ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც სკოლას ქიმიის სიყვარულით გაიხსენებს
ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც სკოლას ქიმიის სიყვარულით გაიხსენებს. სამწუხაროდ, ეს საგანი თითქმის ყველა ბავშვში დღესაც ნეგატიურ განცდას იწვევს, მიზეზს კი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ნაკლებ ინტერესსა თუ ნიჭს მიაწერენ. იმასაც ამბობენ, ქიმია პედაგოგმა თუ არ შეგაყვარა, ისე ვერადა ვერ ისწავლიო. ქიმიის პედაგოგების დეფიციტს კი მთელი მსოფლიო განიცდის და რა გასაკვირია, რომ მსგავსი პრობლების წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას, თუმცა ამ საგნის მასწავლებელებს შორისაც მოიძებნება ის, ვინც მოსწავლეებს ქიმია საყვარელ საგნად უქცია და წლის საუკეთესო პედაგოგების ხუთეულშიც მოხვდა.
Mshoblebi. ge - ს საკუთარი გამოცდილება და ხედვები საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა , 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ წარდგენილმა ქიმიკოსმა ელისო აბრამიშვილმა გაუზიარა:
- ვფიქრობ, ნებისმიერი მასწავლებელი, გარდა კონკრეტული სასგნის სწავლებისა, ვალდებულია მოსწავლეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევები განუვითაროს. ვცდილობ ჩემი მოსწავლეები იყვნენ დამოუკიდებლები, პასუხისმგებლიანები და შემწყნარებლები სხვისი აზრის მიმართ. რაც შეეხება საგანას, მუშაობის დამთავრების შემდეგ, ბავშვები ყოველთვის მსჯელობენ ცდის შედეგებზე, რაც პროცესის გააზრებაში კიდევ უფრო ეხმარებათ.
ეს ჯილდო ჩემი სკოლის, ჩემი კოლეგების დამსახურებაა. ჩემს სკოლას უკვე ჰყავს წინა წლის საუკეთესო ათეულის წევრი ქალბატონი მაია ტყემალაძე. ის იყო ჩემი მთავარი მოტივატორი. 21 - ე საუკუნე გამოწვევების საუკუნეა, ამიტომ მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიახლებიისთვის, იზრუნოს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. პედაგოგი, როგორი დიდი გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეს, სიახლეს ყოველთვის უნდა ეძებდეს, და არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს სწავლა. ვფიქრობ, სწორედ სიახლეებისადმი ინტერესია ჩემი, როგორც პედაგოგის, მთავარი თვისება.
- ქიმია სკოლის მოსწავლეებში არცთუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორ უღვიძებთ ბავშვებს ამ საგნისადმი ინტერესს და რას ურჩევთ მშობლებსა თუ დამწყებ პედაგოგებს, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მეცნიერება?
- გაკვეთილის დაგეგმვისას ყოველთვის გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და საგნისადმი დამოკიდებულება. ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მიზნით საჭიროა მრავალფეროვანი მეთოდები სა და სტრატეგიების გამოყენება. თითოეული გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე უნდა მოეწყოს შესაბამისი გარემო, მოსწავლეებს უნდა მიეცეს საშუალება მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ, თვითონ დაგეგმონ და განახორციელონ, ექსპერიმენტები, შეძლონ პროცესების მოდელირება და თეორიული ცოდნა დაუკავშირონ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ქიმია კი ჩვენს ყოველდღურ საქმიანობაში გამუდმებით გვხვდება და როცა ბავშვი ავლებს პარალელს გაკვეთილზე და სახლში ან ქუჩაში ნანახს შორის, მისი ინტერესი საგნისადმი იზრდება
თუ მოსწავლე თვითონ არ არის ექსპერიმენტის უშუალო მონაწილე, ვერ იაზრებს, როგორ გამოიყენოს დაფაზე დაწერილი რეაქციები პრაქტიკაში.
- თანდაყოლილი ნიჭის არსებობის თუ გჯერათ? საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, თუ ბავშვს თავიდანვე არ აქვს ტექნიკური საგნების ნიჭი, ის მათემატიკის, ფიზიკისა თუ ქიმიის სწავლას ვერ შეძლებს. თქვენი გამოცდილებით როგორაა?
- მთავარია მასწავლებელი, როგორ განწყობას შეუქმნის მოსწავლეს და რა დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს საგნის მიმართ. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რასაც მოინდომებ და ამ მიზნისთვის იბრძოლებ, ყველაფერს მიაღწევ.
- მთავარი „გასაღები“, რითაც კლასში წესრიგსა და დისციპლინას ინარჩუნებთ, რა არის?
- მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში. ერთი მოსწავლის პასუხს მესამე პირში ვამეორებინებ მეორეს. მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, ერთმანეთის ნამუშევრები შეაფასონ შუქნიშნების მეთოდით. დაუსვან შეკითხვები ერთმანეთს და თვითონვე გაასწორონ არასწორი პასუხები. ეს ტექნიკა ზრდის მოსწავლეთა კონცენტრაციას და ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას.
ხშირად ვიყენებ პოზიტიურ კომენტარებს:
• რამდენი გიშრომია, ვაფასებ შენს შრომას
• ყურადღება მიაქციე, ჩაინიშნე , მოიძიე, მჯერა უკეთესად გამოგივა.
მოსწავლე ხდება უფრო თავდაჯერებული. იზრდება მისი თვითშეფასება და ნდობა ჩემ მიმართ.
მოსწავლეებთან ერთად ვქმნი შესაბამის სასწავლო რესურსებს და ვახდენთ მის ეფექტურ გამოყენებას, ინგლისურ და რუსულენოვანი სასწავლო რესურსების გახმოვანებას ქართულად.
მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ სასწავლო ექსკურსიები.
- სკოლებში ბულინგის არსებობას დღეს აღარავინ უარყოფს. როგორც ფიქრობთ, რა ზომებია საჭირო, რათა სკოლას ურთიერთჩაგვრის პრობლემა აღარ ჰქონდეს?
- პრობლემა არ უნდა დავმალოთ და ვეცადოთ იქვე მოვახდინოთ რეაგირება. მხარი დავუჭიროთ ძალადობის მსხვერპლს, ვიმუშაოთ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე. მოძალადეს კი ვაგრძნობინოთ, რომ მისი საქციელი მიუღებელია. მათთან ერთად შევიმუშაოთ საგანგებო წესები და ერთად ვეძიოთ გადაჭრის გზები. ამისათვის შესაძლებელია, გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, მოვაწყოთ ბულინგის თემაზე ერთობლივი ფილმის ჩვენება და შემდეგ დისკუსია.
- მშობლების მხრიდან რა პრობლემებს ხედავთ, რა სჭირდება მასწავლებელს მშობლისგან და რას ვერ იღებს?
- სკოლის ცხოვრებაში მშობელი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა იციან, თუ რა მოლოდინები მაქვს მათ მიმართ. მათთან ერთად ვქმნი საკლასო წესებს და წლის დასაწყისში ვაცნობ მშობლებს. ეს მათი თვითდისციპლინის გამომუშავებაში მეხმარება.
მარიამ ელიაშვილი