იქნება:
1. გიყვარდეთ თქვენი შვილი მიუხედავად მისი მარცხებისა თუ წარმატებებისა;
2. გახსოვდეთ, რომ მეცადინეობა საინტერესო შემეცნებითი პროცესია და არა ვალდებულება;
3. ხაზი გაუსვით თქვენი შვილის ძლიერ მხარეებს, ყველაფერში ერთნაირად კარგი ან ცუდი ვერ იქნება;
4. იამაყეთ თქვენი შვილით;
5. დაივიწყეთ ყველა მოლოდინი, რომელიც გაქვთ, რადგან თქვენი შვილი არ უნდა ამართლებდეს თქვენს მოლოდინებს;
6. დაეხმარეთ თქვენს შვილს სწორი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაში, გახსოვდეთ, რომ სწავლასთან ერთად სხვა ინტერესებიც უნდა ჰქონდეს;
7. გამოიყენეთ დამხმარე მასალა სწავლის პროცესში, მაგალითად, აძერწინეთ ან ახატინეთ ასოები და ციფრები და შემდეგ მისი შექმნილი ასოებით შეადგენინეთ სიტყვები;
8. ნუ ემუქრებით და ნუ აშანტაჟებთ მეცადინეობის მიზნით;
9. გახსოვდეთ, თქვენი შვილის პრობლემები სასაცილოდ გეჩვენებათ, რადგან თქვენ უკვე ზარდასრული ხართ და ეს პერიოდი დიდი ხნის წინ გაიარეთ, მისთვის კი ეს ყველაფერი პირველადაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, დაეხმარეთ და გაუგეთ... გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
10. ხშირად უთხარით, რომ ძლიან გიყვართ და ყოველთვის დაეხმარებით როგორც კი დასჭირდება. ნუ ცდილობთ მასთან ერთად აკეთოთ დავალება ან სულაც მის მაგივრად, უბრალოდ იყავით ახლოს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ სწორი პასუხის აღმოჩენაში და როდესაც აღმოაჩენს - შეაქეთ!

მოამზადა ლელა ზურებიანმა
13542
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
PREDATOR
0
ბოლოში რჩევების სახით რომაა მოცემული, აი მეხუთე რჩევა რომაა და მოლოდინებს ეხება შვილის მიმართ, აი მაგ საკითხზე ვერ დავეთანხმები მაინცდამაინც, მის შემდგენელს. რადგან ნუ რათქმაუნდა ჩვენს მოლოდინებსაც გააჩნია ახლა შვილების მიმართ და დავუშვათ რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში მშობელს უნდა მისი შვილი გამოვიდეს სანიმუშო ადამიანი, მცოდნე, განათლებული, პრინციპული, მორალისა და ზნეობის დამცველი, ზოგადათ წარმატებული. და ახლა იმას ნამდვილად არ ვამბობ რომ ვიღაცა ვიგინდარას მოლოდინი მაშინ გამართლდება შვილის მიმართ თუ შვილი პათოლოგი და ალკოჰოლიკი გამოვათქო. ხომ შეიძლება ვიღაცას მართლაც ქონდეს რამე მსგავსი ავადმყოფური წარმოდგენები.
20:54 / 19-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?