ჩანაწერზე ტყუილად პირის გაღება პედაგოგებისა და მშობლების ძალიან არასწორი და ცუდი მიდგომაა საქმისადმი ალბათ ყველას გახსოვთ გოგონათა ანსამბლი "მზიური", რომელშიც ოცი გოგონა იყო და არც ერთს არ ერქვა მზია. სამი თამრიკო, სამი მაია, ორი ნინო, ორი ქეთინო, ორი ხათუნა, ორი ეკა და კიდევ: ნანა, მარინე, მანანა ელენე და ლია. მოკლედ, აჩვენეთ ეს გოგონები მოსფლიოს და ომი აღარ იქნებაო... დღეს ერთ-ერთ გოგონას, უკვე დედას და ბებიას, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტს, ქალბატონ ლია ხორბალაძეს ვესაუბრებით, რომელიც თავის დღევანდელ საქმიანობაზე და ბავშვობის წლებზე მოგვიყვება. ასევე იმ გამარჯვებაზე, რომელსაც მის მიერ შექმნილმა ანსამბლმა მიაღწია.
- ქალბატონო ლია, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი თუ გაჰყვა თქვენს საქმიანობას?
- სიმბოლურია, რომ ჩემ მიერ დაარსებული ანსამბლ "ბომბორას" უფროსი თაობის ხელმძღვანელი - ამავე ანსამბლის პირველი თაობის სოლისტი, ჩემი ქალიშვილი ქეთევან ჭკუასელია. ამჟამად ანსამბლში მოღვაწეობასთან ერთად, თბილისის გოგონათა კაპელას წევრია და ასევე აქტიურადაა ჩართული ახლად დაარსებული „საქართველოს საგუნდო საზოგადოების“ საქმიანობაში. 2012 წელს ბულგარეთში ჩატარებულ ხელოვნების საერთაშორისო კუნკურს-ფესტივალზე - „სლავური გვირგვინი“ მისი რამდენიმე სიმღერა I და II ადგილების მფლობელი გახდა. 2013 წელს იტალიაში ჩატარებულ კონკურსზე „Orfeo in Italy“ მიიღო "GRAND MAESTRO"-ს წოდება და ჟიურის საპატიო დიპლომი, როგორც საბავშვო ვოკალის პედაგოგმა.
- როგორც ჩანს, დედის მუსიკალურმა ნიჭმა გავლენა იქონია ქალიშვილის არჩევანზე. როგორი იყო თქვენი ბავშვობა „მზიურთან“ ერთად?
- ჩვენი ბავშვობა, ხშირად გვითქვამს, რომ ულამაზესი, განუმეორებელი, გულწრფელი და საოცრად წარმატებული, კეთილი, ხალხისგან სიყვარულით სავსე ზღაპარი იყო.
- სცენიდან ყველას სახეგაბრწყინებული და მოცინარი ლია ხორბალაძე ახსოვს, როგორ იქმნებოდა გარემო იმისთვის, რომ ყველა „მზიურელს“ ასე ლაღად ეგრძნო თავი?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარები ვიყავით, ძალიან კარგად გვესმოდა, რომ დედამიწაზე პირველად, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მადლიან ქართულ მიწაზე შეიქმნა და ამას დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი სიყვარული სჭირდებოდა. უფროსებისგან, მოთხოვნებთან და სწავლასთან ერთად, ძალიან დიდი სითბო იგრძნობოდა და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
- ასეთ პატარა ასაკში როგორ ახერხებდით წაგეყვანათ კონცერტები ქართულ და რუსულ ენებზე?
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველგან, პირველი კლასიდან დაწყებული, ყველა საღამო, კონცერტი თუ ტელე-რადიო გადაცემა მართლა მე მიმყავდა. ხშირ შემთხვევაში საღამოები ჩემი სიტყვებითად და ემოციით მიმყავდა ხოლმე. როცა წამოვიზარდე, აღარც ტექსტი იწერებოდა (ოფიციალურ შეხვედრებსაც ვგულისხმობ და ეს მრავლად იყო), მხოლოდ მეუბნებოდნენ, რა თემაზე იყო საჭირო საუბარი, როგორი მიმართულებით. ჩვენი ხელმძღვანელი, გურამ ჯაიანი, ხშირად იხსენებს ხოლმე, როდესაც საკავშირო პრემიის ლაურეატები გავხდით, მოსკოვში მედლისა და მოწმობის გადმოსაცემად მე მიხმეს. დარბაზიდან ჯაიანმა მომაძახა: „აბა, შენ იცი, როგორი სიტყვით გამოხვალო“. იცოცხლე, დავიწყე მადლიანი ქართულით. დარბაზი გასუსული მისმენდა, თუმცა, არავის ესმოდა ჩვენ გარდა. კარგა ხანს რომ ვისაუბრე, ვხედავ გურამ მასწავლებელი რაღაცას მანიშნებს, თურმე შეშინებული მეუბნება, რუსულადო. მეც გავაგრძელე რუსულად და „მზიურმა“ მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურა. ჩვენი თაობა რუსულსა და უცხო ენას ერთი სიძლიერით ვსწავლობდით. როდესაც, პირველად დაიდგა „ბურატინო“, სადაც გოგონები ცოცხლად ვუკრავდით, ცოცხლად ვმღეროდით და ყველა თავის როლს ასრულებდა, ეს მიუზიკლი რუსულად და გერმანიაში რომ გავემგზავრეთ, გერმანულად ითარგმნა. მგონი არც ერთ ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი.
- როგორც ვიცით, მაშინ გემის კაპიტნობაზე ოცნებობით, ჟურნალისტობაც გქონდათ გადაწყვეტილი, მსახიობობაც გინდოდათ, საბოლოოდ რა პროფესია აირჩიეთ?
- გემის კაპიტნობაზე ნამდვილად ვოცნებობდი და ეს ოცნება ნაწილობრივ ავისრულე. ბათუმის პარკში პატარა გემები დაცურავდნენ, რომლებსაც ატარებდნენ საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულები და მეც ერთ დღეს ვიყავი იმ გემის კაპიტანი. რაც შეეხება ჟურნალისტობას, ბავშვობიდან სულ ვწერ, უამრავი სტატია მაქვს გამოქვეყნებული. დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის სპეციალობით. ბევრი საღამო, შეხვედრა და ტელე-რადიო გადაცემა მაქვს წაყვანილი და დღესაც ჩემი მუსიკალური სტუდიის კონცერტების უცვლელი წამყვანი ვარ. მიყვარს ეს საქმე, თავისუფლად ვგრძნობ თავს სცენაზე და ყველაზე მეტად რაც უყვარს მაყურებელს, სითბო და გულწრფელობა, არ მაკლია. რაც შეეხება მსახიობობას, ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი ერთ კარგ როლს. თსუ-ში სწავლის დროს უნივერსიტეტის სახალხო თეტრშიც ვიყავი. რეჟისორი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი იყო. რამდენიმე სპექტაკლში შევასრულე მთავარი როლი. ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ჯილდოც კი ავიღე თეტრების ფესტივალზე. ბურატინოშიც ხომ სასტიკი ყარაბას-ბარაბასი ვიყავი - კაცის ხრინწიანი ხმითა და გრძელი წვერით.
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ ბავშვებს, რამდენად ნიჭიერები არიან?
- რაც შეეხება ნიჭიერებას, ახლა ყველაფერი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, ერთმანეთზე უკეთესი თაობები მოდიან, უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა გავაზარმაცოთ. სიმღერას რაც შეეხება, ჩანაწერზე ტყუილად პირის გაღება პედაგოგებისა და მშობლების ძალიან არასწორი და ცუდი მიდგომაა საქმისადმი. ატყუებენ საკუთარ თავს, მოსწავლეებს და რაც მთავრია, მსმენელს. არ არსებობს, ჩვენი სტუდიის ბავშვმა სადმე პლუსფონოგრამით იმღეროს, თუნდაც ყველაზე ცუდი აპარატურა იდგას სცენაზე. მკაცრად ავკრძალავდი ასეთ გამოსვლებს და „მანჭვა-გრეხვას“, დავაწესებდი უდიდეს ჯარიმას! თუ არ შეუძლიათ ცოცხლად სიმღერა, სხვა საქმე აკეთონ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის ხარისხიანი და სრულფასოვანია, გარდაუვალი ცენზურაა საჭირო თუნდაც მუსიკალური რგოლებისთვის ჩაწერილ პლუსფონოგრამებზე, რომლებიც ასე მრავლად ჟღერს ტელევიზიით საბავშვო არხებზე და ამას სხვა ბავშვები უსმენენ.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ შეუწყონ ხელი ბავშვის ნიჭის განვითარებას?
- ალბათ, პირველ რიგში ყურადღებამისაქცევია წიგნიერება და ბავშვის სურვილთან ერთად მისი მონაცემი და არა ის, რაც მშობელს უნდა. საოცრად ფაქიზია ბავშვის სული და ბუნება. სამწუხაროდ, უფროსებს ხშირად გვეშლება პატარებთან მიდგომა. მათ ხომ ფერადი სამყარო უყვართ, მხიარული და უწყინარი. ჰოდა მოვეფეროთ ბავშვებს, რომ უფროსების პრობლემების გამო ცხოვრებაში არ დაითრგუნონ.
- ქალბატონო ლია, როგორც ვიცით, ფოთში რიგით მეორე ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „თეთრი თოლია“ თქვენმა მუსიკალურმა ანსამბლმა„ბომბორამ“ დიდ წარმატება მიაღწია, რას გვეტყვით ამის შესახებ?
- 1994 წლიდან გახლავართ მუსიკალურ-შემოქმედებითი სტუდიის “ბომბორას“ ხელმძღვანელი. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა დიდ წარმატებას მიაღწია. წელს 5-9 ნოემბერს, ფოთში რიგით მეორე ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „თეთრი თოლია“ ჩატარდა. 18 ქვეყანა მონაწილეობდა. წელს კონკურსი მოიცავდა ნომინაციებს საესტრადო, ხალხურ და კლასიკურ ჟანრებში. საერთაშორისო რანგის ჟიური, სხვადასხვა პროფესიის 14 ქვეყნის წარმომადგენლით იყო დაკომპლექტებული. „ბომბორას“ სოლისტები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში: ორი - I, ორი - II, ოთხი - III ადგილის მფლობელები გახდნენ. დუეტმა 12-14 წლის კატეგორიაში I ადგილი დაიმსახურა, ხოლო 6 წლამდე კატეგორიაში - III ადგილი ერგო წილად. გოგონების ანსამბლმა კი კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრან-პრი მოიპოვა. სოლისტი მარიამ ხუროძე, რომელიც I ადგილის მფლობელი გახდა (12-14 წლის კატეგორიაში) და ამასთანავე 100-პროცენტიანი დაფინანსებით მიწვეულია რუმინეთში, მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე “EURORITM”, რომელშიც 15 წელს ზევით შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას. 5 წლის მარიკო ქობალია კი ასევე I ადგილის მფლობელი - ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “MORSKA PERLA” მიწვეულია ასევე 100-პროცენტიანი დაფინანსებით. გარდა ამისა, ანსამბლს მიწვევები აქვს ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, ლატვიის, იტალიისა და ჩეხეთის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე