წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კლდეეთიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე ფორჩხიძემ მოიპოვა. იგი პედაგოგიურ საქმიანობას 2011 წლიდან ეწევა. თუ რა მეთოდებით ხელმძღვანელობს სწავლების პროცესში ახალგაზრდა მასწავლებელი, ამის შესახებ mshoblebi.ge -ს თავად უყვება:
- 29 წლის ვარ. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე ჩემს სოფელში მასწავლებლად მუშაობა. ვაკანისიებს რომ გადავხედე, გადავწყვიტე, იმ სკოლაზე შემეჩერებინა არჩევანი, სადაც ვსწავლობდი. ახლა სკოლაში 80 მოსწავლე გვყავს, ძალიან მსიამოვნებს მათთან მუშაობა.
- როგორ მოხდა წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის შერჩევა?
- მასწავლებლებს, რომლებსაც გვქონდა სურვილი კონკურსში მონაწილეობის, უნდა გაგვეგზავნა ჩვენი მონაცემები და ნაშრომები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე იყო თემები, რომლის შესახებაც გვისვამდნენ კითხვებს და უნდა დაგვეწერა 300 სიტყვიანი ტექსტი. აინტერესებდათ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. მონაცემების გაცნობის შემდეგ შეარჩიეს საუკეთესო ხუთეული და გვეწვივნენ სკოლაში. გაკვეთილზე დაგვესწრნენ. მოხდა გასაუბრება მშობლებთან, მოსწავლეებთან, გაესაუბრნენ კოლეგებს, ამის შემდეგ მოვხვდი მეორე ტურში.
- ელოდით, რომ წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლად დაგასახელებდნენ?
- რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს აღიარება, რადგან ძალიან ბევრნი ვართ ინგლისური ენის პედაგოგები და კუნკურენციაც ამ მხრივ დიდია.
- ხშირად აღნიშნავენ, რომ ინგლისური ენის დაუფლება არ არის რთული. რა მეთოდებით ხელმძღვანელობთ?
- ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, უპირატესია დიფერენცირებული სწავლება. ვცდილობ, კლასში მყოფ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე. ვინც მოსმენით სწავლობს, მას მოსასმენ მასალაც ვაწვდი, ვინც კითხვით უკეთ ითვისებს, მას საკითხავს ვაძლევ. პროექტული გაკვეთილები ძალიან გვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. არაერთი გასვლითი გაკვეთილი ჩამიტარებია. ენის ასათვისებლად ძალიან ეფექტურია სპექტაკლები. სპექტაკლებში მონაწილების შემდეგ ბავშვებს ძალიან უადვილდებათ მეტყველება. ასევე მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ პატარ-პატარა მულტფილმებს. მეტყველების გაკვეთილებს მასწავლებელი ცალკე დროს უნდა უთმობდეს. სასკოლო ღონისძიებების მოწყობისას სპექტაკლები ძალიან გვეხმარება. გვაქვს ინტერვიუებიც. ინოვაციური მიდგომები აუცილებელია, მითუმეტეს უცხო ენის შესწავლისთვის. გაკვეთილი ბავშვისთის დამღლელი არ უნდა იყოს, უნდა იყოს საინტერესო და სახალისო.
- როგორ შეაფასებთ საკუთარი მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონეს, საუბარი შეუძლიათ?
- ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა მომზადების გარეშე აბარებს ეროვნულ გამოცდებს ინგლისურ ენაში. როცა ჩვენი გაკვეთილის შესაფასებლად მოვიდნენ მასწავლებელთა სახლიდან, გვითხრეს, რომ ასაკთან შედარებით მეექვსეკლასელი ბავშვები არაჩვეულებრივად ფლობენ ენას.
- მარინე, თქვენ თვითონ სოფელში ისწავლეთ ინგლისური?
- ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლაში ინგლისურს არ გვასწავლიდნენ, მხოლოდ ფრანგულს და რუსულს ვსწავლობდით. მე კერძო მასწავლებელთან ვემზადებოდი.
- შემოთავაზების შემთხვევაში დატოვებდით კლდეეთის საჯარო სკოლას?
- ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, შემეძლო ჩემი სოფლის სკოლა დამეტოვებინა, მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი. მინდა, რომ ამ სკოლისთვის ბევრი გავაკეთო. არ მინდა სოფლის სკოლა დავტოვო. საზაფხულო სკოლაში მახსოვს ქალაქიდან ჩამოჰყავდათ ჩვენთან ბავშვები. მინდა დავამტკიცო, რომ სოფლის სკოლა არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცოტას სწავლობენ იქ ბავშვები. ძალიან საინტერესო რაღაცების გაკეთება შეგვიძლია მასწავლებლებს სოფლის სკოლაშიც. ზოგადად მინდა, რომ ყველა სოფლის სკოლა იყოს განვითარებული, წარმოჩენილი და დაწინაურებული.
- დაოჯახებული ხართ?
- დიახ. ორი შვილი მყავს. უფროსი არის 7 წლის, უმცროსი - თვენახევრის.
ინფორმაციისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში ავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი "წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის".
რუსკა კილასონია