ფიზიკის შესწავლა ბევრ ბავშვს უჭირს. მათი ძირითადი არგუმენტი კი არის ის, რომ ვერ იგებენ რთული ენით დაწერილ ტექსტს, ისედაც არც ისე იოლი საგნის. ნათია ლოლაძე ერთ-ერთ კერძო სკოლაში დიდი ხანია ფიზიკას ასწავლის და აყვარებს კიდეც ბავშვებს ამ საგანს, რაც არც ისე ხშირია ფიზიკასთან მიმართებაში. ნათია, რომელიც ამავდროულად სამი შვილის დედაა და როგორც დედას, არანაკლები დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს, არასოდეს უჩივის არც ნერვების და არც ენერგიის ნაკლებობას სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში და ახერხებს, იყოს ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელი. ის გვიზიარებს საკუთარ მიდგომებს და დამოკიდებულებას, რაც ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო და მისაღები:
- მასწავლებლობა არ არის ადვილი, საკმაოდ რთული არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს საქმე ჩემია და კარგად გამომდის. ძალიან მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით, ბავშვები.
- როგორ მიხვედით ფიზიკის მასწავლებლობამდე?
- ძალიან მიყვარს ხელოვნება, მუსიკა. თავიდან მინდოდა, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი, მაგრამ ფიზიკასთან შეხვედრის შემდეგ შევიცვალე გადაწყვეტილება. არადა, ოჯახი კონსერვატორიისთვის მამზადებდა. ვფიქრობ, მაინც მასწავლებელმა იქონია ძალიან დიდი გავლენა ჩემზე. ჩემი მასწავლებელი ახალგაზრდა ბიჭი იყო, მეშვიდე კლასში ეს საგანი მასთან ერთად შემოვიდა ჩვენს კლასში. მინდოდა მას ვგვანებოდი. მისაბაძი გახდა ჩემთვის და განვაცხადე, რომ ფიზიკაზე უნდა ჩამებარებინა. ვსწავლობდი ძალიან კარგად. შემდეგ უკვე შემეცვალა ფიზიკის მასწავლებელი და ისევ არაჩვეულებრივი პედაგოგი შემხვდა. ვთვლი, რომ პედაგოგი განსაზღვრავს დიდწილად მოსწავლეების დაინტერესებასა და მათ შემდეგ არჩევანს. მიყვარდა ჩემი მასწავლებელი, ვემეგობრებოდი და მანაც მირჩია, რომ ჩამებარებინა ფიზიკის მიმართულებით.
- რა მეთოდები გაქვთ მოსწავლეებთან და როგორ აყვარებთ ბავშვებს ფიზიკას?
- აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ვაყვარებ ფიზიკას. ეს ჩემმა პედაგოგიურმა წლებმა აჩვენა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვესაუბრები მათ ენაზე. არ მიყვარს, როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მათზე მეტი ვარ ან ვიცი. სულ ვუხსნი, რომ კარგად გამომდის ფიზიკა, მაგრამ შესაძლებელია მათ სხვა რაღაც ჩემზე კარგად გამოსდიოდეთ. ზუსტად ისეთი მასწავლებელი ვარ, როგორი ადამიანიც. ამბობენ, რომ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მსახიობური ნიჭიო. არის ხოლმე სიტუაცია, როცა მჭირდება, რომ ვიყო მსახიობი, მაგრამ მათთან ყველაზე ხშირად უშუალო და ბუნებრივი ემოცია მაქვს. ჩემი გაკვეთილები ყოველთვის ცოცხალი პროცესია, ბავშვების ჩართულობით. ფიზიკის კანონებს, მათთვის გაუგებრად დაწერილ ფრაზებს მათსავე ენაზე ვუხსნი. მე როგორც მესაუბრებოდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, რითიც მომხიბლა, ისე ვესაუბრები ბავშვებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ისწავლებოდეს ფიზიკა 21-ე საუკუნეში?
- ამაზე ხშირად მიფიქრია. რთული ეპოქაა და იცვლება ყოველი დღე, შესაბამისად, შეხედულებებიც მეცვლება. ფიზიკა მარტივად უნდა ისწავლებოდეს. არ არის საჭირო, მხოლოდ ფორმულებისა და არაფრის მომცემი გამოთვლების ჩატარება. ვთვლი, რომ ფიზიკა ნიჭია. ვიღაცას აქვს ეს ნიჭი ან არ აქვს. შესაბამისად, ყველა ისე აღიქვამს ამ საგანს, როგორც შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოები, პროექტები, რომლებიც ამართლებს და ყველა ჩართულია. ზოგად განათლებას იღებენ და ხდებიან ინფორმირებულები.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ მოსწავლეებთან?
- როგორც თავად ამბობენ და გამოხატავენ, თბილი, მეგობრული და უშუალო მასწავლებელი ვარ. სამი შვილი მყავს და მათსავით მიყვარს თითოეული მოსწავლე. მათში ჩემს შვილებს ვხედავ. ვამოწმებ ემოციებს, რატომ მოეწონათ ან არ მოეწონათ მასწავლებელი. ამიტომ, სულ ვაკონტროლებ ჩემს თავს, რადგან, ჩემზე, როგორც მასწავლებელზეა, დამოკიდებული ბევრი რამ. მე უნდა წარვმართო 45 წუთი მათი ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ და ვეუბნები ბავშვებს, რომ ეს 45 წუთი თქვენიცაა და ჩემიც-თქო.
- რაში ხედავთ პრობლემას, რომ ბავშვების დიდ ნაწილს ფიზიკა არ უყვარს?
- რეპეტიტორიც ვარ და კერძო მოსწავლეც ბევრი მყავს, წლების განმავლობაში. საჯარო სკოლებიდან კლასები მყავდა ხოლმე, რომლებსაც ერთი და იგივე შეხედულება და პრობლემა აქვთ. ისინი ელოდნენ, რომ რადგან ფიზიკის მასწავლებელი ვიყავი, უნდა ვყოფილიყავი ძალიან მკაცრი, უხეში და არასაინტერესო. ბავშვები გამოხატავენ, რომ არ ვგავარ ფიზიკის მასწავლებელს. მე ჯერ პიროვნება ვარ, ჩემი მისწრაფებებითა და შეხედულობებით და მიყვარს ჩემი პროფესია. ამას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც დიდი ხელფასი მქონდეს, იმიტომ, რომ მომწონს და მიყვარს.
- როგორ გავუიოლოთ ბავშვებს ფიზიკის სწავლა?
- მინიმალურ დონემდეა შესაძლებელი დავუყვანოთ თემები. ინდივიდუალური მიდგომა გვჭირდება, რადგან ყველას ერთნაირად არ შეუძლია ფიზიკის სწავლა. არ არის დანაშაული, რომ ვიღაცას ფიზიკის სწავლა არ შეუძლია. საბაზისო დონეზე ყველა ბავშვში დევს ფიზიკის შესწავლის უნარი. მოსწავლეები გამოხატავენ ხოლმე სიძულვილს ამ საგნის მიმართ და ცოტა ნაწყენი ვრჩები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მასწავლებლიდან მოდის, ყველასთან უნდა გამონახო ფიზიკის ენა.
- რა პრაქტიკულ აქტივობებს ახორციელებთ ხოლმე გაკვეთილზე?
- ყველაზე კარგი მეთოდია, როცა ახალ გაკვეთილზე გადავდივარ, არ ვავსებ დაფას და მერე ამით თავად არ ვარ კმაყოფილი. ვიწყებ გაკვეთილის ახსნას ბავშვებთან ერთად. ჯერ თავად ბავშვები საუბრობენ, იმ თემაზე თუ სმენიათ რამ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ იმაზე უფრო ინფორმირებულები არიან, ვიდრე ველოდები. ყველა ჩართულია, იმუხტებიან და მერე უკვე ვაპარებ კლასიკურ თეორიას. ახალ გაკვეთილს ყველა ერთად ვხსნით. აღმოაჩენენ, რომ იმაზე, რასაც წიგნში მოკრეს თვალი და საშინელება ჰგონიათ, თავადაც ბევრი რამ იციან.
- რას ურჩევთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ უყვართ ფიზიკა?
- მე აბსოლუტურად გულწრფელად ვეუბნები ხოლმე, რომ ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ბევრი მაგალითი მომყავს, რომ ფიზიკა ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ვურჩევ მოსწავლეებს, უფრო მეტად ინფორმირდნენ, ყოფიერებაში რა როლი აქვს ამ საგანს და მიხვდებიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მასწავლებლებზეა დამოკიდებული, რამდენად მარტივად მივაწოდებთ ამ საკითხებს.
თამარ იაკობაშვილი