”ბევრი რამ ვისწავლე სვანი ქალებისგან, საკმაოდ ძლიერები და მებრძოლები არიან...” - მასწავლებელი, რომელიც 8 წლის წინ საცხოვრებლად სვანეთში გადავიდა - მშობლები

”ბევრი რამ ვისწავლე სვანი ქალებისგან, საკმაოდ ძლიერები და მებრძოლები არიან...” - მასწავლებელი, რომელიც 8 წლის წინ საცხოვრებლად სვანეთში გადავიდა

2019-10-04 13:30:07+04:00

თბილისში მცხოვრებმა 26 წლის გოგონამ, რომელსაც მასწავლებლის წარმატებული კარიერა ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს სვანეთში გადაბარგება გადაწყვიტა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. დღეს 34 წლისაა და მესტიაში სასტუმროების ბიზნესი აქვს, არის დაწყებითების მასწავლებელი, ამავდროულად, ცეკვის ანსამბლ ”ლილეოს” ხელმძღვანელი, ყველაფერთან ერთად, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. Mshoblebi.ge ნათია ნაცარაშვილის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ამბობს, რომ მთაში ცხოვრებამ უფრო ძლიერ ქალად აქცია.

ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობას ნათია იდეალურად უთავსებს ოჯახურ ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დრო ყველაფრისთვის რჩება. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით. საინტერესოა, რომ ინტერვიუს ჩაწერის პარალელურად შვილებისთვის სადილს ამზადებდა. გვითხრა, რომ მთავარი სირთულე სვანეთში გადასვლის დროს ენის ბარიერი იყო, თუმცა მარტივად დაძლია და დღეს თავადაც საუბრობს სვანურად.

- მთაში ცხოვრება, პირველ რიგში, იმიტომ მოვინდომე, რომ სუფთა ჰაერი და ნატურალური პროდუქტი იყო. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებისთვის ასე სჯობდა, მეორე მიზეზი ის იყო, რომ ჩემი მეუღლე სვანეთიდანაა და სურვილი ჰქონდა, რომ თავისი სახლისთვის, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მიეხედა და გაეკეთებინა. 15 წელია ცოლ-ქმარი ვართ, 7 წელი თბილისში ვიცხოვრეთ. ექსპრომტად გადავწყვიტეთ აქეთ გადმოსვლა, მთასაც ალბათ გაძლიერება სჭირდება. აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

- როგორც თქვით, მეუღლე სვანია, როგორ გაიცანით და თუ უკავშირდება თქვენი სიყვარულის ისტორია სვანეთს?

- კი, ჩემი სიყვარულის ისტორია სვანეთს უკავშირდება. მე ჩემს ჯგუფელთან ვიყავი ჩამოსული სვანეთში, მესტიაში. ჩემმა მეუღლემ პირველად აქ მნახა. თბილისში რომ დავბრუნდი, უკან გამომყვა და აქტიურად შეეცადა, რომ თავი მოეწონებინა. მე წარმოშობით კახელი ვარ, თუმცა სკოლა და უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე.

- რა იყო მთავარი სირთულე, რომელსაც სვანეთში ცხოვრების პირველ ეტაპზე გადააწყდით?

- მთავარი სირთულე, რომელსაც სვანეთში საცხოვრებლად გადასვლისას გადავაწყდი, ეს ენის ბარიერი იყო. ჩათვალეთ, რომ ემიგრანტი ვიყავი. უცებ მოვხვდი უცხო გარემოში, უცხო ხალხში, ჩემთვის სრულიად უცხო ადათ-წესების მქონე საზოგადოებაში, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც ენა იყო. ვერ ვიგებდი, როცა ერთმანეთში სვანურად ლაპარაკობდნენ. ახლა ავითვისე. შეიძლება საუბრის დროს შეცდომები დავუშვა, მაგრამ მესმის რაზეც საუბრობენ, ვისწავლე სვანური.

mshoblebi

- ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობთ, მოგვიყევით თქვენი, როგორც ცეკვის მასწავლებლის შესახებ...

- როცა სვანეთში ჩამოვედი, ანსამბლი მალევე შევქმენი. გარდა ცეკვის მასწავლებლობისა, სერთიფიცირებული პედაგოგი ვარ, თბილისში დემირელის სკოლაში ვასწავლიდი. ასეთი კადრები აქ დეფიციტური იყო, ამიტომაც ჩემთვის სამუშაოს პოვნა რთული არ ყოფილა.

მუშაობა დავიწყე საპატრიარქოსთან არსებულ სასწავლებელში, სადაც ანაზღაურება 300 ლარი მქონდა. ბავშვებს ცეკვას ვასწავლიდი და 120-130 მოსწავლე მყავდა. მაშინ ჩვენმა ანსამბლმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ანსამბლს ”ლაგუშედა” ერქვა, რაც ქართულად ნიშნავს - ”გეწეოდეს”.

ვიყავით პოლონეთში გასტროლებზე, სადაც გაცვლითი პროექტის ფარგლებში მიგვიწვიეს. ქობულეთში, ერთ-ერთ ფესტივალზე აჭარულის შესრულებაში პირველი ადგილი ავიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლი საკმაოდ წარმატებული იყო. მაგრამ მერე, როცა ბავშვები მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში გადავიდნენ, ანსამბლი დაიშალა, რადგანაც მათ სწავლის გამო მესტიის დატოვება მოუხდათ.

ახლახან მშობლებისა და რაიონის მოთხოვნით გავხსენი ისევ ცეკვის სტუდია, კვლავ არის ანსამბლი, რეპეტიციები შარშან, პირველ სექტემბერს დავიწყეთ, როგორც ანსამბლი ჩამოვყალიბდით აპრილიდან. ანსამბლს ”ლილეო” ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დროა, რაც არსებობს, აგვისტოში ვიყავით ბულგარეთში გასტროლებზე. ექვს თვეში ოთხი ცეკვა მოვამზადეთ. ბულგარეთში ჩვენ გარდა კიდევ ოთხი ქართული ანსამბლი იყო, ოთხივე თბილისიდან. ორ ფესტივალზე გამოვედით, ერთზე გრანპრი მივიღეთ, ხოლო მეორეზე პირველი ადგილი დავიკავეთ.

- შვილები რით არიან დაკავებულები?

- მყავს გოგონა და ბიჭი. ბიჭი მოთხილამურეა, 14 წლისაა და უკვე საკმაოდ წარმატებულია ამ საქმეში. ყოველთვის საპრიზო ადგილებს იკავებს. ასევე, კარგად ფლობს ინგლისურს და ზაფხულის ტურისტული სეზონის დროს გიდად მუშაობს ხოლმე. გოგონა 10 წლისაა, მოცეკვავეა, ჩემს ანსამბლში ცეკვავს, თხილამურებზე ისიც დგას.

- ამ რვა წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როცა ინანეთ სვანეთში გადაბარგება?

- ბევრჯერ მქონდა ეს მომენტი, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ოჯახის გამო, სიყვარულის გამო, ურთიერთობების გამო, ჩემი მეუღლის ხათრით ბევრჯერ შემიკავებია თავი და ბევრი რამ დამითმია. ბევრჯერ მიფიქრია აქედან წასვლაზე იმიტომ, რომ ისეთი მკაცრი ჰავაა, ისეთი მკაცრი პირობებია ზამთარში, ძალიან რთულია გაჩერება. წარმოიდგინეთ, ექვსი თვე ზამთარია, ახლა იმდენად მკაცრი ზამთრები აღარ იცის, მაგრამ როცა პირველად ჩამოვედი, საშინელი ყინვა იყო და რადგანაც ასეთ კლიმატს შეუჩვეველი ვიყავი, ძალიან გამიჭირდა. ამიტომაც, ბევრჯერ მიფიქრია, რომ უკან წავსულიყავი, მაგრამ მერე უკვე სასტუმრო გავაკეთეთ, უფრო მყარად მოვიკიდეთ ფეხი.

mshoblebi

- როცა ამ გადასახედიდან 26 წლის ნათიას უყურებთ, როგორი იყო ის და რა შეცვალა თქვენში მთაში ცხოვრებამ?

= რაღაც დონეზე ვიყავი მებრძოლი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლა ვარ. როგორ გითხრათ, თბილისში ჩემს ოჯახში კაცი იყო მთავარი, ქალი რაღაცნაირად მაინც მოკრძალებული უნდა ყოფილიყავი. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ უნდა იბრძოლო, ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდე, თავი არ უნდა დახარო. როცა ხედავ, რომ შენს რაიონს ანადგურებენ, რომ რაღაც ფუჭდება, სიკეთეზე უფრო მეტი ზიანი რომ მოაქვს, იმ დროს ხმა უნდა ამოიღო და არ უნდა გაჩერდე.

ბევრი რამ ვისწავლე აქაური ქალებისგან, რომლებიც საკმაოდ ძლიერები და მებრძოლები არიან. ამ ქალებისგან ვისწავლე, რომ ხმის ამოღება შემიძლია, ვაჟკაცური ქალები ცხოვრობენ აქ, უფრო ძლიერები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ აქაურმა ცხოვრებამ, აქაური ქალების მაგალითმა უფრო ძლიერ ქალად მაქცია.

- თუ ყოფილა თქვენი დაბრუნების შემდეგ პრეცედენტი იმისა, რომ თქვენი მაგალითით კიდევ ვიღაცა ჩამოვიდა და სვანეთს დაუბრუნდა? - დიახ, დაბრუნდნენ ჩვენი მაგალითით. როცა ნახეს, რომ ჩვენ გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, თუნდაც ამ სასტუმროების გახსნის კუთხით, რომ ნახეს, რომ თურმე შეიძლება თბილისიდან გოგონა გადმოვიდეს და აქ იცხოვროს, სხვებმაც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. ჩვენი მაგალითით სამი-ოთხი ოჯახი დაუბრუნდა სვანეთს, დაიწყეს სასტუმროს გაკეთება, ჩემი მეუღლე აქტიურად ეხმარება მათ, გული რომ არ აუცრუვდეთ და ისევ თბილისში გადასვლაზე არ იფიქრონ.

- რამდენად მნიშვნელოვანია მთისთვის ახალგაზრდების დაბრუნება? - რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, როდესაც ახალგაზრდები თავიანთი ცოდნითა და განათლებით უკან გვიბრუნდებიან და თბილისში არ რჩებიან. რაც უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება, მით უფრო კარგია მთისთვის. მინდა, რომ აქ ჩამონგრეული სახლები აღარ იყოს.

ხატია ვარდოსანიძე