''მომავლის მასწავლებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი'' - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
''მომავლის მასწავლებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი'' - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
”ეს დღეებია ვერაფერი მოვუხერხე ჩემს გულს, რადგან ჩემს პირადზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც დღეს ჩემზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცის მოლოდინი შემომეპარა, ჩემს გულს კი ამის უფლებას არასდროს ვაძლევდი.
მე მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა,  სულ მარტო დავრჩი უავეჯო ოთახის პირისპირ, რადგან ყველაფერი ჩემი მშობლების წამლის საყიდლად გავყიდე. მარტო დავრჩი, მაგრამ მე ახლა დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ოჯახი მყავს და ამით ძალიან ვამაყობ.
ქართველ მასწავლებელს ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის, ჰოდა ახლა ყველა სათქმელს მე ვიტყვი, რადგან მინდა
ქართული სიტყვა გავაგონო ყველას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კოალიცია ”განათლება ყველასათვის საქართველო”-ს წარმომადგენლებს. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს, რადგან ძალიან ბევრი იმუშავეს. მადლობა ჩემს სკოლას, სკოლის ადმინისტრაციას, ჩემს მოსწავლეებს, თანამშრომლებს და იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობდნენ ამ დღეებში. მიხარია, რომ ჩემი შრომა  აღიარეთ. მინდა მოგიწოდოთ, ვაღიაროთ თითოეული მოსწავლე და ვუთხრათ მას, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის”, - ეს ტექსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ვლადიმერ აფხაზავამ გამოაქვეყნა. იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელია. 2010 წლიდან მუშაობს მასწავლებლად და ამასთანავე არაერთი წარმატებული პროექტის
ავტორია.
mshoblebi

იმის გასარკვევად, თუ როგორ გახდა ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და როგორ მოვიდა აქამდე,   mshoblebi.ge მას თავად გაესაუბრა.

- გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ გახდებოდით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი?
- გადაწყვეტილი მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. ბოლო წუთებში გულმა მაგრძნობინა და მივხვდი, რომ რაღაც იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავ იმისა, რომ ჩემს გულს არასდროს ვაძლევ საშუალებას ჩემზე და ჩემს პრობლემებზე იფიქროს. საბოლოოდ გამართლდა ის, რასაც გული მეუბნებოდა, თან ჩემი ბავშვებიც დავინახე დაჯილდოების ცერემონიაზე - დარბაზში მოყვანილი ჰყავდათ ორგანიზატორებს და ეს ერთგვარ მინიშნებად მივიღე.

- რა ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? რას აპირებთ მოგებული თანხით? 
- შეიცვლება ის, რომ, რასაც ჩუმად ვაკეთებდი, ჩრდილში ვაკეთებდი, ახლა უფრო თამამად გავაკეთებ. ვგულისხმობ, თუნდაც არასრულწოვანთა ძალადობის, მათი შრომით ექსპლუატაციის კუთხით არსებული  პრობლემების მოგვარებას და მასწავლებლებს ვეტყვი, რომ ჩემს გვერდით დადგნენ ასეთ დროს.
რაც შეეხება მოგებულ თანხას... არსებობს პროფესიული გაერთიანება ”პედაგოგთა ფორუმი”, რომელსაც ყოველწლიურად აქვს შემაჯამებელი ღონისძიება და ეროვნული კონფერენცია, სადაც ყველა რეგიონის მასწავლებელი ფასდება და გადაეცემა ჯილდო წლის საუკეთესო მასწავლებელს, მაგალითად, კახეთის რეგიონის წლის საუკეთესო მასწავლებელს. მე ”პედაგოგთა ფორუმის” წევრი ვარ და ვიცი შიდა სამზარეულო. ამ პროფესიულ გაერთიანებას აქვს საწევრო გადასახადი, თვეში ორი ლარი. მოგებული თანხიდან გარკვეულ თანხას შევწირავ ამ გაერთიანებას მასწავლებელთა დასაჯილდოებლად. ვთვლი, რომ მარტო მე არ უნდა მივიღო ჯილდო.

- თქვენი ხედვით, თქვენი დაკვირვებით როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რა რჩევებს მისცემთ კოლეგებს, რომ მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყოს საინტერესო და პროდუქტიული?
- მე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის მასწავლებელი. მე ვიტყოდი, რომ მომავლის მასწავლებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი და ამაში არ ვგულისხმობ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას უნდა ეკუთვნოდეს. პოლიტიკა არის იგივე სტრატეგია, ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს სტრატეგიულად ძალიან ძლიერი და თითოეულ მოსწავლესთან ძალიან ბევრი სტრატეგია უნდა გამოიყენოს და გათვალოს, მომავალში რა საჭიროებების და გამოწვევების წინაშე იქნება თავისი მოსწავლე, შესაბამისად მომავლისთვის უნდა მოამზადოს.

-  რა მეთოდებს იყენებთ სწავლების პროცესში ?
- არ არის სავალდებულო ბავშვს ყოველთვის ვუთხრათ, რატომ არ ისწავლე გაკვეთილი. თუ ბავშვი არ სწავლობს გაკვეთილს, არ არის ძალიან დიდი ტრაგედია, ამ დროს მასწავლებელმა აუნდა დაისახოს მიზანი, რომელიც ბავშვს გაუჩენს სწავლის მოტივაციას. აი, მაგალითად ჩემს მოსწავლეებს გაუჭირდათ კონფლიქტების სწავლა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის მასალა იყო. მაშინ მე შევიმუშავე პროექტი, რომელსაც დავარქვით ”მშვიდობის კვირეული”, სადაც ბავშვებს ვანახე ორი დაპირისპირებული მხარე. ორი კონფლიქტის მხარე - მუსლიმი მოსახლება და მართლმადიდებელი მოსახლეობა. რესურსად გამოვიყენე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დაპირისპირებული მხარეები. ამ ფორმით ბავშვებს მიეცათ საშუალება ენახათ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გაეგოთ როგორ მოგვარდა მათ შორის კონფლიქტი, რა ფაზები აქვს კონფლიქტებს. ყველაფერი გაიაზრეს. გაკვეთილში რაც უნდა ესწავლათ, ისწავლეს პროექტის დროს.

- ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდით, რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა?

- ჩემი მოსწავლეების პერიოდში სულ მქონდა პროტესტი, იმიტომ რომ მე, როგორც მოსწავლე თუ შეცდომას დავუშვებდი, ჩემი მასწალებლები შეცდომაზე არ მასწავლიდნენ, მსაყვედურობდნენ და ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიმსახურებდი საყვედურს. ასევე, არასდროს არ აუხსნიათ რაში დავუშვი შეცდომა. ამიტომ, როცა დავამთავრე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მაშინ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რათა არსებული სიტუაცია შემეცვალა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსწავლე ვერ ხვდებოდა თავის შეცდომებს, იყო შიშში. მას ჰქონდა შიში მშობლის, მასწავლებლის, სკოლის დირექტორის, შენიშვნების შიში და ამის გამო მოსწავლეები იყვნენ ჩუმად. ამიტომ გადავწყვიტე ”დემოკრატიული რევოლუცია მომეხდინა” სკოლაში და პროექტი გავაკეთე სწორედ ამ სახელწოდებით, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ სკოლას მხოლოდ სკოლის ადმინისტრაცია კი არ მართავს, არამედ სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობაც. ეს მოსწავლეთა თვითმართველობა მართალია, ყველა სკოლას ჰყავს, მაგრამ ხშირ შემთხვევააში ბავშვებმაც არ იციან რა ევალებათ. ამ პროექტით სკოლაში მინი სახელმწიფო შევქმენით. რაც მთავარია, ამ პროცესებში ბავშვები არიან ჩართული, რომლებიც პატარაობიდანვე სწავლობენ, თუ რა გამოწვევიბის წინაშე აღმოჩნდებიან მომავალში.

- რას გვეტვით პირად ცხოვრებაზე?
- დაოჯახებული არ ვარ. მშობლები ადრე გარდამეცვალნენ. ყველაფერი გავყიდე და მაინც ვერ შევძელი მშობლების გადარჩენა. საკუთარი ეზო მაქვს მამისეული, სადაც ერთი პატარა ოთახი დგას და ძალიან მინდა, ჩემი მცირე დანაზოგებით ერთი-ორი ოთახით გავაფართოვო. მყავს სამი და, რომლებიც დაოჯახებულები არიან. ასევე ჩემს ცხოვრებაში არის 8 ბავშვი, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობ. ისინი არიან ჩემთვის საოცრება ადამიანები და მათ გარეშე არ შემიძლია. ეს ბავშვები არიან საოჯახო ტიპის სახლის, ძალადობის მსხვერპლი აღსაზრდელები, მე ვარ ამ სახლის მენეჯერი... სიმართლე გითხრათ, გუშინ არაფერი არ მინდოდა, არც ჯილდო, არაფერი, ვფიქრობდი ჩემს ბავშვებზე და როცა სცენაზე ავედი და ისინი დავინახე, მუხლები მეკეცებოდა... ძალიან ვეცადე თავი შემეკავებინა.
რუსკა კილასონია

6826
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?