"ვერ გააჩერებთ პატარას მერხზე ხელებდაწყობილს, უნდა იმოძრაონ, იხტუნონ. მეც მათთან ერთად ვთამაშობ და შედეგებს ვაღწევთ“ - ქართველი მასწავლებელი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - მშობლები

"ვერ გააჩერებთ პატარას მერხზე ხელებდაწყობილს, უნდა იმოძრაონ, იხტუნონ. მეც მათთან ერთად ვთამაშობ და შედეგებს ვაღწევთ“ - ქართველი მასწავლებელი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

2019-02-20 06:44:47+04:00

საჩხერელმა ინგლისურის მასწალებელმა, მაია ტყემალაძემ, საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. ის საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს მოსწავლეებსა და მშობლებს უზიარებს:

- რომ მოგვიყვეთ თქვენი ამ წარმატების შესახებ, რა ტიპის კონკურსი იყო?

- ეს კონკურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირის მიერ. კავშირი დაფუძნებულია ლონდონში და წელს გახდა 100 წლის. დედოფლის პატრონაჟით ხორციელდება. წელს პირველად გამოცხადდა ეს კონკურსი და არის საერთაშორისო მასწავლებლის ჯილდო, მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლებისთვის არა. პირველ ადგილზე გავიდა შოტლანდიიდან ისტორიის მასწავლებელი. მოთხოვნა იყო საუბარი და მოსმენა, ანუ როგორ ვუვითარებთ ბავშვებს ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან უნარს, იმიტომ, რომ ეს საკომუნიკაციოდ დებატებში ძალიან სჭირდებათ. საქართველოდან მხოლოდ მე წარმადგინეს. შემდეგ მოვხვდი ხუთეულში და 30 იანვარს გამოცხადდა ორი გამარჯვებული - შოტლანდიელი მასწავლებელი და მე.

იხილეთ ვიდეო ქალბატონი მაიას სწავლების მეთოდებზე

Videomshoblebi

მაია ტყემალაძე - ინგლისურის მასწავლებელი საჩხერიდან

- როგორია თქვენი საგაკვეთილო მოდელი, როგორ ასწავლით ბავშვებს ინგლისურს?

- მე თამაშით ვასწავლი, თუმცა თამაშს არ ვგულისხმობ პირდაპირი გაგებით. ეს არის საგაკვეთილო თამაშები. გრამატიკული, ლექსიკური თამაშები. საკომუნიკაციო აქტივობები. ძალიან ხშირად ვიყენებ დებატებს. დებატების კლუბიც მქონდა წლების მანძილზე. ახლა უკვე საჯარო მეტყველების კლუბი მაქვს დაარსებული.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ მიიღწევა მაქსიმალური შედეგი, რომ ბავშვებს ჰქონდეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკულადაც იყენებდნენ ამას.

- სიტუაციურ თამაშებს ძალიან ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე. მთელი გაკვეთილი ვმოძრაობთ. მაგალითად, ახლა "ტომ სოიერს" ვარჩევთ კლასში და დღეს სიტუაციები შეცვალეს ბავშვებმა. მერე ამას როლურად დგამენ, იყენებენ იმას, რაც უკვე ისწავლეს. ეს ცოდნა არ რჩება მხოლოდ წიგნში. მათ რეალურ ცხოვრებაში გადააქვთ ეს ყოველივე. ასევე, აქტიურად ვიყენებ თავად დრამას, 4-5 სპექტაკლი უკვე განვახორციელეთ სხვადასხვა კლასში ინგლისურად და ეს ძალიან კარგია, ეხმარება ბავშვებს თავდაჯერებულებაში. საუბარი საჯარო სივრცეში რთულია, მითუმეტეს ინგლისურად. ჩემი ბავშვები მარტო კი არ საუბრობენ, აზროვნებენ ინგლისურად.

mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ინგლისურში მეცადინეობა?

- ინგლისურში მეცადინეობას პირველი კლასიდან ვიწყებთ. ეს ძალიან კარგი ასაკია, მაგრამ უნდა ვასწავლოთ თამაშ-თამაშით. პირველი და მეორე კლასელი ბავშვი არ უნდა გადავტვირთოთ კითხვით. მათ სიტყვები თამაშსა და სიმღერებში შემოესწავლებათ.

- ცოტა უფრო მაღალ კლასებში, როგორ ახერხებენ ბავშვები ორი ენის პარალელურად სწავლას? არის ეს ეფექტური?

- დიახ, ეფექტურია ნამდვილად. უბრალოდ, ბევრ მშობელს მოუმართავს და უთქვამს, "მე კერძოდ მოვამზადებ". არავის არ ვურჩევ. არ უნდათ ბავშვებს ზედმეტად დატვირთვა. გაკვეთილზე თუ მასწავლებელი თავის სიმაღლეზე დგას, მომზადებული აქვს სათანადო აქტივობები, თამაშებით და სიმღერებით მიდის, არანაირი საჭიროება პირველ-მეორე კლასელი ბავშვის მომზადების არ არის. ძალიან მარტივად სწავლობენ პატარები ამ ყოველივეს, ოღონდ თამაშით. ვერ გააჩერებთ პატარას მერხზე ხელებდაწყობილს, "მისმინე, მარტო მე მიყურე“ ფრაზებით. უნდა იმოძრაონ, უნდა იხტუნონ. მეც მათთან ერთად ვხტუნავ, ვთამაშობ და ამით შედეგებს ვაღწევთ.

თამარ იაკობაშვილი

alt„არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც არ მოეძებნება ისეთი ძლიერი მხარე, რითიც ამუშავდება...“ - ინტერვიუ ბავშვების საყვარელ პედაგოგთან