"ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ - მასწავლებელი ვარ!"
"ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ - მასწავლებელი ვარ!"
I am a teacher - აი, ამ წარწერით ფეისბუქმა პროფილის ახალი ჩარჩო შემოგვთავაზა. ძალიან მომინდა „ასეთწარწერიანი" პროფილი.
მერე გავიფიქრე, რაღა წარწერა გჭირდება, ისედაც შუბლზე გაზის ეგ ნიშანი და ერთი-ორი სიტყვით დაგეწერა, რას განიცდი, როგორც Teacher, ყველა შაბლონს ეგ აჯობებს-მეთქი და ამიტომ დავწერე.

ყველაფერი 1987 წელს დაიწყო და 30 წელია გრძელდება.
უკეთესი საქმე ვერსად აღმოვაჩინე. რამდენჯერმე გავექეცი კიდეც; გადაღლილობა და დეპრესია მოვიმიზეზე: მორჩა! ჩემი ცხოვრება მინდა! ამის ატანა აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მალე ისევ უკან ვბრუნდებოდი.
რას არ გავუძელით ერთად მე და
ჩემმა მოსწავლეებმა: ომს, ყინვას და სიბნელეს, მაგრამ ეს საქმე არ მოვიბეზრეთ; არც ქვეყანა შევიცვალეთ, არც შეხვედრის ადგილი, არც აზრი (ერთმანეთზე). ამიტომ გავბევრდით, მიუხედავად იმისა, რომ კუპონის ხელფასითაც სცადეს ჩვენი გათიშვა, რომ იქნებ იმედგაცრუებულ მასწავლებლებს რამე სხვა უფრო ხელსაყრელი მოგვეძებნა, მაგრამ მაინც დავრჩით, ნავთქურებს მივეფიცხეთ და დილას კარს ვუღებდით სახლიდან გაყინულ სკოლაში მოსულ მობუზულ ბავშვებს.

ჩაიარა იმ დრომ - ცივმა, შავ-ბნელმა და ბრმა ტყვიის შიშით დამფრთხალმა; სამსახურში ფეხით სიარულისა და ბევრ თბილ ტანსაცმელში გამოხვევის დრომ, როცა „ზაბლონა მასწავლებელივით“ ჩაცმულებმა ჩვენს გარეგნულ იერს (მაშინ ახალგაზრდები ვიყავით) სრული ზაბლონიზაცია შევარქვით.

სკოლაში დადებული ნაღმის შესახებ გამაფრხილებელი ზარის
შემდეგ მე და ჩემმა მოწაფეებმა შენობის ევაკუაციაშიც ზუსტად 14-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ მეორე დღეს ისევ საკლასო ოთახში ვხვდებოდით ერთმანეთს.
დღემდე ისინი ჩემგან ხან თანგრძნობასა და ნუგეშს, ხან კი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან და მეც ვარ ამ საქმეში: ვუზიარებ, ვანუგეშებ, თანავუგრძნობ, ვსწავლობ და ამ ნასწავლს ისევ იმათ ვუბრუნებ. თუ გაკვეთილი გამოდის და ტემპერატურა იმატებს, ბედნიერებისგან ყველა დარდი და საწუხარი მტოვებს.

მე და ჩემი მოსწავლეები უკვე ძალიან ბევრნი ვართ. დიდი კაცები და ქალებიც არიან მათ შორის.
მე მათ ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, ავად თუ კარგად... მაგრამ აპრილის ბოლოს, ერთ დღეს, როცა „ვეფხისტყაოსნის" ეპილოგს მივადგებით ხოლმე, სკოლას არც ერთი მათგანი არ აცდენს და როცა „გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისას" ჩავიკითხავთ, ხან ტაში მოსხლტება, ხან ცრემლი; ზოგი დგება და ხელებგაშლილი მოდის ჩემკენ, „რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო“.

ქართული ლიტერატურის საგანძურიდან რა არ ამოგვიძვრენია მე და მაგათ!! აგურს აგურზე ვდებდით, ისე ვაშენებდით და მერე ვათბობდით ერთ დიდსა და სიყვარულით სავსე სახლს მე და ბავშვები... ისინი იცვლებოდნენ, მე ვრჩებოდი.
სად არ ვცადე ბედი: კინოსტუდიაში, კერვასა და ცხობაში, წერასა და თარგმნაში, ლექტორობაში, კერძო გაკვეთილებში, სამოდელო ბიზნესშიც კი, მაგრამ სიბერემ მაინც აქ მომისწრო, ამ ღვთაებრივი შთაგონებით წამომართულ შენობაში.
ეს ჩემი სამსახურია - მისი უდიდებულესობა სკოლა! აქ ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ - მასწავლებელი ვარ.
ანა ამირეჯიბი
1014
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ჯანა და არა ჟანა :)
13:47 / 31-01-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?