მარინე ბარამიძე ლანჩხუთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "იავნანაში" დაარსების დღიდან მუშაობს. თავიდან ფსიქოლოგი იყო, ახლა კი აღმზრდელ-პედაგოგია. 67 წლისაა და ამ დროის განმავლობაში ბევრგან უმუშავია ფსიქოლოგად, ბევრ ბავშვს შეხვედრია და გამოცდილებით ამბობს, რომ ამ საქმეში გულისხმიერებასთან ერთად, გულწრფელობაც ძალიან მნიშვნელოვანია. "იავნანაში" 23 სოციალურად დაუცველი ბავშვი დადის და ისინი ერთად ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს, დგამენ სპექტაკლებს, ეცნობიან ლიტერატურას. მარინე ბარამიძე საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ გვიყვება:
- ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მინდოდა. ფსიქოლოგი ვარ და ჩემთვის ეს ახალი საქმე იყო. მართლაც კარგად დავიწყეთ. ძალიან მალე დიდი სპექტაკლი მოვამზადეთ, დაგვაფინანსა ერთ-ერთმა ფონდმა, მშვენივრად გამოვედით, არაჩვეულებრივები იყვნენ ბავშვები. მე მათში საოცარი რამ აღმოვაჩინე. არის ნიჭი, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება და სერიოზული მუშაობა სჭირდება. თუმცა, ძალიან რთულია ამ პირობებში. მხოლოდ 160 ლარი რომ გაქვს ანაზღაურება თვეში, სამუშაო კი შრომატევადია. ბავშვს, რომელსაც შია, თეორიებზე ლაპარაკს ნამდვილად ვერ დავუწყებ.
- რას ითვალისწინებს თქვენი სამუშაო?
- ბავშვები მოდიან სკოლიდან და ვამეცადინებთ. ჩვენთან არაჩვეულებრივი კვებაა, ძალიან მოსწონთ ბავშვებს, შესანიშნავი მზარეული გვყავს. ამ ბავშვებთან დამატებით ვმუშაობ და აპლიკაციებს ვამზადებთ. ნიჭს როცა ვხედავ მათში, ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო, გავუშვა მასწავლებელთან. ეკლესიას დავუახლოვდით, ორ მედავითნეს ვზრდით, ოჯახი არ მყავს და ეს ბავშვები ძალიან მიყვარს. მათი პრობლემების შემსუბუქება მინდა, მოფერება, ცოტა მკაცრიც ვარ შიგადაშიგ. მათგანაც ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ. თუ რაიმე მაწუხებს, თანამიგრძნობენ და ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მე ძალიან თბილი დედა მყავდა. საოცარი ადამიანი იყო და მასაც ძალიან უყვარდა ბავშვები. ეს თვისება მეც გადმომეცა. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ვცდილობ, სულ დავეხმარო. თავადაც ღარიბულ ოჯახში გავიზარდე. ხშირად მეკითხებიან, როგორ აღწევ წარმატებასო, მე კი ვეუბნები, რომ გული უნდა აჩუქო მათ. ბავშვები სიყალბეს, უსამართლობას არ გაპატიებენ, ისინი ყველაფერს ხედავენ, სუფთა უნდა იყო მათ წინაშე და მხოლოდ მაშინ გამოგყვებიან.
- ცენტრის დაარსების დღიდან იქ ასწავლით, შესაბამისად, რამდენიმე თაობას უცხოვრია თქვენთან ერთად, თუ ამჩნევთ თაობებს შორის განსხვავებას?
- განსხვავება დამოკიდებულებას შორისაა. გარემოს ზეგავლენაც იგრძნობა, ახლა უფრო ჩაკეტილები არიან ბავშვები. ახლანდელი თაობა ნაკლებად ეროვნულია. პატრიოტიზმი უნდა გავაცოცხლოთ მათში. სითბო და ურთიერთსიყვარული უნდა გავაღვიძოთ. ჩემს ბავშვებს ხშირად ჩუქნიან ხოლმე ტანსაცმელს, მაგრამ იციან, რომ მათზე გაჭირვებულებიც არსებობენ საქართველოში. მახსოვს, აქედანაც ავაგროვეთ ტანსაცმელი, ნივთები და თბილისში გავუგზავნეთ სხვა ბავშვებს. ხარისხიანი საკანცელარიო ნივთებიც აკლიათ. მოძღვარი გვყავს, ტაძარშიც მიმყავს ხოლმე. მთავარია, ადამიანი გაზარდო. სხვას როგორმე მოვაგვარებთ.
- ყველაზე მეტად რისი დეფიციტი გაქვთ?
- ხელფასია ძალიან დაბალი, მზარეულს 90 ლარი აქვს, დამლაგებელს - 60. დირექტორი, ციცინო ჩხარტიშვილი, ძალიან გვეხმარება. ბევრი რამ მინდა მივცე ბავშვებს, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა. მინდა, დუმბაძის მუზეუმში, დუმბაძის თეატრში წავიყვანო. ბავშვებს შევთავაზე პროექტის დაწერა და იქნებ ვინმემ დაგვაფინანსოს-თქო, რომ მთაწმინდის პანთეონში წავიყვანო. ბევრგან მინდა მათი წაყვანა. რაც არ უნდა შეზღუდულნი იყვნენ სოციაურად, სიკეთეს მაინც გამოაქვს ნაყოფი. სულ 23 ბავშვია დღის ცენტრში და ყველა ერთნაირად მიყვარს. ერთ-ერთმა მითხრა, რომ მოვეწყო თეატრალურში, როგორ ვისწავლო ან ვიცხოვრო თბილისშიო, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იცით რაზე მწყდება გული? - ნიჭი იკარგება და ვერაფერს ვაკეთებთ. ბავშვი მაშინ იქნება ბედნიერი, თუ იმ მოწოდებას მივაგნებთ, რაც ღვთისგანაა ბოძებული და დავაყენებთ ამავე გზაზე. ვთვლი, რომ თავადაც "დაკარგული“ ადამიანი ვარ. ბევრი რაღაც მქონდა ჩაფიქრებული, მინდოდა რეჟისორი გავმხდარიყავი, მაგრამ სად წავიდოდი ლანჩხუთიდან, თავადაც ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი, თუმცა ძალიან კარგი დედის და მამის შვილი. ამას რომ ვერ მივაღწიე, ამ ბავშვების ტკივილს ადვილად ვგრძნობ.
- თქვენი გამოცდილებით, ყველაზე მეტად რა უჭირს დღევანდელ თაობას?
- სიყვარულის დეფიციტი და პატრიოტიზმის ნაკლებობაა ბავშვებში. სკოლაც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, სკოლამ სულიერება დაკარგა. არის ისეთი ტექსტები, რომელთა სწავლაც სულაც არ არის აუცილებელი ქართულში. შეიძლება დამატებით წავიკითხო, მაგრამ არ არის აუცილებელი "მაუგლი“ და მსგავსი ტექსტების სწავლა. ლიტერატურასაც აკლია სულიერება. მე-10 კლასელი მოვიდა ჩემთან და მთხოვა გმირზე მაქვს თემა დასაწერი და დამაწერინეო, ჟიული შარტავაზე დავაწერინე. მეტი პატრიოტიზმი და მამულის სიყვარული უნდა იყოს.
- სოციალურად დაუცველ ბავშვებს, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, კიდევ რა სჭირდებათ, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს?
- აქტუალური თემაა ოჯახური ძალადობა, თუმცა მე არ მაქვს უფლება, ვინმეს მაგალითზე ვისაუბრო, ინფორმაცია კონფიდენციალურია. მატერიალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები უნდა გადარჩნენ.
- თავად რატომ ხართ ამ საქმეში ამდენ ხანს, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
- ყველგან ჩაწყობით და ნაცნობობითაა სამსახური, ინკლუზიური ჯგუფები რომ გამოჩნდა სკოლაში, არავინ გამითვალისწინა. უსამართლოდ მომექცნენ. სკოლებში ინკლუზიურ ჯგუფებში შეყვანილები ჰყავთ უცხო ენის მასწავლებლები, მათემატიკოსები, ფილოლოგები. მათ აქვთ რაღაც ერთთვიანი ან 3-თვიანი სერტიფიკატები. ამით ყოვლად შეუძლებელია ფსიქოლოგიის შესწავლა. ამ დროს კი მე უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს. გახსნილა რაღაც კურსები, სადაც კვირაში ერთხელ შეხვედრით სწავლობენ ფარმაციას, ფსიქოლოგიას და ა.შ. ეს ყოვლად შეუძლებელი და დაუშვებელია. 67 წლის ვარ, მაგრამ მშვენივრად გამოვიყურები. სპორტი მიყვარს... მაგრამ მე ეს ბავშვები ძალიან მიყვარს. მოძღვარმა მითხრა, შენზე უკეთ მათ ვერავინ უპატრონებდაო. ბავშვებს ხელისშეწყობა სჭირდებათ. ჩემი ოცნება საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებაა, მაგრამ უსახსრობის გამო ამასაც ვერ ვაკეთებ. ბავშვები ძალია ბედნიერები არიან ამ საქმით, შარშანწინ ფუფალას როლი შეასრულა ერთ-ერთმა გოგონამ, გაოგნდნენ დედა და მეზობლები, ეს როგორ მოახერხაო. კარგად ანაზღაურებადი სამსახურიც რომ ვიშოვო, გამიჭირდება მათი დატოვება. რომ ვხედავ, ბავშვი ჩაკეტილია, ცუდად ვხდები. უნდა გამოვიყვანო იქიდან და ავამუშაო.
- ბავშვებს როგორი ურთიერთობა აქვთ სხვა ბავშვებთან?
- აქვთ ჩხუბის მომენტიც, აგრესიული ქცევები. სულ ვეუბნებით, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და არაფერი აქვთ გასაყოფი. ეს ისევ იმ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან მოდის, რომელშიც არიან. ვეფერები, ვასწავლი ჰუმანურობას, რომ მოდიან ლოცულობენ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. მერე ვიწყებთ მუშაობას. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა მსგავსი დღის ცენტრების არსებობით. ბავშვები, რომლებსაც ადრე სკოლაში არავინ არაფრად თვლიდა, ახლა აქტიურობენ გაკვეთილებზე. უამრავი პრობლემაა. ბევრს ფეხსაცმელიც არ აქვს, ეს არ არის პატარა საქმე. მაგრამ, მთავარი მაინც სიყვარულის დეფიციტია. მინდა, რომ ეს ბავშვები არ დაიკარგნონ და თავისი ადგილი იპოვნონ ამ ცხოვრებაში. ისინი უნდა გადავურჩინოთ საზოგადოებას.
- რა იქნება თქვენი მთავარი მიმართვა საზოგადოებისადმი?
- აჩუქეთ ბავშვებს გულები, იყავით გულწრფელნი და გულისხმიერი, არ იყოთ ყალბები მათთან და რაც მთავარია, ყველამ ვეცადოთ, რომ გადავურჩინოთ ბავშვები ჩვენს ქვეყანას.
თამარ იაკობაშვილი