"შვილები მსაყვედურობენ, ჩვენთვის საკმარისი დრო აღარ გრჩებაო... რა ვქნა, სკოლა ჩემი უმთავრესი საქმეა" - მასწავლებელი საზღვრისპირა სოფლიდან
"შვილები მსაყვედურობენ, ჩვენთვის საკმარისი დრო აღარ გრჩებაო... რა ვქნა, სკოლა ჩემი უმთავრესი საქმეა" - მასწავლებელი საზღვრისპირა სოფლიდან
ნათია კურტანიძე გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვეშის საჯაროს სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ინფორმატიკის მასწავლებელია. ეს კონფლიქტის რეგიონის საზღვრისპირა სოფელია, სადაც ადამიანებს განსაკუთრებულ სირთულეებთან უწევთ ყოველდღიურად შეჯახება, სოფელი, სადაც ზრდასრულები და მოზარდები შიშით ცხოვრობენ, რომ შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს.

ნათია მასწავლებელი ამბობს, რომ ასეთ დროს პედაგოგს განსაკუთრებული როლი აქვს, გვეუბნება, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ საგნის სწავლება არ არის, ზოგჯერ მოზარდთა ფსიქოლოგობაც უწევს. მისი პედაგოგიური საქმიანობა არ სრულდება სკოლის კედლებში, სკოლის მიღმაც
აგრძელებს თავის მოსწავლეებზე ზრუნვას, ცდილობს, სწავლების ინოვაციური მიდგომები შეიტანოს სკოლაში და ბავშვებს მძიმე ყოველდღიურობიდან ყურადღება სახალისო დეტალებზე გადაატანინოს, ცხოვრება გაუფერადოს და სწავლა მოზარდის საყვარელ საქმიანობად აქციოს. გვეუბნება, რომ ეს კარგად გამოსდის, რადგანაც მოსწავლეებს უნდათ, რომ მისი გაკვეთილები შაბათ-კვირასაც ტარდებოდეს. ოცნებობს სკოლაზე, სადაც სწავლება ბავშვის ინტერესებზე იქნება მორგებული. 

მან საკუთარ სახლში ”ცოდნის ცენტრი” გახსნა, სადაც კომპიუტერთან მუშაობას ნებისმიერ მსურველს ასწავლის.

ნათია კურტანიძე 2019 წლის მასწავლებლის ჯილდოს ერთ ერთი პრეტენდენტია, ის ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორისაა. გამარჯვებული კი 5 ოქტომბერს გამოვლინდება. Mshoblebi.ge პედაგოგს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

- როცა საზღვრისპირა სოფელში ასწავლით, სადაც მუდამ დაძაბულობაა, ეს ალბათ მოსწავლის ფსიქიკაზეც აისახება, როგორ მუშაობთ ამ დროს ბავშვებთან და რაიმე განსაკუთრებული მეთოდი თუ გაქვთ?


- დიახ, ჩვენ საზღვრისპირა
სოფელში ვცხოვრობთ. სოფელში, სადაც ყოფნა ძალზე ძნელია, სადაც ადამიანები ყოველ დღე შიშით ცხოვრობენ, სტრესულ სიტუაციაში არიან და ეს, რა თქმა უნდა, ბავშვების ფსიქიკაზე მძიმე გავლენას ახდენს. ამიტომ, ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი ისე წარვმართო, რომ ყოველდღიური ყოფა ბავშვებს, გარკვეულწილად, შევუმსუბუქო და მძიმე ვითარებიდან ყურადღება გადავატანინო, შევუქმნა უდარდელი, საინტერესო და მამოტივირებელი სასწავლო გარემო. სწორედ ამიტომ, ენერგიას, დროს, ფინანსებს არასოდეს ვიშურებ. ვცდილობ, ჩემი არც ერთი გაკვეთილი არ ჰგავდეს ერთმანეთს. ვიყენებ მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს, ვნერგავ სწავლების ტექნოლოგიურ მიდგომას. მე საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელიც ვარ და ამ საკითხში კარგად ვერკვევი, ვეძიებ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, ვცდი და ვნერგავ სასწავლო პროცესში. ბავშვებს რომ ჰკითხოთ, ისინი გეტყვიან, რომ ჩემი სწავლება ძალიან მოსწონთ. გაკვეთილები არის მხიარული და სახალისო.

- როგორია სკოლა, რომელზეც ოცნებობთ, როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვის სწავლებისთვის იდეალური სასკოლო გარემო?


- ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი. მე, პირადად, ვგეგმავ არაერთი სიახლის შემოტანას. სურვილი მაქვს, ჩემი საკლასო გარემო გავხადო კიდევ უფრო საინტერესო. მინდა, ოთახში იყოს დანაწევრებული გარემო: საკითხავი და საპრეზენტაციო არე, მოსწავლეთა ნამუშევრების საგამოფენო არე, ადგილი ექსპერიმენტებისთვის, ადგილი მცირე საკლასო წარმოდგენებისთვის და ა.შ. მინდა გვქონდეს პუფები, ტელევიზორი, ჭკვიანი დაფა და სხვა. მსურს იყოს მხიარული, ფერადი და ნათელი გარემო, რომელიც მოზარდს უფრო დააინტერესებს. სასწავლო გარემო და მლიანად სწავლების პროცესი მოსწავლის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული.

- რა არის თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო, რა არის ის, რითაც სხვა პედაგოგებისგან გამოირჩევით?


- როგორც უკვე ვთქვი, ტექნოლოგიებში კარგად ვერკვევი, ამ მიმართულებით მუდამ ახლის ძიებაში ვარ და ბევრი სიახლე შემაქვს საგაკვეთილო პროცესში. ჩემი გაკვეთილები არ არის სტანდარტული, არის მაქსიმალურად მორგებული მოსწავლეთა ინტერესებზე. ბავშვების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მუდამ ვაგრძნობინებ, რომ მეც მაინტერესებს, მეც ვსწავლობ, ვიკვლევ და აღმოვაჩენ მათთან ერთად. როცა მოსწავლეს სკოლიდან სახლში წასვლა არ უნდა და ამბობს, რომ შაბათ-კვირასაც სურს სკოლაში სიარული, ეს ნიშნავს, რომ მოსწონს და სწორი მიმართულებით მივდივართ. ამასთან, ვარ საოცრად აქტიური, სიახლეების მაძიებელი, საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგი, რომელიც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარი კვლიფიკაციის ამაღლებაზე, უშურველად გასცემს ცოდნას, ეხმარება კოლეგებს სკოლაში და მის გარეთ, იზიარებს სხვების წარმატებულ გამოცდილებასაც.

- რას აკეთებთ მაშინ, როცა სკოლაში არ ხართ? როგორია ნათია მასწავლებელი სკოლის კედლებს მიღმა?


- სკოლის შემდეგაც აქტიურად ვარ დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობით. საკუთარ სახლში ერთი ოთახი დავუთმე „ცოდნის ცენტრს“, სადაც ნებისმიერ მსურველს ვასწავლი კომპიუტერზე მუშაობას, ვაცნობ სხვადასხვა პროგრამას. ასევე, მოსახლეობას შეუძლია მომართოს და უსასყიდლოდ მიიღოს კომპიუტერული და ინტერნეტმომსახურება, მაქვს ინგლისური ენისა და საბუღალტრო კურსების ონლაინპროგრამები. ეს სოფლისთვის ცოტას არ ნიშნავს. ჩემი სკოლის არაერთმა მასწავლებელმა კომპიუტერთან მუშაობა სწორედ ამ „ცოდნის ცენტრში“ ისწავლა.

მაქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელსაც ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვუძღვები. ორი შვილი მყავს ქალ-ვაჟი. ბიჭი 24 წლისაა, გოგონა 18-ის. მეუღლე და შვილები გვერდით მიდგანან და ჩემს ყველა წამოწყებას მხარს უჭერენ, თუმცა ბოლო დროს შვილები მაინც მსაყვედურობენ, ჩვენთვის საკმარისი დრო აღარ გრჩებაო, მაგრამ რა ვქნა, სკოლა ჩემი უმთავრესი საქმეა, ბავშვებზე ზრუნვა კი - ჩემი ყოველდღიურობა. მაინც ვფიქრობ, რომ კარგად ვახერხებ დროის გადანაწილებას და ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო.

- რის გაკეთებას აპირებთ გამარჯვების შემთხვევაში, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები?


- ძალიან მინდა ბევრი რამ გავაკეთო სკოლაში ტექნოლოგიური სიახლეების დასანერგად, სწავლების ახალი მეთოდები შემოვიტანო, რასაც უკვე ისედაც ვაკეთებ. ასევე ვგეგმავ გავაკეთო ვებ-გვერდი, რომელიც ნიჭიერ, საინტერესო მასწავლებლებს გააცნობს საზოგადოებას. ჩვენი პროფესია, როგორც ვხედავთ, თანდათან უფრო დაფასებული ხდება, არა მხოლოდ ანაზღაურების კუთხით, არამედ საინტერესო პრაქტიკის მქონე მასწავლებელთა წარმოჩენის თვალსაზრისითაც და ეს ძალიან კარგია, მოტივაციაა.

სიმართლე რომ გითხრათ, მეც ვერ გავბედავდი ამ კონკურსში მონაწილეობას, სხვებმა წარმადგინეს, რაღაცნაირად მრცხვენოდა გამოჩენის, ჩემსავით ძალიან ბევრი მასწავლებელია, დიახ, ბევრია ისეთი, რომელთაც სწავლების საინტერესო და წარმატებული მეთოდები აქვთ, რომლებიც მოსწავლეებისთვის უამრავ რამეს აკეთებენ. ვაცნობიერებ, რომ მე ახლა მათთვის მაგალითი ვიქნები და შესაძლოა, ჩემი ამბის შემდეგ სხვებსაც მოუნდეთ წარმოჩენა.

ხატია ვარდოსანიძე


745
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```