"მასწავლებელი უნდა იყოს მორგებული ბავშვის საჭიროებებს და არა მშობლებისას" - ახალგაზრდა დირექტორის საინტერესო ხედვა
"მასწავლებელი უნდა იყოს მორგებული ბავშვის საჭიროებებს და არა მშობლებისას" - ახალგაზრდა დირექტორის საინტერესო ხედვა
შავლეგ ურუშაძე 27 წლისაა. იმ საკმაოდ იშვიათი ახალგაზრდების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თავისი დიდი სურვილით და ასევე დიდი მიზნებით მივიდა სკოლაში მასწავლებლად. მალე პატარა კერძო სკოლაში, რომლის დირექტორი იმხანად მამამისი გახლდათ, ბევრი ალაპარაკდა გეოგრაფიის ახალგაზრდა მასწავლებელზე, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. მათთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, ერთობოდა, ახლებური მეთოდებით ასწავლიდა საგანს და ლაშქრობებზე დაჰყავდა მოსწავლეები... გავიდა სულ ცოტა დრო და ამ ადამიანს უკვე მთლიანად სკოლა ჩააბარეს. ახლა პატარა კერძო სკოლა "ოპიზაში" ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ, რადგან პროგრესულად მოაზროვნე, ბავშვების მოყვარული და მუდამ
მათ მხარეს მყოფი დირექტორი ჰყავთ. ჩვენამდე სკოლის რამდენიმე მშობლის წერილიც მოვიდა მისი კეთილი საქმეების შესახებ. მაგალითად, სულ ბოლოს, ერთ-ერთ მოსწავლეს მოულოდნელად შეექმნა ოჯახში დიდი პრობლემები, ვალების გამო უსახლკაროდ დარჩნენ და რასაკვირველია, ის რეალობაც უნდა მოჰყოლოდა ამას, რომ ბავშვი კერძო სკოლიდან გაეყვანათ. ეს ამბავი როგორც კი ახალი დირექტორის ყურამდე მივიდა, მაშინვე გაათავისუფლა ბავშვი გადასახადისგან და დატოვა სკოლაში... სწორედ ამ და ბევრი სხვა მსგავსი მიზეზის გამო ეს ადამიანი ახლა ჩვენი რესპონდენტია.


- ახალგაზრდა თაობის, მით უმეტეს მამაკაცებს ნაკლებად აქვთ სკოლაში მუშაობის სურვილი. თქვენი არჩევანი რამ განაპირობა?
- პირველ რიგში გეტყვით, რომ უზომოდ მიყვარს ბავშვები, ეს
არის ყველაზე მთავარი მოტივი ალბათ ყველაფრის, რასაც ვაკეთებ... გარკვეულწილად გამიმართლა კიდეც, რადგან ცხოვრებამ თავად მომცა კარგი მიმართულება - მთელი ბავშვობა გავატარე სასკოლო სივრცეში, მშობლები მთელ დღეებს და ხანდახან საღამოებსაც სკოლაში ატარებდნენ და მეც მათთან ერთად ვიყავი. სკოლა ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. ჩემთვის თითქოს ბუნებრივი იყო ეს გზა - ისევ სკოლისა და ბავშვებისკენ... შევძელი და მაქსიმალურად გამოვიყენე ეს შანსი. სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდანვე ასე აქტიურად რომ არ ვყოფილიყავი ჩართული ამ სფეროში, შესაძლოა არც მეფიქრა ამაზე. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და დიდი შანსი მქონდა, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი, მშობლებსაც ასე უნდოდათ, მაღალ სტანდარტებს მიყენებდა ოჯახიც და საზოგადოებაც. ამ სტანდარტებში ნაკლებად იგულისხმებოდა, რომ სკოლის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი.

- ანუ ოჯახის მოთხოვნა არ ყოფილა, რომ სკოლაში დარჩენილიყავით?
- არა, პირიქით. საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, მანამდე ოჯახის წევრები მოსამართლეობასაც მიპირებდნენ, მაგრამ ეტყობა, შინაგანად სულ სკოლა მეძახდა.
ხანდახან ვფიქრობ, რომ არა სკოლა, სავარაუდოდ, სპორტსმენი ვიქნებოდი, იმდენად მიყვარს აქტიური ცხოვრება.
სკოლა წარმატებით დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე. დაახლოებით ნახევარი წელი ვისწავლე და დავანებე თავი, რადგან მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო... ბავშვობიდან მიყვარს გეოგრაფია, ყველაზე მონდომებით ამ საგანს ვსწავლობდი. ყველა საგანში მყავდა საუკეთესო ნიშნები, მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ გეოგრაფიისა მქონდა. გეოგრაფიის მასწავლებელიც განსაკუთრებით მიყვარდა.
...ზუსტად იმ წელს მოხდა გეოგრაფიის გამიჯვნა, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება ცალკე გამოეყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. მასში შედის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ა.შ. მეცნიერებები. მეც ავტომატურად გადავედი ამ ფაკულტეტზე და ავიხდინე ოცნება.
mshoblebi
- უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წამოხვედით სკოლაში?
- გეოგრაფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში. გარკვეული პერიოდი აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მოგზაურობები, ლაშქრობები და ა.შ. მაშინვე არ ჩავრთულვარ აქტიურ სასკოლო ცხოვრებაში. შემდეგ სკოლაში დასჭირდათ გეოგრაფიის მასწავლებელი და რაღაც თავისთავად აღმოვჩნდი აქ. უკვე მეხუთე წელია მასწავლებელი ვარ და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.

- ახლა გარკვეული საგნები სხვანაირად ისწავლება. მაგალითად ზოგიერთ კლასში ისტორია და გეოგრაფია ერთ წიგნშია გაერთიანებული. თქვენ როგორც გეოგრაფს, რამდენად მოგწონთ ამგვარი მიდგომა?
- წეღანაც ვახსენე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი კათედრა გაყვეს ორად. ერთი ნაწილი სხვა კათედრას მიუერთდა, მეორე სხვას. აქაც იგივე პრინციპია. წმინდა გეოგრაფიაც გარკვეულწილად მოსწავლეებმა მე-5 კლასში ბუნებისმეტყველების სახით დაიწყეს. გეოგრაფია, უფრო საზოგადოებრივი, ადამიანური მიმართულება გაერთიანებულია სწორედ ამ საგანში - „ჩვენი საქართველო“. ჩემი აზრით, პირიქით, გეოგრაფია იმდენად დიდი და მრავლისმომცველია, რაც უფრო ინტეგრირებულია, გაცილებით საინტერესოა.

- რაც შეეხება დირექტორობას, ეს თქვენთვის გამოწვევაა და ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თან ამ ასაკში?
- სიმართლე გითხრათ, ეს სწორედ ჩემს ასაკშია ძალიან პერსპექტიული და მიმზიდველი წინადადება. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით, ვხედავ, რომ საზოგადოებაში სხვანაირად ანიჭებენ ამ "პოსტს" მნიშვნელობას. თუმცა მე ვთვლი, რომ საერთოდ არაფერი შეცვლილა თავად ჩემში. უბრალოდ იმდენად ბევრ საქმეში გადავეშვი თავით, რომ ნაკლები დრო მრჩება. ბავშვებმაც, რომლებთანაც ადრე მეტად ხშირი და აქტიური ურთიერთობა მქონდა, იფიქრეს, რომ რაღაც ბარიერი გაჩნდა. ეს იმდენად განვიცადე, როცა მაღალი კლასის მოსწავლეებს ვხვდები, მეტი მოწიწებით ვესალმები, რადგან არ მინდა იგრძნონ, თითქოს რაღაც სტატუსის გამო შევიცვალე... საზოგადოება აღიქვამს ასე და ბავშვებმა, რომლებთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი, დავდიოდი ლაშქრობებზე, მათ რომ აღიქვან ასე, გასაკვირი არ არის. სინამდვილეში, ეს უბრალოდ პოსტი და რაღაცის უფროსობის ხიბლი კი არ არის, ეს არის შესაძლებლობა, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალო, გაამარტივო და ახალი და ძალიან კარგი მიზნები დაისახო. მაგალითად, გახადო სკოლა გაცილებით უკეთესი. 21-ე საუკუნის განათლების მნიშვნელოვანი ღირებულებაა მოსწავლეზე ორიენტირება. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლაში, რასაც უკვე ვახერხებ, მეტნაკლებად ვებრძვი პრობლემებს და ვცდილობ, მივუდგეთ ყველანი ერთად, პედაგოგები, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ეს არ არის რთული, უბრალოდ ბევრ შრომას მოითხოვს.

- რამდენად იძლევა ამ მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მხოლოდ ის, რომ თქვენ თანამდებობა გაქვთ? თქვენც ხომ გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, თუნდაც იმავე განათლების სამინისტროსგან?
- იცით რა, ძველ განათლების სისტემას თუ შევადარებთ, დღეს საქართველოში განათლება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა შედარებით თავისუფალ, ევროპულ მოდელზე ვართ გადასული. მე მივესალმები ამ ცვლილებებს. თავის დროზე, ზოგადი უნარების სწავლების შემოღებამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თავდაყირა დააყენა განათლების სისტემა. თუმცა დღეისათვის მისი აუცილებლობა ყველამ აღიარა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ დღეს ყველანი ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიას უნდა ჰქონდეს ეს მნიშვნელოვანი უნარები - გააზრების, გაანალიზების, ლოგიკის. ამ უნარების გარეშე განათლება წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, ძველი განათლების სისტემაც გვივითარებდა ამ უნარებს, მაგრამ იქ უფრო ინფორმაციულ ცოდნაზე იყო აქცენტი გამახვილებული. შესაძლოა ცოტა ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ ხშირად მითქვამს მოსწავლეებისთვის, რომ თუ მათი სურვილია, შეუძლიათ იმ დღეს ესა თუ ის წიგნი საერთოდ დახურონ და დაივიწყონ, მაგრამ ამ დროს მე მინდა მათ სხვადასხვა აქტივობით განვუვითარო, მაგალითად პასუხისმგებლობის გრძნობა, ის, რომ არ უნდა დააზიანოს მერხი, გაუფრთხილდეს საკუთარ კლასს, საკუთარ სივრცეს. ეს მირჩევნია,  ვიდრე იძულებით მხოლოდ კონკრეტული გაკვეთილი ისწავლოს და ხვალ ეს აღარ ახსოვდეს. ვთვლი, რომ ჯობია ბავშვი კარგი მოქალაქე იყოს, ვიდრე ყოვლისმცოდნე. თავის დროზე ალბათ ჩემს წინაშეც სცოდავდნენ მშობლები, როცა მომიწოდებდნენ, რომ ყველა საგანი ძალიან კარგად მესწავლა. ეს უფრო მშობლის ამბიციაა. შეუძლებელია, ადამიანმა ყველაფერი 100 პროცენტით აითვისოს. სინამდვილეში სკოლაში მიღებული ცოდნის 50%-იც არ გვახსოვს ხოლმე წლების შემდეგ... ძნელია ყველას თანაბრად აინტერესებდეს ფიზიკა, ქიმია, ისტორია და ა.შ. მაგრამ მოდის თაობა, ადამიანები, რომლებიც უსწორებენ რეალობას თვალს და ხვდებიან, რომ არ არის აუცილებელი ყველა საგანში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდეს ბავშვს, მთავარია, მას თავისი ინტერესები, მიზნები გააჩნდეს და მთავარია, ის სწორი მიმართულებით განვითარდეს.

- სკოლის დირექტორის პოზიციიდან გამომდინარე, გამოიკვეთა თქვენი რამდენიმე პრიორიტეტი - სწავლების სისტემის მიმართ რაც შეიძლება თანამედროვე მიდგომა და ბავშვების საჭიროებებზე ორიენტირებული სკოლა. კიდევ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?
- ჯერჯერობით, პატარ-პატარა პრიორიტეტები და გეგმები მაქვს ალბათ. მაგალითად, სასკოლო ცხოვრებაში ვცდილობ, რომ სახალისო ელემენტები შევიტანო. პირველ რიგში, მასწავლებლის ცხოვრებაში, რათა ეს შემდეგში აისახოს მოსწავლეზეც. როცა მასწავლებელი კლასში შევა, მინდა მაქსიმალურად თავისუფალი და გახსნილი იყოს, რაც შეიძლება მეტად დადებითად დამუხტული. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ სკოლაში არ უნდა იყოს არავითარი ნეგატივი, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური სივრცე.
თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი რაც შეიძლება მეტად განვითარებული უნდა იყოს, არ ჩამორჩეს დროს და არ გაიყინოს ერთ ადგილას. განვითარების და წინსვლის უამრავი საშუალება არსებობს და თუნდაც მის კონკრეტულ საგანში აუცილებლად უნდა ერკვეოდეს ყველა სიახლესა და წინსვლაში.
ვთვლი, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მორგებული ბავშვის საჭიროებებს და არა მშობლებისას. როგორც წეღან აღვნიშნე, მშობლები მაქსიმალისტები არიან ბავშვებთან მიმართებაში. თუმცა ბავშვზე ორიენტირება ძალიან დიდი ღირებულებაა. ნებისმიერ სკოლაში მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შექმნილი პოზიტიური, მოსახერხებელი გარემო, რომ დაკმაყოფილდეს მისი ინტერესები... არ მიყვარს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, თითქოს ყველაფერი იდეალურია, სწორედ ეგ იყო ჩემი მთავარი მოტივი, როდესაც ჩავუდექი სკოლას სათავეში - შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრა პრობლემები და ახალი ხედვით ვიმოქმედო.

- როცა მამათქვენი იყო დირექტორი და თქვენ რაღაცები არ მოგწონდათ, გქონდათ გარკვეულ საკითხებზე პოლემიკა?
- კი, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად იყო. ეს დღესაც გრძელდება.

- დღეს როგორ უყურებს მამათქვენი თქვენს ნაბიჯებს?
- რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრებები აქვს, მაგრამ მენდობა. მეტნაკლებად ვიზიარებთ ერთმანეთის მოსაზრებებს. რაღაც საკითხებში ვთანხმდებით, რაღაც საკითხებში ვერ ვთანხმდებით. ძალიან მინდა, რომ თვითონაც დაინახოს და განსხვავებულად შეხედოს ამა თუ იმ საკითხს. თუ სიახლე არ გაამართლებს, არ მგონია, რომ ძველ პოზიციაზე დაბრუნება პრობლემა იყოს. ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებს და მახასიათებლებს სკოლაში არ ვცვლით და ამიტომაც არ მგონია, რომ შესაძლოა რამე გაფუჭდეს. ერთი მნიშვნელოვანი იდეა მაქვს, მთავარია მაქსიმალურად მეტი კარგი ემოცია გავავრცელოთ მასწავლებლებშიც, მოსწავლეებშიც და მშობლებშიც. თუ ამ სამ რგოლში რაიმე ფაქტორი იწვევს უკმაყოფილებას და ეს უკმაყოფილება მუდმივად გრძელდება, ის აუცილებლად გამოსასწორებელია. თუმცა ვითვალისწინებ იმასაც, რომ ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.

- მშობლებში უფრო რა პრობლემებს ხედავთ?
- ძირითადად მშობლების პრობლემა არის მოუცლელობა, რის გამოც ხშირად რაღაცები ეპარებათ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. მშობელთა კრებებზე კარგად ჩანს, რამდენად ახერხებენ ჩართულობას შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
ხშირად ვეუბნები მშობლებს, რომ ჩვენ სხვაგან ვართ და ბავშვები სხვაგან არიან, ამიტომ ძალიან მინდა, რომ დავახლოვდეთ. უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენ მოვერგოთ ბავშვებს და არა ისინი - ჩვენ, ოღონდ ზომიერების ფარგლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მოუცლელობის გარდა, მშობლებსა და შვილებს გაჯეტებც აშორებს ერთმანეთს. ალბათ მაქსიმალურად უნდა ეცადონ, კომპიუტერიც და ინტერნეტიც დადებითი კუთხით გამოიყენონ, რადგან მათგან ბავშვების მოშორება გაცილებით რთული საკითხია. და რაც მთავარია, მეტად მოუსმინონ შვილებს, ისინი სრულიად განსხვავებულად, ახლებურად აზროვნებენ და ღირს მათი მოსმენა. გარდა ამისა, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, სურვილები და მათი მომავლის დაგეგმვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა. 
ლელა ზურებიანი
9508
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?