"ვფიქრობ, რომ პირველი კლასიდან ინგლისური არ უნდა ისწავლებოდეს. მგონია, ჯერ მშობლიური ენა უნდა ისწავლონ" თინათინ ასლამაზიშვილი დაახლოებით 15 წელია მასწავლებელია. ინგლისურ ენას ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. მისმა მოსწავლეებმა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ცოდნის გარდა, თინიკო მასწავლებლისგან დიდი სიყვარულიც მიიღეს და ამიტომ უფრო გაიოლდათ სწავლა. ბევრი ბავშვის საყვარელი მასწავლებელი გვიყვება, რა მიდგომებს იყენებს სწავლების პროცესში და როგორ ახერხებს მოსწავლეებთან ეფექტურ კომუნიკაციას:
- მეთოდების შერჩევისას ასაკს გააჩნია. პატარა მოსწავლეები დიდი ხანია არ მყოლია, მაგრამ როცა მყავდა, ინგლისურს როლური თამაშებით, ლექსებითა და სხვადასხვა სახალისო აქტივობით ვასწავლიდი. დიდებთან სააზროვნო საკითხები შემაქვს, რაც მსჯელობასა და ანალიზს ითხოვს. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მასწავლებელი თუ უყვართ, საგანსაც სწავლობენ.
- თქვენმა ბევრმა მოსწავლემ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასება მიიღო, როგორ ფიქრობთ, ეს რისი დამსახურებაა, როგორ მოახერხეთ, რომ ბავშვებში ასეთი მაღალი შედეგისთვის მიგეღწიათ?
- პირველ რიგში, ეს ბავშვების დამსახურებაა. მათ და მშობლებს რომ ჰკითხოთ, მასწავლებლის დამსახურებაა. მაგრამ, მე მგონია, რომ ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა მაღალი შეფასება. ძალიან მონდომებულები იყვნენ, პირველი კლასიდან მე ვასწავლიდი და იმედებიც გამიმართლეს.
- უცხო ენის ათვისება ყველას მარტივად არ შეუძლია. როგორ უნდა ასწავლოთ საგანი, რომ შეუყვარდეთ?
- ისევ მეთოდებთან მივდივართ, გააჩნია ბავშვის ასაკს. თითოეული ბავშვი ინდივიდია და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. წლების მანძილზე ათასი სირთულის ბავშვი შემხვედრია და აუცილებელია, ისე მივუდგეთ, რომ არ შესძულდეს საგანი, ვასწავლოთ თამაშით, უფროსკლასელებს ბევრი თემა შევთავაზოთ, რაც მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
- როგორ მიიღწევა კარგი შედეგი?
- როდესაც ჩვენ დაბალ შეფასებას ვწერდით, მაგალითად 5-4 ქულას 10-დან, პატრიარქმა თქვა, რომ ბავშვს არ უნდა დავუწეროთ 2 ქულა, თითოეულ ბავშვში ჩადებულია გენი, უნდა აღმოვაჩინოთ და გავაღვივოთო. ყველა მათგანშია ნიჭი, გააჩნია თქვენ, მასწავლებლები როგორ მიუდგებითო. ეს ჩემმა ბავშვებმა იციან და ძალიან დიდი სტიმულია. იციან, რომ არასდროს ძალიან დაბალ შეფასებას არ დავწერ, გვიყალიბდება მეგობრული ურთიერთობა, ოღონდ ესეც ზომის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს უყვარდეს მასწავლებელი, საგანი და კარგად მეცადინეობდეს. თუ მოსწავლეს მასწავლებელი არ უყვარს, ხშირ შემთხვევაში არც მისი საგანი უყვარს.
- თქვენი აზრით, რა თვისებები აქვს კარგ მასწავლებელს?
- ბავშვებს თუ უყვართ, ის ჩემთვის კარგი მასწავლებელია.
- მასწავლებლობა რამდენად რთულია და ინგლისურის სწავლებისას რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე?
- მასწავლებლობა ერთ-ერთი რთული პროფესიაა. წლევანდელი წელი რომ ავიღოთ, ჩემი მოსწავლეები რომ არ მყოლოდა, ის სირთულეები, რაც შემხვდა, ვერ გადავლახავდი. მოსწავლე ჩემთვის ყველაფერია.
- მომთხოვნი მასწავლებელი ხართ?
- დიახ, ზოგს ნაკლებად უნდა ხოლმე ჩემთან მოხვედრა, ზოგი პირიქით, ითხოვს. ბავშვის თვალს ვერაფერს გამოაპარებ, გრძნობენ დამოკიდებულებას და შემდეგ უყალიბდებათ შეხედულება.
- დაბალ კლასებში ან სკოლამდე ასაკის ბავშვები მოსამზადებლადაც დაჰყავთ ხოლმე კერძო მასწავლებელთან, რას ფიქრობთ ამაზე?
- ჩემი დაკვირვებით, პირველ-მეორე კლასში ბარიერების გადალახვა უჭირთ. თუ უფრო შემდეგ დაიწყებენ, გაუმარტივდებათ, მშობლიური ენა შესწავლილი ექნებათ და ადვილად აითვისებენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვანაირი შესაძლებლობა აქვს.
- რას ფიქრობთ, ზოგადად, განათლების საკითხებზე, თუ ფიქრობთ, რომ შესაცვლელია რაიმე, თუნდაც ინგლისური ენის შემთხვევაში?
- ვფიქრობ, რომ პირველი კლასიდან ინგლისური არ უნდა ისწავლებოდეს. მგონია, ჯერ მშობლიური ენა უნდა ისწავლოს. დაიწყონ, თუნდაც მეორე კლასიდან. ბავშვმა ისწავლოს მშობლიური ანბანი და მერე დაიწყოს უცხო ენის შესწავლა. უფროს კლასებში რაც უფრო მეტი საათი იქნება დათმობილი უცხო ენისთვის, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ყოველდღე გვაქვს და ამიტომაც აღწევენ კარგ შედეგს.
თამარ იაკობაშვილი